არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან?

როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან?

 ტესტი

  •   უფრო მეტად რომელ მშობელთან მოგდის უთანხმოება?

    •  მამა

    •  დედა

  •   რამდენად ხშირად მოგდის უთანხმოება მასთან?

    •  იშვიათად

    •  დროდადრო

    •  ხშირად

  •   როგორ გვარდება თქვენს ოჯახში წამოჭრილი უთანხმოება?

    •  სწრაფად და მშვიდობიანად.

    •  კარგა ხნის კამათის შემდეგ.

    •  არ გვარდება კარგა ხნის კამათის შემდეგაც კი.

 თუ გიჭირს მშობლებთან საერთო ენის გამონახვა, შეიძლება ფიქრობ, რომ მათ უნდა იღონონ რაღაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მაგრამ ამ სტატიიდან დაინახავ, რომ შენც უნდა გადადგა ნაბიჯები, ნაკლებად რომ მოგივიდეს მშობლებთან უთანხმოება და ამ უთანხმოებამ მწვავე ხასიათი არ მიიღოს. თავდაპირველად დაფიქრდი:

 რა იწვევს უთანხმოებას?

  •   შეხედულებები. ასაკის მატებასთან ერთად ამა თუ იმ საკითხის უფრო ღრმად გაანალიზებას იწყებ; ამასთან, გიყალიბდება მტკიცე შეხედულებები. ზოგი ასეთი შეხედულება შეიძლება შენი მშობლების თვალსაზრისს ეწინააღმდეგებოდეს. მაგრამ ბიბლიაში ასეთ რამეს ვკითხულობთ: „პატივი ეცი მამას და დედას“ (გამოსვლა 20:12).

     ფაქტი ერთია: მოწიფულობა და განსაკუთრებული უნარია საჭირო, ისე გამოხატო საპირისპირო აზრი, რომ ეს უთანხმოების მიზეზი არ გახდეს.

  •   დამოუკიდებლობა. რაც უფრო მოწიფული გახდები, მშობლები, ალბათ, უფრო მეტ თავისუფლებას მოგცემენ. თუმცა კონფლიქტის მიზეზი შეიძლება ის გახდეს, რომ მათ იმდენი თავისუფლება არ მოგცენ, რამდენიც შენ გინდა ან არც ისე მალე, როგორც ისურვებდი. ყურადღება მიაქციე, რას ამბობს ბიბლია: „დაუჯერეთ თქვენს მშობლებს“ (ეფესოელები 6:1).

     ფაქტი ერთია: ის, თუ რამდენ თავისუფლებას მოგცემენ მშობლები, მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, როგორ იყენებ იმ თავისუფლებას, რომელიც დღეს გაქვს.

 როგორ უნდა მოიქცე?

  •   შენ რის გაკეთება შეგიძლია. ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი მშობლებს გადააბრალო, დაფიქრდი, შენ რის გაკეთება შეგიძლია, მშვიდობა რომ გქონდეთ ოჯახში. ერთი ახალგაზრდა, სახელად ჯეფრი გვიზიარებს: „ხშირად კონფლიქტს მშობლების სიტყვები კი არ ამწვავებს, არამედ შენი რეაქცია. მშვიდი საუბარი გაცილებით აადვილებს უთანხმოების მოგვარებას“.

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომაელები 12:18).

  •   მოუსმინე მშობლებს. 17 წლის სამანტა აღიარებს: „ყველაზე მეტად მოსმენა მიჭირს, მაგრამ ერთ რამეს მივხვდი: როცა მშობელი ხედავს, რომ უსმენ მას, დიდია ალბათობა, მანაც მოგისმინოს“.

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვაში“ (იაკობი 1:19).

    უთანხმოება ცეცხლს ჰგავს — თუ არ გააკონტროლებ, ხანძარი გაჩნდება

  •   მშობლებს ისე უყურე, როგორც თანაგუნდელებს. როცა უთანხმოება წამოიჭრება, წარმოიდგინე, რომ ტენისს თამაშობ; ოღონდ „ბადის მეორე მხარეს“ პრობლემა „დააყენე“ და არა შენი მშობლები. ერთი ახალგაზრდა, ადამი, ამბობს: „უთანხმოების დროს მშობლებს ყველაზე მეტად ის აფიქრებთ, თუ თავიანთი შვილისთვის რა იქნება საუკეთესო; თავის მხრივ, შვილსაც საუკეთესო სურს საკუთარი თავისთვის, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ის სიტუაციას საკუთარი გადასახედიდან აფასებს. ასე რომ, შეიძლება ითქვას: სულ მცირე, თეორიის დონეზე მაინც, მშობლებს და შვილებს ერთი და იგივე აფიქრებთ“.

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობას ... ემსახურება“ (რომაელები 14:19).

  •   შეეცადე, გაუგო მშობლებს. „იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ მსგავსად, მშობლებსაც უწევთ სერიოზულ პრობლემებთან ბრძოლა, მეხმარება, გავუგო მათ, — გვიზიარებს ერთი ახალგაზრდა, სახელად სარა. — ვცდილობ, ჩემი თავი მათ ადგილას დავაყენო; წარმოვიდგენ ხოლმე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდი, მე რომ მიწევდეს შვილების აღზრდა და მსგავს სიტუაციაში ყოფნა და რა იქნებოდა საუკეთესო ჩემი შვილისთვის?“.

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4).

  •   იყავი მორჩილი. და ბოლოს, ბიბლია მოგიწოდებს, რომ მორჩილი იყო (კოლოსელები 3:20). ყველაფერი გაცილებით ადვილად მოგვარდება, თუ მორჩილი იქნები. ერთი ახალგაზრდა, კარენი, ამბობს: „სტრესს ნაკლებად განვიცდი, როცა იმას ვაკეთებ, რასაც მშობლები მეუბნებიან. მათ ხომ ამდენი მსხვერპლი გაიღეს ჩემთვის და ჩემი მხრიდან მორჩილება, ვფიქრობ, ყველაზე მცირეა, რის გაკეთებაც შემიძლია“. როცა მორჩილებას ვავლენთ, ეს მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს იმას, რომ თავიდან ავირიდოთ კონფლიქტები.

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება“ (იგავები 26:20).

 რჩევა. თუ მშობლებთან დალაპარაკება გიჭირს, შეეცადე, შენი აზრები ბარათზე დაუწერო ან მესიჯი გაუგზავნო. „ასე ვიქცევი, როცა ლაპარაკის ხასიათზე არა ვარ, — ამბობს ერთი ახალგაზრდა, ალისა. — ეს მეხმარება, ისე გამოვხატო ჩემი აზრები, რომ ხმას არ ავუწიო ან ისეთი რამე არ ვთქვა, რაც მოგვიანებით სანანებელი გამიხდება“.