არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

საჭიროა მშობლების დადგენილი წესების მიყოლა?

საჭიროა მშობლების დადგენილი წესების მიყოლა?

 ხომ არ გიჭირს მშობლების მიერ დადგენილი წესის მიყოლა? ეს სტატია და თანდართული სამუშაო ფურცელი დაგეხმარება, დაელაპარაკო შენს მშობლებს ამის შესახებ.

 სწორი შეხედულება

 მცდარი შეხედულება: როცა მშობლებისგან განცალკევებით დაიწყებ ცხოვრებას, წესები ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება.

 ფაქტი: სახლიდან წასვლის შემდეგაც მოგიწევს ზოგიერთი წესის მიყოლა. მაინც იქნები ვინმეს წინაშე პასუხისმგებელი — ეს შეიძლება იყოს დამსაქმებელი, სახლის მეპატრონე, ან ხელისუფლების წარმომადგენელი. „ჩემი აზრით, ახალგაზრდებს, რომლებიც სახლში დადგენილ წესებს არ მიჰყვებიან, ძალიან გაუჭირდებათ, როდესაც დამოუკიდებლად დაიწყებენ ცხოვრებას“, — ამბობს 19 წლის დანიელი.

 ბიბლიაში წერია: მოუსმინეთ „მთავრობებსა და ძალაუფლებებს“ (ტიტე 3:1). თუ ისწავლი მშობლების დადგენილი წესების მორჩილებას, ეს მომავალში ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოგადგება.

 რის გაკეთება შეგიძლია: შეეცადე, დადგენილ წესებში დადებითი მხარე დაინახო. „მშობლების მიერ დადგენილი წესები დამეხმარა, სწორად ამერჩია მეგობრები და მესწავლა დროის გონივრულად განაწილება, — ამბობს ახალგაზრდა ჯერემი. — წესები აგრეთვე დამეხმარა, დიდი დრო არ დამეთმო ტელევიზორისა და ვიდეო თამაშებისთვის, რამაც შესაძლებლობა მომცა, უფრო სასარგებლო საქმეებით დავკავებულიყავი. ზოგიერთი მათგანი დღემდე დიდ სიამოვნებას მანიჭებს“.

 სწორი მიდგომა

 როგორ უნდა მოიქცე, თუ ვერ ხედავ დადგენილი წესის საჭიროებას? ახალგაზრდა თამარი ამბობს: „ჩემმა მშობლებმა უფლება მომცეს, სხვა ქვეყანაში მემოგზაურა, ახლა კი სახლიდან მანქანით არ მიშვებენ ქალაქში, რომელიც 20 წუთის სავალზეა“.

 თუ მსგავს სიტუაციაში ხარ, ღირს, დაელაპარაკო მშობლებს დადგენილი წესის შესახებ? რა თქმა უნდა! მთავარია, იცოდე, როდის და როგორ უთხრა მათ ამის შესახებ.

 როდის: „მშობლებთან წესის შეცვლაზე საუბარი მხოლოდ მაშინ ღირს, როცა მათ ნდობას დაიმსახურებ“, — ამბობს ახალგაზრდა ამანდა.

 დარიამ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. ის გვიზიარებს: „დედაჩემმა მანამ არ შეცვალა წესი, სანამ არ დარწმუნდა, რომ სრულად ვემორჩილებოდი“. გახსოვდეს, ნდობას ვერ მოითხოვ, ის უნდა მოიპოვო.

ოჯახი, სადაც შვილები მშობლების დადგენილ წესებს არ ემორჩილებიან, ჰგავს აეროპორტს, სადაც საჰაერო მოძრაობის წესებს არ იცავენ

 ბიბლიაში წერია: „დაიცავი მამაშენის მცნება, და დედაშენის კანონს ნუ უგულებელყოფ“ (იგავები 6:20). თუ ყურად იღებ ამ რჩევას, მშობლების ნდობას მოიპოვებ და უფრო თავისუფლად შეძლებ მათთან წესებზე დალაპარაკებას.

 როგორ: „ჯობია, ყოველთვის პატივისცემით და მშვიდად დაელაპარაკო მშობლებს, ვიდრე ყვირილითა და წუწუნით“, — ამბობს ახალგაზრდა სტივენი.

 ზემოთ მოხსენიებული დარია ეთანხმება ამ აზრს. „დედასთან კამათს აზრი არ ჰქონდა. კამათის გამო ზოგჯერ უფრო ამკაცრებდა წესს“, — ამბობს ის.

 ბიბლიაში წერია: „სულელი თავის სულს გარეთ ღვრის, ბრძენი კი ბოლომდე სიმშვიდეს ინარჩუნებს“ (იგავები 29:11). თავშეკავების გამოვლენა გამოგადგება არა მარტო სახლში, არამედ სკოლაში, სამუშაოსა თუ ნებისმიერ სხვა ადგილას.

 რის გაკეთება შეგიძლია: დაფიქრდი, სანამ მშობლებს დაელაპარაკები. თუ მათთან საუბრისას გაბრაზდები, შეიძლება დიდი ხნის მოპოვებული ნდობა ადვილად დაკარგო. სწორედ ამიტომაც ამბობს ბიბლია: „რისხვაში ნელი კაცი გამჭრიახია“ (იგავები 14:29).

 რჩევა: გამოიყენე თანდართული სამუშაო ფურცელი და იმსჯელე დადგენილ წესებზე. თუ საჭიროა, განიხილე ეს საკითხი მშობლებთან ერთად.