არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვიქცე, თუ მშობელი ავად არის?

როგორ მოვიქცე, თუ მშობელი ავად არის?

 ახალგაზრდების უმეტესობის საზრუნავი არ არის მშობლების მოვლა. შესაძლოა მათ მშობლებს წლები აშორებთ იმ დრომდე, როცა ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებათ.

 მაგრამ, როგორ უნდა მოიქცე, თუ შენი მშობელი მაშინ ხდება ავად, როცა ჯერ კიდევ მოზარდი ხარ? განვიხილოთ ორი ახალგაზრდის შემთხვევა, რომლებიც მსგავსი სირთულეების პირისპირ აღმოჩნდნენ.

 ემელინის ამბავი

 დედაჩემი ელერს-დანლოსის სინდრომით არის დაავადებული. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ძლიერ ტკივილს იწვევს და მოქმედებს ადამიანის სახსრებზე, კანზე და სისხლძარღვებზე.

 სამწუხაროდ, ეს დაავადება არ იკურნება. დედაჩემის მდგომარეობა ბოლო ათი წლის მანძილზე სულ უფრო გაუარესდა. ამ დროის განმავლობაში მის სიცოცხლეს არაერთხელ დაემუქრა საფრთხე იმის გამო, რომ მისი ჰემოგლობინი საგრძნობლად დაეცა. ზოგჯერ იმდენად აუტანელ ტკივილს გრძნობს, რომ სიცოცხლე აღარ სურს.

 ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვართ. ყოველთვის ვგრძნობთ თანაქრისტიანების მხრიდან მხარდაჭერას. ერთხელ ჩვენმა კრების წევრმა, რომელიც ჩემი თანატოლია, ბარათი გამოგვიგზავნა. ის გვწერდა, რომ ძალიან ვუყვარდით და შეგვეძლო მისი იმედი გვქონოდა. ძალიან სასიამოვნოა, როცა ასეთი მეგობრები გყავს.

 ბიბლიის კითხვა ძალიან მამხნევებს. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუხლია ფსალმუნების 34:18, რომელშიც წერია: „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან“. აგრეთვე ძალიან მამხნევებს ებრაელების 13:6-ში ჩაწერილი სიტყვები: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება“.

 ზოგჯერ მაშინებს იმაზე ფიქრი, რომ ერთ დღესაც შეიძლება დედა დავკარგო. ის ძალიან მიყვარს; მადლობელი ვარ იეჰოვასი მასთან გატარებული თითოეული დღისთვის. ებრაელების 13:6-ში ჩაწერილი სიტყვები მეხმარება, მომავალს იმედის თვალით ვუყურო.

 ჩემს საწუხარს ისიც ემატება, რომ მეც იგივე დაავადება მაქვს. ეს დაავადება მემკვიდრეობით გადადის. მე დედაჩემისგან მივიღე, მან კი — დედამისისგან. რაც არ უნდა რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდე, ებრაელებში ჩაწერილი სიტყვები მარწმუნებს, რომ იეჰოვა, „ჩემი შემწე“, ყოველთვის დამეხმარება.

 მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობ დავაფასო ის, რაც ახლა მაქვს. არ ვცხოვრობ წარსულით და მომავალზეც გადამეტებულად არ ვწუხვარ. თუ გამუდმებით იმაზე ვიფიქრებ, დედას რამდენი რამის გაკეთება შეეძლო წარსულში, ეს დეპრესიაში ჩამაგდებს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ დღევანდელი ჩვენი გასაჭირი „ხანმოკლე და მსუბუქია“. წინ მარადიული ცხოვრება გველის, როცა აღარავინ გახდება ავად (2 კორინთელები 4:17; გამოცხადება 21:1—4).

 დაფიქრდი: რა ეხმარება ემელინს დადებითი განწყობის შენარჩუნებაში? როგორ შეგიძლია დადებითი განწყობის შენარჩუნება სირთულეების პირისპირ ყოფნისას?

 ემილის ამბავი

 სკოლას ვამთავრებდი, როდესაც მამაჩემს დეპრესია დაეწყო. ის სულ სხვა ადამიანად იქცა. იმ დროიდან მოყოლებული მამა ყოველთვის სევდიანია, ხშირად უსაფუძვლო შიშსა და შფოთს ეძლევა. უკვე 15 წელია, რაც ამ პრობლემებთან უწევს გამკლავება. მან კარგად იცის, რომ დამწუხრების მიზეზი არ გააჩნია, თუმცა თავს ვერაფერს უხერხებს. წარმომიდგენია, რამდენად მტკივნეულია მისთვის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა.

 ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვართ. თანაქრისტიანები ყოველთვის მხარში გვიდგანან და თანაგვიგრძნობენ. მათ გვერდით მამა არასოდეს გრძნობს თავს ისე, თითქოს კრების წევრებს ვერაფერში გამოადგება. იმის დანახვა, თუ როგორ უმკლავდება მამა თავის პრობლემას, უფრო და უფრო მიძლიერებს მისადმი სიყვარულს.

 მენატრება ის დრო, როცა მამა ჯანმრთელი და ბედნიერი იყო, როცა შიში და შფოთი არ ტანჯავდა. ძალიან განვიცდი, რომ მას ყოველდღე უწევს ამ უხილავ მტერთან ბრძოლა.

 ყველაფრის მიუხედავად, მამა ცდილობს, საკუთარ სულიერობაზე იზრუნოს. ერთ-ერთი რთული პერიოდის დროს ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბიბლია ყოველდღე ეკითხა, თუნდაც რამდენიმე მუხლი. ეს, თითქოსდა უმნიშვნელო რამ, მას ძალებს მატებდა და სიცოცხლის ხალისს უბრუნებდა. ამ დროს ისე ვამაყობდი მამაჩემით, როგორც არასდროს.

 ძალიან მომწონს ნეემიას 8:10-ში ჩაწერილი სიტყვები: „იეჰოვას სიხარული თქვენი სიმაგრეა!“. ეს მართლაც რომ ასეა! კრების შეხვედრებზე და-ძმებთან ერთად ყოფნა და სულიერ საქმეებში მონაწილეობა ძალებს მმატებს. მამაჩემის მაგალითმა მასწავლა, რომ რა სირთულის პირისპირაც არ უნდა აღმოვჩნდეთ, იეჰოვა ყოველთვის მზად არის, დაგვეხმაროს.

 დაფიქრდი: როგორ ამოუდგა მხარში ემილი ავადმყოფ მამას? შენ როგორ შეგიძლია დაეხმარო მას, ვინც დეპრესიით იტანჯება?