არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ვიმყოფინოთ შემოსავალი?

როგორ ვიმყოფინოთ შემოსავალი?

 ხომ არ გაგირთულათ თავის გატანა ეკონომიკურმა კრიზისმა? ეკონომიკურ კრიზისს ხშირად პანდემიები, სტიქიური უბედურებები, პოლიტიკური არასტაბილურობა და შეიარაღებული კონფლიქტები იწვევს. მართალია, შეცვლილმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ შეიძლება ზედმეტი თავსატეხი გაგიჩინათ, მაგრამ ქვემოთ მოცემული ბიბლიური რჩევები დაგეხმარებათ, როგორ იცხოვროთ შემცირებული შემოსავლით.

1. თვალი გაუსწორეთ რეალობას.

 ბიბლიური პრინციპი: „ვისწავლე, . . რა არის ... სიუხვე და სიდუხჭირე“ (ფილიპელები 4:12).

 შესაძლოა თქვენი ოჯახის შემოსავალმა იკლო, მაგრამ თქვენ შეძლებთ იმის სწავლას, თუ როგორ გაიტანოთ თავი მცირე შემოსავლით. რაც უფრო მალე გაუსწორებთ თვალს რეალობას და ისწავლით ფულის უფრო ყაირათიანად ხარჯვას, მით უფრო მარტივად გაუმკლავდებით შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას.

 შეიტყვეთ, რამდენად მოქმედებს თქვენს ქვეყანაში სხვადასხვა სოციალური პროგრამა ან რამდენად ხელმისაწვდომია ჰუმანიტარული დახმარება. ნუ გადადებთ, რადგან მსგავსი პროგრამები, როგორც წესი, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში მოქმედებს.

2. შეთანხმებულად იმოქმედეთ.

 ბიბლიური პრინციპი: „თათბირის გარეშე გეგმები ჩაიშლება; სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“ (იგავები 15:22).

 ოჯახში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრეთ მეუღლესა და ბავშვებთან. თუ ოჯახის წევრებსაც ჩააყენებთ საქმის კურსში, ისინიც გააცნობიერებენ ახალ მოცემულობას და მხარს დაგიჭერენ ცვლილებების დროს. თუ ყველა შეეცდება, ნაკლები ფული დახარჯოს და ხელმომჭირნედ იცხოვროს, თანხის დაზოგვას შეძლებთ.

3. შეადგინეთ ბიუჯეტი.

 ბიბლიური პრინციპი: გამოთვალეთ ხარჯები (ლუკა 14:28).

 როდესაც მცირე შემოსავლით გიწევთ თავის რჩენა, აუცილებელია, იცოდეთ, რაში მიგდით ფული თვის მანძილზე. შეადგინეთ ბიუჯეტი: დაწერეთ, რა შემოსავალს ელით და რაში გეხარჯებათ ფული ყოველთვიურად. გასავალში მიუთითეთ გაუთვალისწინებელი თუ გადაუდებელი ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხაც.

 რჩევა: ხარჯების ჩამოწერისას ნუ დაგავიწყდებათ წვრილმანებისთვის დახარჯული თანხა. დროთა განმავლობაში შეიძლება აღმოაჩინოთ, თუ რამხელა თანხა მიაქვს ამ წვრილმანებს. ერთი მამაკაცი მიხვდა, რომ ყოველწლიურად მხოლოდ საღეჭ რეზინზე რამდენიმე ასეულ დოლარს ხარჯავდა!

4. განსაზღვრეთ პრიორიტეტები და მოახდინეთ საჭირო ცვლილებები.

 ბიბლიური პრინციპი: განსაზღვრეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია (ფილიპელები 1:10).

 შეადარეთ შემოსავალი გასავალს და განსაზღვრეთ, რისი ამოგდება ან შემცირება შეგიძლიათ, რომ იმყოფინოთ შემცირებული შემოსავალი. ქვემოთ ნახავთ, როგორ შეიძლება ზოგიერთი არასაჭირო ხარჯის შემცირება:

  •   ტრანსპორტი. თუ ოჯახში ერთზე მეტი სატრანსპორტო საშუალება გყავთ, ხომ არ შეგიძლიათ, რომ ერთი გაყიდოთ? ან, თუკი ძვირადღირებული მანქანა გყავთ, ხომ არ შეიძენდით უფრო ეკონომიურს? ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ველოსიპედით გადაადგილდით, ან ფეხით იარეთ.

  •   გართობა. დროებით ხომ არ გააუქმებდით სატელიტურ ან საკაბელო სატელევიზიო არხებს, ან ხომ არ მონახავდით უფრო იაფფასიან ალტერნატივას? ნაცვლად იმისა, რომ იყიდოთ ბეჭდური ან ელექტრონული წიგნები, ანდა ფილმები, ხომ არ ისარგებლებდით ბიბლიოთეკის მომსახურებით?

  •   კომუნალური გადასახადები. იმსჯელეთ ოჯახთან ერთად, როგორ შეამციროთ წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადები. ერთი შეხედვით, ისეთი უმნიშვნელო ჩვევების ჩამოყალიბებამ, როგორებიცაა ოთახებში შუქის ჩაქრობა ან ბანაობის დროს ნაკლები წყლის მოხმარება, შეიძლება მნიშვნელოვანწილად შეამციროს თქვენი ოჯახის ხარჯები.

  •   საკვები. ნაცვლად იმისა, რომ გარეთ მიირთვათ, სახლში მოამზადეთ საჭმელი. იფიქრეთ წინასწარ, თუ რომელ დღეს რას მოამზადებთ კვირის მანძილზე. თუ შესაძლებელია, შეიძინეთ მთელი კვირის მარაგი და მორჩენილი საკვები არ გადაყაროთ. საყიდლებზე წასვლამდე შეადგინეთ შესაძენი პროდუქტების სია, რომ თავიდან აირიდოთ დაუგეგმავი ხარჯები. იყიდეთ სეზონური ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ნაკლები თანხა დაგიჯდებათ. მოერიდეთ არაჯანსაღ საკვებსა და სასუსნავებს. თუ შესაძლებელია, იქონიეთ ბოსტანი.

  •   ტანსაცმელი. ტანსაცმელი მხოლოდ მაშინ შეიძინეთ, თუკი ხედავთ, რომ გაგიცვდათ, და არა იმის გამო, რომ მოდაში აღარაა. ისარგებლეთ სეზონური ფასდაკლებებით და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებით. თუ ამინდი ხელს გიწყობთ, სველ ტანისამოსს საშრობში კი ნუ გააშრობთ, გარეთ გაფინეთ.

  •   სხვა ხარჯები. რაიმეს შეძენამდე ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ნამდვილად მჭირდება ან რამდენად მიმიწვდება ხელი?“. სხვა დროისთვის ხომ არ გადადებდით ტექნიკის განახლებას ან ახალი ავტომობილის შეძენას? უფრო მეტიც, ხომ არ იფიქრებდით იმ ნივთების გაყიდვაზე, რომლებსაც აღარ იყენებთ? შედეგად, ცხოვრებასაც გაიმარტივებთ და თანხებიც დაგეზოგებათ.

 რჩევა: თუკი შემოსავალი მოულოდნელად შეგიმცირდათ, ეს შეიძლება დამატებითი სტიმული აღმოჩნდეს საიმისოდ, რომ თავი დაანებოთ ისეთ მავნე ჩვევებს, როგორებიცაა სიგარეტის მოწევა, აზარტული თამაშები და ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება. ასეთი ცვლილებების წყალობით, არა მხოლოდ ფინანსურ მდგომარეობას, არამედ ცხოვრების ხარისხსაც გაიუმჯობესებთ.

5. ნუ უგულებელყოფთ სულიერ მოთხოვნილებებს.

 ბიბლიური პრინციპი: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

 ბიბლია გონივრულ რჩევას გვაძლევს: „სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც, მაგრამ ცოდნა და სიბრძნე იმით უპირატესობს, რომ სიცოცხლეს უნარჩუნებს მის პატრონს“ (ეკლესიასტე 7:12). ასეთ სიბრძნეს ღვთის სიტყვაში მიაკვლევთ. ბევრმა ბიბლიური სიბრძნის წყალობით შეძლო, თავიდან აერიდებინა ზედმეტი საწუხარი ფინანსური პრობლემების გამო (მათე 6:31, 32).