არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

მაქსიმალისტი ხომ არ ხარ?

მაქსიმალისტი ხომ არ ხარ?

 თუ ...

  •   ყველა საგანში უმაღლესი შეფასება გინდა, მიიღო

  •   მარცხის შიშით თავს არიდებ ახალ გამოწვევებს

  •   ჯანსაღი კრიტიკაც კი თავმოყვარეობას გილახავს

 მაშინ ზემოთ მოცემულ კითხვაზე შენი პასუხი დადებითი იქნება. მაგრამ არის ამაში რაიმე ცუდი?

 რა არის ცუდი მაქსიმალიზმში?

 არაფერია ცუდი იმაში, როცა ცდილობ, საქმეში ბოლომდე დაიხარჯო. ერთ წიგნში ნათქვამია: „ნორმალურია, როცა ვცდილობთ, საქმე საუკეთესოდ შევასრულოთ, მაგრამ თუ ამას არ ვჯერდებით და სრულყოფილებას ვთხოვთ საკუთარ თავს, ცხოვრებას ვირთულებთ. უნდა ვაღიაროთ, რომ სრულყოფილი არავინაა“ (Perfectionism —What’s Bad About Being Too Good?).

 ამ აზრს ბიბლიაც ეთანხმება. მასში ვკითხულობთ: „არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს“ (ეკლესიასტე 7:20). რადგან არასრულყოფილები ვართ, საქმეს ყოველთვის იდეალურად ვერ შევასრულებთ.

 გიჭირს ამის აღიარება? თუ ასეა, განვიხილოთ ოთხი მხარე, რომლებიც დაგანახვებს, თუ რა უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია მაქსიმალიზმს.

  1.   რას ფიქრობ საკუთარ თავზე. მაქსიმალისტები არარეალურ მოთხოვნებს უყენებენ საკუთარ თავს, რაც იმედგაცრუების მიზეზი ხდება. „ყველაფერში საუკეთესოები ვერ ვიქნებით, და თუ ამის გამო ყოველთვის გავაკრიტიკებთ საკუთარ თავს, ეს თავდაჯერებულობას დაგვაკარგვინებს და გულგატეხილობამდე მიგვიყვანს“, — ამბობს ალისია.

  2.   რა რეაქცია გაქვთ რჩევაზე. მაქსიმალისტებს ჯანსაღი კრიტიკაც კი ღირსების გრძნობას ულახავს. „უნდა ვაღიარო, რომ, როცა რჩევას მაძლევენ, თავს საშინლად ვგრძნობ, — აღნიშნავს ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად ჯერემი. იგი დასძენს: „მაქსიმალისტი ადამიანის პრობლემა ის არის, რომ ჰგონია, არასდროს არაფერი ეშლება და რჩევას არ საჭიროებს“.

  3.   რას ფიქრობ სხვებზე. მაქსიმალისტები ხშირად აკრიტიკებენ სხვებს და ეს არც არის გასაკვირი. „როცა საკუთარ თავს მეტისმეტს სთხოვ, სხვებისგანაც იმავეს ელი, მაგრამ როცა ისინი შენს მოლოდინს ვერ ამართლებენ, იმედი გიცრუვდება“, — ამბობს 18 წლის ანა.

  4.   რას ფიქრობენ სხვები შენზე. თუ სხვებისგან სრულყოფილებას ელი, არ გაგიკვირდეს, თუ ისინი შენგან თავს შორს დაიჭერენ. ძალიან დამღლელია მაქსიმალისტების მიერ დადგენილი ნორმებით ცხოვრება. არავის სურს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა“, — ამბობს ახალგაზრდა გოგონა, სახელად ბეტი.

 რა შეგიძლია გააკეთო?

 ბიბლიაში ვკითხულობთ: „ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილიპელები 4:5). კეთილგონიერი ადამიანი არც საკუთარი თავისგან ითხოვს მეტისმეტს და არც სხვებისგან.

 „სტრესი ისედაც არ გვაკლია და რაღატომ უნდა გავირთულოთ ცხოვრება მაქსიმალიზმით?!“ (ნაილა).

 ბიბლია მოგვიწოდებს, მოკრძალებულად ვიაროთ ღმერთთან ერთად (მიქა 6:8). მოკრძალებული ადამიანი რეალურად აფასებს თავის შესაძლებლობებს და იმაზე მეტის გაკეთებას არ ცდილობს, ვიდრე შეუძლია. ამასთანავე, ის ითვალისწინებს, რამდენ დროს წაიღებს ესა თუ ის საქმე.

 „მსურს, ჩემს პასუხისმგებლობებს კარგად გავართვა თავი, ამიტომ საკუთარ თავზე მეტისმეტს არ ვიღებ“ (ჰეილი).

 ბიბლიაში ნათქვამია: „ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით“ (ეკლესიასტე 9:10). მართალია, ბიბლია მხარს არ უჭერს მაქსიმალიზმს, მაგრამ არც სიზარმაცისკენ მოგვიწოდებს. პირიქით, ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ შრომისმოყვარეობასთან ერთად გონიერებასა და მოკრძალებას უნდა ვავლენდეთ.

 „კარგად მესმის, რომ საქმე სრულყოფილად ვერ შესრულდება, თუმცა მაინც მთელი სულითა და გულით ვაკეთებ გასაკეთებელს. შედეგად კმაყოფილი ვარ, რადგან ვიცი, რომ ბოლომდე დავიხარჯე“ (ჯოშუა).