არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 18

„გულში დასკვნებს აკეთებდა“

„გულში დასკვნებს აკეთებდა“

1, 2. აღწერეთ, როგორ მიუყვებიან ბეთლემისკენ მიმავალ გზას მარიამი და იოსები და რატომ გაუჭირდებოდა მარიამს მგზავრობა?

 მძიმეტვირთაკიდებულ სახედარზე მარიამი მოუხერხებლად ზის; სახედარს წინ იოსები მიუძღვის; გრძელ და დამქანცველ გზაზე შეუსვენებლივ მიმავალთ გეზი ბეთლემისკენ აქვთ აღებული. მარიამი გრძნობს, როგორ მოძრაობს ბავშვი მის მუცელში.

2 ბიბლია ამბობს, რომ მარიამი ორსულად იყო და ბავშვის დაბადებას დღე-დღეზე ელოდა (ლუკ. 2:5). სახედარზე მჯდომი ორსული ქალის შემხედვარე მინდვრებში სახნავად თუ სათესად გასული ხალხი, ალბათ, გაკვირვებული იტყოდა, ნეტავ, ისეთი რა გაუჭირდა ამ მდგომარეობაში ამხელა გზას რომ დაადგაო. მართლაც, რამ წაიყვანა მარიამი თავისი სახლიდან, ნაზარეთიდან, ასე შორს?

3. რა დავალება მიიღო მარიამმა და რის გაკეთება მოუწია?

3 ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ თვეების წინ ამ ახალგაზრდა იუდეველმა ქალმა ისეთი დავალება მიიღო, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიაში არავის მიუღია. მას უნდა ეშვა ბავშვი, რომელიც მესია, ღვთის ძე იქნებოდა (ლუკ. 1:35). მშობიარობის დრო რომ ახლოვდებოდა, მოულოდნელად ვითარება შეიცვალა და საჭირო გახდა მარიამის ბეთლემში გამგზავრება. გზაში მისი რწმენა არაერთხელ გამოიცადა, მაგრამ იგი სულით არ დაცემულა. რა დაეხმარა მას?

ნაზარეთიდან ბეთლემამდე

4, 5. ა) რატომ გაემგზავრნენ იოსები და მარიამი ბეთლემში? ბ) რა ბრძანება გამოსცა კეისარმა და რომელი წინასწარმეტყველება შესრულდა ამით?

4 გამგზავრება მხოლოდ იოსებსა და მარიამს არ მოუწიათ. კეისარმა ავგუსტუსმა გამოსცა ბრძანება, რომ აღწერილიყო მთელი მოსახლეობა და ამიტომ ყველა თავის მშობლიურ ქალაქში წავიდა აღსაწერად. როგორ მოიქცა იოსები? ბიბლიაში ვკითხულობთ: „იოსებიც წავიდა გალილეის ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქ ბეთლემში, რადგან დავითის სახლიდან და საგვარეულოდან იყო“ (ლუკ. 2:1—4).

5 შემთხვევითი არ იყო, რომ კეისარმა მაინცდამაინც ამ დროს გამოსცა ეს ბრძანება. შვიდი საუკუნით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ მესია ბეთლემში დაიბადებოდა. პატარა ქალაქი ბეთლემი ნაზარეთიდან 11 კილომეტრში მდებარეობდა, მაგრამ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესია „ეფრათას ბეთლემში“ უნდა დაბადებულიყო (წაიკითხეთ მიქას 5:2). ამ პატარა ქალაქში რომ ჩასულიყო, მგზავრს ნაზარეთიდან, სამარიის გავლით, დაახლოებით 130 კილომეტრი უნდა გაევლო მთიან მხარეში. იოსები და მარიამი სწორედ ბეთლემში მიდიოდნენ, რადგან, როგორც მეფე დავითის შთამომავლები, წარმოშობით აქედან იყვნენ.

6, 7. ა) რატომ იქნებოდა მგზავრობა მარიამისთვის დამქანცველი? ბ) როგორ იღებდა მარიამი გადაწყვეტილებებს მაშინ, როცა იოსების ცოლი გახდა? (იხილეთ სქოლიო)

6 ადვილი იქნებოდა მარიამისთვის იოსებთან ერთად ბეთლემში გამგზავრება? ბოლოს და ბოლოს, მისი მდგომარეობა ჩვეულებრივი ხომ არ იყო. შემოდგომა ახალი დამდგარი იყო და წვიმიანი სეზონი იწყებოდა. გარდა ამისა, ბეთლემი ზღვის დონიდან 760 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა, ამიტომ რამდენიმე დღე აღმართზე უნდა ევლოთ, რაც თავისთავად დამქანცველი იქნებოდა. ალბათ, ეს მგზავრობა უფრო დიდ დროს წაიღებდა, რადგან მარიამს ხშირად მოუწევდა დასვენება. ბუნებრივია, რომ ახალგაზრდა ქალი მოინდომებდა მშობიარობამდე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დარჩენას, რომლებიც მშობიარობის ტკივილების დროს გვერდიდან არ მოსცილდებოდნენ. უეჭველია, მას დიდი გამბედაობა უნდა ჰქონოდა, ასეთ გზას რომ დასდგომოდა.

ბეთლემამდე მგზავრობა დამქანცველი იქნებოდა

7 ლუკამ დაწერა, რომ იოსები წავიდა, რომ „აღწერილიყო მარიამთან . . . ერთად“. მან ისიც აღნიშნა, რომ მარიამი მისი ცოლი იყო (ლუკ. 2:4, 5). რადგან ცოლი იყო, მის გადაწყვეტილებაზე აუცილებლად იმოქმედებდა ქმრის გადაწყვეტილება. მარიამი აღიარებდა, რომ ქმარი მისი თავი იყო, მხარს უჭერდა მის გადაწყვეტილებებს და ღირსეულად ასრულებდა თავის, როგორც ქმრის დამხმარის, როლს. a შეიძლება ითქვას, რომ მარიამმა მორჩილება და მტკიცე რწმენა გამოავლინა.

8. ა) კიდევ რამ აღძრა მარიამი, რომ იოსებს ბეთლემში გაჰყოლოდა? ბ) რა მხრივ არის მარიამი მისაბაძი მაგალითი ღვთის ერთგული მსახურებისთვის?

8 კიდევ რამ აღძრა მარიამი მორჩილებისკენ? იცოდა მან, რომ, წინასწარმეტყველების თანახმად, მესია ბეთლემში უნდა დაბადებულიყო? ამაზე ბიბლია არაფერს ამბობს. თუმცა შეიძლება იცოდა კიდეც, რადგან ეს არც რელიგიური წინამძღოლებისთვის იყო დაფარული და არც უბრალო ადამიანებისთვის (მათ. 2:1—7; იოან. 7:40—42). მარიამისთვის არ იყო უცხო წმინდა წერილები (ლუკ. 1:46—55). რაც უნდა ყოფილიყო მისი ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი — ქმრისადმი მორჩილება, კეისრის ბრძანება, წინასწარმეტყველების ცოდნა თუ სამივე ერთად — მარიამმა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. იეჰოვა ძალიან აფასებს როგორც კაცის, ისე ქალის თავმდაბლობასა და მორჩილებას. დღეს, როცა ამ თვისებებს ბევრის თვალში ფასი აქვს დაკარგული, მარიამი მართლაც მისაბაძია ღვთის ყველა ერთგული მსახურისთვის.

ქრისტეს დაბადება

9, 10. ა) რაზე შეიძლება ფიქრობდნენ მარიამი და იოსები, როდესაც ბეთლემს უახლოვდებოდნენ? ბ) რატომ მოუწიათ ბოსელში გაჩერება მარიამსა და იოსებს?

9 მარიამი შვებით ამოისუნთქავდა, როგორც კი ბეთლემს თვალს მოჰკრავდა. როცა ბეთლემისკენ მიმავალ მთაგორიან გზაზე უკან მოიტოვებდნენ ზეთისხილის კორომებს, რომლის ნაყოფსაც ყველაზე გვიან კრეფდნენ, მარიამსა და იოსებს, ალბათ, გაახსენდებოდათ ზოგი რამ, რაც ამ პატარა მხარეზე ჰქონდათ გაგონილი. ეფრათას ბეთლემი იმდენად უმნიშვნელო ქალაქი იყო, რომ იუდას ქალაქებს შორს არც კი მოიხსენიებოდა, და ეს წინასწარმეტყველმა მიქამაც აღნიშნა; თუმცა ათასზე მეტი წლის წინათ აქ დაიბადნენ ბოაზი, ნაომი და დავითი.

10 როცა მარიამი და იოსები ბეთლემში ჩავიდნენ, ქალაქი ხალხით იყო სავსე. მათ ოთახი ვერსად იქირავეს, რადგან რეგისტრაციისთვის სხვები იქ მათზე ადრე ჩასულიყვნენ. b სხვა გზა არ ჰქონდათ, ღამე ბოსელში უნდა გაეთიათ. რთული წარმოსადგენი არაა, როგორ შეწუხდებოდა იოსები, როცა დაინახავდა, როგორ ტანჯავდა მის ცოლს მშობიარობის აუტანელი ტკივილები, რომლებიც სულ უფრო და უფრო უძლიერდებოდა. მარიამს ბავშვის გაჩენა ასეთ ცუდ და მოუხერხებელ ადგილას მოუწია.

11. ა) რატომ თანაუგრძნობს ნებისმიერი ქალი მარიამს? ბ) რა გაგებით იყო იესო „პირმშო“?

11 ალბათ, ნებისმიერი ქალი თანაუგრძნობდა მარიამს. დაახლოებით 4 000 წლის წინათ იეჰოვამ თქვა, რომ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო ვერც ერთი ქალი ვერ გააჩენდა შვილს ტკივილების გარეშე (დაბ. 3:16). ბიბლიაში არსად წერია, რომ მარიამი გამონაკლისი იყო. ლუკამ მოკრძალებულად აარიდა თავი მარიამის ტკივილებზე საუბარს. მან უბრალოდ თქვა: „შეეძინა ვაჟი, პირმშო“ (ლუკ. 2:7). ის მართლაც „პირმშო“ იყო — მარიამის პირველი შვილი; მას შემდეგ მარიამს, სულ მცირე, ექვსი შვილი შეეძინა (მარ. 6:3). ეს პირველი ყველასგან გამოირჩეოდა არა იმით, რომ პირველი შვილი იყო, არამედ იმით, რომ იეჰოვას „პირმშო [იყო] ყველა ქმნილებას შორის“, ღვთის მხოლოდშობილი ძე! (კოლ. 1:15)

12. სად ჩააწვინა მარიამმა ჩვილი, და რამდენად შორსაა სინამდვილისგან საშობაო სცენებში, წარმოდგენებსა თუ ნახატებში ასახული ბიბლიის ეს ეპიზოდი?

12 ლუკა შემდეგ ცნობილ დეტალს მოიხსენიებს: „[მარიამმა ბავშვი] სახვევებში გაახვია და ბაგაში ჩააწვინა“ (ლუკ. 2:7). მთელ მსოფლიოში საშობაო სცენებში, წარმოდგენებსა თუ ნახატებში ეს დეტალი იმდენად ლამაზადაა წარმოდგენილი, რომ სინამდვილისგან ძალიან შორსაა. როგორი იყო სინამდვილე? ბაგა არის გრძელი, ვიწრო წნული ან ფიცრული, სადაც ცხოველებს საჭმელს უყრიან. ამგვარად, იოსების ოჯახი დაბინავდა ბოსელში, სადაც არც სუფთა ჰაერი იყო და არც სისუფთავე. არჩევანი თუ ექნებოდა, რომელი მშობელი ისურვებდა, მისი შვილი ასეთ ბინძურ ადგილას დაბადებულიყო? მშობელს შვილისთვის ხომ საუკეთესო სურს. მაშ, რამდენად უკეთესი გარემოს შექმნა ენდომებოდათ მარიამსა და იოსებს ღვთის ძისთვის!

13. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ იოსებმა და მარიამმა ყველაფერი გააკეთეს თავიანთი ძის კეთილდღეობისთვის? ბ) როგორ შეუძლიათ გონიერ მშობლებს მიჰბაძონ იოსებსა და მარიამს?

13 მშობლები არ გაღიზიანებულან იმის გამო, რომ ახალდაბადებულ იესოს ვერ შეუქმნეს უკეთესი პირობები. მათ ყველაფერი გააკეთეს, თუკი რამ შეეძლოთ. მარიამი თავად ზრუნავდა ჩვილზე, სახვევებში ახვევდა, ფრთხილად აწვენდა ბაგაში და აძინებდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ბავშვს არ სციოდა და საფრთხე არ ემუქრებოდა. მარიამი ზედმეტად არ წუხდა იმ არასასურველ პირობებზე, რომელშიც მოუწია მშობიარობა; იგი ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო, რომ საუკეთესოდ ეზრუნა თავის ვაჟზე. იოსებმა და მარიამმა იცოდნენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის სულიერი აღზრდა იყო (წაიკითხეთ კანონის 6:6—8). დღესაც გონიერი მშობლები ყველაზე დიდ მნიშვნელობას იმას ანიჭებენ, რომ შვილებს სულიერი ფასეულობები ჩაუნერგონ, რაც უცხოა ქვეყნიერებისთვის.

იესოს მწყემსები ინახულებენ

14, 15. ა) რატომ ჰქონდათ მწყემსებს ერთი სული, ენახათ ჩვილი? ბ) როგორ მოიქცნენ მწყემსები ჩვილის ნახვის შემდეგ?

14 მალე იოსები და მარიამი მოინახულეს მწყემსებმა, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, ენახათ ახალდაბადებული იესო. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდათ. მათ სულმოუთქმელად ჩაირბინეს მთის ფერდობები, სადაც თავიანთ ფარებს მწყემსავდნენ. c მწყემსებმა მათი დანახვით განცვიფრებულ იოსებსა და მარიამს უამბეს, თუ რა საოცრება იხილეს: შუაღამისას ანგელოზი გამოეცხადათ, ირგვლივ იეჰოვას დიდება გაბრწყინდა. ანგელოზმა უთხრა მწყემსებს, რომ ახლა ბეთლემში ქრისტე, მესია, დაიბადა; ჩვილს სახვევებში გახვეულსა და ბაგაში ჩაწვენილს იპოვიდნენ. შემდეგ კი უფრო დიდი საოცრება მოხდა — ზეცაში ანგელოზთა დიდძალი ლაშქარი გამოჩნდა და ღმერთს ადიდებდა! (ლუკ. 2:8—14).

15 გასაკვირი არ არის, რომ ამ თავმდაბალმა კაცებმა არ დააყოვნეს ბეთლემში ჩასვლა. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ანგელოზის სიტყვისამებრ, ჩვილი ბაგაში მწოლიარე ნახეს. მათ ვერ დამალეს ეს ამბავი და „ბავშვის . . . შესახებ ნათქვამი სიტყვები აუწყეს. ვინც მწყემსების ნათქვამი მოისმინა, ყველა გაოცდა“ (ლუკ. 2:17, 18). შეიძლება ითქვას, რომ რელიგიური წინამძღოლები არაფრად აგდებდნენ მწყემსებს. იეჰოვა კი აფასებდა ამ თავმდაბალ და ღვთის ერთგულ მამაკაცებს. როგორ იმოქმედა მარიამზე მწყემსების სტუმრობამ?

იეჰოვა ნამდვილად აფასებდა ამ თავმდაბალ მწყემსებს

16. საიდან ჩანს, რომ მარიამი ბევრს ფიქრობდა და როგორ განუმტკიცა ამან რწმენა?

16 უდავოა, ახალნამშობიარები მარიამი თავს ძალიან სუსტად იგრძნობდა, მაგრამ მწყემსების ყოველ სიტყვას დიდი ყურადღებით ისმენდა. უფრო მეტიც, „მათ თითოეულ სიტყვას იმახსოვრებდა და გულში დასკვნებს აკეთებდა“ (ლუკ. 2:19). ეს ახალგაზრდა ქალი ყველაფერს უფიქრდებოდა და ღრმად აანალიზებდა. მან იცოდა, რომ ანგელოზის სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მის ღმერთს, იეჰოვას სურდა, რომ მარიამს სცოდნოდა, ვინ იქნებოდა მისი ვაჟი და რა როლს შეასრულებდა კაცობრიობის ისტორიაში. ამიტომ მარიამი ყოველ ნათქვამ სიტყვას უკვირდებოდა. ის გულში იმარხავდა ყოველ სიტყვას და თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, ფიქრობდა მათზე. სწორედ ამიტომ იყო მარიამის რწმენა ასეთი ძლიერი მთელი მისი ცხოვრების მანძილზე (წაიკითხეთ ებრაელების 11:1).

მარიამი გულისყურით უსმენდა მწყემსებს და ყველა სიტყვას გულში იმარხავდა

17. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მარიამს?

17 მიჰბაძავთ მარიამს? იეჰოვამ ბიბლიის ფურცლებზე ჩვენთვის ჭეშმარიტება დაწერა. თუმცა, დაწერილი თავისთავად ვერაფერს გააკეთებს, თუ არ წავიკითხავთ. საჭიროა, ყოველდღე ვიკითხოთ ბიბლია, მაგრამ არა ისე, როგორც მხატვრული ნაწარმოები, არამედ როგორც ღვთისგან შთაგონებული სიტყვა (2 ტიმ. 3:16). შემდეგ, მარიამის მსგავსად, წაკითხული გონებაში ჩავიბეჭდოთ და კარგად გავაანალიზოთ. როცა ვფიქრობთ წაკითხულზე, უკეთ ვხვდებით, როგორ გამოვიყენოთ იეჰოვას რჩევები. ასეთი სახით ჩვენს რწმენას ვასაზრდოებთ.

სულიერი განძით გამდიდრებული

18. ა) როგორ შეასრულეს მარიამმა და იოსებმა მოსეს კანონი? ბ) რაზე მეტყველებდა მარიამისა და იოსების მიერ ტაძარში მიტანილი შესაწირავი?

18 მარიამმა და იოსებმა მოსეს კანონის თანახმად, ბავშვი რვა დღის შემდეგ წინადაცვითეს და, ანგელოზის სიტყვისამებრ, იესო დაარქვეს (ლუკ. 1:31). მე-40 დღეს კი, განწმენდის დღეების დასრულების შემდეგ, ბავშვი იერუსალიმში წაიყვანეს, რომელიც ბეთლემიდან დაახლოებით 10 კილომეტრითაა დაშორებული. მათ ტაძარში უნდა მიეტანათ ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი, რასაც კანონი ღარიბებისთვის ითვალისწინებდა. მათ შეიძლება თავი უხერხულად ეგრძნოთ იმის გამო, რომ სხვა მშობლებივით ვერძს ვერ მიიტანდნენ შესაწირავად, მაგრამ ამაზე ბევრს არ წუხდნენ. მთავარი ის იყო, რომ ისინი ტაძარში სულიერად მხნევდებოდნენ (ლუკ. 2:21—24).

19. ა) რა უთხრა მარიამს სიმონმა ისეთი, რაც მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებოდა? ბ) როგორ მოიქცა ანა მას შემდეგ, რაც იესო ნახა?

19 ტაძარში მყოფ მარიამს მოხუცებული სიმონი მიუახლოვდა და გულში ჩამწვდომი სიტყვები უთხრა. სიმონს ზეციდან ეუწყა, რომ არ მოკვდებოდა, სანამ მესიას არ იხილავდა. მას იეჰოვას წმინდა სულმა გაუმჟღავნა, რომ პატარა იესო ნაწინასწარმეტყველები მხსნელი იქნებოდა. სიმონმა მარიამს ისიც უთხრა, რომ დადგებოდა დღე, როცა ისეთ ძლიერ ტკივილს იგრძნობდა, თითქოს გულში მახვილი ჩასცესო! (ლუკ. 2:25—35). მართალია, ეს არასასიამოვნო მოსასმენი იყო, მაგრამ შესაძლოა სწორედ ეს სიტყვები დაეხმარა მარიამს იმ საშინელი ტკივილის ატანაში, რომლის წინაშეც სამი ათეული წლის შემდეგ დადგა. ტაძარში ბავშვი წინასწარმეტყველმა ანამაც ნახა და მის შესახებ ელაპარაკებოდა ყველას, ვინც იერუსალიმის ხსნას ელოდა (წაიკითხეთ ლუკას 2:36—38).

იერუსალიმის ტაძარში მისული მარიამი და იოსები დიდად გამხნევდნენ

20. რატომ მიიღეს იოსებმა და მარიამმა სწორი გადაწყვეტილება, როცა იესო იერუსალიმის ტაძარში წაიყვანეს?

20 იოსებმა და მარიამმა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღეს, როცა ბავშვი იერუსალიმის ტაძარში წაიყვანეს. მათ ჩვილობიდანვე შეაყვარეს იესოს იეჰოვას ტაძარში სიარული. ტაძარში მათ ყველაფერი ისე გააკეთეს, რაც მათგან კანონის თანახმად მოითხოვებოდა და ის შესწირეს, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ. მათ იქ ყველაფერი ყურადღებით მოისმინეს და შინ გამხნევებულები დაბრუნდნენ. მარიამის რწმენა ახლა უფრო ძლიერი იყო, იგი სულიერი განძით გამდიდრდა, რაზეც დიდხანს იფიქრებდა და ისაუბრებდა სხვებთან.

21. რა შემთხვევაში განგვიმტკიცდება რწმენა მარიამის მსგავსად?

21 არაფერი ჯობს იმის ყურებას, როდესაც მშობლები იოსებსა და მარიამს ჰბაძავენ. იეჰოვას მოწმეებს თავიანთი შვილები რეგულარულად დაჰყავთ კრების შეხვედრებზე. დღეს ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ღმერთს საუკეთესოდ ემსახურონ და თანამორწმუნეებისთვის გამამხნევებელი სიტყვები არ დაიშურონ. იეჰოვას მოწმეები კრების ყოველი შეხვედრიდან ბედნიერები და სულიერი განძით გამდიდრებულები ბრუნდებიან. და სხვებისთვის, მათ შორის თქვენთვისაც, ბევრი აქვთ გასაზიარებელი! თუ მოუსმენთ მათ, მარიამის მსგავსად, თქვენი რწმენაც განმტკიცდება!

a ყურადღება მიაქციეთ ორ ბიბლიურ მონაკვეთს — როდესაც მარიამი იოსებთან ერთად გაემგზავრა და როცა მარიამი ელისაბედს ესტუმრა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა“ ელისაბედის სანახავად (ლუკ. 1:39). იმ დროს მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, მაგრამ ჯერ ცოლი არ ყოფილა; ამიტომ მას შეიძლება არც კი უკითხავს იოსებისთვის, წასულიყო თუ არა. მაგრამ ქორწინების შემდეგ უკვე იოსებმა გადაწყვიტა, რომ ბეთლემში უნდა წასულიყვნენ, და არა მარიამმა.

b იმ დროს ისრაელში მიღებული იყო, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მგზავრებისთვის ღამის გასათევი ადგილი მიეცათ.

c ის ფაქტი, რომ წელიწადის ამ დროს მწყემსებს ცხვარი ღია ცის ქვეშ ჰყავდათ, ადასტურებს იმას, რომ იესო დეკემბერში არ დაბადებულა. რადგან ამ დროს ფარა მინდორში ვერ იქნებოდა. იესო, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში დაიბადა.