არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რა უნდა ვიცოდე სექსუალური ძალადობის შესახებ? (ნაწილი 1) როგორ ავირიდო თავიდან

რა უნდა ვიცოდე სექსუალური ძალადობის შესახებ? (ნაწილი 1) როგორ ავირიდო თავიდან

 რა არის სექსუალური ძალადობა?

 მართალია, „სექსუალური ძალადობა“ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად განიმარტება, მაგრამ ფართო გაგებით ეს ტერმინი არასასურველ სქესობრივ ურთიერთობას გულისხმობს, რომელიც ზოგჯერ ძალის გამოყენებით ხდება. ამაში შეიძლება შედიოდეს ბავშვების ან მოზარდების სექსუალური შეურაცხყოფა, ინცესტი, გაუპატიურება და სექსუალური ექსპლუატაცია ნდობით აღჭურვილი პირების, მაგალითად, ექიმის, მასწავლებლის ან სასულიერო პირის მხრიდან. მას, ვინც სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდება, შესაძლოა დაემუქრონ კიდეც, რომ თუ გააცხადებს მომხდარის შესახებ, კარგი დღე არ დაადგება.

 ერთი გამოკითხვის თანახმად, მხოლოდ შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 250 000 ადამიანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება. მათგან თითქმის ნახევარი 12—18 წლამდეა.

 რა უნდა იცოდე?

  •   ბიბლია გმობს სექსუალურ ძალადობას. ბიბლიაში მოთხრობილია დაახლოებით 4 000 წლის წინ ქალაქ სოდომში მომხდარი შემთხვევის შესახებ, როდესაც პირუტყვული ჟინით შეპყრობილმა ბრბომ მათ ქალაქში სტუმრად მისული ორი მამაკაცის გაუპატიურება მოინდომა. უკვე გასაგებია, რატომ იმსახურებდა ეს ქალაქი განადგურებას (დაბადება 19:4—13). გარდა ამისა, ისრაელისთვის დაახლოებით 3 500 წლის წინათ მიცემული ღვთის კანონით იკრძალებოდა სისხლის აღრევა, მათ შორის ოჯახის წევრებზე სექსუალური ძალადობა (ლევიანები 18:6).

  •   უმეტეს შემთხვევაში მოძალადეები ნაცნობები არიან. „გაუპატიურების სამიდან ორ შემთხვევაში მსხვერპლი იცნობს მოძალადეს. ასე რომ, ხშირად მოძალადე არ არის უცნობი ადამიანი, რომელიც ქუჩის ბნელ კუთხეში შემთხვევით გვხვდება“, — აღნიშნულია ერთ წიგნში (Talking Sex With Your Kids).

  •   სექსუალური ძალადობის მსხვერპლი განურჩევლად ყველა შეიძლება გახდეს, ქალიც და კაციც. შეერთებულ შტატებში დაახლოებით 10 პროცენტი მათგან, ვინც ძალადობის მსხვერპლი ხდება, მამრობითი სქესის წარმომადგენელია. სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაცია (RAINN) აღნიშნავს, რომ იმ მამაკაცს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ხდება, შესაძლოა არასრულფასოვნების გრძნობა დაეუფლოს ან იმის შიში გაუჩნდეს, რომ მომხდარის გამო გეი გახდება.

  •   სექსუალური მოძალადეების მომრავლება გასაკვირი არ არის. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ „ბოლო დღეებში“ ადამიანები „თბილ გრძნობებს მოკლებულები“, „სასტიკები“ და „თავშეუკავებლები“ იქნებოდნენ (2 ტიმოთე 3:1—3). ის ადამიანები, რომლებიც სხვებზე ძალადობენ, სწორედ ასეთ თვისებებს ავლენენ.

  •   მსხვერპლი დამნაშავე არ არის. არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს ასეთ სასტიკ მოპყრობას. ძალადობაზე პასუხს მხოლოდ და მხოლოდ მოძალადე აგებს. მაგრამ შეგიძლია ზომები მიიღო, რათა შეამცირო იმის ალბათობა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდე.

 როგორ უნდა მოიქცე?

  •   მზად იყავი. წინასწარ მოიფიქრე, როგორ მოიქცევი, თუ ვინმე, თუნდაც ნათესავი ან ის, ვისაც ხვდები, გაიძულებს, სექსი გქონდეს მასთან. ერთი ახალგაზრდა, ერინი, გვირჩევს, რომ წინასწარ მოვემზადოთ თანატოლების მხრიდან ნებისმიერი სახის ზეწოლისთვის. ის ამბობს, რომ შეგიძლია გაითამაშო სავარაუდო სიტუაცია, რაც დაგეხმარება, მომზადებული შეხვდე ასეთ თავდასხმას. „შეიძლება ეს აბსურდად გეჩვენება, მაგრამ, როცა ფაქტის წინაშე დადგები, მეტი შანსი გექნება, ხელიდან დაუსხლტე მოძალადეს“, — ამბობს ერინი.

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა ... რადგან დღეები ბოროტია“ (ეფესოელები 5:15, 16).

     დაფიქრდი: „როგორ მოვიქცევი, თუ ვინმე ისე შემეხება, რომ თავს უხერხულად ვიგრძნობ?“

  •   შეიმუშავე თავის დასაღწევი გეგმა. ზემოხსენებული ორგანიზაცია, რომელიც სექსუალურ ძალადობას ებრძვის (RAINN), შემდეგ რჩევას იძლევა: „მოიფიქრეთ რამე კოდური სიტყვა, რომელიც მხოლოდ თქვენს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ეცოდინებათ და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სიტუაციაში თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, დაურეკავთ მათ და ისე შეატყობინებთ ამის შესახებ, რომ ის, ვისთან ერთადაც ხართ, ვერაფერს მიხვდება. შემდეგ კი მეგობრები ან ოჯახის წევრები თქვენ წამოსაყვანად მოვლენ ან იზრუნებენ, რომ საპატიო მიზეზით დატოვოთ იქაურობა“. დიდ ტკივილს აირიდებ თავიდან, თუ ყველანაირად შეეცდები, სახიფათო სიტუაციებს მოერიდო.

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3).

     დაფიქრდი: „თავის დასაღწევად რა გეგმა მაქვს შემუშავებული?“

    ყოველთვის გქონდეს თავის დასაღწევი გეგმა

  •   დაადგინე ზღვარი და შესაბამისად იმოქმედე. მაგალითად, თუ ვინმეს ხვდები, მასთან ერთად იმსჯელე, როგორი საქციელი არის შენთვის მისაღები და როგორი — მიუღებელი. თუ ის ფიქრობს, რომ ასეთი ზღვარის გავლება უაზრობაა, მაშინ გაწყვიტე მასთან ურთიერთობა. შენ გვერდით ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც შენს ფასეულობებს იზიარებს.

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „სიყვარული ... უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს“ (1 კორინთელები 13:4, 5).

     დაფიქრდი: რა ფასეულობები მაქვს? როგორი საქციელი შეიძლება გასცდეს წესიერების ზღვარს?