არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).

ისმენს ღმერთი ჩვენს ლოცვებს?

ისმენს ღმერთი ჩვენს ლოცვებს?

გაგჩენიათ ოდესმე კითხვა, ისმენს თუ არა ღმერთი თქვენს ლოცვებს? მსგავსი კითხვა არაერთ ადამიანს ებადება. ბევრი კი სთხოვს ღმერთს დახმარებას, მაგრამ თითქოს არაფერი იცვლება. ნიშნავს ეს, რომ ღმერთი ყურს არ ათხოვებს ჩვენს სათხოვარს? ცხადია, არა! ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთი გვისმენს, როცა მისთვის მისაღები სახით ვლოცულობთ. ვნახოთ, რას ამბობს ღვთის სიტყვა.

ღმერთი ისმენს ლოცვებს

„ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყველანაირი ადამიანი“ (ფსალმუნი 65:2).

ზოგს არ სჯერა, რომ მათ ლოცვებს ღმერთი ისმენს, თუმცა მაინც ლოცულობენ, რადგან შვებას გრძნობენ. მაგრამ ლოცვა მხოლოდ თერაპია როდია, რომელიც პრობლემების დროს გვეხმარება. ბიბლია გვარწმუნებს, რომ „იეჰოვა * ახლოს არის ყველასთან, ვინც მას უხმობს, ყველასთან, ვინც წრფელი გულით უხმობს . . . [იგი] ისმენს მათ ღაღადს, შველას რომ სთხოვენ“ (ფსალმუნი 145:18, 19).

შეგვიძლია გულდაჯერებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა ღმერთი ისმენს თავის თაყვანისმცემელთა ლოცვებს. ის სიყვარულით გვეუბნება: „მომიხმობთ, მოხვალთ, ლოცვით მომმართავთ და მეც მოგისმენთ“ (იერემია 29:12).

ღმერთს სურს, ლოცვით მიმართოთ

„გამუდმებით ილოცეთ“ (რომაელები 12:12).

ბიბლია მოგვიწოდებს: „განუწყვეტლივ ილოცეთ“. „მუდამ აღავლინეთ ყოველგვარი ლოცვა“. ფაქტია, იეჰოვა ღმერთი მოელის, რომ ლოცვით მივმართავთ (მათე 26:41; ეფესოელები 6:18).

რატომ სურს ღმერთს ჩვენი ლოცვების მოსმენა? რომელ მშობელს არ მოუნდება ამ სიტყვების მოსმენა: „მამი, შეგიძლია დამეხმარო?“. ცხადია, მამამ იცის, რა სჭირდება თავის პატარას, მაგრამ, როცა მისგან ისმენს ამ სიტყვებს, რწმუნდება, რომ შვილი ენდობა და სიახლოვეს გრძნობს მასთან. მსგავსად, როცა ლოცვით მივმართავთ ღმერთს, ნდობას ვუცხადებთ და ვაჩვენებთ, რომ მასთან დაახლოებას ვცდილობთ (იგავები 15:8; იაკობი 4:8).

ღმერთი ზრუნავს თქვენზე

„ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).

ღმერთს ჩვენი ლოცვების მოსმენა იმიტომ სურს, რომ ვუყვარვართ და მზრუნველობას არ გვაკლებს. მან კარგად უწყის ჩვენი სადარდებელი და დახმარების ხელს გვიწვდის.

მეფე დავითს ცხოვრების მანძილზე არაერთხელ უთხოვია ღვთისთვის დახმარება და არაერთხელ გაუზიარებია თავისი გრძნობები თუ ფიქრები (ფსალმუნი 23:1—6). რას ფიქრობდა ღმერთი დავითზე? მას უყვარდა თავისი მსახური და ისმენდა მის ლოცვებს (საქმეები 13:22). მზრუნველი ღმერთი არც ჩვენს ლოცვებს ტოვებს უპასუხოდ.

„მიყვარს იეჰოვა, რადგან ისმენს იგი ჩემს ხმას“

ეს სიტყვები ერთ-ერთ ფსალმუნმომღერალს ეკუთვნის. ის დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი ისმენდა მის ლოცვებს, რაც დიდად ანუგეშებდა. ფსალმუნმომღერალი მეტ სიახლოვეს გრძნობდა ღმერთთან და საკუთარ თავში ცხოვრებისეულ ქარტეხილებთან ბრძოლის ძალასაც პოულობდა (ფსალმუნი 116:1—9).

თუ დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ღმერთი ისმენს ჩვენს ლოცვებს, არასდროს დავკარგავთ მასთან საუბრის სურვილს. მოვიყვანოთ პედროს მაგალითი, რომელიც ჩრდილოეთ ესპანეთში ცხოვრობს. მას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 19 წლის ვაჟი დაეღუპა. სულგამწარებული გულს უღვრიდა ღმერთს და ნუგეშს სთხოვდა. შეისმინა ღმერთმა მისი ლოცვა? პედრო ამბობს: „იეჰოვა მე და ჩემს მეუღლეს თანაქრისტიანების მეშვეობით მხარში დაგვიდგა და გვანუგეშა“.

ხშირად ღმერთი მოსიყვარულე მეგობრების მეშვეობით გვპასუხობს ლოცვებზე.

მართალია, შვილი არ გაუცოცხლდათ, მაგრამ ლოცვამ პედროს და მის მეუღლეს დიდი დახმარება გაუწია. მისი მეუღლე, მარია კარმენი იხსენებს: „ლოცვამ ენით აუწერელი ტკივილი ამატანინა. ვგრძნობდი, რომ იეჰოვას ესმოდა ჩემი, რადგან მასთან საუბრის დროს სიმშვიდე მეუფლებოდა“.

ღვთის სიტყვაში ჩაწერილი აზრები და მსგავსი შემთხვევები იმაზე მოწმობს, რომ ღმერთი ისმენს ჩვენს ლოცვებს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ის ყველა ლოცვას არ პასუხობს. რატომ ხდება, რომ ზოგის სათხოვარს ისმენს ღმერთი, ზოგისას კი — არა?

^ აბზ. 5 იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).