არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ უნდა ვილოცო?

რატომ უნდა ვილოცო?

 ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ამერიკაში ახალგაზრდების 80 პროცენტი ლოცულობს, თუმცა მათგან მხოლოდ ნახევარი მიმართავს ღმერთს ლოცვით ყოველდღე. ამ ახალგაზრდებიდან ბევრს, ალბათ, აინტერესებს: ნუთუ ლოცვა მხოლოდ გუნება-განწყობილების ასამაღლებელი საშუალებაა?!

 რა არის ლოცვა?

 ლოცვის მეშვეობით შეგვიძლია პირადი ურთიერთობა გვქონდეს სამყაროს შემოქმედთან. უბრალოდ დაფიქრდი, რამხელა პატივია ეს! მართალია, იეჰოვა ღმერთი ჩვენზე ყოველმხრივ აღმატებულია, თუმცა „ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:27). უფრო მეტიც, ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).

 როგორ შეგიძლია ღმერთთან დაახლოება?

  •   ერთ-ერთი საშუალება არის ლოცვა, როცა შენ ესაუბრები ღმერთს.

  •   მეორე საშუალება არის ბიბლიის შესწავლა, როცა ღმერთი „გესაუბრება“ შენ.

 ასეთი ორმხრივი ურთიერთობა — ლოცვა და ბიბლიის შესწავლა — დაგეხმარებათ ღმერთთან მყარი, მეგობრული ურთიერთობის განვითარებაში.

 ასეთი ორმხრივი ურთიერთობა დაგეხმარება, დაუმეგობრდე ღმერთს.

„იეჰოვასთან, უზენაეს ღმერთთან საუბარი უდიდესი პატივია, რაც კი შეიძლება ადამიანს გააჩნდეს“ (ჯერემი).

  „როცა ლოცვაში გულს ვუშლი იეჰოვას, ვგრძნობ, რომ უფრო მეტად ვუახლოვდები მას“ (მირანდა).

ისმენს ღმერთი ლოცვებს?

 შეიძლება ღვთის არსებობის გწამს და მას ლოცვითაც მიმართავ, მაგრამ მაინც გიჭირს იმის დაჯერება, რომ ის ნამდვილად ისმენს შენს ლოცვებს. გახსოვდეს, ბიბლია ღმერთს ლოცვების მომსმენს უწოდებს (ფსალმუნი 65:2). უფრო მეტიც, ღვთის სიტყვა მოგიწოდებს, რომ ყველა შენი საწუხარი ღმერთს მიანდო, რადგან ის ზრუნავს შენზე (1 პეტრე 5:7).

 დაფიქრდი: ალბათ, ახლო მეგობართან სასაუბროდ დროს ხშირად გამოყოფ. მსგავსადვე, თუ გსურს იეჰოვა ღმერთთან მეგობრობა, ხშირად ესაუბრე მას და ლოცვის დროს სახელით მიმართე (ფსალმუნი 86:5—7; 88:9). ბიბლიაც სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს: „განუწყვეტლივ ილოცეთ“ (1 თესალონიკელები 5:17).

 „ლოცვა არის ჩემსა და ზეციერ მამას შორის საუბარი, რა დროსაც გულს ვუღვრი მას“ (მოისესი).

  „იეჰოვა ღმერთს ყველაფერს გულახდილად ვუყვები, როგორც დედას ან ახლო მეგობარს“ (კარენი).

რის შესახებ შემიძლია ვილოცო?

 ბიბლიაში ვკითხულობთ: „ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“ (ფილიპელები 4:6).

 ნიშნავს ეს იმას, რომ შეგიძლია შენს პრობლემებზე ესაუბრო ღმერთს? რა თქმა უნდა. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმუნი 55:22).

 თუმცა ლოცვისას მხოლოდ შენს პრობლემებზე არ უნდა ისაუბრო. „კარგი მეგობარი ვერ ვიქნები, თუ ღმერთს მხოლოდ დახმარებისთვის მივმართავ. ვფიქრობ, რომ ლოცვის დროს პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადო იეჰოვას. მადლიერების მიზეზი კი ნამდვილად ბევრი გვაქვს“, — ამბობს 23 წლის ჩანტელი.

 დაფიქრდი: კონკრეტულად რისთვის ხარ მადლიერი? დაასახელე სამი რამ, რისთვისაც დღეს მადლობას ეტყოდი იეჰოვას.

 „როცა ლამაზ ყვავილს ვხედავთ, შეიძლება ამანაც კი აღგვძრას, მადლობა გადავუხადოთ იეჰოვას“ (ანიტა).

 „დაფიქრდი იმაზე, რაც ყველაზე მეტად მოგწონს ღვთის შემოქმედებიდან, ან იმ ბიბლიურ მუხლზე, რომელიც შენს გულს ეხება; შემდეგ კი მადლობა გადაუხადე იეჰოვას“ (ბრაიანი).