არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

გავიკეთო ტატუ?

გავიკეთო ტატუ?

 რატომ არის ასეთი პოპულარული ტატუირება?

 „ზოგი ტატუ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია“, — ამბობს ერთი ახალგაზრდა, სახელად რაიენი.

 ზოგჯერ ადამიანს რაღაც უბიძგებს ტატუს გაკეთებისკენ და სწორედ ამან შეიძლება იქონიოს გავლენა ამ საკითხისადმი შენს დამოკიდებულებაზეც. მაგალითად, ერთი თინეიჯერი, ჯილიენი, ამბობს: „ჩემი კლასელი ჯერ კიდევ პატარა იყო, დედა რომ დაეღუპა. მოზარდობის ასაკში მან დედის სახელი კისერზე ამოიტვიფრა. ვფიქრობ, რომ ამ მოტივით ტატუს გაკეთება სულაც არ არის ცუდი, პირიქით, თბილ გრძნობებს აღგიძრავს“.

 რა მოტივიც არ უნდა გამოძრავებდეს, კარგად უნდა აწონ-დაწონო, სანამ გადაწყვეტ ტატუს გაკეთებას, რომელიც მუდმივად დარჩება შენს სხეულზე. რა კითხვებზე უნდა დაფიქრდე, თუ ტატუს გაკეთებას აპირებ? რომელი ბიბლიური პრინციპები დაგეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში?

 რა კითხვები უნდა დაუსვა საკუთარ თავს?

 რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას ტატუირება? „ტატუირების დროს ზემოქმედება ხდება კანზე, რის გამოც წარმოიქმნება ინფექციის შეჭრისა და სხვა ალერგიული რეაქციის საშიშროებები, — ნათქვამია მეიოს კლინიკის ვებ-გვერდზე. — შესაძლოა ტატუირებული ადგილის ირგვლივ განვითარდეს გრანულომები ანუ ანთებითი კერები. ტატუირების შედეგად შეიძლება კანზე გაჩნდეს კელოიდები — ამობურცული მკვრივი წარმონაქმნები.“ ვებ-გვერდზე აგრეთვე აღნიშნულია: „თუ ნემსი, რომლითაც ტატუს იკეთებ, დაინფიცირებული სისხლითაა დაბინძურებული, შესაძლოა სხვადასხვა ვირუსული დაავადებით დაავადდე“.

 რა გავლენას იქონიებს ეს შენს რეპუტაციაზე? გინდა თუ არა, შენი გარეგნობა სხვებს ბევრ რამეს ეუბნება შენ შესახებ. მათ თვალში ან სერიოზული და სანდო გამოჩნდები ან ჩამოუყალიბებელი და უპასუხისმგებლო. „როდესაც ვხედავ, რომ ვინმეს ტატუ აქვს გაკეთებული, მაშინვე მას ისეთ კატეგორიას მივაკუთვნებ, რომელიც დალევისა და დროის ტარების მეტს არაფერს აკეთებს“, — ამბობს სამანტა.

 18 წლის მელანი კიდევ ერთ უარყოფით მხარეს მოიხსენიებს: „ჩემი აზრით, როცა ვინმეს ტატუ აქვს გაკეთებული, ამით სხვებს თავის შინაგან პიროვნებაზე არასწორ წარმოდგენას უქმნის. თითქოს ასეთებს არ უნდათ, დაგანახონ თავიანთი ნამდვილი სახე და ამიტომ ტატუთი ინიღბებიან“.

 ყოველთვის მოგეწონება შენი ტატუ? ასაკის მატებასთან ერთად შეიძლება წონაც მოგემატოს და შესაბამისად, ტატუმაც დაკარგოს თავდაპირველი ფორმა და დამახინჯდეს. „მინახავს, როგორ გამოიყურება ასაკოვნების სხეულზე ტატუ, რითაც ნამდვილად ვერ მოიხიბლები“, — ამბობს ჯოზეფი.

 „რაც ერთ დროს შენთვის ღირებული იყო, შესაძლოა წლების გასვლის შემდეგ გაუფასურდეს, — ამბობს 21 წლის ალენი. — ასე რომ, შეიძლება დროთა განმავლობაში გემოვნება შეგეცვალოს და ტატუც ძველმოდური გახდეს შენთვის“.

 ალენმა სწორად აღნიშნა; მართლაც, ასაკის მატებასთან ერთად ადამიანებს ეცვლებათ თვალსაზრისი, გემოვნება და დამოკიდებულება, მაგრამ ტატუ მუდმივად რჩება მათ სხეულზე. „შეიძლება ერთ დროს სულელური ახირების გამო ტატუ გამეკეთებინა და მოგვიანებით მენანა. ნამდვილად არ მენდომებოდა, სხვა რამეებთან ერთად ესეც სანანებელი გამხდომოდა“, — ამბობს ტერეზა.

 რომელი ბიბლიური პრინციპებით უნდა იხელმძღვანელო?

 მოწიფული ადამიანი გადაწყვეტილებას მანამ არ იღებს, სანამ ყველაფერს კარგად არ აწონ-დაწონის (იგავები 21:5; ებრაელები 5:14). ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი ბიბლიური პრინციპი, რომლებიც პრაქტიკულ დახმარებას გაგიწევთ ამ საკითხთან მიმართებით.

  •  კოლოსელები 3:20: „ბავშვებო, დაემორჩილეთ მშობლებს ყველაფერში, რადგან ეს მოსაწონია უფლისთვის“.

      რა შედეგები შეიძლება მოიმკა, თუ მშობლებთან ერთად ცხოვრობ, მაგრამ მათ აზრს არ ითვალისწინებ?

  •  1 პეტრე 3:3, 4: „თქვენი სილამაზე ნუ იქნება გარეგნობაში: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა თუ ჩაცმულობაში, არამედ იყოს შინაგან ადამიანში, რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით“.

      შენი აზრით, რატომ ამახვილებს ბიბლია ყურადღებას ადამიანის შინაგან პიროვნებაზე?

  •  1 ტიმოთე 2:9: „ქალების მშვენება იყოს ... მოკრძალებითა და საღი აზროვნებით შერჩეულ მოხდენილ ტანსაცმელში“.

      რას ნიშნავს სიტყვა „მოკრძალება“? რატომ ამშვენებს ადამიანს მოხატულ სხეულზე მეტად მოკრძალება, რაც, ასე ვთქვათ, არასდროს გადადის მოდიდან?

  •  რომაელები 12:1: „წარადგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად, რაც გააზრებული წმინდა მსახურებაა“.

      რატომ აღელვებს ღმერთს ის, თუ როგორ ეპყრობი სხეულს?

 ამ პრინციპების მხედველობაში მიღების შედეგად ბევრმა გადაიფიქრა ტატუს გაკეთება. ისინი მიხვდნენ, თუ რა არის სინამდვილეში მნიშვნელოვანი. ზემოთ მოხსენიებული ტერეზა აღნიშნავს: „შეიძლება არსებობს გამონათქვამი ან ფრაზა, რომელიც ძალიან გიყვარს ან ადამიანი, რომელიც შენთვის ძალიან ძვირფასია; ჰოდა იცხოვრე შენი საყვარელი გამონათქვამის თუ ფრაზის თანახმად ან დაანახვე ადამიანს, რომელიც გიყვარს, რაოდენ ძვირფასია შენთვის. ნაცვლად იმისა, რომ ამ მოტივით ტატუ გაიკეთო, იცხოვრე იმ ფასეულობებით, რომლებიც შენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია!“.