არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რამდენად განვითარებული მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა?

რამდენად განვითარებული მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა?

 შეაფასე საკუთარი თავი

  •  მე ყოველთვის; ხშირად; ზოგჯერ; არასდროს ვარ...

    •  პატიოსანი

    •  სანდო

    •  პუნქტუალური

    •  მუყაითი

    •  მოწესრიგებული

    •  გამოსადეგი

    •  სამართლიანი

    •  თავაზიანი

    •  მზრუნველი

  •   ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელი თვისების გამოვლენა გიადვილდება ყველაზე მეტად?

     კვლავაც გამოავლინე ეს თვისება! (ფილიპელები 3:16).

  •   რომელი თვისებების გამომუშავება გჭირდება?

 ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარება გაუმჯობესებაში ამ მხრივ.

 რას ნიშნავს, გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა?

 ისინი, ვინც პასუხისმგებლობას გრძნობენ, თავიანთ მოვალეობას პირნათლად ასრულებენ შინ თუ გარეთ. მათ ესმით, რომ თავიანთ საქციელზე თავად უნდა აგონ პასუხი. ამიტომ, როცა შეცდომას უშვებენ, აღიარებენ მას, ბოდიშს იხდიან და მზად არიან გამოსასწორებლად.

 ბიბლიაში ვკითხულობთ: „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“ (გალატელები 6:5).

 რატომ გინდა, რომ გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა?

  პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი თავის უნარს გონივრულად იყენებს. ამის გამო ასეთებს მეტ პატივს სცემენ, ზრდასრული ადამიანივით ექცევიან და მეტ თავისუფლებას აძლევენ.

 ბიბლიაში ვკითხულობთ: „გინახავს თავის საქმეში დახელოვნებული კაცი? მეფეთა წინაშე წარდგება იგი და არა უბრალო ხალხის წინაშე“ (იგავები 22:29).

  ის, ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია, ჩვეულებრივ, ხელგაშლილია და მეგობრებთან კარგი ურთიერთობა აქვს.

 ბიბლიაში ვკითხულობთ: „გაეცით და მოგეცემათ“ (ლუკა 6:38).

  პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი კმაყოფილებას გრძნობს იმის გამო, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა შეუძლია. ეს კი მას ღირსების გრძნობას უმაღლებს.

 ბიბლიაში ვკითხულობთ: „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით“ (გალატელები 6:4).

 რა დაგეხმარება პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაში?

 ამ კითხვაზე პასუხი რომ მოძებნო, ყურადღება მიაქციე, რას ამბობენ ახალგაზრდები. ნახე, თუ ემთხვევა რომელიმეს აზრი შენსას?

 „ვერ ვიტან, როცა ბავშვივით მექცევიან, რომელსაც დედიკომ და მამიკომ ერთი წუთითაც არ უნდა მოაცილონ თვალი!“ (კერი).

 „მშობლები მეგობრებთან უპრობლემოდ მიშვებენ ხოლმე“ (რიჩარდი).

 „როცა ვხედავ, რომ ჩემს თანატოლებს ბევრი რამის ნებას აძლევენ, ვფიქრობ: „რა მაგარია! მაგრამ მე რატომ არ მაძლევენ ჩემი მშობლები იმავეს გაკეთების ნებას?!“ (ანა).

 „მშობლები თითქმის ყველაფრის უფლებას მაძლევენ. მადლობა მინდა გადავუხადო მათ ასეთი თავისუფლებისთვის“ (მარინა).

 რეალობა: ზოგ ახალგაზრდას სხვებთან შედარებით მეტ თავისუფლებას აძლევენ. რატომ?

 მიზეზი: იმ შემთხვევაში ისარგებლებ მეტი თავისუფლებით, თუ მშობლების თვალში მეტ ნდობას მოიპოვებ.

 ვნახოთ, რას ამბობს ზემოთ მოხსენიებული ორი ახალგაზრდა:

 რიჩარდი: „ერთ დროს მშობლები ფიქრობდნენ, რომ თუ მეტ თავისუფლებას მომცემდნენ, მე ამით ბოროტად ვისარგებლებდი. მაგრამ დღეს ისინი მენდობიან, რადგან დარწმუნებული არიან, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნია. მე არასდროს ვუმალავ მშობლებს, სად და ვისთან ერთად მივდივარ. ჩვეულებრივ, მშობლებს მანამდე ვეუბნები ჩემი გეგმების შესახებ, სანამ მკითხავენ“.

 მარინა: „სულ ორჯერ მოვატყუე მშობლებს და ორივეჯერ გამომიჭირეს ტყუილში. მას შემდეგ არასდროს მომიტყუებია ისინი. ყოველთვის დეტალურად ვეუბნები, რას ვაკეთებ და როცა სახლიდან გავდივარ, ვაგებინებ. დღეს უფრო მეტად მენდობიან მშობლები“.

რა არის შენთვის მთავარი — საქმის კეთება თუ გართობა?

 გინდა, შენც რიჩარდივით და მარინასავით მოგექცნენ მშობლები? შეამოწმე საკუთარი თავი, რაში გჭირდება გაუმჯობესება.

სახლში

  •   აკეთებ ყველაფერს, რასაც გავალებენ?

  •   დანიშნულ დროს ბრუნდები შინ?

  •   თავაზიანად ექცევი მშობლებსა და და-ძმებს?

 რაში გჭირდება გაუმჯობესება?

 ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაუჯერეთ თქვენს მშობლებს“ (ეფესოელები 6:1).

სკოლაში

  •   თავის დროზე აკეთებ საშინაო დავალებას?

  •   ცდილობ, ნიშნები გამოასწორო?

  •   ბეჯითი ხარ?

 რაში გჭირდება გაუმჯობესება?

 ბიბლიაში ვკითხულობთ: „სიბრძნე იცავს კაცს“ (ეკლესიასტე 7:12). კარგი განათლება სიბრძნეს შეგძენს.

● შენი რეპუტაცია

  •   გულახდილი ხარ მშობლებთან და სხვებთან?

  •   გონივრულად ხარჯავ ფულს?

  •   გაქვს სანდო ადამიანის რეპუტაცია?

 რაში გჭირდება გაუმჯობესება?

 ბიბლიაში ვკითხულობთ: „შეიმოსე ახალი პიროვნება“ (ეფესოელები 4:24). შენ შეგიძლია გამოიმუშავო კარგი თვისებები და კარგი რეპუტაცია მოიპოვო.

 რჩევა: იმუშავე თვისებაზე, რომლის განვითარებაც გჭირდება. რჩევისთვის მიმართე მათ, ვისაც უადვილდება ამ თვისების გამოვლენა. ჩამოწერე, რა დაგეხმარება, განივითარო ეს თვისება და აღნიშნე, რას მიაღწიე ერთი თვის თავზე. ჩაინიშნე თითოეული წარმატება თუ წარუმატებლობა. თვის ბოლოს აღნიშნე, როგორ მიაღწიე დასახულ მიზანს.