არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორი მანერები გაქვს?

როგორი მანერები გაქვს?

„თუ სხვები ცხვირწინ მიჯახუნებენ კარს, მე რატომ უნდა დავუჭირო მათ კარი?!“

«ცხოვრებაში იმდენი რამეა სანერვიულო, რომ არ ღირს, თავი იმაზე ფიქრით აიტკიო, ეტყვი თუ არა ვინმეს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ბოდიში“, „მადლობა“ და „უკაცრავად“».

„და-ძმებთან ნამდვილად არ მჭირდება კარგი მანერები; ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ?!“

ხომ არ გეცნობა ეს სიტყვები? შენც ასე ფიქრობ? თუ ასეა, მაშინ ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო, დაფიქრებულიყავი, რატომ არის საჭირო კარგი მანერების ქონა.

 რატომ უნდა გქონდეს კარგი მანერები?

 კარგი მანერები სამ რამეში დაგეხმარება:

  1.   რეპუტაცია. ადამიანები იმის მიხედვით გაფასებენ, თუ როგორ ექცევი მათ. თუ კარგი მანერები გაქვს, სხვები მოწიფულ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად ჩაგთვლიან და შესაბამისადაც მოგექცევიან. მაგრამ თუ უხეში ხარ, ისინი იფიქრებენ, რომ მხოლოდ საკუთარი თავით ხარ დაინტერესებული; ამის გამო შეიძლება ბევრი დაკარგო; მაგალითად, შეიძლება ვერც კარგი სამსახური იშოვო და ბევრ სხვა რამეშიც ვერ მიაღწიო წარმატებას. ბიბლიაში წერია, რომ „სასტიკი [კაცი] ... თავის თავს ვნებს“ (იგავები 11:17).

  2.   მეგობრები. ბიბლიაში წერია: „შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14). ეს სიტყვები ნამდვილად მართლდება მეგობრობის შემთხვევაშიც. მეტწილად ყველას იზიდავს ისეთი ადამიანი, ვისაც კარგი მანერები აქვს და სხვებს კარგად ექცევა. ვის მოუნდება უხეშ და უტაქტო ადამიანთან მეგობრობა?

  3.   სხვების დამოკიდებულება. ერთი გოგონა, სახელად ჯენიფერი ამბობს: თუ ყოველთვის თავაზიანი ხარ, დროთა განმავლობაში ყველაზე უხეში ადამიანებიც კი კარგად განეწყობიან შენ მიმართ“. მაგრამ, თუ უხეში ხარ, საპირისპირო რეაქციას ელოდე. ბიბლიაში წერია: „რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (მათე 7:2).

 გახსოვდეს: სხვებთან ურთიერთობა ყოველდღიურად გვიწევს და ის, თუ როგორ ვექცევით სხვებს, პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ სხვები როგორ მოგვექცევიან. მარტივად რომ ვთქვათ, მანერები ხელწამოსაკრავი თემა ნამდვილად არაა!

 როგორ შეგიძლია დაიხვეწო?

  1.   დაფიქრდი შენს მანერებზე. დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: «პატივისცემით ვექცევი უფროსებს? რამდენად ხშირად ვამბობ ისეთს სიტყვებს, როგორიცაა „უკაცრავად“, „გმადლობ“ და „ბოდიში“? სხვებთან საუბრის დროს მესიჯების წერა ან სხვა რაღაცების კეთება ხომ არ მახასიათებს? პატივისცემით ვექცევი ჩემს მშობლებსა და და-ძმებს, თუ მათთან ყველაფრის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს?»

     ბიბლიაში წერია: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელები 12:10).

  2.   დაისახე მიზნები. ჩამოწერე, რომელ სამ მხარეში გესაჭიროება გაუმჯობესება. მაგალითად, 15 წლის ელისონი ამბობს, რომ უნდა, უკეთესი მსმენელი გახდეს. 19 წლის დეივიდი კი ცდილობს, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროს სხვებს არ ემესიჯოს. „საუბრის დროს მესიჯობა უპატივცემულობის მაჩვენებელია და მეტი არაფერი. ამით შენს ახლობლებს აგრძნობინებ, რომ მათთან საუბარს სხვებთან გირჩევნია ლაპარაკი“, — ამბობს დეივიდი. 17 წლის ედვარდი იმაზე მუშაობს, რომ სხვებს საუბარი არ შეაწყვეტინოს. ზემოხსენებული ჯენიფერი, რომელიც ცდილობს, კარგი მანერები ჰქონდეს, ასეთ რამეს გვიზიარებს: „ადრე უბრალოდ მივესალმებოდი ხოლმე უფროსებს და შემდეგ თავს ვარიდებდი მათ — მერჩივნა ჩემს მეგობრებთან ვყოფილიყავი; ახლა კი ყველანაირად ვცდილობ, უკეთ გავიცნო უფროსი ასაკის ადამიანები. ეს ნამდვილად მეხმარება, დახვეწილი მანერები მქონდეს“.

     ბიბლიაში წერია: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4).

  3.   დააკვირდი საკუთარ თავს. ერთი თვის მანძილზე მიზნად დაისახე, რომ პიროვნულად უფრო დაიხვეწო, მაგალითად გააკონტროლო შენი საუბარი ან ქცევა. თვის ბოლოს კი შეეკითხე შენს თავს: „როგორ დამხვეწა პიროვნულად იმან, რომ ვცდილობდი, კარგი მანერები მქონოდა? რა საკითხებში ვსაჭიროებ კვლავაც გაუმჯობესებას?“ ერთ ადგილას ნუ გაჩერდები, დაისახე ახალი მიზნები!

     ბიბლიაში წერია: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკა 6:31).