არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

გონივრულია რამდენიმე საქმის ერთად კეთება?

გონივრულია რამდენიმე საქმის ერთად კეთება?

 გამოგდით ერთდროულად სხვადასხვა საქმის კეთება?

 იცი, როგორ უნდა აკეთო რამდენიმე საქმე ერთდროულად? ზოგის აზრით, ტექნოლოგიურ ეპოქაში აღზრდილ თაობას, რომელსაც „ციფრული სამყაროს მკვიდრებსაც“ უწოდებენ, გაცილებით უკეთ შეუძლია რამდენიმე საქმის ერთად კეთება, ვიდრე მათ, ვინც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე განიცადა ადაპტაცია ტექნოლოგიურ სიახლეებთან და რომელთაც „ციფრული სამყაროს იმიგრანტებს უწოდებენ“. როგორ ფიქრობ, შეესაბამება ეს მოსაზრება სიმართლეს?

 სწორია თუ არასწორი

  •   რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებით დროს ზოგავ.

  •   რაც უფრო ხშირად გააკეთებ რამდენიმე საქმეს ერთდროულად, მით უფრო დაიხვეწები ამ კუთხით.

  •   ახალგაზრდებს უფრო კარგად გამოსდით ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება, ვიდრე უფროსებს.

 თუ ფიქრობ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებები სწორია, შეიძლება ითქვას, რომ თავს იტყუებ.

 უარყოფითი შედეგები

 ფიქრობ, რომ შეგიძლია ორი საქმე კარგად აკეთო ერთდროულად? ნამდვილად შეძლებ ორი საქმის კეთებას, თუ ერთ-ერთი მათგანი მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ მოითხოვს. მაგალითად, შეგიძლია ერთდროულად მუსიკასაც მოუსმინო და ოთახიც დაალაგო.

 მაგრამ, როცა ცდილობ, ორი ისეთი საქმე აკეთო ერთდროულად, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს, შეიძლება ვერცერთი საქმე ვერ გააკეთო ხარისხიანად. ალბათ ამიტომ აღწერა ერთმა ახალგაზრდამ, სახელად კატერინამ, ეს მავნე ჩვევა შემდეგი სიტყვებით: „როცა ერთდროულად ბევრ რამეს აკეთებ, ამ დროს რეალურად კი არ აკეთებ საქმეს — აფუჭებ“.

 „ერთხელ ვიღაცას ველაპარაკებოდი და ამ დროს მესიჯი მომივიდა, რომელზეც აუცილებლად უნდა მეპასუხა. ვცდილობდი, საუბარიც გამეგრძელებინა და პასუხიც მიმეწერა. მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ვერც იმ ადამიანს მოვუსმინე წესიერად და მესიჯიც აბდაუბდა ტექსტით მივწერე“ (ქეილები).

 ტექნოლოგიური საკითხების ექსპერტი, შერი თარქლი წერს: „როცა გვგონია, რომ რამდენიმე საქმეს ერთდროულად ბრწყინვალედ ვაკეთებთ ... თავს ვიტყუებთ, რადგან საბოლოოდ არცერთი მათგანი არ გამოგვდის ნორმალურად. ასეთ დროს ჩვენს გონებაში ერთგვარი ქიმიური პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ საქმეს იდეალურად ვასრულებთ, არადა ამ დროს პირიქით, უფრო ვაფუჭებთ საქმეებს“. a

 „ზოგჯერ მგონია, რომ ძაან მაგარი ვარ, როცა თან მესიჯს ვწერ და თან ვიღაცას ველაპარაკები. მაგრამ ბოლოს ისე ხდება ხოლმე, რომ სიტყვები მერევა ერთმანეთში და ერთის სათქმელს მეორეს ვეუბნები!“ (ტამარა).

 ბევრი საქმის ერთდროულად კეთებით ადამიანები სინამდვილეში ცხოვრებას უფრო ირთულებენ. მაგალითად, სკოლის მოსწავლეს ასეთ შემთხვევაში შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს დავალების შესასრულებლად; ან მოუწიოს ერთი და იმავე საქმის ორჯერ გაკეთება. ამგვარად, ადამიანს ნაკლები დრო რჩება დასვენებისთვის.

 ამ საკითხთან დაკავშირებით ფსიქოთერაპევტი და სკოლის ფსიქოლოგი თომას კერსტინგი ამბობს: „როცა ადამიანი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი საქმე აკეთოს ერთდროულად, მისი ტვინი ემსგავსება ოფისს, რომელშიც უამრავი დოკუმენტი აქეთ-იქითაა მიმოფანტული“. b

 „რაც უფრო მეტ საქმეს აკეთებ ერთდროულად, მით მეტი მნიშვნელოვანი დეტალი გრჩება მხედველობიდან. ბოლოს ისე გამოდის, რომ უფრო მეტი დრო და ენერგია გეხარჯება საქმის ბოლომდე მისაყვანად და თუ ფიქრობდი, რომ დროს დაზოგავდი, პირიქით — უფრო მეტი დრო გეკარგება“ (ტერეზა).

ორი საქმის ერთად კეთება, მანქანით ორ გზაზე ერთდროულად სიარულს ჰგავს.

 უკეთესი მეთოდი

  •   ისწავლე ერთ საქმეზე კონცენტრირება. ეს განსაკუთრებით რთულია მათ შემთხვევაში, ვისაც უკვე ჩვევაში აქვს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება, მაგალითად დავალებების მომზადება და თან მესიჯობა. ბიბლია გვეუბნება, რომ დავრწმუნდეთ, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ ცხოვრებაში (ფილიპელები 1:10). ყველა საქმე არ არის ერთნაირად მნიშვნელოვანი. ამიტომ პირველ რიგში ის საქმე უნდა გაკეთდეს, რომელიც ყველაზე მეტადაა საჭირო და სხვა საქმე არ უნდა დაიწყო მანამ, სანამ პირველს არ დაამთავრებ!

     „იმ ადამიანის გონება, რომელიც ბევრ რამეს აკეთებს ერთდროულად, პატარა ბავშვივითაა, რომელიც გამუდმებით ცდილობს, მშობელს ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოს“ (მარია).

  •   შეამცირე ხელის შემშლელი ფაქტორები. სწავლის დროს თვალი ტელეფონისკენ ხომ არ გაგირბის? თუ კი, კარგი იქნება, სხვა ოთახში დადო ის. ტელევიზორიც გამორთე და ცოტა ხნით სოციალური ქსელებიც დაივიწყე. ბიბლია გვირჩევს: „გამოისყიდეთ ხელსაყრელი დრო“ (კოლოსელები 4:5).

     „მივხვდი, რომ გაცილებით სასარგებლოა, როცა ერთ საქმეზე ხარ კონცენტრირებული. პირადად ჩემთვის სასიამოვნო და სახალისოც კი აღმოჩნდა შესასრულებელ საქმეებს რომ გადავავლებ ხოლმე თვალს და ეტაპობრივად გადავხაზავ უკვე დასრულებულ საქმეს. ამის მერე გადავდივარ შემდეგზე. ამას მე შრომით მიღებული სიამოვნება დავარქვი“ (ონია).

  •   როცა ვინმეს ესაუბრები, ყურადღება უშუალოდ მას მიაქციე. ვინმესთან ლაპარაკის დროს თუ სულ ტელეფონში იყურები, შეიძლება მნიშვნელოვანი დეტალები გამოგრჩეს; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს უზრდელობაცაა. ბიბლია გვირჩევს, რომ სხვებს ყოველთვის ისე მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვინდა, რომ გვექცეოდნენ (მათე 7:12).

     „ზოგჯერ, როცა ჩემს დას ველაპარაკები, ის პარალელურად ტელეფონში რაღაცას აკეთებს. ამ დროს მინდება, რომ ტელეფონი წავართვა და სადღაც მოვისროლო. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მეც ბევრჯერ დამიჭერია ჩემი თავი ასეთ საქციელში“ (დეივიდი).

a ციტატა აღებულია ერთ-ერთი სახელმძღვანელოდან („Reclaiming Conversation“).

b ციტატა აღებულია ერთ-ერთი სახელმძღვანელოდან („Disconnected“).