არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ ვაკონტროლო ხარჯები?

როგორ ვაკონტროლო ხარჯები?

 „ამას წინათ მაღაზიაში დასათვალიერებლად შევედი, მაგრამ იქიდან ძვირადღირებული ნივთით გამოვედი მიუხედავად იმისა, რომ მისი ყიდვა სულაც არ მქონდა დაგეგმილი“ (კოლინი).

 კოლინი აღიარებს, რომ ფულის ყადრი არ იცის. შენც ხომ არ გაქვს მსგავსი პრობლემა? თუ დიახ, ამ სტატიაში მოცემული რჩევები შენც დაგეხმარება.

 რატომ უნდა აკონტროლო ხარჯები?

 სიცრუე: ხარჯების გაკონტროლებით თავისუფლებას შეიზღუდავ.

 სინამდვილე: ფულის ყაირათიანად ხარჯვა მეტ თავისუფლებას მოგიტანს. „თუ ფულის ყადრს ისწავლი, მეტი შესაძლებლობა გექნება, რომ საჭირო ნივთები იყიდო“, — აღნიშნულია ერთ-ერთ სახელმძღვანელოში (I’m Broke! The Money Handbook).

 დაფიქრდი: თუ ხარჯებს გააკონტროლებ ...

  •   მეტი დანაზოგი გექნება, რომელიც საჭირო დროს წაგადგება. „ძალიან მინდა, სამხრეთ ამერიკაში ვიმოგზაურო. როცა ამისთვის ფულს ვზოგავ, ამ მიზნის მიღწევა ჩემთვის უფრო რეალური ხდება“, — აღნიშნავს თინეიჯერი ინეზი.

  •   ვალები თითქმის ან საერთოდ აღარ გექნება. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოვალე მევალის მსახურია“ (იგავები 22:7). ამ სიტყვებს ახალგაზრდა ანაც ეთანხმება. ის აღნიშნავს: „ვალებმა შესაძლოა მთლიანად გშთანთქოს. მაგრამ, თუ ვალები არ გექნება, შეძლებ მიზნების დასახვასა და განხორციელებას“.

  •   ეს შენს მოწიფულობაზე იმეტყველებს. ისინი, ვინც ფულს გონივრულად იყენებენ, უკეთ არიან მომზადებულნი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. 20 წლის ჯინი ამბობს: „თუ ფულის გონივრულად ხარჯვას ვისწავლი, ეს კარგ გამოცდილებას შემძენს და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომამზადებს. ამიტომ დღესვე ვცდილობ ამ ჩვევის განვითარებას“.

 გახსოვდეს: „თუ დამოუკიდებელ ადამიანად გინდა ჩამოყალიბდე, უნდა ისწავლო ფულის გონივრულად განკარგვა. ადვილი არ არის ფულის ყაირათიანად ხარჯვა, მაგრამ ამ ჩვევის განვითარება ნამდვილად ღირს ძალისხმევად, რადგან მთელი ცხოვრება გამოგადგება“, — ნათქვამია ერთ წიგნში (The Complete Guide to Personal Finance: For Teenagers and College Students).

 როგორ შეგიძლია ხარჯების გაკონტროლება?

 აღმოაჩინე შენი სუსტი წერტილი. დაფიქრდი, რაში გეხარჯება ფული. მაგალითად, ზოგს მახედ ექცა ინტერნეტ მაღაზიები, ზოგი კი ნელ-ნელა ხარჯავს თანხას ისე, რომ თვის ბოლოს ჯიბეგამოფხეკილი რჩება.

 „ყოველდღიურ ხარჯებს რა გამოლევს! პატარ-პატარა საჩუქრები, კაფე-ბარები, მაღაზიებში ნივთები ფასდაკლებით და მერე, თვის ბოლოს მიკვირს, სად გაქრა ასი დოლარი“ (ჰეილი).

 შეადგინე ბიუჯეტი. ბიბლიაში ნათქვამია: „მუყაითის გეგმები წარმატებულია“ (იგავები 21:5). ბიუჯეტის შედგენა დაგეხმარება, განსაზღვრო, შენი ხარჯები შემოსავალს ხომ არ აღემატება.

 „თუ იმაზე მეტს ხარჯავ, ვიდრე გამოიმუშავებ, დაფიქრდი, რაში გეხარჯება ფული და შეამცირე არასაჭირო ხარჯები. მეტიც, ეცადე იმაზე ნაკლები დახარჯო, ვიდრე გამოიმუშავებ“ (დანიელი).

 გახსოვდეს: არაერთი საშუალებით შეგიძლია აკონტროლო ხარჯები ისე, რომ ფული არ ფლანგო. ვნახოთ, რა დაეხმარა ზოგ ახალგაზრდას, ესწავლა ფულის გონივრულად ხარჯვა:

  •  „ხშირად ფული ბანკში შემაქვს, რადგან ასე ნაკლებად მაქვს მისი დახარჯვის ცდუნება“ (დეივიდი).

  •  „როცა მაღაზიაში მივდივარ, განსაზღვრული რაოდენობის თანხა მიმაქვს. ეს მეხმარება, იმაზე მეტი არ დავხარჯო, ვიდრე გათვლილი მქონდა“ (ელენი).

  •  „როცა არ ვჩქარობ ამა თუ იმ ნივთის შეძენას, უკეთ ვხედავ, ნამდვილად მჭირდება თუ არა ის“ (იშია).

  •  „არ არის აუცილებელი ყველა წვეულებაზე წავიდე. როცა საშუალება არ მაქვს, არაფერი დაშავდება, თუ უარს ვიტყვი წასვლაზე“ (ჯენიფერი).

 გახსოვდეს: ფულის გონივრულად გამოყენება სერიოზული საკითხია. სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა კოლინმა თანდათან გააცნობიერა ეს. ის აღნიშნავს: „თუ ოჯახის შექმნას დავაპირებ, ფულს ასე უყაირათოდ ვეღარ დავხარჯავ. დღესვე თუ არ ვისწავლი ფულის გონივრულად გამოყენებას, მომავალში ეს ცუდად აისახება ჩემს ოჯახზე“.

რჩევა: „უთხარი მეგობარს, ფულის დახარჯვას რაში აპირებ და სთხოვე, საჭიროების შემთხვევაში რჩევა მოგცეს. კარგი იქნება, თუ ამას ხშირად გააკეთებ. ეს დაგეხმარება, ფულის გონივრულად ხარჯვა ისწავლო“ (ვანესა).