არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რომელი რჩევები დაგეხმარება დისტანციური სწავლების დროს?

რომელი რჩევები დაგეხმარება დისტანციური სწავლების დროს?

 დღეს ბევრი მოსწავლე განათლებას საკლასო ოთახში კი არა, სახლში იღებს. თუ ეს შენს შემთხვევაშიც ასეა, ქვემოთ მოცემული რჩევები გამოგადგება. a

 ხუთი რჩევა

  •   შეადგინე გრაფიკი. შეეცადე, მიჰყვე დადგენილ გრაფიკს ისე, როგორც ამას სკოლაში სიარულისას აკეთებდი. გამოყავი დრო მეცადინეობის, სახლის საქმეებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისთვის. იქონიე მოქნილი გრაფიკი, რათა საჭიროებისდა მიხედვით მოერგო სიტუაციას.

     ბიბლიური პრინციპი: „ყველაფერი წესისა და რიგისამებრ ხდებოდეს“ (1 კორინთელები 14:40).

     „ისე დაგეგმე დღე, როგორც ამას სკოლაში ყოფნისას გააკეთებდი. ყველაფრისთვის კონკრეტული დრო გამოყავი“ (ქეითი).

     დაფიქრდი: რატომაა ჭკვიანური, თუკი შეადგენ გრაფიკს და თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავ?

  •   გამოიმუშავე თვითდისციპლინა. მოწიფულობის ნიშანია, თუკი იმ შემთხვევაშიც აკეთებ საქმეს, როცა დიდად არ გეხალისება. დღეს გასაკეთებელს ხვალისთვის ნუ გადადებ!

     ბიბლიური პრინციპი: „საქმეში ნუ იზოზინებთ“ (რომაელები 12:11).

     „ყველაზე რთული თვითდისციპლინაა. მიზეზის მოძებნა, რომ სხვა დროისთვის გადადო მეცადინეობა, ადვილია. მაგრამ შეიძლება მერეც დაგეზაროს და პროგრამას ჩამორჩე“ (ალექსანდრა).

     დაფიქრდი: როგორ დაგეხმარება საშინაო დავალებების ერთსა და იმავე დროსა და ადგილას მომზადება თვითდისციპლინის გამომუშავებაში?

  •   მოიწყვე სამეცადინო კუთხე. თან იქონიე ყველაფერი, რაც სწავლის დროს დაგჭირდება. შეიქმენი შესაფერისი გარემო, მაგრამ არც ისეთი მყუდრო, რომ ძილი მოგერიოს. თუ სახლში საკმარისი სივრცე არ გაქვს, შეგიძლია სამეცადინო კუთხე სამზარეულოში ან საძინებელ ოთახში მოიწყო.

     ბიბლიური პრინციპი: „მუყაითის გეგმები უსათუოდ შესრულდება“ (იგავები 21:5).

     „ოთახიდან გაიტანე კალათბურთის ბურთი და სათამაშო მოწყობილობები; უხმო რეჟიმზე გადაიყვანე ტელეფონი და გიტარა ბუდეში ჩადე. კარგი იქნება, თუ ისეთ გარემოს შეიქმნი, სადაც არაფერი გაგიფანტავს ყურადღებას“ (ელიზაბეთი).

     დაფიქრდი: რა უნდა გააკეთო, რომ მოაწყო ისეთი სამეცადინო კუთხე, სადაც ყურადღებას არაფერი გაგიფანტავს?

  •   შეძელი კონცენტრირება. შეეცადე, ერთ რამეზე მოახდინო კონცენტრირება და ერთდროულად ბევრი რამ არ აკეთო. თუკი ბევრ საქმეს ერთად შეეჭიდები, შესაძლოა მეტი შეცდომაც დაუშვა და საქმის ბოლომდე მიყვანაც გაგიჯანჯლდეს.

     ბიბლიური პრინციპი: „გონივრულად გამოიყენეთ დრო“ (ეფესოელები 5:16).

     „როცა ტელეფონი გვერდით მედო, მიჭირდა კონცენტრირება. უსარგებლო რაღაცების კეთებას დიდი დრო მიჰქონდა“ (ოლივია).

     დაფიქრდი: რისი გაკეთება შეგიძლია, რომ მეტი დროის მანძილზე შეძლო ერთ რამეზე კონცენტრირება?

  •   შეისვენე. ფეხით გაიარე, ველოსიპედით გაისეირნე ან ივარჯიშე. იმის კეთება, რაც გიყვარს, ენერგიას შეგმატებს. ერთ სახელმძღვანელოში ნათქვამია: „ჯერ საქმეს მორჩი. თავისუფალ დროს იმ შემთხვევაში იგრძნობ თავს უფრო თავისუფლად, თუკი საქმეს მორჩენილი იქნები“ (School Power).

     ბიბლიური პრინციპი: „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6).

     „როგორც წესი, სკოლის წლებში გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეისწავლო რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრა ან ხატვა. გვიანღა ვინანე, რომ მე ეს შანსი ხელიდან გავუშვი. ჭკვიანურია, თუკი სწავლის პარალელურად შემოქმედებით ჰობის გაიჩენ“ (ტეილორი).

     დაფიქრდი: როგორ უნდა დაისვენო, რომ ძალა აღიდგინო მეცადინეობის გასაგრძელებლად?

a დისტანციური სწავლების დროს სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. ამ სტატიაში მოცემულია რჩევები, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება შენც გამოგადგეს.