გამოსვლა 23:1—33

  • ისრაელისთვის მიცემული კანონები (1—19).

    • პატიოსნებისა და სამართლიანობის შესახებ (1—9).

    • შაბათებისა და დღესასწაულების შესახებ (10—19).

  • ისრაელს ანგელოზი წაუძღვება (20—26).

  • აღთქმული მიწის დაუფლება და საზღვრები (27—33).

23  „არ გაავრცელო ცრუ ამბავი.+ მხარი არ დაუჭირო ბოროტს და მოწმედ არ დაუდგე.+  არ აჰყვე უმრავლესობას ბოროტების ჩადენაში; არ დაემოწმო უმრავლესობას და არ გაამრუდო სამართალი.  მიუკერძოებელი იყავი ღარიბის მიმართ სადავო საქმეში.+  თუ შენი მტრის დაკარგულ ხარს ან ვირს წააწყდები, დაუბრუნე მას.+  თუ შენი მოძულის ვირს ტვირთქვეშ მოყოლილს დაინახავ, არ მიატოვო; მოხსენი ტვირთი.+  არ გაუმრუდო ღარიბს სამართალი სადავო საქმეში.+  ცრუდ არავის დასდო ბრალი. არ მოკლა უდანაშაულო და მართალი, რადგან ბოროტს არ გავამართლებ.+  არ აიღო ქრთამი, რადგან ქრთამი გამჭრიახს აბრმავებს და მართალს უკუღმართად ალაპარაკებს.+  არ დაჩაგრო ხიზანი; თქვენ იცით, რას ნიშნავს ხიზნობა, ვინაიდან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტეში.+ 10  ექვსი წელი თესე თესლი შენს მიწაზე და აიღე ნაყოფი,+ 11  მაგრამ მეშვიდე წელს მიწა არ დაამუშაო, დაუმუშავებელი დატოვე; შენ ხალხს შორის ღარიბებმა შეჭამონ ის, რაც ამ მიწაზე თავისით მოვა, ხოლო რაც დარჩება, გარეული ცხოველები შეჭამენ. ასევე მოიქეცი ვენახისა და ზეთისხილის კორომის შემთხვევაში. 12  ექვსი დღე აკეთე შენი საქმე, მეშვიდე დღეს კი შეწყვიტე საქმის კეთება, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და ვირმა, შენი მხევლის შვილმა და თქვენ შორის მცხოვრებმა უცხოელმა.+ 13  დაიცავი ყველაფერი, რაც გითხარი.+ არ მოუხმო სხვა ღმერთებს; არ დასცდეს ის შენს ბაგეს.+ 14  წელიწადში სამჯერ გამიმართე დღესასწაული.+ 15  იზეიმე უფუარობის დღესასწაული.+ შვიდი დღე ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, დანიშნულ დროს, აბიბის თვეში,+ რადგან მაშინ გამოხვედი ეგვიპტიდან. არავინ წარდგეს ხელცარიელი ჩემ წინაშე.+ 16  შენი შრომის პირველმოწეული ნაყოფის დღესასწაულიც* იზეიმე, როცა აიღებ იმას, რაც მინდორში დათესე.+ წლის ბოლოს მოსავლის აღების დღესასწაულიც* იზეიმე, როცა აიღებ შენს ნაშრომს.+ 17  ყოველი მამაკაცი წელიწადში სამჯერ წარდგეს ჭეშმარიტი უფლის, იეჰოვას წინაშე.+ 18  ჩემთვის განკუთვნილი მსხვერპლის სისხლთან ერთად საფუვრიანი არაფერი შემომწირო. ჩემს დღესასწაულზე შეწირული ქონი დილამდე არ უნდა დარჩეს. 19  შენი მიწის პირველი ნაყოფიდან საუკეთესო მიიტანე შენი ღვთის, იეჰოვას, სახლში.+ არ მოხარშო თიკანი თავისი დედის რძეში.+ 20  ანგელოზს წაგიმძღვარებ,+ რომ დაგიფაროს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილზე, რომელიც მოვამზადე.+ 21  ყურადღებით მოუსმინე და დაემორჩილე მას. არ ეურჩო, თორემ არ გაპატიებს ცოდვას,+ რადგან ის ჩემი სახელით მოქმედებს*. 22  მაგრამ, თუ გულისყურით მოუსმენ მას, დაემორჩილები და ყველაფერს გააკეთებ, რასაც გეუბნები, ვინც შენ გმტრობს, მისი მტერი ვიქნები, და ვინც გიპირისპირდება, დავუპირისპირდები. 23  წაგიძღვება ჩემი ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხიველებთან და იებუსელებთან, და ამოვწყვეტ მათ.+ 24  არ სცე თაყვანი მათ ღმერთებს და არ ემსახურო, არ გადაიღო მათი ჩვევები.+ გაანადგურე მათი კერპები და დაანგრიე მათი სათაყვანო სვეტები.+ 25  ემსახურე იეჰოვას, შენს ღმერთს.+ ის აკურთხებს შენს პურსა და წყალს+ და აგაშორებს სნეულებას.+ 26  არ იქნება შენს ქვეყანაში არც მუცელმოწყვეტილი და არც უშვილო ქალი.+ დღეგრძელი იქნები. 27  შენ მისვლამდე ჩემდამი შიში შეიპყრობს ყველა ხალხს+ და თავგზას ავუბნევ მათ; შენს მტრებს უკუვაქცევ.+ 28  შენ მისვლამდე მხნეობას წავართმევ*+ ხიველებს, ქანაანელებსა და ხეთელებს+ და მოგცილდებიან. 29  არ განვდევნი მათ იქიდან ერთი წლის განმავლობაში, რათა მიწა არ გაუკაცრიელდეს, მხეცები არ მომრავლდნენ და არ შემოგესიონ.+ 30  ნელ-ნელა განვდევნი მათ, სანამ არ გამრავლდები და არ დაიმკვიდრებ იმ მიწას.+ 31  დაგიდგენ საზღვარს წითელი ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე და უდაბნოდან მდინარემდე*.+ ხელში ჩაგიგდებ იმ მიწის მკვიდრთ და განდევნი.+ 32  არ დადო შეთანხმება არც მათთან და არც მათ ღმერთებთან.+ 33  არ იცხოვრონ მათ შენს მიწაზე, რათა ცოდვა არ ჩაგადენინონ. თუ მათ ღმერთებს ემსახურები, ეს მახედ გექცევა“.+

სქოლიოები

აგრეთვე ეწოდება კვირების დღესასწაული (ორმოცდამეათე დღის დღესასწაული).
აგრეთვე ეწოდება კარვობის დღესასწაული.
სიტყვასიტყვით — „მასშია ჩემი სახელი“.
ან შესაძლოა: „შიშის ზარს დავცემ“.
იგულისხმება ევფრატი.