არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 23

პეტრემ თავად იესოსგან ისწავლა პატიების ნამდვილი ფასი

პეტრემ თავად იესოსგან ისწავლა პატიების ნამდვილი ფასი

1. როდის დადგა პეტრეს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი წუთები?

 პეტრეს, ალბათ, არასდროს დაავიწყდებოდა ის საშინელი წუთები, როცა მოძღვარმა თვალი თვალში გაუყარა. დაინახა მან იესოს გამჭოლ მზერაში გულგატეხილობა ან იმედგაცრუება? დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით, რადგან ბიბლიაში მხოლოდ ამ სიტყვებს ვკითხულობთ: „უფალი მიბრუნდა და პეტრეს შეხედა“ (ლუკ. 22:61). იესოს ამ ერთი მზერით პეტრემ დაინახა თავისი შეცდომის სერიოზულობა. იგი მიხვდა, რომ სწორედ ის შეცდომა დაუშვა, რაზეც იესომ გააფრთხილა. პეტრე თავს დებდა, რომ არასდროს გასცემდა თავის მოძღვარს, მაგრამ ზუსტად ეს გააკეთა — თავისი საყვარელი მოძღვარი უარყო. ეს მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი წუთები იყო.

2. რის სწავლა სჭირდებოდა პეტრეს, და რას ვსწავლობთ მისი შემთხვევიდან?

2 ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი დაკარგული. პეტრეს დიდი რწმენა ჰქონდა, რის წყალობითაც შეეძლო გამოესწორებინა თავისი შეცდომები და თავად იესოსგან ესწავლა ბევრი რამ, მათ შორის პატიების ნამდვილი ფასი. არც ერთ ჩვენგანს არ გვაწყენდა იმის სწავლა, რაც პეტრემ მწარე გამოცდილების ფასად ისწავლა.

კაცი, რომლისგანაც ბევრის სწავლა შეიძლება

3, 4. ა) რა ჰკითხა პეტრემ იესოს, და რას შეიძლება ფიქრობდა ის? ბ) როგორ დაანახვა იესომ პეტრეს, რომ იმ დროს გავრცელებული მცდარი აზრის გავლენაში იყო მოქცეული?

3 ექვსი თვით ადრე, კაპერნაუმში ყოფნისას, პეტრემ იესოს ჰკითხა: „უფალო, რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს ძმას ჩემ წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა? შვიდჯერ?“ ალბათ, პეტრეს თავი დიდსულოვანი ეგონა, რადგან რელიგიური წინამძღოლები ხალხს ასწავლიდნენ, რომ სამჯერ პატიება საკმარისი იყო. იესომ მიუგო: „გეუბნები, შვიდჯერ კი არა, სამოცდაჩვიდმეტჯერ“ (მათ. 18:21, 22).

4 ხომ არ იგულისხმა იესომ, რომ პეტრეს უნდა აღერიცხა, ვინ რამდენჯერ აწყენინებდა? იესოს მიერ 7-ის ნაცვლად დასახელებული არცთუ ისე პატარა რიცხვი — 77 იმაზე მიუთითებს, რომ იესოს არ დაუდგენია ზღვარი (1 კორ. 13:4, 5). იესომ პეტრეს დაანახვა, რომ ის გულქვა და სასტიკი ადამიანების გავლენაში იყო მოქცეული, რომელთაც თითქოსდა სააღრიცხვო წიგნში შეჰქონდათ, ვის რამდენს პატიობდნენ. ამის საპირისპიროდ, ღმერთი დიდსულოვანი და მრავალმოწყალეა (წაიკითხეთ 1 იოანეს 1:7—9).

5. განსაკუთრებით როდის ვხვდებით პატიების ფასს?

5 პეტრე არ შეჰკამათებია იესოს. ნამდვილად დაინახა მან პატიების ფასი? ზოგჯერ მაშინ ვხვდებით მის ფასს, როცა თავად ვსაჭიროებთ პატიებას. ახლა გავიხსენოთ მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა იესოს სიკვდილს. ამ მძიმე წუთებში იესოს პეტრესთვის ბევრი რამ ექნებოდა საპატიებელი.

პატიების აუცილებლობა

6. რა რეაქცია ჰქონდა პეტრეს, როცა იესომ თავმდაბლობის მაგალითი უჩვენა, მაგრამ როგორ მოექცა იესო მას?

6 ეს იყო იესოს მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი, ისტორიული მნიშვნელობის საღამო. იესოს ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ესწავლებინა თავისი მოციქულებისთვის, მაგალითად, თავმდაბლობა. იესომ თავმდაბლობის მაგალითი მაშინ მისცა მოციქულებს, როცა ფეხები დაბანა. ეს იყო საქმე, რომელიც მსახურთა შორის ყველაზე მდაბიოს ევალებოდა. თავიდან პეტრემ იუარა, რომ იესო მომსახურებოდა და შეეწინააღმდეგა კიდეც. მაგრამ ცოტა ხანში ხელებისა და თავის დაბანაც სთხოვა. იესოს მოთმინების ძაფი არ გასწყდომია; მან მშვიდად აუხსნა პეტრეს, რატომ აკეთებდა ამას (იოან. 13:1—17).

7, 8. ა) როგორ გამოსცადა პეტრემ იესოს მოთმინება? ბ) როგორ ავლენდა იესო კვლავ დიდსულოვნებას?

7 არც ისე დიდი ხნის შემდეგ მოციქულებმა ერთმანეთში კამათი დაიწყეს, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი. უეჭველია, რომ პირველობისთვის ამ სამარცხვინო ბრძოლაში პეტრეც იქნებოდა ჩაბმული. ამის მიუხედავად, იესომ რბილად შეუსწორა თვალსაზრისი და აუღელვებლად აუხსნა მათ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, მისი ერთგულები რომ დარჩენილიყვნენ. თუმცა, ისიც უთხრა, რომ ყველა მოციქული მიატოვებდა. პეტრე დაჟინებით ეუბნებოდა, რომ სიკვდილის პირისპირაც კი მის გვერდით იქნებოდა. ამაზე იესომ მიუგო, რომ სწორედ იმ ღამეს, სანამ მამალი მეორედ იყივლებდა, სამჯერ უარყოფდა მას. პეტრე იმასაც იკვეხნიდა, რომ იესოს ერთგული დარჩებოდა მაშინაც კი, თუ ყველა მოციქული მიატოვებდა (მათ. 26:31—35; მარ. 14:27—31; ლუკ. 22:24—28; იოან. 13:36—38).

8 იესოს არც ამჯერად დაუკარგავს მოთმინება. ასეთ უმძიმეს წუთებშიც კი ის თავის არასრულყოფილ მოციქულებში კარგის დანახვას ცდილობდა. მან იცოდა, რომ პეტრე მიატოვებდა, მაგრამ ასეთი სიტყვებით გაამხნევა: „მე ვილოცე შენთვის, რომ რწმენა არ გამოგელიოს, და როცა შემობრუნდები, განამტკიცო შენი ძმები“ (ლუკ. 22:32). ამგვარად, იესომ ნდობა გამოუცხადა პეტრეს; მას სჯეროდა, რომ იგი გამოასწორებდა შეცდომას და კვლავ შეუდგებოდა ერთგულ მსახურებას. რამხელა დიდსულოვნება გამოიჩინა იესომ!

9, 10. ა) რატომ შეუსწორა იესომ პეტრეს თვალსაზრისი გეთსემანეს ბაღში? ბ) რას შეგვახსენებს პეტრეს შემთხვევა?

9 მოგვიანებით, გეთსემანეს ბაღში იესომ რამდენჯერმე შეუსწორა პეტრეს თვალსაზრისი. იესომ სთხოვა მას, იაკობსა და იოანეს, სანამ ილოცებდა, ეფხიზლათ. იესო ენით აუწერელ ემოციურ ტკივილს გრძნობდა და მხარდაჭერა სჭირდებოდა, მაგრამ პეტრესა და სხვა მოციქულებს რამდენჯერმე ჩაეძინათ. იესომ დიდსულოვნება გამოავლინა და მათ მდგომარეობაში შევიდა. ეს მისი სიტყვებიდან გამოჩნდა: „სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“ (მარ. 14:32—41).

10 მალე იქ ბრბო გამოჩნდა ჩირაღდნებით ხელში. ისინი მახვილებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. ახლა მოწაფეებს წინდახედულება უნდა გამოეჩინათ და ფრთხილად ემოქმედათ. მაგრამ პეტრემ დაუფიქრებლად იშიშვლა მახვილი, მღვდელმთავრის მონას, მალქეს დაჰკრა და მარჯვენა ყური ჩაათალა. იესო არ გასწყრომია პეტრეს, თუმცა დაანახვა თავისი შეცდომა. მან მონას ყური გაუმთელა და მოწაფეებს აუხსნა, რომ ძალისმიერი მეთოდებით არ გასწორებოდნენ მოწინააღმდეგეს; ეს პრინციპი დღემდე მოქმედებს ქრისტიანებში (მათ. 26:47—55; ლუკ. 22:47—51; იოან. 18:10, 11). პეტრემ უკვე ბევრი შეცდომა დაუშვა, რის გამოც თავისი მოძღვრისგან პატიებას საჭიროებდა. მისი შემთხვევა შეგვახსენებს, რომ „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“ (წაიკითხეთ იაკობის 3:2). რომელ ჩვენგანს არ ესაჭიროება ყოველდღიურად ღვთისგან პატიების მიღება? სწორედ ღვთისგან პატიების მიღება სჭირდებოდა პეტრეს, განსაკუთრებით კი იმ ღამით, როცა გაცილებით სერიოზულ შეცდომას დაუშვებდა.

პეტრეს ყველაზე დიდი მარცხი

11, 12. ა) როგორ გამოავლინა პეტრემ გაბედულება იესოს დაპატიმრების შემდეგ? ბ) რატომ ვერ შეასრულა პეტრემ ის, რასაც იქადდა?

11 იესომ იცოდა, რომ ბრბო მას ეძებდა; ამიტომ, უთხრა მათ, მოწაფეები გაეშვათ. პეტრე ვერაფერს აკეთებდა, როცა იესოს ბოჭავდნენ. მალე ის და სხვა მოციქულები გაიქცნენ.

12 თუმცა, პეტრე და იოანე შეჩერდნენ და გადაწყვიტეს, შორიახლოს გაჰყოლოდნენ თავიანთ მოძღვარს ყოფილი მღვდელმთავრის, ანას ეზომდე, სადაც პირველად დაკითხეს იესო (მათ. 26:58; იოან. 18:12, 13). პეტრე არ იყო ლაჩარი. ის ხომ გაბედულად გაჰყვა იესოს! ბრბო შეიარაღებული იყო, თან პეტრემ ერთ-ერთი მათგანი დაჭრა. მიუხედავად ამისა, მან, როგორც თავად იქადდა, არ გამოავლინა თავგანწირული სიყვარული — სურვილი იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში თავს გასწირავდა თავისი მოძღვრისთვის (მარ. 14:31).

13. მხოლოდ რა შემთხვევაში ვიქნებით იესოს ნამდვილი მიმდევრები?

13 პეტრეს მსგავსად, დღეს ბევრი სხვებისგან შეუმჩნევლად, „შორიახლოს მიჰყვება“ იესოს. მაგრამ როგორც თავად პეტრემ დაწერა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით იესოს ნამდვილი მიმდევრები, თუ ყველანაირად შევეცდებით, ერთგულად მივყვეთ მის ნაკვალევს და, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერში მას მივბაძოთ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:21).

14. რას აკეთებდა პეტრე იმ ღამეს, როცა იესო დაკითხვაზე ჰყავდათ?

14 პეტრე საბოლოოდ იერუსალიმის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სახლის ეზოში აღმოჩნდა. ეს იყო გავლენიანი და შეძლებული მღვდელმთავრის, კაიაფას, სახლი. ასეთ სახლებს, ჩვეულებრივ, ჰქონდათ შიდა ეზო და ჭიშკარი. პეტრე მიუახლოვდა ჭიშკარს, მაგრამ შიგნით არ შეუშვეს. იოანე, რომელიც უკვე ეზოში იყო, გარეთ გამოვიდა და კარისკაცს პეტრეს შიგნით შეშვება სთხოვა. როგორც ჩანს, პეტრე იოანესაც დაშორდა, თუმცა არც სახლში შესვლა უცდია, რომ იესოს გვერდით ყოფილიყო. იგი ეზოში დარჩა, სადაც მოსამსახურეები ამ ცივ ღამეს აგიზგიზებულ ცეცხლთან თბებოდნენ და თან თვალს ადევნებდნენ იმ ცრუმოწმეებს, რომლებიც რიგრიგობით შეჰყავდათ იესოს დაკითხვის პროცესზე (მარ. 14:54—57; იოან. 18:15, 16, 18).

15, 16. როგორ შესრულდა იესოს წინასწარმეტყველება პეტრეზე?

15 ერთ მოახლე გოგოს, რომელმაც ჯერ კიდევ ჭიშკართან შეამჩნია პეტრე, კოცონის შუქზე ეცნო მისი სახე. მან ჰკითხა პეტრეს: „შენც იესო გალილეელთან იყავი!“. პეტრესთვის ეს მოულოდნელი იყო; მან უარყო, რომ იცნობდა იესოს და მოახლის ნათქვამი გაიკვირვა კიდეც. ხალხის თვალს რომ მოჰფარებოდა, ჭიშკრისკენ გაბრუნდა, მაგრამ სხვა მოახლემაც შეამჩნია და ყველას გასაგონად თქვა: „ეს კაცი იესო ნაზარეთელთან იყო“. პეტრემ დაიფიცა: „არ ვიცნობ ამ კაცს“ (მათ. 26:69—72; მარ. 14:66—68). ალბათ, მამალმა პირველად მაშინ დაიყივლა, როცა პეტრემ მეორედ უარყო იესო, მაგრამ იგი იმდენად იყო დაბნეული, რომ არც კი მიაქცია ყურადღება და სულ გადაავიწყდა ის, რაც რამდენიმე საათის წინ იესომ უთხრა.

16 ცოტა ხნის შემდეგ პეტრეს კვლავ მოუწია, გარიდებოდა ხალხს, მაგრამ ეზოში შეკრებილებმა კვლავ დაუწყეს მას ლაპარაკი. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც მღვდელმთავრის მონა და მალქეს ნათესავი იყო, ვისაც პეტრემ ყური ჩაათალა, ჰკითხა მას: „შენ არ იყავი, ბაღში რომ გნახე მასთან ერთად?“. პეტრემ კვლავ დაიწყო იმის მტკიცება, რომ ცდებოდნენ. იგი ფიცილსა და წყევლას მოჰყვა, რომ არ იცნობდა იესოს. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მეორედ იყივლა მამალმა (იოან. 18:26, 27; მარ. 14:71, 72).

„უფალი მიბრუნდა და პეტრეს შეხედა“

17, 18. ა) რა დღეში ჩავარდა პეტრე, როცა გაიაზრა რომ თავის მოძღვარს უღალატა? ბ) რას ფიქრობდა პეტრე?

17 სწორედ იმ წამს, როგორც ჩანს, იესო აივანზე გამოვიდა, რომელიც შიდა ეზოს გადაჰყურებდა. მან პეტრეს თვალი თვალში გაუყარა. მაშინ პეტრე მიხვდა, რა ჩაიდინა; მან ხომ თავის საყვარელ მოძღვარს უღალატა! დანაშაულის საშინელი გრძნობით დამძიმებულმა პეტრემ დაუყოვნებლივ დატოვა იქაურობა და თავგზააბნეულმა სავსე მთვარის შუქით განათებული ქალაქის ქუჩებში დაიწყო ხეტიალი. გზად ის მწარედ მოთქვამდა. უგზო-უკვლოდ სიარულში თავზე დაათენდა (მარ. 14:72; ლუკ. 22:61, 62).

18 დანაშაულის სიმძიმის ბოლომდე გააზრების შემდეგ ადვილი შესაძლებელია, დაასკვნათ, რომ ჩადენილი ცოდვის პატიება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. შეიძლება პეტრეც ამავეს ფიქრობდა. აპატია იესომ პეტრეს?

იყო თუ არა პეტრე პატიების ღირსი?

19. რას იგრძნობდა პეტრე ღალატის შემდეგ და საიდან ვიცით, რომ ის დარდს არ შთაუნთქავს?

19 რთულია იმის წარმოდგენა, თუ რა გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა პეტრე მას შემდეგ, რაც უარყო თავისი მოძღვარი; უდავოა, რომ მომდევნო დღეს განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო დაუმძიმებდა გულს. ალბათ, როგორ კიცხავდა იგი საკუთარ თავს იმ დროს, როცა იესო რამდენიმესაათიანი წამების შემდეგ მოკვდა. ის საშინლად იგრძნობდა თავს იმის გახსენებაზე, თუ რა ტკივილი მიაყენა ისედაც ნატანჯ იესოს, როცა სიცოცხლის უკანასკნელ დღეს მიატოვა. ყველაფრის მიუხედავად, პეტრე დარდს არ შთაუნთქავს. სახარებიდან ვიგებთ, რომ მალე იგი ისევ თავის ძმებთან ერთად იყო (ლუკ. 24:33). ცხადია, ყველა მოციქული ინანებდა იმას, რაც იმ ავადსახსენებელ ღამეს გააკეთეს. ახლა მათ ისღა დარჩენოდათ, ერთმანეთი ენუგეშებინათ.

20. რატომ შეიძლება პეტრეზე ითქვას, რომ იმ დროს მან ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო და რას ვსწავლობთ მისი მაგალითიდან?

20 ამ შემთხვევაში პეტრეზე შეიძლება ითქვას, რომ მან თავის ცხოვრებაში ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. ადვილი შესაძლებელია, რომ ღვთის მსახური სულიერად დაეცეს, მაგრამ ამ დროს მთავარი ის კი არ არის, რამდენად სერიოზული შეცდომა დაუშვა, არამედ ის, იპოვა თუ არა საკუთარ თავში ძალა შეცდომის გამოსასწორებლად (წაიკითხეთ იგავების 24:16). პეტრეს ძლიერი რწმენა იქიდან გამოჩნდა, რომ გულგატეხილობის მიუხედავად, ძმებთან ერთად ყოფნა არჩია. მას, ვინც რაიმეს დარდობს ან ნანობს, ბუნებრივია, განმარტოების სურვილი ჰქონდეს, თუმცა ეს სახიფათოა (იგავ. 18:1). კარგია, თუ იგი თანამორწმუნეების გვერდით იქნება და სულიერ ძალას აღიდგენს (ებრ. 10:24, 25).

21. რა შეიტყო პეტრემ თავისი სულიერი ძმებისგან?

21 პეტრემ სწორედ თავისი სულიერი ძმებისგან შეიტყო გამაოგნებელი ამბავი, რომ იესოს სხეული სამარხიდან გამქრალიყო. ამის გაგებისთანავე პეტრე და იოანე სამარხისკენ გაიქცნენ, სადაც რამდენიმე დღის წინ იესო დაასვენეს და შესასვლელთან ლოდი მიაგორეს. იოანემ, რომელიც, როგორც ჩანს, შედარებით ახალგაზრდა იყო, პირველმა მიირბინა სამარხთან. მაგრამ როდესაც ლოდი გადაგორებული დაინახა, ვერ გაბედა შესვლა, რასაც ვერ ვიტყვით პეტრეზე. სირბილისგან ლამის გულამოვარდნილი პეტრე სამარხში შევიდა, რომელიც ცარიელი დახვდა (იოან. 20:3—9).

22. რამ გაუფანტა პეტრეს ეჭვი და რატომ აღარ ჰქონდა გულგატეხილობის მიზეზი?

22 დაიჯერა იმ წუთში პეტრემ, რომ იესო მკვდრეთით აღდგა? თავდაპირველად გაუჭირდა ამის დაჯერება მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ანგელოზებმა ღვთის ერთგულ ქალებს იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ აცნობეს (ლუკ. 23:55—24:11). მაგრამ დღის ბოლოს პეტრეს ეჭვისა და გულგატეხილობის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. იესო უკვე ცოცხალი, ძლევამოსილი სულიერი პიროვნება იყო! იგი ეჩვენა ყველა თავის მოციქულს. იმ დღეს იესომ განსაკუთრებული რამ გააკეთა პეტრესთვის. მოციქულები ამბობდნენ: „უფალი მართლა აღდგა და სიმონს ეჩვენა!“ (ლუკ. 24:34). მოგვიანებით, პავლე მოციქულიც წერდა ამ გასაოცარი მოვლენის შესახებ, როცა იესო „ეჩვენა კეფას, შემდეგ კი — თორმეტს“ (1 კორ. 15:5). პეტრეს სიმონს და კეფასაც ეძახდნენ. იესო სწორედ იმ დღეს ეჩვენა პეტრეს, როდესაც ეს უკანასკნელი შესაძლოა მარტო იყო.

პეტრე ნამდვილად საჭიროებდა არაერთი შეცდომის გამო თავისი მოძღვრისგან პატიებას, მაგრამ რომელ ჩვენგანს არ ესაჭიროება ყოველდღიურად პატიება?!

23. რატომ უნდა ახსოვდეთ დღეს იმ ქრისტიანებს პეტრეს მაგალითი, რომელთაც სერიოზული შეცდომა დაუშვეს?

23 ბიბლიაში დაწვრილებით არ არის მოთხრობილი, რა მოხდა ამ ამაღელვებელი შეხვედრის დროს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამხელა სიხარულს იგრძნობდა პეტრე, როცა თავის საყვარელ მოძღვარს ცოცხალს დაინახავდა და თავისი სინანულის გამოთქმის საშუალება მიეცემოდა. ახლა მას ყველაზე მეტად ის სურდა, რომ იესოს მისთვის ეპატიებინა. ეჭვს ვერავინ შეიტანს იმაში, რომ იესომ დიდსულოვნება გამოიჩინა და აპატია პეტრეს. ქრისტიანებს, რომლებიც დღეს სცოდავენ, უნდა ახსოვდეთ პეტრეს შემთხვევა. ნუ ვიფიქრებთ, რომ არასდროს გავხდებით პატიების ღირსი. იესომ სრულყოფილად მიჰბაძა მამას, რომელიც „მრავლის მიმტევებელია“ (ეს. 55:7).

დიდსულოვნების კიდევ ერთი მტკიცებულება

24, 25. ა) აღწერეთ პეტრეს თევზაობა გალილეის ზღვაზე. ბ) როგორ მოიქცა პეტრე, როდესაც გამთენიისას იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მოწმე გახდა?

24 იესომ უთხრა თავის მოციქულებს, რომ გალილეაში წასულიყვნენ, სადაც კვლავ შეხვდებოდა მათ. პეტრემ გადაწყვიტა, სათევზაოდ წასულიყო გალილეის ზღვაზე და რამდენიმე მოწაფე გაიყოლა. ამ დროს პეტრეს, უეჭველად, გაახსენდებოდა ტბა, სადაც ახალგაზრდობისას ხშირად თევზაობდა. ნავის ჭრიალისა და ტალღების შხეფების ხმაზე პეტრეს, რომელსაც თევზის დასაჭერად უხეში ბადეები ჰქონდა მომარჯვებული, ალბათ, მისთვის კარგად ნაცნობი გრძნობა დაეუფლებოდა. საინტერესოა, ფიქრობდა თუ არა პეტრე მაშინ, როგორ უნდა ეცხოვრა იესოს დედამიწაზე მსახურების დასრულების შემდეგ? ხომ არ დაუბრუნდებოდა ის თავის საყვარელ საქმეს, მეთევზეობას? როგორც უნდა ყოფილიყო, იმ ღამეს მათ ვერც ერთი თევზი ვერ დაიჭირეს (მათ. 26:32; იოან. 21:1—3).

პეტრე ნავიდან გადახტა და ნაპირისკენ გაცურა

25 გამთენიისას ნაპირიდან მათ ვიღაცამ დაუძახა, რომ ნავის მეორე მხარეს ესროლათ ბადეები. მათაც ისროლეს და 153 დიდი თევზი დაიჭირეს. პეტრემ იცოდა, ვინ დაუძახა ნაპირიდან. იგი ნავიდან გადახტა და ნაპირისკენ გაცურა. იესომ მათ ნაკვერჩხლებზე თევზი მოუმზადა. მან პეტრეს მიაპყრო მზერა (იოან. 21:4—14).

26, 27. ა) რისი შესაძლებლობა მისცა იესომ პეტრეს სამჯერ? ბ) როგორი დიდსულოვნება გამოავლინა იესომ პეტრეს მიმართ?

26 იესომ ჰკითხა პეტრეს, უყვარდა თუ არა თავისი უფალი „მათზე მეტად“; იგი, როგორც ჩანს, დიდი რაოდენობით დაჭერილ თევზს გულისხმობდა. რა ხდებოდა ამ დროს პეტრეს გულში? ნუთუ გადაწონიდა თევზჭერის სიყვარული იესოს სიყვარულს? რამდენადაც პეტრემ სამჯერ უარყო თავისი მოძღვარი, იესომაც სამჯერ დაუსვა მას კითხვა და მისცა საშუალება, მეგობრების წინაშე დაემტკიცებინა თავისი სიყვარული. პეტრე ასეც მოიქცა, რის შემდეგაც იესომ აუხსნა, როგორ უნდა გამოევლინა სიყვარული; მას წმინდა მსახურება ყველაფერზე წინ უნდა დაეყენებინა და დაემწყემსა ქრისტეს ფარა, ანუ მისი ერთგული მიმდევრები (ლუკ. 22:32; იოან. 21:15—17).

27 ამგვარად, იესომ დაარწმუნა პეტრე, რომ იგი ისევ გამოსადეგი იყო მისთვის და მამისთვის. ქრისტეს ხელმძღვანელობით პეტრეს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებაში. რამხელა დიდსულოვნება გამოავლინა იესომ! უდავოა, რომ პეტრეს გულგრილს არ დატოვებდა ასეთი მოპყრობა. ეს, უდავოდ, წარუშლელ კვალს დატოვებდა მასზე!

28. როგორ გაამართლა პეტრემ თავის სახელის მნიშვნელობა?

28 პეტრე მრავალი წლის მანძილზე ერთგულად ასრულებდა თავის დავალებას. იგი ამხნევებდა თავის ძმებს, როგორც იესომ დაუბარა სიკვდილის წინა დღეს. პეტრე სათუთად და მოთმინებით მწყემსავდა ქრისტეს ფარას. სიმონმა ნამდვილად გაამართლა თავისი მოძღვრის მიერ შერქმეული სახელი — პეტრე, ანუ კლდე; იგი სამუდამოდ გახდა კრებისთვის მტკიცე და ძლიერი საყრდენი. ამას ადასტურებს თავად პეტრეს მიერ დაწერილი ორი თბილი წერილი, რომელიც ბიბლიის წიგნების განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც ამ წერილებიდან გამოჩნდა, პეტრეს არასდროს დავიწყებია იესოსგან ნასწავლი პატიების ნამდვილი ფასი (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:8, 9; 4:8).

29. როგორ შეგვიძლია პეტრეს მსგავსი რწმენა გამოვავლინოთ და მისი მოძღვარივით დიდსულოვნები ვიყოთ?

29 ჩვენც შეგვიძლია ამ შემთხვევიდან ბევრი რამის სწავლა. ვთხოვთ ღმერთს ყოველდღიურად პატიებას არაერთი შეცდომისთვის? გვჯერა, რომ იეჰოვა ჩვენს შეცდომებსაც სამუდამოდ დაივიწყებს? ვავლენთ გარშემომყოფთა მიმართ დიდსულოვნებას და ვპატიობთ შეცდომებს? თუ ასეა, ისეთივე რწმენას ვავლენთ, როგორსაც პეტრე, და ისეთივე გულმოწყალეები ვართ, როგორც მისი მოძღვარი, იესო.