არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რა უნდა ვიცოდე სოციალურ ქსელში სურათების გაზიარების შესახებ?

რა უნდა ვიცოდე სოციალურ ქსელში სურათების გაზიარების შესახებ?

 წარმოიდგინე, რომ დროს სასიამოვნოდ ატარებ და გინდა, ამის შესახებ მეგობრებს გააგებინო. რას გააკეთებ?

  1.   ყველა შენს მეგობარს გაუგზავნი ღია ბარათს.

  2.   მეგობრებს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნი შეტყობინებას.

  3.   სოციალურ ქსელში გააზიარებ სურათებს.

 როცა შენი პაპა-ბებია შენს ასაკში იყვნენ, ალბათ, მათთვის მხოლოდ პირველი ვარიანტი იყო ხელმისაწვდომი.

 შენი მშობლები კი, შენს ასაკში, ალბათ, მეორე ვარიანტს აირჩევდნენ.

 დღეს ბევრი ახალგაზრდა, ვისაც სოციალური ქსელი აქვს, მესამე ვარიანტს ამჯობინებს. თუ შენც სარგებლობ სოციალური ქსელით, ეს სტატია დაგეხმარება, თავი დაიცვა საფრთხეებისგან, რომლებიც სურათების გაზიარებას ახლავს თან.

 დადებითი მხარე

 არის ინფორმაციის გაზიარების სწრაფი საშუალება. „როცა ვმოგზაურობ ან მეგობრებთან ერთად მაგარ დროს ვატარებ, მინდა მაშინვე გავუზიარო სურათები მეგობრებს. სოციალური ქსელი კი ამის კარგი საშუალებაა“ (მელანი).

 არის პრაქტიკული. „ძალიან ადვილია სოციალურ ქსელში მეგობრების ახალი სურათების დათვალიერება. გაცილებით რთული იქნებოდა, თუ ამისთვის ელექტრონულ ფოსტას გამოვიყენებდით“ (ჯორდანი).

 გეხმარება, არ გაწყვიტო კონტაქტი მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებთან. „ზოგიერთი ჩემი ოჯახის წევრი და მეგობარი შორს ცხოვრობს. როცა მათ ატვირთულ სურათებს ვათვალიერებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემ გვერდით არიან“ (კარენი).

 უარყოფითი მხარე

 შეიძლება ბოროტმოქმედების სამიზნე გახდე. თუ თქვენს ფოტოკამერას გეოტეგის ფუნქცია (გეოგრაფიული კოორდინატების დაფიქსირების ფუნქცია) ჩართული აქვს, მაშინ თქვენი ატვირთული სურათებით შეიძლება სხვებმა იმაზე მეტი გაიგონ თქვენ შესახებ, ვიდრე ისურვებდით. „ატვირთულმა სურათებმა თუ სხვა მედიაფაილებმა, რომლებიც დაშიფრული სახით შეიცავს გეოგრაფიულ კოორდინატებს, შეიძლება ბოროტმოქმედებს საშუალება მისცეს, სათვალთვალო პროგრამის გამოყენებით თქვენი ადგილსამყოფელი დაადგინონ“, — ნათქვამია Digital Trends-ის ვებგვერდზე.

 თუმცა ხშირ შემთხვევაში ბოროტმოქმედებს ის უფრო აინტერესებთ, თუ სად არ იმყოფებით. ზემოხსენებულ ვებ-გვერდზე მოთხრობილი იყო ერთი შემთხვევა, როცა სამმა ბოროტმოქმედმა 18 სახლი გაძარცვა; მათ 100 000 დოლარის ღირებულების ნივთები მოიპარეს. საიდან იცოდნენ ბოროტმოქმედებმა, რომ სახლში არავინ იყო? მაცხოვრებლების გადაადგილებას ისინი ინტერნეტის მეშვეობით უთვალთვალებდნენ.

 შეიძლება უხამს მასალას გადააწყდე. ზოგი არ ერიდება უხამსი სურათების გაზიარებას. 18 წლის სარა ამბობს: „როცა უცნობი ადამიანის პირად გვერდს ათვალიერებ, შესაძლოა ბევრ არასასიამოვნო სურათსა თუ ინფორმაციას წააწყდე. ეს უცხო ქალაქში რუკის გარეშე სეირნობას ჰგავს. ამ დროს შეიძლება ისეთ ადგილას აღმოჩნდე, სადაც ნამდვილად არ ისურვებდი ყოფნას“.

 შეიძლება ძვირფასი დრო დაგაკარგვინოს. «ახალი „პოსტების“ დათვალიერებამ და კომენტარების წაკითხვამ ჩათრევა იცის. ბოლოს იქამდე მიდიხარ, რომ წამდაუწუმ ტელეფონში იხედები და სიახლეებს ამოწმებ», — ამბობს 19 წლის იოლანდა.

თუ სოციალური ქსელი გაქვს, უნდა აკონტროლო საკუთარი თავი

 13 წლის სამანტაც მსგავს რამეს ამბობს: „როცა სოციალურ ქსელს იყენებ, სიფრთხილეა საჭირო. უნდა აკონტროლო საკუთარი თავი, რომ მთელი დრო სურათების გაზიარებასა და თვალიერებას არ შეალიო“.

 რა შეგიძლია გააკეთო?

  •   მტკიცედ გადაწყვიტე, რომ არ დაათვალიერებ უხამს სურათებს. ბიბლიაში ფსალმუნმომღერლის სიტყვებს ვკითხულობთ: „უვარგისს არაფერს დავიყენებ თვალწინ“ (ფსალმუნი 101:3).

     «დროდადრო ვამოწმებ მათ „პოსტებს“, ვინც „გამოწერილი“ მყავს. თუ ვხედავ, რომ უხამსი სურათები აქვთ ატვირთული, ვაუქმებ „გამოწერას“» (20 წლის სტივენი).

  •   მოერიდე იმ ადამიანებთან ურთიერთობას, ვინც შენს ფასეულობებს არ იზიარებს, რადგან ამან შეიძლება ზნეობრივი სიმტკიცე შეგირყიოს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33).

     «ნუ დაიწყებ სურათების უთავბოლოდ დათვალიერებას სოციალურ ქსელებში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ბევრი „ლაიქი“ აქვთ. ხშირად სწორედ ამ დროს წააწყდები ხოლმე უხამს და შეურაცხმყოფელ მასალას» (21 წლის ჯესიკა).

  •   წინასწარ დაადგინე, რამდენ დროს დაუთმობ სოციალურ ქსელებს და რამდენად ხშირად გააზიარებ სურათებს. ბიბლია გვირჩევს: „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა, გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო“ (ეფესოელები 5:15, 16).

     «ვაუქმებ მათ „გამოწერას“, ვინც უაზროდ ბევრ სურათს აზიარებს. მაგალითად, ზოგი ზღვის სანაპიროზე ერთ ნიჟარას 20 სურათს უღებს და ტვირთავს. წარმოიდგინეთ, რამდენ დროს წაიღებს ამდენი სურათის თვალიერება!» (24 წლის რებეკა).

  •   დაფიქრდი, შენი გაზიარებული სურათებით მეტისმეტ ყურადღებას ხომ არ იქცევ. პავლე მოციქული გვირჩევს: „ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ“ (რომაელები 12:3). ნუ იფიქრებ, რომ შენს მეგობრებს მოხიბლავ ისეთი სურათებით, რომლებზეც მხოლოდ შენ ჩანხარ ან შენი საქმიანობაა ასახული.

     «ზოგი უამრავ „სელფს“ ტვირთავს. თუ მეგობრები ვართ, კარგად ვიცი, როგორ გამოიყურები და არ ვსაჭიროებ ამის გამუდმებით შეხსენებას» (17 წლის ალისონი).