არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში?

რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში?

 როგორ მოიქცეოდი შემდეგ სიტუაციებში?

  1.   მასწავლებელმა შენიშვნა მოგცა იმის გამო, რომ გაკვეთილზე ცუდად მოიქეცი.

     მოიხდი ბოდიშს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფიქრობ, რომ მასწავლებელს ზედმეტად მკაცრი რეაქცია ჰქონდა?

  2.   შენი მეგობარი იგებს, რომ მასზე რაღაც ცუდი თქვი.

     მოუბოდიშებ მეგობარს მაშინაც კი, თუ თვლი, რომ სიმართლე ილაპარაკე მის შესახებ?

  3.   მამასთან საუბრის დროს ცოტა გაცხარდი და უხეშად შეეპასუხე.

     მოუხდი მამას ბოდიშს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფიქრობ, რომ წყობილებიდან გამოგიყვანა?

 სამივე კითხვაზე პასუხი არის „დიახ“. მაგრამ რატომ უნდა მოიხადო ბოდიში მაშინაც კი, თუ ფიქრობ, რომ დამნაშავე არ ხარ?

 რატომ უნდა მოიხადო ბოდიში?

  •   ბოდიშის მოხდა შენს მოწიფულობაზე მიუთითებს. როცა საკუთარ სიტყვებზე ან საქციელზე პასუხისმგებლობას იღებ, აჩვენებ, რომ ისეთ აუცილებელ თვისებებს იძენ, რომლებიც მთელი ცხოვრება გამოგადგება.

     „თავმდაბლობა და მოთმინება გვეხმარება, მოვიხადოთ ბოდიში; შემდეგ კი მოვუსმინოთ მეორე მხარეს“ (რეიჩელი).

  •   ბოდიშის მოხდა გვეხმარება სხვებთან მშვიდობის შენარჩუნებაში. ბოდიშის მოხდით ადამიანი აჩვენებს, რომ მისთვის მთავარი მშვიდობიანი ურთიერთობაა და არა ის, რომ საკუთარი თავი მართალი გამოიყვანოს, სხვა კი — მტყუანი.

     „მაშინაც კი, თუ მიგაჩნია, რომ დამნაშავე არ ხარ, იცოდე, რომ მშვიდობის აღდგენა ყველაზე მნიშვნელოვანია. რა უნდა ორი სიტყვის თქმას, „ბოდიში, მაპატიე“?! არადა ამ სიტყვებს შეუძლია გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენა“ (მირიამი).

  •   ბოდიშის მოხდის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობ. როცა ვიღაცას აწყენინებ სიტყვით თუ საქმით, მოსვენება გეკარგება. მაგრამ როგორც კი ბოდიშს მოიხდი, მხრებიდან ტვირთი გეხსნება. a

     „ზოგჯერ მშობლებს უხეშად ველაპარაკებოდი ხოლმე. კი განვიცდიდი, მაგრამ ბოდიშის მოხდა ძალიან მიჭირდა. თუმცა, როცა ბოდიშს ვუხდიდი მშობლებს, თავს კარგად ვგრძნობდი, იმიტომ რომ ოჯახში ისევ მშვიდობა ისადგურებდა“ (ნია).

    სინანული ტვირთის მსგავსია: როცა მოიბოდიშებ, ეს ტვირთი გეხსნება

 რთულია ბოდიშის მოხდა? დიახ! ერთი გოგო, სახელად დინა, რომელსაც დედისთვის არაერთხელ მოუხდია ბოდიში გამოვლენილი უპატივცემულობის გამო, ამბობს: „ადვილი არ არის ბოდიშის მოხდა. თითქოს ამ დროს ყელში რაღაც გეჩხირება და სიტყვები აღარ ამოგდის“.

 როგორ უნდა მოიხადო ბოდიში?

  •   თუ შესაძლებელია, პირადად მოუხადე ბოდიში. როცა პირისპირ, ერთი ერთზე ელაპარაკები ადამიანს და ისე უხდი ბოდიშს, ის ხვდება, რომ სინდისი მართლა გაწუხებს. მაგრამ თუ მესიჯით მოუბოდიშებ, შეიძლება შენს გულწრფელობაში ეჭვი შეეპაროს. მესიჯის ტექსტს მოწყენილი სმაილიც რომ მიაყოლო ბოლოში, შეიძლება ვერც მაშინ დარწმუნდეს შენს გულწრფელობაში ადამიანი. სმაილები ხომ უბრალოდ ზოგადი შაბლონებია?!

     რჩევა. თუ პირისპირ არ შეგიძლია მობოდიშება, დაურეკე ან წერილი დაუწერე და გაუგზავნე. რა მეთოდიც არ უნდა აირჩიო, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიო სიტყვები.

     ბიბლიური პრინციპი: „მართლის გული პასუხის გაცემამდე ფიქრობს, ბოროტთა პირი კი ბოროტებას აფრქვევს“ (იგავები 15:28).

  •   მალევე მოიხადე ბოდიში. რაც უფრო გადადებ მობოდიშებას და საკითხის მოგვარებას, სიტუაცია უფრო გართულდება და უფრო დაიძაბება ურთიერთობა თქვენს შორის.

     რჩევა: დაისახე მიზანი; მაგალითად, თქვი: „დღესვე უნდა მოვუხადო ბოდიში“. შეარჩიე დრო და იმოქმედე!

     ბიბლიური პრინციპი: „სასწრაფოდ მოაგვარე საქმე“ (მათე 5:25).

  •   მოუბოდიშე გულწრფელად. სიტყვები: „ბოდიში რომ ჩემი საქციელის გამო ცუდად იგრძენი თავი“, ბოდიშის მოხდა არ არის!“ „ადამიანი, რომელსაც აწყენინე, უფრო დაგაფასებს, თუ სრულად აიღებ პასუხისმგებლობას შენს საქციელზე“ — ამბობს ახალგაზრდა ჯენეტი.

     რჩევა: უპირობოდ მოიხადე ბოდიში. ნუ იტყვი: „თუ შენ მომიხდი ბოდიშს, მაშინ მეც მოგიხდი“.

     ბიბლიური პრინციპი: „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება“ (რომაელები 14:19).

a თუ ვინმეს ქონებას დააზიანებ ან დაკარგავ, მარტო ბოდიშის მოხდა არ უშველის საქმეს, უკეთესი იქნება, თუ შესთავაზებ ზარალის ანაზღაურებას.