არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რა გავაკეთო, რომ ფიზიკურად და ემოციურად არ გამოვიფიტო?

რა გავაკეთო, რომ ფიზიკურად და ემოციურად არ გამოვიფიტო?

 ფიზიკური და ემოციური გამოფიტვის ზღვარზე ხომ არ ხარ? თუ ასეა, ამ სტატიაში მოცემული რჩევები შენც წაგადგება.

 რა იწვევს?

  •   გადატვირთული რეჟიმი. „ყველა მხრიდან გვესმის მოწოდება, რომ ვიყოთ უკეთესები, გავუმჯობესდეთ, უფრო დიდი მიზნებისკენ ვისწრაფოთ და საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ. გამუდმებით ასეთი წნეხის ქვეშ ყოფნა ძალიან რთულია“, — ამბობს 21 წლის ჯული.

  •   ტექნოლოგიები. სმარტფონები, პლანშეტები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები საშუალებას გვაძლევს, ყოველდღე 24 საათის განმავლობაში ქსელში ვიყოთ ჩართული. ამან შეიძლება სტრესი გამოიწვიოს და, დროთა განმავლობაში, ემოციურად გამოგვფიტოს.

  •   არასაკმარისი ძილი. „ბევრი ახალგაზრდა სკოლის, სამუშაოსა და გართობის გამო ადრე დგება და გვიან იძინებს, — ამბობს 24 წლის მირანდა. — ისე ჩანს, თითქოს ამგვარი რეჟიმისგან თავის დაღწევა შეუძლებელია“. ასეთი ცხოვრების წესი ემოციურად გამომფიტველია.

 რატომ ღირს დაფიქრება?

 ბიბლია შრომისმოყვარეობისკენ მოგვიწოდებს (იგავები 6:6—8; რომაელები 12:11). მაგრამ ის არ ამართლებს ისეთ ადამიანს, რომელიც სამუშაოს სწირავს ყველაფერს, მათ შორის, ჯანმრთელობას.

 „ერთხელ აღმოვაჩინე, რომ ჩემს პასუხისმგებლობებზე იმდენად ვიყავი კონცენტრირებული, რომ ზოგჯერ მთელი დღის მანძილზე არაფერს ვჭამდი. მივხვდი, რომ სწორი არ არის ყველა დავალებას დათანხმდე და ამით საფრთხე შეუქმნა საკუთარ ჯანმრთელობას“, — ამბობს 25 წლის ეშლი.

 ბიბლიაში ასეთ გამაფრთხილებელ სიტყვებს ვკითხულობთ: „ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომს სჯობია“ (ეკლესიასტე 9:4). თუ ჯანი მოგდევს და მუხლიც გერჩის, ამან შეიძლება გაფიქრებინოს, რომ ლომივით ძლიერი ხარ. მაგრამ თუ ქანცის გაწყვეტამდე იმუშავებ, ეს ჯანმრთელობას შეგირყევს.

 რა შეგიძლია გააკეთო?

  •   ისწავლე უარის თქმა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „სიბრძნე მოკრძალებულებთანაა“ (იგავები 11:2). მოკრძალებულმა ადამიანმა იცის თავისი შესაძლებლობების ზღვარი, ამიტომ საკუთარ თავზე იმაზე მეტს არ იღებს, ვიდრე თავს გაართმევს.

     „ემოციური და ფიზიკური გამოფიტვა პირველ რიგში ისეთ ადამიანს ემუქრება, რომელსაც უარის თქმა არ შეუძლია და ყველა შემოთავაზებულ დავალებას თანხმდება. ეს არ არის მოკრძალებულობის მაჩვენებელი. ადრე თუ გვიან ასეთი ადამიანი გამოიფიტება“, — ამბობს 24 წლის ჯორდანი.

  •   საკმარისად დაისვენე. ბიბლიაში ნათქვამია: „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6). ძილს ტვინის საკვებს უწოდებენ, თუმცა მოზარდების უმეტესობას ღამის განმავლობაში 8—10 საათი არ სძინავს მიუხედავად იმისა, რომ ეს მათთვის აუცილებელია.

     „როცა გადატვირთული გრაფიკი მქონდა, საკმარისად არ მეძინა. მაგრამ თუ ხანდახან ერთი საათით მეტს დავიძინებდი, მეორე დღეს უფრო შრომისუნარიანი ვიყავი და თავს უფრო ბედნიერადაც ვგრძნობდი“, — ამბობს 19 წლის ბრუკლინი.

  •   იყავი ორგანიზებული. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მუყაითის გეგმები წარმატებულია“ (იგავები 21:5). თუ ისწავლი დროისა და ძალების სწორად გადანაწილებას, ეს უნარი მთელი ცხოვრება წაგადგება.

     „თუ გეგმას შეადგენ, ნაკლები სტრესი გექნება. გაწერილ გეგმაში ადვილად დაინახავ, რა შეგიძლია შეცვალო, რათა არ გადაიღალო“, — ამბობს 22 წლის ვანესა.