არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვანდომო საკუთარ თავს ვარჯიში?

როგორ მოვანდომო საკუთარ თავს ვარჯიში?

 რატომ უნდა ვივარჯიშო?

 ზოგ ქვეყანაში ახალგაზრდები ძალიან ცოტა დროს უთმობენ ფიზიკურ აქტივობას, რის გამოც თავიანთ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. ტყუილად არ წერია ბიბლიაში, რომ „ფიზიკური ვარჯიში ... სასარგებლოა“ (1 ტიმოთე 4:8). დავფიქრდეთ შემდეგზე:

  •   ვარჯიში გუნება-განწყობას გვიმაღლებს. ფიზიკური ვარჯიშის დროს გამოიყოფა ჰორმონი ენდორფინი, რაც ხსნის სტრესს და თავს ბედნიერად გვაგრძნობინებს. ზოგი ვარჯიშს ბუნებრივ ანტიდეპრესანტს უწოდებს.

     „თუ დღეს სირბილით ვიწყებ, მთელი დღე კარგ ხასიათზე ვარ და ნაყოფიერადაც ვმუშაობ. სირბილი განწყობას მიმაღლებს“ (რეჯინა).

  •   ვარჯიში გვეხმარება კარგ ფორმაში ვიყოთ და ლამაზად გამოვიყურებოდეთ. ზომიერი ვარჯიშის წყალობით უფრო ძლიერი, მოხდენილი და თავდაჯერებული გახდები.

     „მიხარია, რომ უკვე ძელზე ათ აზიდვას ვაკეთებ. შარშან ერთსაც ვერ ვაკეთებდი. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე ვზრუნავ“ (ოლივია).

  •   ვარჯიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ფიზიკური აქტივობა ეხმარება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებს უკეთ ფუნქციონირებაში. აერობიკის მეშვეობით შეიძლება თავიდან აიცილო კორონალური არტერიული დაავადებები, რაც სიკვდილიანობის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ქალებსა თუ მამაკაცებში.

     „როდესაც ვარჯიში ჩვევაში გვაქვს, ჩვენი შემოქმედი ხედავს, რომ ვზრუნავთ მის მიერ ნაბოძებ სხეულზე“ (ჯესიკა).

 დასკვნა: ვარჯიში ნამდვილად სასარგებლოა. „არასოდეს ინანებ და არასოდეს იტყვი, ნეტა რატომ წავედი იმ ლაშქრობაზე ან რა დროს სირბილი იყოო“, — ამბობს ახალგაზრდა ქალი, სახელად ტანია, — „როდესაც ხელისშემშლელ მიზეზებს გვერდზე ვდებ და მაინც ვვარჯიშობ, არასოდეს ვნანობ“.

თუ ავტომობილს არ უვლი, მწყობრიდან გამოვა; იგივე შეიძლება დაემართოს ჩვენს სხეულსაც, თუ ვარჯიშს არ დავუთმობთ დროს

 რა მიშლის ხელს?

 არსებობს რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორი:

  •   მოტივაციის უქონლობა. „ჩემი აზრით, ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ დაცულნი არიან დაავადებებისგან. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ოდესმე ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებათ. მათი აზრით, ეს მხოლოდ ხანდაზმულების პრობლემაა“ (სოფია).

  •   დროის უქონლობა. „ისეთი დაკავებული ვარ, ნორმალური კვებისა და ძილისთვისაც კი ძლივს ვპოულობ დროს. ვარჯიშისთვის დროის გამონახვა ყოველთვის ძალიან მიჭირს“ (კლარისა).

  •   უფულობა. „ფორმის შენარჩუნება საკმაოდ ძვირი ჯდება. სპორტდარბაზში უფასოდ არავინ მიგიღებს“ (ჯინა).

 დაფიქრდი:

 რა წარმოადგენს შენთვის ყველაზე დიდ დაბრკოლებას? ამ დაბრკოლების გადალახვა შეიძლება საკმაო ძალისხმევის ფასად დაგიჯდეს, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს.

 როგორი ვარჯიში შევარჩიო?

 გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

  •   სხვების იმედზე ნუ იქნები, თავად იზრუნე შენს ჯანმრთელობაზე (გალატელები 6:5).

  •   ნუ დაიწყებ თავის მართლებას (ეკლესიასტე 11:4). ვარჯიშის დასაწყებად მაინცდამაინც სპორტდარბაზში სიარული არ არის საჭირო. ისეთი ვარჯიში შეარჩიე, რაც სიამოვნებას მოგანიჭებს. იყავი რეგულარული.

  •   ჰკითხე სხვებს, როგორ ვარჯიშებს აკეთებენ (იგავები 20:18).

  •   მოტივაციის შესანარჩუნებლად კონკრეტული განრიგი შეადგინე, მიზანი დაისახე და სადმე ჩაინიშნე შენი პატარ-პატარა მიღწევები (იგავები 21:5).

  •   მოძებნე ვინმე, ვისთან ერთადაც ივარჯიშებ. ასეთი „პარტნიორი“ წაგახალისებს და დაგეხმარება, არ ჩააგდო ვარჯიში (ეკლესიასტე 4:9, 10).

  •   შემაფერხებელი ფაქტორები იქნება, მაგრამ ამის გამო ვარჯიში არ შეწყვიტო (იგავები 24:10).

 იყავი ზომიერი

 ბიბლია ქალებსაც და მამაკაცებსაც მოუწოდებს, იყვნენ ზომიერები (1 ტიმოთე 3:2, 11). ასე რომ, ზომიერება ვარჯიშის დროსაც საჭიროა. ვინც ამ საკითხში უკიდურესობაში ვარდება, ხშირად პატივმოყვარე ხდება. „არ მომწონს ისეთი ბიჭები, რომლებიც კუნთებზე უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე ინტელექტის ამაღლებაზე“, — ამბობს ჯულია.

 ნუ გააკრავ კედელზე ისეთი შინაარსის პოსტერებს, როგორიცაა მაგალითად, „რომც კვდებოდე, კიდევ 10 გააკეთე“. ასეთი „რჩევები“ ფიზიკურ ზიანს მოგაყენებს და ჩამოგაშორებს იმისგან, რაც უფრო მნიშვნელოვანია (ფილიპელები 1:10).

 ამას გარდა, ასეთ შთამაგონებელ პოსტერებს შეიძლება საპირისპირო შედეგები მოჰყვეს. ერთი გოგონა, სახელად ვერა, გვიზიარებს თავის გამოცდილებას: „ბევრი გოგო აგროვებს იმ ადამიანების ფოტოებს, ვისაც უნდათ, რომ დაემსგავსონ და მოტივაციის ასამაღლებლად ხშირად უყურებენ ამ ფოტოებს. მაგრამ საკუთარი თავის მათთან შედარებით საბოლოოდ იმედგაცრუებულები რჩებიან. ამიტომ უმჯობესია გარეგნობის ნაცვლად, ჯანმრთელობის გაუმჯობესება დაისახო მიზნად“.