არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

პაემანი — ნაწილი 2: რა უნდა გავითვალისწინო, თუ ვინმეს ვხვდები?

პაემანი — ნაწილი 2: რა უნდა გავითვალისწინო, თუ ვინმეს ვხვდები?

 შესაძლოა ვინმე მოგეწონა და ორივემ გადაწყვიტეთ, უკეთ გაცნობის მიზნით ერთმანეთს შეხვდეთ ხოლმე. რა უნდა გაითვალისწინო ამ დროს?

ამ სტატიაშია:

 ისაუბრეთ გულწრფელად

 დროის სვლასთან ერთად უფრო უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს. სხვადასხვა სიტუაციაში ერთმანეთის საქციელზე დაკვირვებითაც ბევრს შეიტყობთ.

 არსებობს საკითხები, რომელთა შესახებაც ორივემ გულწრფელად უნდა ისაუბროთ. ეცადე, ასეთი საუბრების დროს გრძნობებმა არ დაგაკარგვინოს ობიექტური ხედვა.

 ქვემოთ განხილულია ზოგიერთი საკითხი, რაზეც ორივემ უნდა ისაუბროთ:

  •   ფინანსები. რაიმე ვალი ხომ არ გაქვს? ფულის უაზროდ ხარჯვა ხომ არ გჩვევია? დაქორწინების შემთხვევაში როგორ აპირებთ, მართოთ შემოსავალი?

  •   ჯანმრთელობა. როგორი ჯანმრთელობა გაქვს? წარსულში ხომ არ გქონია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა?

  •   მიზნები. რა მიზნები გაქვს ცხოვრებაში? ემთხვევა ისინი შენი შეყვარებულის მიზნებს? თუ დაქორწინების შემდეგ ვეღარ შეძლებ შენი მიზნების მიღწევას, მაინც ბედნიერი იქნები?

  •   ოჯახი. ამ მომენტში შენ ხომ არ გიწევს ოჯახის რომელიმე წევრზე ზრუნვა? შეიძლება, რომ მომავალში მოგიწიოს? აპირებ შვილების ყოლას? რამდენი შვილი გინდა რომ გყავდეს?

 ასეთ საკითხებზე საუბრისას ბოლომდე გულწრფელი იყავი. ნუ დამალავ ან დაამახინჯებ ფაქტებს შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით (ებრაელები 13:18).

 დაფიქრდი: რა უნდა იცოდე იმ ადამიანზე, ვისაც ხვდები? მან რა უნდა იცოდეს შენზე? თუ ახლავე შეეჩვევით გულახდილ საუბრებს, როგორ დაგეხმარებათ ეს ქორწინების შემდეგ?

 ბიბლიური პრინციპი: „თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს სიმართლე ელაპარაკოს“ (ეფესოელები 4:25).

 „გოგო შეიძლება ფიქრობდეს, რომ ექვს თვეში დაინიშნება, ბიჭი კი მინიმუმ ერთი წელი არაფერს აპირებდეს. რა თქმა უნდა, ასეთ დროს გოგო იმედგაცრუებული დარჩება. ამიტომ ჯობია, თავიდანვე იცოდნენ ერთმანეთის აზრი ამ საკითხზე“ (არიანა, რომელიც 1 წლის დაქორწინებულია).

 ნუ იფიქრებ, რომ ყველაფერზე ერთი აზრი გექნებათ

 არ არსებობს ორი იდენტური ადამიანი. შესაბამისად, არ უნდა გქონდეს იმის მოლოდინი, რომ შენ და შენს შეყვარებულს ყველაფერზე ერთი აზრი გექნებათ. ხშირად კულტურა, აღზრდა თუ სხვა ფაქტორები განსხვავებულ შეხედულებებს გვიყალიბებს.

 დაფიქრდი: თუ ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებში თქვენი შეხედულებები ერთმანეთისგან განსხვავდება და თუ, რა თქმა უნდა, ბიბლიური ნორმებიც არ ირღვევა, მზად ხარ დათმობაზე წასასვლელად, დაძაბულობა რომ აირიდო თავიდან?

 ბიბლიური პრინციპი: „ყველამ დაინახოს თქვენი გონიერება“ (ფილიპელები 4:5).

 „მაშინაც კი თუ ფიქრობ, რომ იდეალურად შეეფერებით ერთმანეთს, განსხვავებები მაინც გექნებათ. მნიშვნელოვანია, წყვილი ერთმანეთს ეწყობოდეს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ რა თვისებებს ავლენენ, როცა საკითხებზე მათი შეხედულებები განსხვავდება“ (მეთიუ, რომელიც 5 წლის დაქორწინებულია).

 გაცნობის პერიოდი შეიძლება სტრესული აღმოჩნდეს

 ცხადია, გაცნობის პერიოდში შეყვარებულს გარკვეულ დროს უთმობ და ამან შესაძლოა სტრესიც გამოიწვიოს. რა დაგეხმარება ამ დროს?

 იყავი გაწონასწორებული. თუ მთელ შენს დროს ამ ურთიერთობას დაუთმობ, სხვა მნიშვნელოვანი საქმეები გვერდზე დაგრჩება და ვეღარც მეგობრებისთვის მოიცლი. ალანა, რომელიც 5 წელია დაქორწინებულია, ამბობს: „მეგობრები ქორწინების შემდეგაც საჭიროა, ამიტომ, თუ პაემნებზე დაიწყე სიარული, არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა დაივიწყო“.

 გახსოვდეს, ქორწინების შემდეგ მოგიწევს, შენი დრო და ენერგია გონივრულად გაანაწილო. ამიტომ აჯობებს, ამის კეთება დღესვე დაიწყო.

 დაფიქრდი: ზედმეტად ბევრ დროს და ყურადღებას ხომ არ ითხოვ შეყვარებულისგან? ან ხომ არ ფიქრობ, რომ ის ითხოვს ბევრს შენგან? როგორ შეგიძლიათ ურთიერთობა ისე დააბალანსოთ, რომ ემოციურად არცერთი არ გამოიფიტოთ?

 ბიბლიური პრინციპი: „ყველაფერს თავისი დრო აქვს; ყველა საქმეს თავისი დრო აქვს ამ ცისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 3:1).

 „თუ ქორწინებამდე წყვილი დროს მხოლოდ გართობასა და დასვენებაში ატარებს, ქორწინების შემდეგ შეიძლება სულ სხვა, არასასიამოვნო რეალობაში აღმოჩნდეს. კარგი იქნება, თუ წყვილი ყოველდღიურ საქმეებს ერთად გააკეთებს, მაგალითად, საყიდლებზე ერთად წავლენ ან ერთად იმსახურებენ. ეს მათ თანაცხოვრებისთვის მოამზადებს“ (დანიელი, რომელიც 2 წლის დაქორწინებულია).

 გახსოვდეს, გაცნობის პერიოდი უნდა დაგეხმაროს, მიიღო სწორი გადაწყვეტილება — დაქორწინდე თუ შეწყვიტო ურთიერთობა. ამ სტატიათა სერიის მესამე ნაწილში განხილული იქნება, თუ რა უნდა გაითვალისწინო გადაწყვეტილების მიღებამდე.