არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 21

ის შიშსა და ეჭვებს ებრძოდა

ის შიშსა და ეჭვებს ებრძოდა

1—3. რისი მოწმე გახდა პეტრე, და რა ხდებოდა მის თავს იმ ღამით?

 პეტრე მთელი ძალით უსვამს ნიჩბებს და ღამის წყვდიადში გზას მიიკვლევს. აღმოსავლეთით ცამ მტრედისფრად ინათა. ტალღებთან რამდენიმესაათიანი ჭიდილის გამო მას მხრები და ხელები სტკივა. ქარი თმას უწეწავს. გალილეის ზღვის გაშმაგებული ტალღები სათევზაო ნავს ეხეთქება და პეტრეს ასველებს, მაგრამ ის სვლას განაგრძობს.

2 ცოტა ხნის წინ პეტრემ და მისმა თანამგზავრებმა იესო მარტო დატოვეს ნაპირზე. იმ დღეს ისინი თავად გახდნენ იმის მომსწრენი, რომ იესომ რამდენიმე პურითა და თევზით ათასობით მშიერი ადამიანი დააპურა. ხალხმა მისი გამეფება მოინდომა, მაგრამ იესოს არ სურდა, პოლიტიკაში ჩარეულიყო. მას არც ის უნდოდა, რომ მისი მიმდევრები თვითგანდიდების სურვილს შეეპყრო. ხალხს რომ გარიდებოდა, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, ნავში ჩამსხდარიყვნენ და გაღმა გასულიყვნენ. თვითონ კი მთაზე ავიდა სალოცავად (მარ. 6:35—45; წაიკითხეთ იოანეს 6:14—17).

3 როდესაც მოწაფეები ნავში ჩასხდნენ, თავზე სავსე მთვარე დაჰნათოდათ. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ მთვარე უკვე დასავლეთით გადაიხარა. არაქათგამოცლილი მოწაფეების ლაპარაკს ქარისა და ტალღების ხმა ახშობდა. ამ დროს პეტრე შესაძლოა ფიქრებში იყო წასული.

ორი წლის მანძილზე პეტრემ ბევრი რამ ისწავლა იესოსგან, მაგრამ მას ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ესწავლა

4. რატომ არის პეტრე ჩვენთვის მისაბაძი?

4 მას მართლაც ბევრ რამეზე ჰქონდა საფიქრალი! ის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იესო ნაზარეთელთან ერთად დადიოდა და მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრე გახდა. პეტრემ ბევრი რამ ისწავლა იესოსგან, მაგრამ მას ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა მოუწევდა. ის ცდილობდა, შიში და ეჭვები დაეძლია, რითაც მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა.

„მესია ვიპოვეთ“!

5, 6. რა საქმიანობით იყო პეტრე დაკავებული?

5 პეტრეს, ალბათ, არასოდეს დაავიწყდებოდა ის დღე, როცა იესოს პირველად შეხვდა ნაზარეთში. მისმა ძმამ, ანდრიამ საოცარი ამბავი აუწყა: „მესია ვიპოვეთ“! ამის შემდეგ პეტრეს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდებოდა (იოან. 1:41).

6 პეტრე ცხოვრობდა კაპერნაუმში, ქალაქში, რომელიც მტკნარი ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე იყო გაშენებული. ეს ტბა გალილეის ზღვის სახელითაა ცნობილი. ის, ანდრია და ზებედეს ვაჟები — იაკობი და იოანე, მებადურები იყვნენ. პეტრე, მისი ცოლი, სიდედრი და ანდრია ერთ სახლში ცხოვრობდნენ. თევზჭერით რომ ოჯახი ერჩინათ, მძიმედ უნდა ეშრომათ და გამჭრიახობა გამოევლინათ. წარმოიდგინეთ, რამდენ უძილო ღამეს გაატარებდნენ მეთევზეები გალილეის ზღვაში და რამდენჯერ მოუწევდათ ნავებს შორის ბადეების გაჭიმვა და ნავზე ამოთრევა. გარდა ამისა, რამდენი დრო და ძალისხმევა დასჭირდებოდათ თევზის დასახარისხებლად და გასაყიდად, ბადეების დასაკერებლად და გასარეცხად.

7. რა გაიგო პეტრემ იესოზე და როგორ იმოქმედა ამ ცნობამ მასზე?

7 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ანდრია იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. პეტრე გულისყურით მოისმენდა თავისი ძმისგან იმ ცნობას, რომელსაც იოანე ქადაგებდა. ერთ დღეს ანდრიამ გაიგო, რა თქვა იოანე ნათლისმცემელმა იესო ნაზარეთელზე: „აი ღვთის კრავი!“. ანდრია მაშინვე იესოს მოწაფე გახდა და პეტრეს ახარა, რომ მესია იპოვა (იოან. 1:35—40). ამ მოვლენამდე დაახლოებით 4 000 წლით ადრე, როდესაც ედემის ბაღში ადამი და ევა იეჰოვას აუმხედრდნენ, ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ დედამიწას მოევლინებოდა მხსნელი, რომელიც კაცობრიობას ნამდვილ იმედს ჩაუსახავდა (დაბ. 3:15). ანდრია სწორედ მხსნელს, მესიას, შეხვდა. პეტრესაც ერთი სული ჰქონდა, იესო ენახა.

8. რა სახელი დაარქვა იესომ პეტრეს, რას ნიშნავს ის, და რატომ ფიქრობს ზოგი, რომ პეტრე ვერ ამართლებდა თავის სახელს?

8 იესოსთან შეხვედრამდე პეტრეს სიმონის სახელით იცნობდნენ. იესომ შეხედა მას და უთხრა: «შენ სიმონი ხარ, იოანეს ვაჟი. ამიერიდან გერქმევა კეფა (ბერძნულად „პეტრე“)» (იოან. 1:42). სიტყვა „კეფა“ ნიშნავს „ქვას“ ან „კლდეს“. როგორც ჩანს, იესოს მიერ პეტრესთვის ახალი სახელის დარქმევას წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. იესომ დაინახა, რომ პეტრე „კლდესავით“ მტკიცე, მყარი და საიმედო საყრდენი იქნებოდა თავისი მიმდევრებისთვის. პეტრეც ამავეს ფიქრობდა საკუთარ თავზე? როგორც ჩანს, არა. დღესაც კი სახარებების ზოგ მკითხველს პეტრე კლდესავით მტკიცე პიროვნებად არ მიაჩნია. ზოგიერთის აზრით, ბიბლია პეტრეს ცვალებადი ბუნებისა და მერყევი ხასიათის ადამიანად აღწერს.

9. რას ეძებენ იეჰოვა და მისი ძე ჩვენში, და რატომ უნდა გავითვალისწინოთ მათი თვალსაზრისი?

9 პეტრეს მართლაც ჰქონდა სისუსტეები, რასაც იესოც ხედავდა. მაგრამ იესო თავისი მამის, იეჰოვას მსგავსად, ყოველთვის კარგს ეძებს ადამიანებში. იესომ დაინახა, რამდენი კარგი საქმის გაკეთებას შეძლებდა პეტრე. ამიტომ, ცდილობდა, დახმარებოდა მას კარგი თვისებების განვითარებაში. იეჰოვა და მისი ძე დღესაც კარგს ეძებენ თითოეულ ადამიანში. თუმცა, შეიძლება ვფიქრობთ, რომ ისინი ბევრ კარგ თვისებას ვერ იპოვიან ჩვენში. მიუხედავად ამისა, საჭიროა, გავითვალისწინოთ მათი თვალსაზრისი და პეტრეს მსგავსად, მზად ვიყოთ, ვისწავლოთ მათგან და ჩვენი გამოძერწვის საშუალება მივცეთ (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:19, 20).

„ნუ გეშინია“

10. რისი მოწმე შეიძლება გახდა პეტრე, მაგრამ რას დაუბრუნდა?

10 იესოსთან შეხვედრის შემდეგ პეტრე, ალბათ, თან დაჰყვებოდა მას. პეტრემ შესაძლოა თავად იხილა იესოს მიერ მოხდენილი პირველი სასწაული კანაში, სადაც ქორწილში წყალი ღვინოდ გადააქცია. უფრო მეტიც, მან იესოსგან მოისმინა ღვთის სამეფოს შესახებ იმედის შთამნერგავი დიდებული ცნობა. ამ ყოველივეს მიუხედავად, პეტრე დაშორდა იესოს და ისევ თევზჭერას დაუბრუნდა. რამდენიმე თვის შემდეგ იესო კვლავ შეხვდა პეტრეს და მოუწოდა, მისი მიმდევარი გამხდარიყო.

11, 12. ა) რატომ გაუტყდა პეტრეს გული? ბ) რა კითხვები წამოუტივტივდებოდა გონებაში პეტრეს, როცა იესოს უსმენდა?

11 პეტრე გაწბილებული იყო. მათ მთელი ღამე ითევზავეს, მაგრამ ერთი თევზიც ვერ დაიჭირეს. ისინი არაერთხელ მოისროდნენ ბადეებს, მაგრამ უშედეგოდ. უდავოა, მათ ყველა იმ ადგილას მოისროლეს ბადე, სადაც წყალი ამღვრეული იყო და თევზებს საკვები ეგულებოდათ. პეტრე, სხვა მეთევზეების მსგავსად, ბევრჯერ ინატრებდა, თევზის მთელი ქარავანი თავის ბადეში მოექცია. ასეთი ფიქრები ისედაც ხელმოცარულ პეტრეს კიდევ უფრო გაუტეხდა გულს. თევზაობა მისთვის უბრალოდ გართობა არ იყო, ის ამით ოჯახს არჩენდა. ბოლოს პეტრე ნაპირზე ხელცარიელი გამოვიდა. თუმცა, ბადეები მაინც უნდა გაერეცხა. სწორედ ამ დროს მივიდა მასთან იესო.

პეტრეს არასოდეს მობეზრდებოდა იესოს მოსმენა, რომელიც, ძირითადად, ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებდა

12 იესოს გარშემო უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, რომლებსაც გულწრფელად სურდათ მისი მოსმენა. მათთვის რომ ესწავლებინა, ის პეტრეს ნავზე ავიდა და სთხოვა, ნაპირს ცოტა გაშორებოდნენ, რადგან მსმენელები უკეთესად გაიგონებდნენ მის ხმას. სხვა მრავალთან ერთად, პეტრეც ყურადღებით უსმენდა იესოს. მას არასოდეს მობეზრდებოდა იესოს მოსმენა, რომელიც, ძირითადად, ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებდა. პეტრესთვის დიდი პატივი იქნებოდა, რომ იესო ქრისტეს ამ ცნობის ქადაგებაში დახმარებოდა. მაგრამ შეძლებდა პეტრე ამას? როგორ არჩენდა ოჯახს? პეტრე შესაძლოა იმ ღამეზეც ფიქრობდა, როცა ერთი თევზიც ვერ დაიჭირა (ლუკ. 5:1—3).

13, 14. რა სასწაული მოახდინა იესომ და როგორი რეაქცია ჰქონდა პეტრეს?

13 როდესაც იესომ ლაპარაკი დაამთავრა, პეტრეს უთხრა: „ღრმად შეცურდი და ბადეები ისროლეთ თევზის დასაჭერად“. პეტრეს ეჭვი ეპარებოდა, რომ რამეს დაიჭერდა. მან იესოს უთხრა: „მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ რახან შენ ამბობ, ვისვრი ბადეებს“. ალბათ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც ყველაზე ნაკლებად სურდა პეტრეს, ის იყო, რომ ბადეები კვლავ მოესროლა წყალში, მით უმეტეს ახლა, როცა თევზი აღარ ეძებდა საკვებს. მიუხედავად ამისა, ის იესოს სიტყვების თანახმად მოიქცა და, როგორც ჩანს, სხვა მებადურებსაც ნიშანი მისცა, რომ მეორე ნავით გაჰყოლოდნენ (ლუკ. 5:4, 5).

14 ბადეების ამოწევისას პეტრემ მოულოდნელად დიდი სიმძიმე იგრძნო. ცოტა კიდევ ამოსწია და მოფართხალე თევზებით სავსე ბადე დაინახა. პეტრემ სასწრაფოდ მოუხმო მეორე ნავზე მყოფთ დასახმარებლად. როდესაც ამოჰქონდათ, მიხვდნენ, რომ ამდენი თევზი ერთ ნავზე ვერ დაეტეოდა. მათ ორივე ნავი აავსეს, მაგრამ დაჭერილი თევზი მოსალოდნელზე ბევრი აღმოჩნდა. ნავებმა ჩაძირვა დაიწყო. პეტრე გაოგნდა. ის ადრეც არაერთხელ გამხდარა იესო ქრისტეს სასწაულებრივი ძალის გამოვლენის მომსწრე, მაგრამ ეს სასწაული უშუალოდ მისთვის მოახდინა იესომ. პეტრეს წინაშე იდგა კაცი, რომელმაც ამდენი თევზი მის ბადეში მოაქცია. ის შიშმა მოიცვა. პეტრე მუხლებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: „გამშორდი, უფალო, ცოდვილი კაცი ვარ“. შეძლებდა პეტრე ოდესმე იმის დამტკიცებას, რომ ღირსეულ თანამშრომლობას გაუწევდა იესოს, რომელსაც ღვთისგან ასეთი სასწაულებრივი ძალა ჰქონდა ბოძებული? (წაიკითხეთ ლუკას 5:6—9).

„უფალო, ცოდვილი კაცი ვარ“

15. როგორ დაანახვა იესომ პეტრეს, რომ მისი ეჭვები და შიში უსაფუძვლო იყო?

15 იესომ გულთბილად უთხრა პეტრეს: „ნუ გეშინია, ამიერიდან ცოცხალ ადამიანებს დაიჭერ“ (ლუკ. 5:10, 11). პეტრეს აღარ უნდა შეშინებოდა ან დაეჭვებულიყო. მით უმეტეს, როცა საქმე ეხებოდა ისეთ ყოფით საქმიანობას, როგორიცაა თევზაობა, პეტრეს ნამდვილად არ ჰქონდა დაეჭვების საფუძველი. მას არც იმის შიში უნდა ჰქონოდა, რომ საკუთარი ნაკლოვანებები და არასრულფასოვნების გრძნობა მსახურებაში ხელს შეუშლიდა. იესოს შესასრულებელი ჰქონდა მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც კაცობრიობის ისტორიას შეცვლიდა. ის ემსახურებოდა ღმერთს, რომელიც „მრავლის მიმტევებელია“ (ეს. 55:7). იეჰოვა იზრუნებდა მათზე როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად (მათ 6:33).

16. როგორ გამოეხმაურნენ პეტრე, იაკობი და იოანე იესოს მოწვევას, და რატომ იყო ეს საუკეთესო გადაწყვეტილება?

16 იაკობისა და იოანეს მსგავსად, პეტრეც მაშინვე გამოეხმაურა იესოს მოწოდებას. „მათ ნავები ნაპირზე გამოათრიეს, ყველაფერი მიატოვეს და მას გაჰყვნენ“ (ლუკ. 5:11). პეტრემ ირწმუნა იესო და ის, ვინც იესო გამოგზავნა. მან საუკეთესო არჩევანი გააკეთა. დღეს მცხოვრები ქრისტიანები, რომლებიც სძლევენ ეჭვებსა და შიშს და ღვთისმსახურებას პირველ ადგილზე აყენებენ, პეტრეს მსგავსად ავლენენ რწმენას. იეჰოვასადმი ასეთი ნდობა მათ იმედს არასოდეს გაუცრუებს (ფსალმ. 22:4, 5).

„რატომ დაეჭვდი?“

17. რა მოვლენები გაახსენდებოდა პეტრეს, რისი მოწმეც ბოლო ორი წლის მანძილზე გახდა?

17 უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იესო პეტრეს შეხვდა. ახლა პეტრე, როგორც ეს სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ, ქარიან ღამეში ნავით მიცურავდა გალილეის ზღვაზე. ჩვენ არ ვიცით, რაზე ფიქრობდა პეტრე ამ დროს, რადგან ბოლო ორი წლის მანძილზე მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენის მოწმე გახდა: იესომ პეტრეს სიდედრი განკურნა, მთაზე ქადაგება წარმოთქვა, თავისი სწავლებითა და ძლევამოსილი საქმეებით კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ იეჰოვას რჩეული, მესია იყო. დროთა განმავლობაში პეტრე, გარკვეულწილად, მოერეოდა შიშსა და ეჭვებს. ის იმასაც შეეცდებოდა, რომ ასეთი ფიცხი აღარ ყოფილიყო. იესომ პეტრე მოციქულადაც კი აირჩია. და მაინც, პეტრე მალევე მიხვდებოდა, რომ მას ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჰქონდა დაძლეული შიში და ეჭვები.

18, 19. ა) რა დაინახა პეტრემ გალილეის ზღვაზე? ბ) როგორ შეუსრულა იესომ პეტრეს თხოვნა?

18 ღამის მეოთხე გუშაგობისას, ანუ დაახლოებით დილის სამი საათიდან აისამდე, პეტრემ უეცრად ნიჩბებს ხელი გაუშვა და წამოხტა. მან დაინახა, რომ ტალღებზე რაღაც მოძრაობდა. იყო ეს ტალღებზე არეკლილი მთვარის შუქი? არა, ეს ადამიანი იყო, რომელიც წყლის ზედაპირზე მოდიოდა! ის ნავს მიუახლოვდა და თითქოს მათთვის გვერდის ავლას აპირებდა. შეშინებულმა მოწაფეებმა იფიქრეს, რომ მოჩვენება იყო. წყალზე მოსიარულე ადამიანი ნავზე მყოფთ დაელაპარაკა: „გამაგრდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“. ეს იესო იყო (მათ. 14:25—28).

19 პეტრემ მიუგო: „უფალო, თუ ეს შენ ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ“. პეტრეს ამ სიტყვებში გაბედულება ჩანდა. ის აღტაცებული იყო ამ სასწაულით და ფიქრობდა, რომ რწმენა უფრო განუმტკიცდებოდა. მას სურდა, თვითონაც ყოფილიყო ამ მოვლენის მონაწილე. იესომ პეტრეს გულთბილად უთხრა, რომ მასთან მისულიყო და ისიც ნავიდან გადავიდა. წარმოიდგინეთ, რა გრძნობა დაეუფლებოდა პეტრეს, როცა წყალზე მყარად დადგა ფეხი! ალბათ, მის გაოცებას საზღვარი არ ექნებოდა, როცა იესოსკენ წავიდა. მაგრამ ამ დროს სხვა გრძნობამ იმძლავრა მასში (წაიკითხეთ მათეს 14:29).

„ქარიშხალმა შეაშინა“

20. ა) რაზე გადაიტანა ყურადღება პეტრემ და რა მოჰყვა ამას? ბ) რა ასწავლა იესომ პეტრეს?

20 პეტრეს ყურადღება იესოსკენ უნდა მიეპყრო. იესო იეჰოვას მიერ მიცემულ ძალას იყენებდა იმისთვის, რომ პეტრე ტალღებზე მყარად მდგარიყო. იესო ამას იმიტომ აკეთებდა, რომ პეტრეს მისი სწამდა. მაგრამ პეტრემ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ის „ქარიშხალმა შეაშინა“. პეტრეს ყურადღება მიიპყრო ქარის მიერ აღელვებულმა ტალღებმა, რომლებიც ნავს ეხეთქებოდნენ და შხეფებს ისროდნენ, და ის შიშმა შეიპყრო. მას ეგონა, რომ ზღვაში დაიხრჩობოდა, ვინაიდან შიშმა დარია ხელი და რწმენა შეუსუსტდა. კაცმა, რომელსაც იესომ კლდე შეარქვა იმის გამო, რომ განჭვრიტა, რაოდენ განმტკიცდებოდა რწმენაში, ამჯერად სისუსტე გამოავლინა და ქვასავით დაიწყო ჩაძირვა. პეტრემ ცურვა კარგად იცოდა, მაგრამ ახლა თავის ძალას არ მინდობია. მან იყვირა: „უფალო, მიხსენი!“ იესომ ხელი გაუწოდა და მაგრად ჩასჭიდა. ჯერ კიდევ წყალზე იდგნენ, როცა უფალმა პეტრეს მნიშვნელოვან რამეზე გაუმახვილა ყურადღება: „მცირე რწმენის მქონევ, რატომ დაეჭვდი?“ (მათ. 14:30, 31).

21. რატომ არის დაეჭვება საშიში და როგორ უნდა ვებრძოლოთ ეჭვებს?

21 „რატომ დაეჭვდი?“ — ამ სიტყვებიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ეჭვმა შეიძლება ძალა გამოგვაცალოს. თუ მას გასაქანს მივცემთ, შეიძლება რწმენა დაგვინგრიოს და სულიერად „ჩაგვძიროს“; ამიტომ, უნდა აღმოვფხვრათ ყოველგვარი ეჭვი. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ყურადღებას დადებითზე გავამახვილებთ. თუ გამუდმებით იმაზე ვიფიქრებთ, რაც გვაშინებს, გული გაგვიტყდება, იეჰოვასა და იესოს ნაცვლად, ყურადღებას სხვა რამეზე გადავიტანთ და ეჭვები უფრო ღრმად გაიდგამს ჩვენში ფესვს. თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რა გააკეთეს იეჰოვამ და მისმა ძემ, რას აკეთებენ და რას გააკეთებენ თავიანთი მოყვარულებისთვის, ეს დამღუპველი ეჭვებისგან დაგვიცავს.

22. რატომ ღირს, მიჰბაძოთ პეტრეს და მსგავსი რწმენა გამოავლინოთ?

22 როდესაც პეტრე იესოსთან ერთად ავიდა ნავზე, დაინახა, რომ ქარიშხალი ჩადგა. გალილეის ზღვა დაწყნარდა. პეტრემ ნავში მყოფ სხვა მოწაფეებთან ერთად იესოს უთხრა: „შენ მართლა ღვთის ძე ხარ“ (მათ. 14:33). გამთენიისას პეტრეს გული მადლიერებით ექნებოდა სავსე. მან ისწავლა, რომ ეჭვისა და შიშისთვის გასაქანი არ უნდა მიეცა. მას მართლაც დიდი ცვლილებები უნდა მოეხდინა, სანამ კლდესავით მტკიცე ქრისტიანი გახდებოდა, როგორც ეს იესომ განჭვრიტა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ამისთვის ძალ-ღონე არ დაეშურებინა და სულიერად გაზრდილიყო. თქვენც გაქვთ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული? თუ ასეა, თქვენც მიჰბაძავთ პეტრეს და მასსავით მტკიცე რწმენას გამოავლენთ.