იოანეს სახარება 1:1—51

  • „გახდა სიტყვა ხორცი“ (1—18).

  • იოანე ნათლისმცემლის მოწმობა (19—28).

  • იესო — „ღვთის კრავი“ (29—34).

  • იესოს პირველი მოწაფეები (35—42).

  • ფილიპე და ნათანაელი (43—51).

1  დასაწყისში იყო სიტყვა,+ სიტყვა იყო ღმერთთან+ და სიტყვა იყო ღმერთი*.+  ის დასაწყისში ღმერთთან იყო.  ყველაფერი მისი მონაწილეობით შეიქმნა;+ მის გარეშე არაფერი შექმნილა.  და ის, რაც მისი მეშვეობით შეიქმნა, იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.+  სინათლე სიბნელეში ანათებს,+ მაგრამ სიბნელემ ვერ შთანთქა ის.  მოვიდა ღვთისგან გამოგზავნილი კაცი, სახელად იოანე.+  ის მოვიდა როგორც მოწმე, რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ+ და მისი მოწმობით ყველანაირ ადამიანს ერწმუნა.  ის არ ყოფილა სინათლე,+ თუმცა სინათლის შესახებ უნდა დაემოწმებინა.  ჭეშმარიტი სინათლე, რომელიც ყველანაირ ადამიანს უნათებს, მალე ქვეყნიერებას მოევლინებოდა.+ 10  ის ქვეყნიერებაში იყო,+ ქვეყნიერება მისი მონაწილეობით შეიქმნა,+ მაგრამ ქვეყნიერებამ ვერ შეიცნო ის. 11  იგი თავისიანებთან მივიდა, მაგრამ თავისიანებმა არ მიიღეს. 12  ვინც მიიღო, ყველას ღვთის შვილებად გახდომის უფლება მისცა,+ რადგან ირწმუნეს იგი*.+ 13  ისინი სისხლისგან, ხორციელი სურვილისგან ან მამაკაცის სურვილისგან კი არ იშვნენ, არამედ ღვთისგან.+ 14  ასე გახდა სიტყვა ხორცი+ და ჩვენ შორის დამკვიდრდა. ჩვენ ვიხილეთ დიდება, რომელიც მხოლოდშობილ ძეს+ მამისგან ჰქონდა. ის სავსე იყო წყალობითა და ჭეშმარიტებით 15  (იოანემ ღაღადით დაამოწმა მასზე: „სწორედ მასზე ვამბობდი, ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე წინ წავა, რადგან ჩემამდე არსებობდა-მეთქი“).+ 16  მას უხვად ჰქონდა წყალობა და ჩვენც უხვად გვიწყალობა. 17  კანონი მოსეს მეშვეობით მოგვეცა,+ წყალობა+ და ჭეშმარიტება კი იესო ქრისტეს მეშვეობით გამჟღავნდა.+ 18  ღმერთი არავის არასოდეს უხილავს.+ მამასთან* მყოფმა+ მხოლოდშობილმა ღმერთმა+ მოგვითხრო მასზე.+ 19  აი, რა უპასუხა იოანემ, როცა იუდეველებმა მღვდლები და ლევიანები გაუგზავნეს იერუსალიმიდან, რომ ეკითხათ, ვინ ხარო.+ 20  მან პასუხად დაუფარავად განუცხადა: „მე არა ვარ ქრისტე!“ 21  შემდეგ ჰკითხეს: „მაშ, ვინ ხარ, ელია?“+ მან მიუგო: „არა!“ „ის წინასწარმეტყველი ხარ,+ ვინც უნდა მოსულიყო?“ მან უპასუხა: „არა!“ 22  მაშინ ჰკითხეს მას: „გვითხარი, ვინ ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს გამომგზავნელებს. რას იტყვი შენზე?“ 23  მან თქვა: «მე ვარ უდაბნოში მღაღადებლის ხმა: „მოასწორეთ იეჰოვას* სავალი“,+ როგორც ესაია წინასწარმეტყველმა თქვა».+ 24  ისინი ფარისევლების გაგზავნილნი იყვნენ. 25  მათ ჰკითხეს: „მაშ, რატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია და არც ის წინასწარმეტყველი?“ 26  იოანემ უპასუხა: „მე წყლით ვნათლავ, თქვენ შორის კი არის ის, ვისაც არ იცნობთ, 27  ჩემ შემდეგ მომავალი, რომლის სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ“.+ 28  ეს ბეთანიაში მოხდა, იორდანის გაღმა, სადაც იოანე ნათლავდა.+ 29  მეორე დღეს მან თავისკენ მიმავალი იესო დაინახა და თქვა: „აი ღვთის კრავი,+ ქვეყნიერების+ ცოდვის აღმომფხვრელი!+ 30  მასზე ვამბობდი, ჩემ შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე წინ წავიდა, რადგან ჩემამდე არსებობდა-მეთქი.+ 31  თავადაც არ ვიცნობდი მას, მაგრამ ხალხის წყლით მოსანათლავად იმიტომ მოვედი, რომ ის ისრაელს გამოცხადებოდა“.+ 32  იოანემ ესეც თქვა: «დავინახე სული, რომელიც მტრედის სახით დაეშვა ციდან და დაივანა მასზე.+ 33  არც მე ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც ხალხის წყლით მოსანათლავად გამომგზავნა, მითხრა: „ვისზეც დაინახავ, რომ ღვთის სული დაეშვება და დაივანებს,+ ის მონათლავს წმინდა სულით“.+ 34  მე დავინახე და დავამოწმე იმის შესახებ, რომ ეს კაცი ღვთის ძეა».+ 35  მომდევნო დღეს იოანე თავის ორ მოწაფესთან ერთად იყო; 36  იესოს რომ მოჰკრა თვალი, თქვა: „აი ღვთის კრავი!“+ 37  როცა მისი ნათქვამი მოისმინეს, ორივე მოწაფე იესოს გაჰყვა. 38  იესო მოტრიალდა და, როცა დაინახა, რომ ისინი უკან მიჰყვებოდნენ, ჰკითხა: „რას ეძებთ?“ მათ კი ჰკითხეს: „რაბი (რაც „მოძღვრად“ ითარგმნება), სად ათევ ღამეს?“ 39  მან მიუგო: „წამოდით და ნახავთ“. ისინიც გაჰყვნენ და ნახეს, სად რჩებოდა ღამით. იმ დღეს მასთან დარჩნენ; მეათე საათი* იქნებოდა. 40  იმ ორიდან ერთ-ერთი, რომლებმაც იოანეს ნათქვამი მოისმინეს და იესოს გაჰყვნენ, სიმონ-პეტრეს ძმა ანდრია+ იყო. 41  ანდრიამ მოძებნა თავისი ძმა სიმონი და უთხრა: „მესია+ ვიპოვეთ!“ (იგივე ქრისტე). 42  შემდეგ მიიყვანა იგი იესოსთან. იესომ შეხედა მას და უთხრა: „შენ სიმონი+ ხარ, იოანეს ვაჟი. ამიერიდან კეფა გერქმევა!“ (იგივე პეტრე).+ 43  მეორე დღეს იესომ გალილეაში წასვლა დააპირა. მან ფილიპე+ მოძებნა და უთხრა: „გამომყევი!“ 44  ფილიპე ბეთსაიდიდან იყო, ანდრიასა და პეტრეს ქალაქიდან. 45  ფილიპემ ნათანაელი+ მოძებნა და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც მოსე წერდა კანონში და ვისზეც წინასწარმეტყველები წერდნენ — იესო, იოსების+ ვაჟი, ნაზარეთიდან“. 46  ნათანაელმა უთხრა: „ნაზარეთიდან კარგს რას უნდა ელოდო?!“ ფილიპემ უთხრა: „წამოდი და ნახე“. 47  იესომ დაინახა თავისკენ მიმავალი ნათანაელი და თქვა: „აი უთვალთმაქცო+ კაცი, ისრაელის ღირსეული შთამომავალი!“ 48  ნათანაელმა ჰკითხა მას: „საიდან მიცნობ?“ იესომ უპასუხა: „მაშინ დაგინახე ლეღვის ქვეშ, სანამ ფილიპე დაგიძახებდა“. 49  ნათანაელმა უთხრა: „რაბი, შენ ღვთის ძე ხარ, ისრაელის მეფე!“+ 50  ამაზე იესომ მიუგო: „იმიტომ ხომ არ მირწმუნე, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი?! ამაზე მეტსაც იხილავ!“ 51  შემდეგ იესომ უთხრა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: იხილავთ გახსნილ ცას და კაცის ძესთან ჩამომავალ და ამავალ ღვთის ანგელოზებს“.+

სქოლიოები

სხვაგვარად — „ღვთაებრივი“.
სიტყვასიტყვით — „მისი სახელი“.
სიტყვასიტყვით — „მამის მკერდთან“; იგულისხმება განსაკუთრებული სიახლოვე.
დაახლ. დღის 4 სთ.