არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 2

ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“

ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“

1, 2. რას აშენებდნენ ნოე და მისი ოჯახის წევრები და რა სირთულეებს ხვდებოდნენ?

 ნოე წელში იმართება და მუშაობისგან დაღლილი მხრებში იშლება. წამით ჯდება კუნძზე და თვალს მიმოავლებს უზარმაზარ მშენებარე კიდობანს. ჰაერში დამდნარი ფისის სუნი ტრიალებს; ირგვლივ სამუშაო იარაღების კაკუნი ისმის. ნოე თავის ვაჟებს გაჰყურებს, რომლებიც კოჭებს ერთმანეთში ამაგრებენ და კიდობნის ჩონჩხს კრავენ. ნოე და მისი მეუღლე თავიანთ ვაჟებთან და რძლებთან ერთად უკვე ათწლეულებია, რაც კიდობანს აშენებენ. მათ საკმაოდ ბევრი რამ გააკეთეს, მაგრამ წინ კიდევ დიდი სამუშაო ელით.

2 ირგვლივ მცხოვრები ხალხი ნოესა და მის ოჯახს სულელებად მიიჩნევენ. რაც უფრო მეტად ემსგავსება ეს უზარმაზარი ნაგებობა კიდობანს, მით მეტად იგდებს ხალხი ამ ოჯახს აბუჩად. მათ სიცილად არ ჰყოფნით ის აზრი, რომ დედამიწას წარღვნა წალეკავს. განადგურება, რომლის შესახებაც ნოე საუბრობს, მათ წარმოუდგენლად და აბსურდულად მიაჩნიათ; ვერ იგებენ, როგორ შეიძლება ადამიანმა, მათი აზრით, ასეთი უაზრო საქმისთვის დახარჯოს დრო. მაგრამ იეჰოვა ღმერთი ნოეს სულ სხვა თვალით უყურებს.

3. რა გაგებით დადიოდა ნოე ღმერთთან ერთად?

3 ღვთის სიტყვაში წერია, რომ ნოე „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“ (წაიკითხეთ დაბადების 6:9). ეს სიტყვები იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი ჩამოვიდა დედამიწაზე ან ნოე ავიდა ზეცაში. ნოე ემორჩილებოდა ღმერთს და იმდენად უყვარდა ის, რომ შეიძლება ითქვას, ისინი ერთად დადიოდნენ, როგორც მეგობრები. ათასწლეულების შემდეგ ნოეზე ბიბლიაში ასეთი სიტყვები ჩაიწერა: „მან მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას“ (ებრ. 11:7). რა იგულისხმება ამაში? ჩვენ რას ვსწავლობთ ნოესგან?

უმწიკვლო კაცი წაწყმედილ ქვეყნიერებაში

4, 5. როგორ უარესდებოდა დღითი დღე მდგომარეობა დედამიწაზე ნოეს დროს?

4 ნოე ისეთ გარემოში იზრდებოდა, სადაც დღითი დღე უარესდებოდა მდგომარეობა. ჯერ კიდევ მისი დიდი პაპის, ენოქის დროს იყო სავალალო მდგომარეობა იმდროინდელ ქვეყნიერებაში. ენოქმა, რომელიც ნოესავით მართალი კაცი იყო და რომელიც ღმერთთან ერთად დადიოდა, იწინასწარმეტყველა, რომ ერთ დღესაც უღვთო ქვეყნიერებას თავს დაატყდებოდა ღვთის სამსჯავრო. ნოეს დღეებში ბოროტებამ კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღო. იეჰოვამ დაინახა, რომ გაიხრწნა დედამიწა და აივსო ძალადობით (დაბ. 5:22; 6:11; იუდ. 14, 15). რამ გამოიწვია სიტუაციის ასეთი გაუარესება?

5 მანამდე ზეცაში ღვთის სულიერ ძეებს შორის სერიოზული განხეთქილება მოხდა. ერთი ანგელოზი დაუპირისპირდა იეჰოვას, ცილი დასწამა მას და ადამი და ევა ცოდვაში გახვია. ასე იქცა ის სატანა ეშმაკად. ნოეს დღეებში სხვა ანგელოზებიც აღუდგნენ წინ ღვთის სამართლიან მმართველობას. მათ მიატოვეს თავიანთი მოვალეობები ზეცაში, ჩამოვიდნენ დედამიწაზე, შეისხეს ხორცი და ცოლად მოიყვანეს ლამაზი ქალები. ეს ამაყი, ეგოისტი და მეამბოხე ანგელოზები საშინელ გავლენას ახდენდნენ ხალხზე (დაბ. 6:1, 2; იუდ. 6, 7).

6. რა დღეში ჩააგდეს ნეფილიმებმა იმდროინდელი მსოფლიო და რა გადაწყვიტა იეჰოვამ?

6 გაცილებით ამაზრზენი ის იყო, რომ ამ ხორცშესხმულ ანგელოზებსა და ადამიანთა ასულებს არაბუნებრივი კავშირის შედეგად ეყოლათ უჩვეულოდ დიდი და ძლიერი შვილები. ბიბლია მათ „ნეფილიმებს“ უწოდებს, რაც სიტყვასიტყვით „წამქცევს“ ნიშნავს. ამ გულბოროტმა მოძალადეებმა კიდევ უფრო დაამძიმეს დედამიწაზე მდგომარეობა. „დაინახა იეჰოვამ, რომ გამრავლდა დედამიწაზე ადამიანთა ბოროტება და მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო“. ამიტომ, გადაწყვიტა, 120 წელიწადში იმდროინდელი ბოროტი საზოგადოება მთლიანად აღეგავა დედამიწის პირიდან (წაიკითხეთ დაბადების 6:3—5).

7. რა სირთულეებს ხვდებოდნენ ნოე და მისი ცოლი, და რატომ არ იქნებოდა ადვილი ნოესა და მისი ცოლისთვის თავიანთი ვაჟების დაცვა ქვეყნიერების გამხრწნელი გავლენისგან?

7 წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნებოდა ასეთ რთულ პერიოდში ოჯახზე ზრუნვა, მაგრამ ნოე კარგად ართმევდა თავს ამ დავალებას, რადგან მეუღლეც მხარში ედგა. ნოე უკვე 500 წელს იყო გადაცილებული, როცა ცოლმა 3 ვაჟი გაუჩინა — სემი, ქამი და იაფეთი. a მათ შვილები უნდა დაეცვათ იმ გამხრწნელი გავლენისგან, რომელიც იმდროინდელ საზოგადოებაში იყო გავრცელებული. როგორც წესი, პატარა ბიჭებს მოსწონთ ისინი, ვინც „ძლიერები და სახელგანთქმულები“ არიან — და სწორედ ასეთები იყვნენ ნეფილიმები. უდავოა, რომ ნოე და მისი ცოლი ყოველთვის ვერ დაიცავდნენ შვილებს ირგვლივ მყოფთა ზეგავლენისგან, მაგრამ რაც შეეძლოთ, იმას ნამდვილად აკეთებდნენ; ისინი შვილებს ჭეშმარიტებას ასწავლიდნენ იეჰოვას შესახებ და უხსნიდნენ, რომ მას სძულდა ყველანაირი ბოროტება. ისინი ეხმარებოდნენ თავიანთ შვილებს იმის დანახვაში, რომ იეჰოვას გულს სტკენდა დედამიწაზე არსებული ძალადობა და ურჩობა (დაბ. 6:6).

ნოესა და მის ცოლს გამხრწნელი გავლენისგან უნდა დაეცვათ შვილები

8. როგორ ჰბაძავენ გონიერი მშობლები დღეს ნოესა და მის მეუღლეს?

8 დღეს მშობლებისთვის ადვილი წარმოსადგენია, რა სიტუაციაში უწევდათ ცხოვრება ნოესა და მის მეუღლეს. დედამიწა დღესაც სავსეა ძალადობით. საბავშვო გადაცემები და თამაშებიც კი ძალადობითაა გაჟღენთილი. გონიერი მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაიცვან შვილები ასეთი გავლენისგან; ისინი ესაუბრებიან მათ მშვიდობისმყოფელი ღვთის, იეჰოვას, შესახებ, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ძალადობას (ფსალ. 11:5; 37:10, 11). ნოემ და მისმა მეუღლემ წარმატებით ჩააბარეს ეს გამოცდა. დარწმუნებული იყავით, თქვენც შეძლებთ წარმატების მიღწევას! მათ თავიანთი შვილები კარგ ადამიანებად აღზარდეს. დროთა განმავლობაში მათ ცოლები შეირთეს, რომლებიც ასევე მზად იყვნენ, იეჰოვას მსახურება ცხოვრებაში პირველ ადგილზე დაეყენებინათ.

„გაიკეთე კიდობანი“

9, 10. ა) იეჰოვას რომელმა დავალებამ შეცვალა ნოეს ცხოვრება? ბ) როგორი კიდობანი უნდა აეშენებინა ნოეს იეჰოვას მითითებისამებრ, და რა დანიშნულება ექნებოდა ამ კიდობანს?

9 ერთ დღესაც ნოეს ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა. მას იეჰოვა ელაპარაკა და უთხრა, რომ იმდროინდელი ქვეყნიერების განადგურებას აპირებდა. მან შემდეგი დავალება მისცა ნოეს: „გაიკეთე კიდობანი ფისიანი ხისგან“ (დაბ. 6:14).

10 ეს კიდობანი უზარმაზარ ყუთს წააგავდა და არა ხომალდს, როგორც ზოგიერთი ფიქრობს. მას არც ცხვირი ჰქონდა, არც კიჩო და არც საჭე. იეჰოვამ ნოეს დაწვრილებით აუხსნა, თუ როგორი ფორმისა და ზომის კიდობანი უნდა აეგო. ასევე უთხრა, რომ კიდობანი შიგნიდან და გარედან ფისით დაეფარა, თან მიზეზიც აუხსნა: „მოვავლენ წარღვნას . . . ყველაფერი მოისპობა დედამიწაზე“. იეჰოვამ მას შემდეგი მითითებაც მისცა: „შედი კიდობანში შენს ვაჟებთან, შენს ცოლთან და შენი ვაჟების ცოლებთან ერთად“. ნოეს აგრეთვე ყველა სახეობის ცხოველი უნდა შეეყვანა კიდობანში. წარღვნას მხოლოდ კიდობანში მყოფნი გადაურჩებოდნენ (დაბ. 6:17—20).

ნოე და მისი ოჯახის წევრები ერთად ასრულებდნენ ღვთის დავალებას

11, 12. რა ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა ნოე და როგორ გაართვა თავი?

11 ნოე ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა. მას უნდა აეგო 133 მეტრი სიგრძის, 22 მეტრი სიგანისა და 13 მეტრი სიმაღლის ხის ნაგებობა. ამხელა ხის ხომალდი კაცობრიობის ისტორიაში დღემდე არავის აუგია. თავის არიდება ხომ არ უცდია ნოეს ამ დავალებისთვის? წუწუნი ხომ არ დაუწყია ან საქმის გაადვილების მიზნით თავისებურად ხომ არ შეუსრულებია სამუშაო? ამ კითხვებზე პასუხს ბიბლია გვცემს: „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა. სწორედ ისე გააკეთა“ (დაბ. 6:22).

12 მშენებლობამ დაახლოებით 40—50 წელი გასტანა. საჭირო იყო ხეების მოჭრა, ადგილზე მითრევა, კოჭებად დაჭრა და ერთმანეთზე გადაბმა. კიდობანს ჰქონდა სამი სართული, რამდენიმე განყოფილება და კარი. როგორც ჩანს, კიდობანს ყველა მხრიდან, სახურავთან ახლოს, სარკმლები ჰქონდა. სახურავი კი ოდნავ დაქანებული იყო, რათა წყალი არ დაგროვილიყო (დაბ. 6:14—16).

13. რა იყო ნოესთვის კიდობნის აშენებაზე გაცილებით რთული და როგორ ეხმაურებოდა ხალხი მის ცნობას?

13 კიდობნის შენებაში წლები გადიოდა. ნოეს, ალბათ, ძალიან უხაროდა, რომ ოჯახის წევრები გვერდით ედგნენ. მაგრამ იყო სხვა რამ, რაც გაცილებით რთული იყო, ვიდრე კიდობნის შენება. ბიბლიაში ნოე „სიმართლის მქადაგებლად“ არის მოხსენიებული (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:5 ). ის უღვთო ხალხს გაბედულად აფრთხილებდა მოსალოდნელი განადგურების შესახებ. ყურად იღო ხალხმა ეს გაფრთხილება? საუკუნეების შემდეგ იესომ ნოეს დრო გაიხსენა და იმდროინდელ ხალხზე თქვა, რომ მათ არაფერი ანაღვლებდათ. მან აღნიშნა, რომ ისინი გართული იყვნენ ყოფითი საქმეებით, ჭამდნენ, სვამდნენ, ოჯახებს ქმნიდნენ და აინუნშიც არ აგდებდნენ ნოეს გაფრთხილებას (მათ. 24:37—39). ბევრი, ალბათ, დასცინოდა ნოესა და მის ოჯახს, ზოგი შეიძლება ემუქრებოდა მათ და სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა.

ხალხი ხედავდა, რომ იეჰოვა მხარს უჭერდა ნოეს, მაგრამ დასცინოდნენ მას და არაფრად აგდებდნენ მის სიტყვებს

14. რის სწავლა შეუძლიათ დღეს ქრისტიან ოჯახებს ნოესა და მისი ოჯახის მაგალითიდან?

14 წინააღმდეგობის მიუხედავად, ნოესა და მის ოჯახს არ შეუწყვეტიათ ღვთისგან მიღებული დავალების შესრულება. ისინი ცხოვრობდნენ ისეთ ქვეყნიერებაში, სადაც ხალხის მთავარი მიზანი ცხოვრებით ტკბობა იყო და მათ კიდობნის მშენებლობა დიდ უაზრობად და სისულელედ მიაჩნდათ. ქრისტიან ოჯახებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ნოესა და მისი ოჯახისგან. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელსაც ბიბლია ამ ქვეყნიერების „ბოლო დღეებს“ უწოდებს (2 ტიმ. 3:1). იესომ თქვა, რომ „ბოლო დღეები“, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ნოეს დღეების მსგავსი იქნებოდა. თუ დღეს ქვეყნიერება გულგრილია სასიხარულო ცნობისადმი, დაგვცინიან ან გვდევნიან, კარგი იქნება, ნოეს მაგალითი გავიხსენოთ. ჩვენ არ ვართ პირველები, ვინც ასეთ სირთულეებს ხვდება.

„შედით კიდობანში“

15. ვინ გამოეცალა ხელიდან ნოეს, როცა დაახლოებით 600 წლის იყო?

15 გადიოდა წლები, კიდობანი ნელ-ნელა საბოლოო სახეს იღებდა. ნოე დაახლოებით 600 წლის იყო, როცა მამამისი, ლამექი, გარდაიცვალა, ხუთი წლის მერე კი — პაპამისი, მეთუშალახი. b მეთუშალახი 969 წლის ასაკში დაიღუპა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მასზე დიდხანს არავის უცოცხლია (დაბ. 5:27). მეთუშალახიც და ლამექიც პირადად იცნობდნენ ადამს, დედამიწაზე მცხოვრებ პირველ ადამიანს.

16, 17. ა) რა მითითება მიიღო ნოემ, როცა დაახლოებით 600 წლის იყო? ბ) აღწერეთ, რა დაუვიწყარი სანახაობის თვითმხილველნი გახდნენ ნოე და მისი ოჯახის წევრები.

16 ნოე 600 წლის იყო, როცა ახალი მითითება მიიღო იეჰოვასგან: „შედით კიდობანში შენ და შენი ოჯახი“. ღმერთმა ნოეს ისიც უთხრა, რომ კიდობანში შეეყვანა სხვადასხვა ცხოველები — წმინდა ცხოველთაგან შესაწირავად ვარგისი შვიდ-შვიდი ცხოველი, უწმინდურთაგან კი ორ-ორი (დაბ. 7:1—3).

17 ეს ერთობ დაუვიწყარი სანახაობა იქნებოდა. წარმოიდგინეთ კიდობნისკენ მიმავალი სხვადასხვა სახეობის, ზომისა თუ ფორმის ათასობით ცხოველი — ზოგი მიდის, ზოგი მიფრინავს, ზოგი მიხოხავს და ზოგიც მიბაჯბაჯებს. ნოეს არ დასჭირდებოდა თითოეული ცხოველის სათითაოდ მოხმობა, რომ ცხოველები კიდობანში შეეყვანა, რადგან ბიბლიაში ვკითხულობთ: „ორ-ორი შევიდა ნოესთან კიდობანში“ (დაბ. 7:9).

18, 19. ა) როგორ შეიძლება გავაბათილოთ კრიტიკოსთა ეჭვები, რომლებიც ნოეს დროს განვითარებულ მოვლენებს ეხება? ბ) რა გზა აირჩია იეჰოვამ ცხოველების გადასარჩენად, და რატომ იყო ის ბრძნული?

18 ზოგი კრიტიკოსი ეჭვქვეშ აყენებს ამ ფაქტის სანდოობას და ამბობს, რომ შეუძლებელია კიდობანში თავმოყრილ ამდენ ცხოველს ერთმანეთისთვის არაფერი ევნოთ. დავფიქრდეთ ერთ რამეზე: ნუთუ არ შეუძლია სამყაროს შემოქმედს, დაიმორჩილოს თავისივე შექმნილი ცხოველები და თუ საჭირო გახდა, მოათვინიეროს კიდეც? გაიხსენეთ, იეჰოვა ის ღმერთია, რომელმაც წითელი ზღვა შუაზე გაყო და მზე გააჩერა. ნუთუ ვერ შეძლებდა იეჰოვა ეკონტროლებინა ნოეს დროს მომხდარი ყველა მოვლენა? რა თქმა უნდა, შეძლებდა და გააკეთა კიდეც!

19 ღმერთს შეეძლო ცხოველების გადასარჩენად სხვა გზა აერჩია. თუმცა, მისი ასეთი ბრძნული გადაწყვეტილება იმას შეგვახსენებს, რომ იეჰოვამ უდიდესი ნდობა გამოუცხადა ადამიანებს, როცა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ცხოველებზე ზრუნვა დაავალა (დაბ. 1:28). ბევრი მშობელი ნოეს მაგალითზე ასწავლის შვილებს, რომ იეჰოვას უყვარს თავისი ქმნილებები, როგორც ადამიანები, ისე ცხოველები.

20. რაზე იზრუნებდნენ ნოე და მისი ოჯახის წევრები წარღვნის წინა პერიოდში?

20 ბოლოს იეჰოვამ უთხრა ნოეს, რომ ერთ კვირაში წარღვნა წალეკავდა დედამიწას. რამდენი რამ ექნებოდათ მოსასწრები ნოესა და მის ოჯახს: ცხოველების თავ-თავიანთ სადგომებში დაბინავება, მათთვის საკვების მომარაგება და ოჯახისთვის საჭირო ნივთების კიდობანში შეტანა. ნოეს ცოლი და მისი რძლები, ალბათ, იმაზე ზრუნავდნენ, რომ კიდობანში საცხოვრებელი პირობები ყოფილიყო.

21, 22. ა) რატომ არ გვაკვირვებს ნოეს დროს მცხოვრები ხალხის გულგრილობა? ბ) როდის შეწყვიტეს მეზობლებმა ნოესა და მისი ოჯახის დაცინვა?

21 როგორ უყურებდა ამ ყველაფერს ხალხი? მათ ამჯერადაც „არაფერი ანაღვლებდათ“, თუმცა აშკარად ხედავდნენ, რომ იეჰოვა უჭერდა მხარს ნოეს. შეუძლებელია, არ დაენახათ კიდობნისკენ მიმავალი ცხოველები. მაგრამ მათი გულგრილობა გასაკვირი არ არის. დღესაც ხომ ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არ ანაღვლებთ ის უამრავი მტკიცებულება, რომ ნამდვილად უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ. მოციქულმა პეტრემაც იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში მოვიდოდნენ „დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით“ და აბუჩად აიგდებდნენ მათ, ვინც ყურად იღებდა ღვთის გაფრთხილებას (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:3—6 ). ნოესა და მის ოჯახსაც მსგავსად დასცინოდნენ მათი თანამედროვენი.

22 როდის შეწყვიტეს მეზობლებმა ნოესა და მისი ოჯახის დაცინვა? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ, როცა ნოემ თავისი ცოლ-შვილი და ცხოველები კიდობანში შეიყვანა, „დაკეტა იეჰოვამ კარი“. თუ ამ დროს დამცინავები კიდობნის ახლომახლო იდგნენ, ეს სასწაული პირზე ღიმილს შეუშრობდა; ეს თუ არა, კოკისპირული წვიმა დაადუმებდათ. წყალი მატულობდა და მატულობდა, სანამ მთელი დედამიწა არ დაფარა, როგორც ეს იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი (დაბ. 7:16—21).

23. ა) საიდან ვიცით, რომ იეჰოვას არ გახარებია ნოეს დროს მცხოვრები ხალხის სიკვდილი? ბ) რატომ არის გონივრული, მივბაძოთ ნოეს?

23 გაახარა იეჰოვა ბოროტების სიკვდილმა? ნამდვილად არა! (ეზეკ. 33:11). იეჰოვამ მათ არაერთხელ მისცა შესაძლებლობა, შეეცვალათ ცხოვრების წესი და ეკეთებინათ ის, რაც სწორი იყო. შეუძლებელს ხომ არ ითხოვდა იეჰოვა მათგან? ამ კითხვაზე პასუხი ნოემ თავისი საქმეებით გასცა. ნოე დადიოდა ღმერთთან ერთად და მას ყველაფერში ემორჩილებოდა, რითაც ცხადყო, რომ გადარჩენა სავსებით შესაძლებელი იყო. მან თავისი რწმენით მსჯავრი დასდო იმდროინდელ ქვეყნიერებას და გამოააშკარავა მათი ბოროტება. ასეთმა რწმენამ გადაარჩინა ნოე და მისი ოჯახი. თუ მიჰბაძავთ ნოეს, თქვენც გადარჩებით და თქვენი საყვარელი ადამიანებიც. ნოეს მსგავსად, თქვენც შეძლებთ იაროთ იეჰოვა ღმერთთან ერთად და იყოთ მისი მეგობარი. ეს მეგობრობა კი შეიძლება მარადიულად გაგრძელდეს!

a იმ დროს ხალხი გაცილებით დიდხანს ცხოვრობდა. ეს იმით აიხსნება, რომ ისინი ახლოს იყვნენ სრულყოფილებასთან, რომელიც ადამმა და ევამ დაკარგეს.

b ლამექმა თავის ვაჟს ნოე დაარქვა, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს „დასვენებას“, „ნუგეშს“, და იწინასწარმეტყველა, რომ ის გაამართლებდა თავისი სახელის მნიშვნელობას და შეუმსუბუქებდა ხალხს ტანჯვას დაწყევლილი მიწის გამო (დაბ. 5:28, 29). ლამექი ვერ მოესწრო ამ წინასწარმეტყველების შესრულებას.