არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 12

მან ღმერთთან პოვა ნუგეში

მან ღმერთთან პოვა ნუგეში

1, 2. რა მოხდა იმ დღეს, როცა ელია განსაკუთრებული მოვლენის თვითმხილველი გახდა?

 ცა მოქუფრული იყო და კოკისპირულად წვიმდა; ელია გამალებით გარბოდა. მას გრძელი გზა ჰქონდა გასავლელი იზრეელამდე, თუმცა უკვე არ იყო ახალგაზრდა. და მაინც, იგი თავდაუზოგავად გარბოდა, რადგან „იეჰოვას ხელი იყო“ მასთან. იეჰოვას დახმარებით იგი ისეთ ძალას გრძნობდა, რომელიც მანამდე არასდროს უგრძნია. როგორ ჩაასწრო იზრეელში ელიამ მეფე ახაბის სამეფო ეტლში შებმულ ცხენებს? (წაიკითხეთ 1 მეფეების 18:46).

2 ელიამ მეფე ახაბი უკან მოიტოვა, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა ჰქონდა გასავლელი. ელია გარბოდა და წვიმა სახეს უსველებდა. იგი ფიქრობდა იმ დღეზე, როცა განსაკუთრებული მოვლენის თვითმხილველი გახდა. რასაკვირველია, ეს მისი ღმერთის, იეჰოვასა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დიდებული გამარჯვება იყო. მის უკან ძლივს მოჩანდა შავ ღრუბლებში ჩაკარგული ქარმელის მთა. ეს სწორედ ის მთა იყო, სადაც იეჰოვა ელიას მეშვეობით ბაალის თაყვანისმცემლებს დაუპირისპირდა და თავისი ძალა სასწაულებრივად აჩვენა. მან ასობით ბაალის თაყვანისმცემელი ამხილა მზაკვრობაში და სამართლიანად დასაჯა. ამის შემდეგ ელიამ იეჰოვას მიმართა თხოვნით, რომ ბოლო მოეღო გვალვისთვის, რომელმაც სამწელიწად-ნახევარს გასტანა. ელიამ ლოცვაზე პასუხი მიიღო — ცამ პირი გახსნა და წვიმა წამოვიდა (1 მეფ. 18:18—45).

3, 4. ა) რისი იმედი შეიძლება ჰქონოდა იზრეელში მიმავალ ელიას? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?

3 ელია, რომელსაც კოკისპირულ წვიმაში იზრეელამდე მისასვლელად 30 კილომეტრი ჰქონდა გასავლელი, ფიქრობდა, რომ მომხდარს ყველაფერი უნდა შეეცვალა. წესით, ახაბი უნდა გამოსწორებულიყო! იმას, რაც ახაბმა საკუთარი თვალით იხილა, უნდა აღეძრა იგი, ბაალის თაყვანისმცემლობა მიეტოვებინა, დედოფალი იზებელი შეეჩერებინა და იეჰოვას მსახურთა დევნა შეეწყვიტა.

ელია „გაიქცა და ახაბზე ადრე ჩავიდა იზრეელში“

4 როცა მოვლენები, ერთი შეხედვით, ისე ვითარდება, როგორც ჩვენ გვინდა, იმედის ნაპერწკალი გვიჩნდება. ზოგჯერ, როდესაც ყველაზე რთულ დაბრკოლებებს ვლახავთ, გვგონია, რომ ბევრი რამ ჩვენს ცხოვრებაში უკეთესობისკენ შეიცვლება. ბუნებრივია, ელიასაც ასე ეფიქრა, რადგან იგი „ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი“ იყო (იაკ. 5:17). მაგრამ ელიას წინ კიდევ არაერთი განსაცდელი ელოდა. სულ რაღაც რამდენიმე საათში იგი ისე შეშინდა და იმდენად დაითრგუნა, რომ სიკვდილი ინატრა. რა იყო ამის მიზეზი? როგორ გააძლიერა იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველი და როგორ შემატა გაბედულება?

მოულოდნელად ყველაფერი იცვლება

5. გამოავლინა ახაბმა იეჰოვასადმი რწმენა ქარმელის მთაზე მომხდარი მოვლენების შემდეგ და, რატომ შეგვიძლია ამის თქმა?

5 იზრეელში, თავის სასახლეში, დაბრუნებულ ახაბს, ეტყობოდა, რომ შეიცვალა და სულიერზე ფიქრი დაიწყო? ბიბლიაში ვკითხულობთ: „უამბო ახაბმა იზებელს ყველაფერი, რაც ელიამ გააკეთა, და ისიც, როგორ ამოხოცა ყველა წინასწარმეტყველი მახვილით“ (1 მეფ. 19:1). ყურადღება მიაქციეთ, რომ ახაბი ისე მოუყვა იმ დღის მოვლენებს იზებელს, რომ ელიას ღმერთი, იეჰოვა არც კი უხსენებია. ახაბს არ ჰქონდა სულიერი ხედვა და მხოლოდ ის დაინახა, რაც „ელიამ გააკეთა“ ანუ ის, რაც ადამიანის თვალისთვისაა შესამჩნევი. აშკარად გამოჩნდა, რომ ახაბმა არ გამოავლინა რწმენა იეჰოვა ღმერთის მიმართ. როგორ მოიქცა შურისძიების სურვილით შეპყრობილი მისი ცოლი?

6. რა შეუთვალა იზებელმა ელიას?

6 გააფთრებულმა იზებელმა ელიას მაცნე გაუგზავნა და შეუთვალა: „ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და უარესიც, თუ ხვალ ამ დროს შენი სული მათ სულებს არ დავამსგავსო!“ (1 მეფ. 19:2). იზებელი ელიას მოკვლით ემუქრებოდა. მან დაიფიცა, რომ რადაც უნდა დაჯდომოდა, შურს იძიებდა ბაალის წინასწარმეტყველთა გამო და მოკლავდა ელიას. ეს ამბავი ელიამ იზრეელში შეიტყო; ელია, რომელმაც მთელი ღამე კოკისპირულ წვიმაში ირბინა, მაცნემ გამოაღვიძა და დედოფლისგან ასეთი თავზარდამცემი ცნობა გადასცა. როგორ იმოქმედა მასზე ამ სიტყვებმა?

წინასწარმეტყველი შეშინებული და გულგატეხილია

7. როგორ იმოქმედა ელიაზე იზებელის მუქარამ?

7 თუ ელია ფიქრობდა, რომ ბაალის თაყვანისმცემელთა წინააღმდეგ ომი დასრულდა, ამის გაგონებაზე მაშინვე იმედი გაუცრუვდებოდა. ისე ჩანდა, რომ იზებელს წინ ვერაფერი დაუდგებოდა. მისი ბრძანებით, ღვთის მრავალი ერთგული წინასწარმეტყველი უკვე მოკლეს და ახლა, როგორც ჩანს, ელიას ჯერი დადგა. ბიბლიაში ნათქვამია: „შეეშინდა ელიას“. წარმოიდგინა მან, რომ სასტიკად გაუსწორდებოდა იზებელი? თუ ელია ასე იფიქრებდა, უეჭველად, გული გაუტყდებოდა. როგორც უნდა ყოფილიყო, ის „სულის გადასარჩენად . . . გაიქცა“ (1 მეფ. 18:4; 19:3).

თუ გვინდა, რომ გაბედულება არ დავკარგოთ, ზედმეტად არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც გვაშინებს

8. ა) რით ჰგავდა პეტრეს შემთხვევა ელიას შემთხვევას? ბ) რას ვსწავლობთ ელიასა და პეტრესგან?

8 ღვთის ერთგული მსახურებიდან ელია ერთადერთი არ ყოფილა, ვინც შიშმა შეიპყრო. კარგა ხნის შემდეგ მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა მოციქული პეტრეც. მაგალითად, როცა იესომ პეტრეს უთხრა, წყალზე გაევლო და მასთან მისულიყო, მოციქული „ქარიშხალმა შეაშინა“. მან გაბედულება დაკარგა და ჩაძირვა დაიწყო (წაიკითხეთ მათეს 14:30). პეტრესა და ელიას მაგალითიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ. თუ გვინდა, რომ გაბედულება არ დავკარგოთ, ზედმეტად არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც გვაშინებს. ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, რაც იმედსა და ძალას გვაძლევს.

„აღარ შემიძლია!“

9. სად წავიდა ელია და რა მდგომარეობაში იყო?

9 შეშინებული ელია სამხრეთ-დასავლეთით 150 კილომეტრით დაშორებულ, იუდას საზღვართან მდებარე ქალაქ ბეერ-შებაში გაიქცა. იქ თავისი მსახური დატოვა, თვითონ კი მარტომ გასწია უდაბნოსკენ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ის „ერთი დღის სავალზე“ წავიდა. ელია მზის ამოსვლისას გაუდგა გზას და თან არაფერი წაუღია. დაბნეული და შეშინებული პაპანაქება სიცხეში უდაბნოს ოღროჩოღრო გზაზე მიაბიჯებდა. როდესაც მზე ჰორიზონტზე გადაიხარა და მცხუნვარება დაკარგა, ელია ფეხზე ძლივსღა იდგა. ძალაგამოცლილი ახლომახლო მდგარი ერთადერთი ბუჩქის ძირას ჩამოჯდა (1 მეფ. 19:4).

10, 11. ა) რაზე ლოცულობდა ელია და რას გულისხმობდა თავის სიტყვებში? ბ) ციტირებული მუხლების საფუძველზე აღწერეთ, რას გრძნობდნენ ღვთის სხვა მსახურები, რომლებიც დათრგუნულნი იყვნენ.

10 სასოწარკვეთილმა ლოცვა დაიწყო. მან სიკვდილი ინატრა და ღმერთს შეღაღადა: „არაფრით ვარ ჩემს მამა-პაპაზე უკეთესი“. ელიამ იცოდა, რომ მისი მამა-პაპა უკვე მტვრად იყო ქცეული, სამარხში მხოლოდ მათი ძვლებიღა ელაგა, და აღარავისთვის შეეძლოთ სიკეთის გაკეთება (ეკლ. 9:10). ელია ფიქრობდა, რომ მათსავით არაფერში გამოდგებოდა. ამიტომ აღმოხდა: „აღარ შემიძლია!“. რატომ დაკარგა მან სიცოცხლის ხალისი?

11 გასაკვირია, რომ ღვთისმოშიში კაცი ასე დაითრგუნა? ბიბლიაში მოხსენიებულ არაერთ ღვთის ერთგულ მსახურს უნატრია სიკვდილი — მათ შორის იყვნენ რებეკა, იაკობი, მოსე და იობი (დაბ. 25:22; 37:35; რიცხ. 11:13—15; იობ. 14:13).

12. როგორ შეგიძლია მიჰბაძო ელიას, თუ თავს განადგურებულად იგრძნობ?

12 დღეს ჩვენ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ძალიან ბევრი, მათ შორის ღვთის ერთგული მსახურებიც, თავს დროდადრო განადგურებულად გრძნობს (2 ტიმ. 3:1). თუ ოდესმე ასეთ საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, მიჰბაძეთ ელიას და გადმოუღვარეთ გული ღმერთს. იეჰოვა ხომ „ყოველგვარი ნუგეშის მამაა“ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:3, 4). ელიაც ანუგეშა იეჰოვამ?

იეჰოვამ დაიცვა თავისი წინასწარმეტყველი

13, 14. ა) როგორ იზრუნა იეჰოვამ ანგელოზის მეშვეობით ელიაზე? ბ) რატომ არის მანუგეშებელი ის, რომ იეჰოვამ ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ?

13 თქვენი აზრით, რას გრძნობდა იეჰოვა, როცა ზეციდან გადმოჰყურებდა თავის ერთგულ წინასწარმეტყველს და ხედავდა, როგორ ნატრობდა ბუჩქის ძირას მჯდომი ელია სიკვდილს? ალბათ, რთული არა არის იმის წარმოდგენა, რას გრძნობდა ის. როდესაც ელიას ჩაეძინა, იეჰოვამ მასთან ანგელოზი გააგზავნა. ანგელოზმა ფრთხილად გააღვიძა ელია და უთხრა: „ადექი, ჭამე!“. ელია ასეც მოიქცა, რადგან ანგელოზმა ცხელი პური და წყალი მიუტანა. ის მაინც მოახერხა ელიამ, რომ ანგელოზისთვის მადლობა გადაეხადა? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ წინასწარმეტყველმა შეჭამა, დალია და კვლავ დაიძინა. ნუთუ იმდენად დათრგუნული იყო ელია, რომ ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა? რაც უნდა ყოფილიყო მიზეზი, ანგელოზმა მეორედ გააღვიძა იგი, როგორც ჩანს, გამთენიისას. მან კიდევ ერთხელ სთხოვა ელიას, რომ ამდგარიყო და ეჭამა და თან მნიშვნელოვანი რამ უთხრა: „შორი გზა გაქვს გასავლელი“ (1 მეფ. 19:5—7).

14 ღვთის მიერ ბოძებული წვდომის უნარის წყალობით ანგელოზმა იცოდა, სად უნდა წასულიყო ელია. მისთვის ისიც იყო ცნობილი, რომ ელიას საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდა გასავლელი, რასაც ის საკუთარი ძალით ვერ შეძლებდა. რა მანუგეშებელია, ემსახურო ღმერთს, რომელმაც კარგად იცის, რა მიზნები და რა შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:13, 14). მოძლიერდა ელია ჭამის შემდეგ?

15, 16. ა) რა შეძლო ელიამ იეჰოვას დახმარებით? ბ) რატომ უნდა ვიყოთ მადლიერი, რომ იეჰოვა დღეს თავის მსახურებს სულიერი საზრდოს მეშვეობით აძლიერებს?

15 ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადგა, ჭამა და დალია. საჭმლით მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ჭეშმარიტი ღვთის მთამდე, ხორებამდე“ (1 მეფ. 19:8). მოსესა და იესოს მსგავსად, ელიამ 40 დღე და 40 ღამე იმარხულა; მოსე ელიამდე დაახლოებით ექვსი საუკუნით ადრე ცხოვრობდა, ხოლო იესო ელიას დროიდან თითქმის ათი საუკუნის გასვლის შემდეგ მოევლინა დედამიწას (გამ. 34:28; ლუკ. 4:1, 2). მართალია, უდაბნოში ერთმა წახემსებამ ელიას ყველა პრობლემა არ გადაუჭრა, მაგრამ სასწაულებრივად გააძლიერა. წარმოიდგინეთ, ეს ხანდაზმული მამაკაცი უდაბნოში დღეებისა და კვირების მანძილზე მიიკვლევდა გზას და ეს თითქმის თვე-ნახევარი გაგრძელდა!

16 იეჰოვა დღესაც აძლიერებს თავის მსახურებს, მაგრამ ამას ფიზიკური საზრდოს მეშვეობით კი არა, გაცილებით მნიშვნელოვანი, სულიერი საზრდოს საშუალებით აკეთებს (მათ. 4:4). ღვთის სიტყვიდან და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციებიდან იეჰოვას შესახებ უფრო მეტის გაგება სულიერად გვაძლიერებს. ასეთი მსუყე სულიერი საზრდოთი კვება ყველა პრობლემას არ გვაცილებს თავიდან, სამაგიეროდ, სირთულეების ასატანად ძალას გვაძლევს, რაც სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა. სულიერი საზრდოთი გონების კვება აგრეთვე შესაძლებლობას გვაძლევს, მომავალში მარადიულად ვიცოცხლოთ (იოან. 17:3).

17. სად წავიდა ელია, და რატომ იყო ეს ისტორიული მნიშვნელობის ადგილი?

17 ელიამ თითქმის 320 კილომეტრი იარა ფეხით, სანამ ხორების მთამდე მიაღწევდა. ეს სწორედ ის მთა იყო, სადაც ანგელოზის მეშვეობით იეჰოვა ღმერთი დიდი ხნით ადრე მოსეს გამოეცხადა ცეცხლმოდებული ბუჩქის ალში და მოგვიანებით, ამავე მთაზე კანონის საფუძველზე ისრაელთან დადო შეთანხმება. ელიამ იქ გამოქვაბულს შეაფარა თავი.

როგორ ანუგეშა და გააძლიერა იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველი?

18, 19. ა) რა კითხვა დაუსვა იეჰოვას ანგელოზმა ელიას და რა უპასუხა მან? ბ) რომელია ის სამი მიზეზი, რის გამოც ელია სულით დაეცა?

18 ხორების მთაზე ელიას გამოეცხადა „იეჰოვას სიტყვა“ — როგორც ჩანს, ღვთის ანგელოზი, რომელმაც ასეთი კითხვა დაუსვა: „აქ რა გინდა, ელია?“. მუხლიდან ჩანს, რომ ეს კითხვა რბილად იყო დასმული, რადგან ელია აღიძრა, მისთვის გული გადაეშალა. მან თქვა: „ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნე ვიყავი; მიატოვეს შენი შეთანხმება ისრაელის ძეებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები და მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველები; მარტო მე დავრჩი და ჩემი სულის წართმევაც უნდათ“ (1 მეფ. 19:9, 10). ელიას სიტყვებში, სულ მცირე, სამი მიზეზი ჩანს, რამაც ის სულით დასცა.

19 პირველ რიგში, ელია ფიქრობდა, რომ ის ტყუილუბრალოდ გაისარჯა. წლების მანძილზე იგი იეჰოვასადმი მოშურნეობას ავლენდა, მისთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი ღვთის წმინდა სახელის გაწმენდა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის განდიდება იყო. მიუხედავად ამისა, ერთი შეხედვით, ისე ჩანდა, რომ ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა. ხალხი ღალატობდა იეჰოვას, რადგან ცრუ თაყვანისმცემლობას ღრმად ჰქონდა ფესვი გადგმული ისრაელში. გარდა ამისა, ელია სრულიად მარტო გრძნობდა თავს. „მარტო მე დავრჩი“, — ამბობდა ის. თითქოს ისრაელ ერში ელია იყო ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ჯერ კიდევ ემსახურებოდა იეჰოვას. ამას ისიც ემატებოდა, რომ იგი შიშს შეეპყრო. ბევრი ერთგული წინასწარმეტყველი მოკლეს და ელია დარწმუნებული იყო, რომ შემდეგი ის იქნებოდა. შესაძლოა, ელიასთვის არ იყო ადვილი, ასე გულახდილად გამოეთქვა თავისი გრძნობები, მაგრამ მან დასძლია სიამაყე და ყველაფერი გულწრფელად აღიარა. მან გული გადმოუღვარა იეჰოვას ლოცვაში, რითაც ღვთის ყველა ერთგულ მსახურს კარგი მაგალითი მისცა (ფსალმ. 62:8).

20, 21. ა) აღწერეთ, რა მოვლენების მოწმე გახდა ელია ხორების მთის გამოქვაბულის შესასვლელთან. ბ) როგორ დაეხმარა ელიას ის, რაც იეჰოვამ უჩვენა?

20 რა გააკეთა იეჰოვამ შეშინებული და დათრგუნული ელიას გასაძლიერებლად? ანგელოზმა უთხრა ელიას, რომ მთის გამოქვაბულის შესასვლელთან დამდგარიყო. ისიც დაჰყვა მის ნებას, თუმცა არ იცოდა, რა მოხდებოდა. ამ დროს ძლიერი ქარი ამოვარდა. ალბათ, ქარიშხალს გამაყრუებელი ხმა ექნებოდა, რადგან მთები თავისი ადგილიდან მოგლიჯა და კლდეები დაანგრია. ალბათ, ელია მთელი ძალით ებღაუჭებოდა თავის მძიმე, უხეში ბეწვის მოსასხამს და მის სახეზე აფარებას ცდილობდა, რადგან ქარი პირდაპირ სახეში სცემდა. შემდეგ ქარს მიწისძვრა მოჰყვა; ელიას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თითქოს ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა. იგი მთელი ძალით ცდილობდა წონასწორობის შენარჩუნებას, რამეთუ ძლიერ ირყეოდა მიწა. თითქოს ეს არ კმაროდა, მიწისძვრას ცეცხლი მოჰყვა, რამაც ძლივს გადარჩენილი წინასწარმეტყველი აიძულა, შესულიყო გამოქვაბულში და აბრიალებული ცეცხლის ძლიერი სიმხურვალისგან დაეცვა თავი (1 მეფ. 19:11, 12).

იეჰოვამ თავისი შიშის მომგვრელი ძალით ანუგეშა ელია და გაბედულება შემატა

21 ბიბლიის ამ მონაკვეთიდან ვხედავთ, რომ ამ შიშის მომგვრელ ბუნებრივ მოვლენებში „არ იყო იეჰოვა“. ელიამ იცოდა, რომ იეჰოვა არ იყო რაღაც მითიური ბუნების ღვთაება, როგორიცაა ბაალი, რომელიც მის თაყვანისმცემლებს „ღრუბლებზე ამხედრებულ“ ან „წვიმის მომყვან“ ღმერთად წარმოედგინათ. იეჰოვა თავად არის ყველა ამ მოწიწების მომგვრელი ბუნების ძალების სულისჩამდგმელი, მაგრამ ის გაცილებით დიდ ძალას ფლობს, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც მან შექმნა. ზეცაც კი ვერ იტევს იეჰოვა ღმერთს! (1 მეფ. 8:27). როგორ დაეხმარა ელიას ის, რაც იეჰოვამ უჩვენა? ის შეშინებული იყო, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ იეჰოვა ღმერთი, უსაზღვრო ძალის პატრონი, მის გვერდით იყო, ყველანაირი შიში გაუქრა. მას უწინდებურად აღარ ეშინოდა ახაბისა და იზებელის (წაიკითხეთ ფსალმუნის 118:6).

22. ა) როგორ დაარწმუნა ელია „მშვიდმა და ჩუმმა ხმამ“, რომ იგი არ იყო გამოუსადეგარი? ბ) ვისგან მომდინარეობდა „მშვიდი და ჩუმი ხმა“? (იხილეთ სქოლიო.)

22 ცეცხლს „მშვიდი და ჩუმი ხმა“ მოჰყვა. ამ ხმის გაგონებაზე ელიამ კვლავ გამოხატა თავისი გრძნობები — მან მეორედ გამოთქვა თავისი საწუხარი. a როგორც ჩანს, ამან კიდევ ერთხელ ანუგეშა ელია. უეჭველია, იგი კიდევ უფრო გაძლიერდებოდა მას შემდეგ, რაც ყურს დაუგდებდა ამ „მშვიდ და ჩუმ“ ხმას. იეჰოვამ დაარწმუნა ელია, რომ იგი არ იყო გამოუსადეგარი. ღმერთმა მას გაუმჟღავნა თავისი განზრახვა, რომ მომავალში გაილაშქრებდა ბაალის თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ. ასე რომ, ელიას შრომა ამაო არ იყო, რადგან სადაცაა ღვთის განზრახვა შესრულდებოდა. უფრო მეტიც, ელია თავად მიიღებდა მონაწილეობას ამ განზრახვის შესრულებაში, ვინაიდან იეჰოვამ მას განსაკუთრებული მითითებები მისცა (1 მეფ. 19:12—17).

23. როგორ დაეხმარა იეჰოვა ელიას მარტოობის დაძლევაში?

23 როგორ დასძლია ელიამ მარტოობის გრძნობა? იეჰოვამ მისთვის ორი რამ გააკეთა. თავდაპირველად მან უთხრა ელიას, რომ წინასწარმეტყველად ეცხო ელისე, რომელიც საბოლოოდ მას შეცვლიდა. ეს ახალგაზრდა მამაკაცი ელიას თანამსახური უნდა გამხდარიყო და წლების მანძილზე უნდა დახმარებოდა მას. როგორ ანუგეშებდა ელიას ამის გაგება! გარდა ამისა, იეჰოვამ ელიას მეტად სასიხარულო ამბავი აცნობა: „მე კიდევ შვიდი ათასი კაცი მყავს ისრაელში, ვისაც მუხლი არ მოუდრეკია ბაალის წინაშე და არ უკოცნია მისთვის“ (1 მეფ. 19:18). ასე რომ, ელია არ იყო მარტო! მას უსაზღვროდ გაუხარდებოდა იმის გაგება, რომ ისრაელში ათასობით ერთგულმა კაცმა თქვა უარი ბაალის თაყვანისცემაზე. ელიას სჭირდებოდა მათი მხარდაჭერა, რათა კვლავაც ერთგულად გაეგრძელებინა თავისი მსახურება და იმ ბნელ ხანაში იეჰოვასადმი ურყევი ერთგულება შეენარჩუნებინა. ელია, უდავოდ, ვერ დამალავდა თავის სიხარულსა და აღფრთოვანებას იმ სიტყვების მოსმენაზე, რომელიც იეჰოვამ ანგელოზის მეშვეობით „მშვიდი და ჩუმი ხმით“ გაანდო.

ბიბლია ჰგავს „მშვიდ და ჩუმ ხმას“, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა მიგვიძღვება

24, 25. ა) რა გაგებით შეიძლება გავიგონოთ იეჰოვას „მშვიდი და ჩუმი ხმა“ დღეს? ბ) რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ელიამ იეჰოვასგან ნუგეში მიიღო?

24 ელიას მსგავსად, ჩვენც შეიძლება ბუნებრივმა მოვლენებმა იეჰოვასადმი შიში და მოკრძალება შთაგვინერგოს. შემოქმედება აშკარად მოწმობს შემოქმედის ძლევამოსილებაზე (რომ. 1:20). იეჰოვა დღესაც სიამოვნებით იყენებს თავის უსაზღვრო ძალას თავის ერთგულ მსახურთა დასახმარებლად (2 მატ. 16:9). მაგრამ ღმერთი გაცილებით მეტ ნათელს ჰფენს ყველაფერს თავისი სიტყვის, ბიბლიის ფურცლებზე (წაიკითხეთ ესაიას 30:21). ბიბლია ჰგავს „მშვიდ და ჩუმ ხმას“, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა მიგვიძღვება, უკეთეს პიროვნებებად გვაყალიბებს, გვამხნევებს და თავის სიყვარულში გვარწმუნებს.

25 მიიღო ელიამ იეჰოვასგან ნუგეში ხორების მთაზე? რასაკვირველია. მალე მან კვლავ გაბედულად დაიწყო მოქმედება. ეს ერთგული წინასწარმეტყველი კიდევ უფრო მეტი შემართებით აღდგა ცრუ თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ. თუ ღვთის შთაგონებულ სიტყვებს გულთან ახლოს მივიტანთ და „წმინდა წერილებიდან“ მივიღებთ ნუგეშს, ჩვენც შევძლებთ ისეთივე რწმენის გამოვლენას, როგორიც ელიას ჰქონდა (რომ. 15:4).

a „მშვიდი და ჩუმი ხმა“ შეიძლება მიუთითებდეს ღვთის იმავე ანგელოზზე, რომელიც 1 მეფეების 19:9-ში „იეჰოვას სიტყვად“ არის მოხსენიებული. მე-15 მუხლში ღვთის ეს სულიერი ქმნილება თავად „იეჰოვაზე“ მიანიშნებს. ამ მუხლების წაკითხვისას შეიძლება გაგვახსენდეს ანგელოზი, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა ისრაელს მიუძღოდა უდაბნოში და რომლის შესახებაც ღმერთმა თქვა: „მასშია ჩემი სახელი“ (გამ. 23:21). რაიმეს დაბეჯითებით თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენი ვარაუდი არ იქნება საფუძველს მოკლებული, თუ აღვნიშნავთ, რომ განკაცებამდე იესო იყო „სიტყვა“, ანუ ღვთის განსაკუთრებული წარმომადგენელი, რომელიც იეჰოვას სიტყვას გადასცემდა მის მსახურებს (იოან. 1:1).