არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

როგორ მოქმედებს სოციალური მედია ჩემზე?

როგორ მოქმედებს სოციალური მედია ჩემზე?

 თუ მშობლები სოციალური მედიით სარგებლობის უფლებას გაძლევენ, ეს სტატია სამ მნიშვნელოვან საკითხზე დაგაფიქრებს.

ამ სტატიაშია:

 როგორ მოქმედებს სოციალური მედია ჩემს დროზე?

 სოციალური მედიით სარგებლობა გაუხედნავ ცხენზე ჯირითს ჰგავს. თუ შენ ვერ დაიმორჩილებ, ის დაგიმორჩილებს.

 „ვფიქრობ ხოლმე, რომ სოციალურ მედიაში სულ რამდენიმე წუთით შევალ, მაგრამ საათები ისე გადის, რომ ვერც კი ვხვდები. სოციალური მედია მასზე დამოკიდებულსაც გხდის და დროსაც გაკარგვინებს“ (ჯოანა).

 იცოდი თუ არა? სოციალური მედია იმ მიზნით არის შექმნილი, რომ მასზე დამოკიდებული გაგვხადოს. რაც უფრო პოპულარულია ვებგვერდი და რაც უფრო მეტ დროს უთმობს ადამიანი მას, მით მეტ შემოსავალს იღებს კომპანია.

 ჰკითხე საკუთარ თავს: სოციალური მედიის გამოყენებისას ხშირად ხომ არ მეპარება დრო? შეიძლებოდა, ეს დრო უფრო ღირებული საქმისთვის დამეთმო?

 გამოსავალი. წინასწარ განსაზღვრე, რამდენ დროს დაუთმობ სოციალურ მედიას და ეცადე, არ გასცდე დადგენილ დროს.

წინასწარ განსაზღვრე, რამდენ დროს დაუთმობ სოციალურ მედიას.

 „ტელეფონში ზოგ აპლიკაციაზე დაყენებული მქონდა ტაიმერი, რომელიც დადგენილი დროის გასვლის შემდეგ აპლიკაციაზე წვდომას მიზღუდავდა. დროთა განმავლობაში ეს მეთოდი დამეხმარა, ტაიმერის გარეშე მივმხვდარიყავი, როდის უნდა შემეწყვიტა სოციალური მედიის გამოყენება“ (ტინა).

 ბიბლიური პრინციპი: „გონივრულად გამოიყენეთ დრო“ (ეფესოელები 5:16).

 როგორ მოქმედებს სოციალური მედია ჩემს ძილზე?

 სპეციალისტების უმრავლესობის აზრით მოზარდებს, სულ მცირე, 8 საათი უნდა ეძინოთ. თუმცა სოციალური მედიის მოხმარების გამო, ბევრ ახალგაზრდას უფრო ნაკლები სძინავს.

 „ძილის წინ ტელეფონს ვამოწმებ, რაიმე მნიშვნელოვანი შეტყობინება ხომ არ მივიღე, მაგრამ შემდეგ პოსტების თვალიერებაში საათები გადის. ვცდილობ, მოვიშორო ეს ცუდი ჩვევა“ (მარია).

 იცოდი თუ არა? არასაკმარისი ძილის გამო შეიძლება ხშირად გაღიზიანებულები ვიყოთ და დეპრესიაშიც კი ჩავვარდეთ. ფსიქოლოგი ჯინ ტვენჯის თქმით, უხასიათობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უძილობაა. თუ დიდი ხნის განმავლობაში საკმარისად არ სძინავს ადამიანს, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მის ემოციურ მდგომარეობას და დაუქვეითოს აზროვნების უნარი. a

 ჰკითხე საკუთარ თავს: რამდენი საათი მძინავს ღამეში? მაშინაც ხომ არ ვიყენებ სოციალური მედიას, როცა წესით უნდა ვისვენებდე ან მეძინოს?

 გამოსავალი. ღამით ელექტრონული მოწყობილობები საძინებელ ოთახში არ დატოვო. როცა შესაძლებელია, დაძინებამდე 2 საათით ადრე შეწყვიტე ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება. თუ დილით გასაღვიძებლად მაღვიძარა გჭირდება, ეცადე, პლანშეტის ან ტელეფონის ნაცვლად მექანიკური მაღვიძარა გამოიყენო.

სოციალური მედიის გამოყენება დაძინებამდე გარკვეული დროით ადრე შეწყვიტე.

 „ზოგჯერ გვიანობამდე ტელეფონში ვარ ჩამძვრალი, თუმცა ვცდილობ, ეს პრობლემა გამოვასწორო. მინდა, უფრო მოწიფული გავხდე, ეს კი უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს. გადაწყვეტილი მაქვს, თავის დროზე დავიძინო ხოლმე, რათა მეორე დღეს პროდუქტიული ვიყო“ (ჯერემი).

 ბიბლიური პრინციპი: დაინახეთ, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10).

 როგორ მოქმედებს სოციალური მედია ჩემს ემოციურ მდგომარეობაზე?

 ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, უფროსკლასელი გოგოების თითქმის ნახევარი მუდმივად განიცდის მოწყენილობას ან უიმედობას. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სოციალური მედია იყოს. ფსიქოლოგი ლეონარდ საქსი აღნიშნავს: „რაც მეტ დროს უთმობ სოციალურ მედიას და საკუთარი თავის სხვებთან შედარებას, უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ დეპრესიაში ჩავარდე“. b

 „ახალგაზრდებს მიდრეკილება აქვთ, რომ საკუთარი თავი სხვებს შეადარონ, სოციალური მედია კი ამ მიდრეკილებას ჩვევად აქცევს. შეიძლება საათების განმავლობაში სხვების სურათებს ათვალიერებდე და შენს ცხოვრებას მათ ცხოვრებას ადარებდე; ან იმას უყურებდე, თუ როგორ ერთობიან შენი მეგობრები. ასეთ დროს ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ ბევრ რამეს კარგავ“ (ფიბი).

 იცოდი თუ არა? სოციალური მედია მეგობრებთან დაკავშირებაში ნამდვილად გვეხმარება, თუმცა ასეთი სახით ურთიერთობა ახლოსაც ვერ მოვა პირისპირ შეხვედრებსა და საუბრებთან. დოქტორი ნიკოლას კარდერასი წერს: „ვირტუალური ურთიერთობები ისეთივე გრძნობებს ვერ იწვევს, როგორსაც ადამიანებთან პირისპირ შეხვედრა და ცოცხალი ურთიერთობები“. c

 ჰკითხე საკუთარ თავს: მარტოდ ხომ არ ვგრძნობ თავს, როდესაც ვუყურებ, რას აკეთებენ ჩემი მეგობრები? მათი პოსტების შემხედვარე, ხომ არ ვფიქრობ, რომ უღიმღამო ცხოვრება მაქვს? გული ხომ არ მიტყდება, თუ ჩემს პოსტებს ძალიან ცოტა, ან არავინ „ალაიქებს“?

 გამოსავალი. სცადე, რამდენიმე დღე, კვირა ან თვეც კი არ გამოიყენო სოციალური მედია და უფრო მეტი დრო გაატარო მეგობრებთან. დააკვირდი, რა დადებით გავლენას იქონიებს ეს შენზე და შენს განწყობაზე.

შეგიძლია უფრო მეტი დრო დაუთმო მეგობრებთან პირისპირ ურთიერთობას?

 «დავაკვირდი, რომ როდესაც სოციალურ მედიას ვიყენებდი, სხვების ცხოვრებაზე ზედმეტად ვიყავი კონცენტრირებული. მას შემდეგ, რაც ჩემი „ექაუნთები“ წავშალე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ზურგიდან დიდი ტვირთი მომეხსნა. დრო უფრო ღირებული საქმეებისთვის გამომიჩნდა» (ბრიანა).

 ბიბლიური პრინციპი: „თითოეული თავის საქმეებს დაუკვირდეს; ეს მოუტანს მას სიხარულს და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარება“ (გალატელები 6:4).

a წყარო: წიგნი „iGen“.

b წყარო: წიგნი „Why Gender Matters“.

c წყარო: წიგნი „Glow Kids“.