არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

შემოქმედება თუ ევოლუცია (ნაწილი 4) — როგორ ავუხსნა სხვებს, რატომ მწამს შემოქმედების?

შემოქმედება თუ ევოლუცია (ნაწილი 4) — როგორ ავუხსნა სხვებს, რატომ მწამს შემოქმედების?

შენ გჯერა, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, მაგრამ შეიძლება სკოლაში ამის ხმამაღლა თქმა გეუხერხულება. შესაძლოა სკოლის სახელმძღვანელოები მხარს უჭერს ევოლუციას და ამიტომ გეშინია, რომ მასწავლებლებმა და თანაკლასელებმა სასაცილოდ არ აგიგდონ. რა დაგეხმარება, დამაჯერებლად აუხსნა სხვებს შენი შეხედულება?

 შენ შეძლებ ამას!

 შეიძლება ფიქრობ: „არც ისეთი ჭკვიანი ვარ, რომ მეცნიერულ საკითხებზე ვიმსჯელო“. ასე ფიქრობდა ერთ დროს დანიელაც. ის იხსენებს: „მარტო იმის წარმოდგენაც კი, რომ მასწავლებლისგან და თანაკლასელებისგან განსხვავებული აზრი უნდა მეთქვა, ცუდად მხდიდა“. კიდევ ერთმა მოზარდმა, დიანამაც მსგავსი აზრი გამოთქვა: „ძალიან ვიბნეოდი, როდესაც მსჯელობის დროს მეცნიერულ ტერმინებს იყენებდნენ“.

 გახსოვდეს: შენი მიზანი კამათში გამარჯვება არ უნდა იყოს! შენ შეგიძლია, დაარწმუნო ადამიანი შემოქმედის არსებობაში და ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი, კარგად ერკვეოდე მეცნიერებაში.

 მითითება: მსჯელობის დროს იმ მარტივ ლოგიკას მიჰყევი, რომელიც ებრაელების 3:4-შია მოყვანილი: „ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“.

 ერთი ახალგაზრდა, კაროლი ებრაელების 3:4-ში ჩაწერილ პრინციპს მსჯელობის დროს ასე იყენებს: „წარმოიდგინე, რომ უღრან ტყეში მიდიხარ, სადაც კაცის ჭაჭანება არაა. ამ დროს ხედავ, რომ ძირს კბილის საჩიჩქნი გდია. ნუთუ არ იფიქრებ, რომ აქ ნამდვილად იყო ვიღაც?! თუკი ასეთი პატარა და უმნიშვნელო რამ, როგორიცაა კბილის საჩიჩქნი, იმ დასკვნამდე მიგიყვანდა, რომ ის თავისთავად ტყეში ვერ გაჩნდებოდა, მაშინ რის თქმა შეიძლება უკიდეგანო სამყაროსა და მრავალ საოცარ ქმნილებაზე?!“.

 თუ ვინმე გეუბნება: „თუ შემოქმედი მართლა არსებობს, მაშინ თავად ის ვინ შექმნა?“

 შეგიძლია უპასუხო: „ის, რომ ბოლომდე ვერ ვწვდებით ყველაფერს შემოქმედის შესახებ, იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს. მაგალითად, შეიძლება წარმოდგენა არ გაქვს, ვინ გამოიგონა მობილური ტელეფონი, მაგრამ შენ ხომ არ გჯერა, რომ ის თავისით გაჩნდა? [დაელოდე, გიპასუხოს]. ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაგება შეგვიძლია შემოქმედის შესახებ. თუ გაინტერესებს, შეგვიძლია ვისაუბროთ ამ საკითხზე“.

 მზად იყავი!

 ბიბლიაში წერია: „მზად იყავით, დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ, ოღონდ ეს რბილად და ღრმა პატივისცემით აკეთეთ“ (1 პეტრე 3:15). როგორც ხედავ, აუცილებელია, ყურადღება ორ რამეს მიაქციო: რას ამბობ და როგორ ამბობ.

  1.   რას ამბობ. რასაკვირველია, შენ გიყვარს ღმერთი და სწორედ მისი სიყვარული გიბიძგებს, რომ ისაუბრო მასზე, როგორც შემოქმედზე. მაგრამ გახსოვდეს: სხვებისთვის უბრალოდ იმის თქმა, რომ გიყვარს ღმერთი, შეიძლება საკმარისი არ იყოს იმისთვის, რომ ირწმუნონ შემოქმედის. შესაძლოა, უკეთესი იყოს, ისეთი თვალსაჩინო მაგალითები მოიყვანო, რომელიც ადამიანს შემოქმედის არსებობაში დაარწმუნებდა.

  2.   როგორ ამბობ. თავდაჯერებულად ისაუბრე, მაგრამ ნუ იქნები უხეში და მოერიდე ჭკუის სწავლებას. სხვები უკეთ მოგისმენენ, თუ იგრძნობენ, რომ პატივისცემით ეკიდები მათ შეხედულებებს და საშუალებას აძლევ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე თავად მივიდნენ სწორ დასკვნამდე.

     „ადამიანს არასდროს უნდა დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს ჭკუას არიგებ ან ძალიან ჭკვიანი გგონია საკუთარი თავი. თუ დამრიგებლური ტონი გექნება, სასურველ მიზანს ნამდვილად ვერ მიაღწევ“, — გვიზიარებს ელენი.

 რა დაგეხმარება, საფუძვლიანად აუხსნა სხვებს შენი შეხედულება

საკუთარი მრწამსის დასაცავად წინასწარ მომზადება რაღაცით იმის მსგავსია, რომ ნებისმიერი ამინდისთვის იყო მზად

 „როცა მოუმზადებელი ხარ, ყოველთვის გაურბიხარ საუბარს, რადგან გეშინია უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდე“, — ამბობს ერთი ახალგაზრდა, სახელად ალისია. მისი სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ მომზადებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სხვა ახალგაზრდა ჟენე კი დასძენს: „ბევრად უფრო მიადვილდება შემოქმედების თემაზე მსჯელობა, თუ წინასწარ მაქვს მოფიქრებული მარტივი მაგალითი, რომელიც ჩემს შეხედულებას განამტკიცებს“.

 სად შეგიძლია ასეთი მაგალითების პოვნა? ბევრ ახალგაზრდას დიდ დახმარებას უწევს შემდეგი მასალა:

 შესაძლოა ამ სტატიათა სერიის („შემოქმედება თუ ევოლუცია“) წინა ნაწილებმაც დიდი დახმარება გაგიწიოს:

  1.  რატომ მწამს ღმერთი? (ნაწილი 1)

  2.  უნდა გჯეროდეს ევოლუციის? (ნაწილი 2)

  3.  რატომ უნდა გჯეროდეს შემოქმედების? (ნაწილი 3)

 მითითება: შეარჩიე ისეთი მაგალითები, რომლებიც თავად შენთვისაც დამაჯერებლად ჟღერს და უფრო მეტად გარწმუნებს შემოქმედის არსებობაში. ეს გაგიადვილებს მათ დამახსოვრებას და მეტი დამაჯერებლობით შეძლებ საუბარს. წინასწარ გაივარჯიშე, როგორ ისაუბრებ საკუთარ მრწამსზე.