არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 8

მან გაუძლო განსაცდელებს

მან გაუძლო განსაცდელებს

1. რატომ იდგა შილოში გლოვის ზარი?

 შილოში მყოფი სამუელი მწუხარებით იქნებოდა მოცული. წარმოიდგინეთ მგლოვიარე ქალაქი, ქალებისა და ბავშვების მოთქმა, რომლებიც ბრძოლაში დაღუპულ მამებს, ქმრებს, ვაჟებსა და ძმებს დასტირიან. ცნობილია, რომ ისრაელებმა ფილისტიმელებთან ბრძოლაში 30 000 მეომარი დაკარგეს, მანამდე კი — 4 000 (1 სამ. 4:1, 2, 10).

2, 3. რამ მოუტანა შილოს სირცხვილი და დააკარგვინა ძველი დიდება?

2 ეს ტრაგედიის დასაწყისი იყო. მღვდელმთავარ ელის ორი უვარგისი ვაჟი ჰყავდა — ხოფნი და ფინხასი, რომლებმაც შილოდან წმინდა შეთანხმების კიდობანი წამოიღეს. შეთანხმების კიდობანი, როგორც წესი, კარვის წმინდათაწმინდაში იდგა. ეს ძვირფასი სკივრი იმის სიმბოლო იყო, რომ ღმერთი ისრაელებთან იყო. ხალხმა კიდობანი ბრძოლის ველზე წაიღო იმ იმედით, რომ ის თილისმის როლს შეასრულებდა და ბრძოლაში გაამარჯვებინებდა. მაგრამ ეს უგუნური ნაბიჯი იყო. ფილისტიმელებმა ხელთ იგდეს კიდობანი, ხოფნი და ფინხასი კი სიცოცხლეს გამოასალმეს (1 სამ. 4:3—11).

3 კარავი, რომელშიც კიდობანი იდო, საუკუნეების მანძილზე შილოში იყო, ახლა კი გაიტაცეს. როცა ამის შესახებ 98 წლის ელიმ გაიგო, უკან გადავარდა და სული განუტევა. სწორედ იმ დღეს დაქვრივდა მისი ორსული რძალი, რომელსაც ნაადრევად დაეწყო ტკივილები და მშობიარობას გადაჰყვა. სიკვდილის წინ ქალს აღმოხდა: „წაღებულია ისრაელის დიდება“. ნათელი იყო, რომ შილო უწინდებურად განდიდებული ვეღარ იქნებოდა (1 სამ. 4:12—22).

4. რაზე ვისაუბრებთ ამ თავში?

4 როგორ აიტანდა სამუელი ასეთ საშინელ დარტყმას? ეყოფოდა მას რწმენა საიმისოდ, რომ დახმარებოდა ხალხს, რომელმაც იეჰოვას მფარველობა და კეთილგანწყობა დაკარგა? დღეს სიძნელეები და გულგატეხილობა დროდადრო ყველა ჩვენგანის რწმენას სცდის. მოდი, გავიგოთ, რისი სწავლა შეგვიძლია სამუელისგან.

ის „სიმართლეს იქმოდა“

5, 6. რას ამბობს ბიბლია ამ 20-წლიან პერიოდზე და რით იქნებოდა სამუელი დაკავებული ამ ხნის მანძილზე?

5 ბიბლია ცოტა ხნით წყვეტს სამუელზე საუბარს და თხრობას წმინდა კიდობანზე განაგრძობს, კერძოდ, როგორ დაისაჯნენ ფილისტიმელები კიდობნის გატაცებისთვის და როგორ გახდნენ იძულებულნი, უკან დაებრუნებინათ. ბიბლია სამუელზე თხრობას ამ მოვლენებიდან 20 წლის შემდეგ უბრუნდება (1 სამ. 7:2). რით იყო დაკავებული სამუელი მთელი ამ დროის მანძილზე? ბიბლიიდან ამის გაგებაც შეიძლება.

როგორ გადაატანინებდა სამუელი ხალხს მძიმე დანაკარგს და როგორ დაეხმარებოდა გულგატეხილობის დაძლევაში?

6 სანამ ეს ოცწლიანი პერიოდი დაიწყებოდა, როგორც 1 სამუელის 4:1-დან ვიგებთ, „სამუელის სიტყვები მთელმა ისრაელმა გაიგო“. ამ მუხლში გამოყენებული ზმნა „გაიგო“ დედნისეულ ტექსტში განგრძობით დროშია და გამოხატავს მრავალჯერად მოქმედებას. მომდევნო თავებიდან ვიგებთ, რომ ამ ოცწლიანი პერიოდის დასრულების შემდეგ სამუელი, ჩვეულებისამებრ, ყოველწლიურად ისრაელში სამ ქალაქს ინახულებდა და წყვეტდა სადავო საკითხებს, შემდეგ კი მშობლიურ ქალაქ რამაში ბრუნდებოდა (1 სამ. 7:15—17). აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამუელი სულ ღვთის საქმით იყო დაკავებული და ამ ოცი წლის მანძილზეც ბევრს გააკეთებდა.

მართალია, ბიბლია არაფერს ამბობს სამუელის 20-წლიანი მსახურების შესახებ, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას

7, 8. ა) რა ცნობა გადასცა სამუელმა ხალხს 20-წლიანი მძიმე შრომის შემდეგ? ბ) როგორ გამოეხმაურა ხალხი სამუელს?

7 ელის ვაჟების უზნეობამ და მექრთამეობამ ხალხს რწმენა შეურყია. როგორც ჩანს, ამის გამო ბევრმა კერპთაყვანისმცემლობას მიჰყო ხელი. ოცი წლის შემდეგ სამუელმა ხალხს გამოუცხადა: „თუ მთელი გულით უბრუნდებით იეჰოვას, მოიშორეთ უცხო ღმერთები და აშთორეთები; ურყევად მიმართეთ გული იეჰოვასკენ, მხოლოდ მას ემსახურეთ და გიხსნით ის ფილისტიმელთა ხელიდან“ (1 სამ. 7:3).

8 დამძიმდა ისრაელზე „ფილისტიმელთა ხელი“. ისრაელს თითქმის აღარ ჰყავდა მებრძოლები, ამიტომ ფილისტიმელები უფრო თამამად დაჩაგრავდნენ ღვთის ხალხს. სამუელი არწმუნებდა ისრაელებს, რომ თუ იეჰოვას დაუბრუნდებოდნენ, მდგომარეობა შეიცვლებოდა. სურდა ხალხს იეჰოვასთან დაბრუნება? საბედნიეროდ, მათ მოიშორეს კერპები და „მხოლოდ იეჰოვას ემსახურებოდნენ“. სამუელმა მთელი ისრაელი შეკრიბა მიცფაში, იერუსალიმის ჩრდილოეთით მთიან მხარეში; მათ იმარხულეს და ცოდვები მოინანიეს (წაიკითხეთ 1 სამუელის 7:4—6).

ფილისტიმელებმა იფიქრეს, რომ რადგან იეჰოვას ხალხი შეკრებილი იყო, ადვილად შეძლებდნენ მათ ამოჟლეტას

9. რის შესაძლებლობა მიეცათ ფილისტიმელებს და რა რეაქცია ჰქონდათ ისრაელებს?

9 ფილისტიმელებმა გაიგეს ისრაელების შეკრების შესახებ და მიცფაში ჯარი გაგზავნეს იეჰოვას თაყვანისმცემლების ამოსაჟლეტად. შეშინებულმა ისრაელებმა სამუელს სთხოვეს, მათთვის ელოცა. სამუელმა ილოცა და ღმერთს შესაწირავი აღუვლინა. როცა სამუელი შესაწირავს სწირავდა, ფილისტიმელები მიცფას მიადგნენ. იეჰოვამ უპასუხა სამუელის ლოცვას და თავზარდამცემი ხმით დაიგრგვინა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იმ დღეს დიდი ხმით დაიგრგვინა იეჰოვამ ფილისტიმელების წინააღმდეგ“ (1 სამ. 7:7—10).

10, 11. ა) რატომ დაეცათ ფილისტიმელებს თავზარი, როცა იეჰოვამ მათი ჯარის წინააღმდეგ დაიგრგვინა? ბ) როგორ დასრულდა მიცფაში გამართული ბრძოლა?

10 როგორ ფიქრობთ, შეეშინდებოდათ ფილისტიმელებს გრგვინვის, როგორც პატარა ბავშვებს ეშინიათ ჭექა-ქუხილის და დედის კალთას ეფარებიან? არა, რადგან ფილისტიმელები ძლიერი, ბრძოლაში გამოწრთობილი მეომრები იყვნენ. მაგრამ ეს უჩვეულო გრგვინვა იყო, ასეთი ხმა მათ მანამდე არასოდეს გაეგოთ. ძალიან ძლიერი იყო ეს ხმა? მოწმენდილი ციდან გაისმა თუ მთიდან წამოსული ექო იყო? რაც უნდა ყოფილიყო, ამ ხმამ ფილისტიმელებს თავზარი დასცა. დაბნეული ფილისტიმელები ახლა თავად გახდნენ ისრაელების სამიზნე. გამოცვივდნენ ისრაელები მიცფადან, დაედევნენ ფილისტიმელებს და გზადაგზა ხოცავდნენ მათ იერუსალიმის სამხრეთამდე (1 სამ. 7:11).

11 ეს გადამწყვეტი ბრძოლა აღმოჩნდა. ფილისტიმელებმა უკან დაიხიეს და აღარ შეუწუხებიათ ისრაელები სამუელის სიკვდილამდე. ღვთის ხალხი დაკარგულ ქალაქებს ერთი მეორის მიყოლებით იბრუნებდა (1 სამ. 7:13, 14).

12. რას ნიშნავს, რომ სამუელი „სიმართლეს იქმოდა“ და რომელი თვისებები დაეხმარა მას დავალების შესრულებაში?

12 საუკუნეების შემდეგ მოციქულმა პავლემ სამუელი იმ ერთგულ მსაჯულთა და წინასწარმეტყველთა შორის მოიხსენია, რომლებიც „სიმართლეს იქმოდნენ“ (ებრ. 11:32, 33). სამუელი ნამდვილად იმას აკეთებდა, რაც ნამდვილად სწორი იყო ღვთის თვალში. ის ყოველთვის კარგად ასრულებდა ღვთის დავალებას, რადგან მოთმინებით ელოდებოდა იეჰოვას და სიძნელეების მიუხედავად, ერთგულად მსახურობდა. ის ყოველთვის მადლიერი იყო იეჰოვასი. მიცფაში გამარჯვების შემდეგ სამუელმა ქვა აღმართა იმის ნიშნად, რომ იეჰოვა თავის ხალხს დაეხმარა (1 სამ. 7:12).

13. ა) რომელი თვისებები უნდა განვივითაროთ, თუ გვინდა, რომ სამუელს მივბაძოთ? ბ) თქვენი აზრით, როდის არის კარგი, განივითაროს ადამიანმა სამუელის მსგავსი თვისებები?

13 გსურთ, რომ თქვენც „იქმოდეთ სიმართლეს“? მიჰბაძეთ სამუელს მოთმინებასა და თავმდაბლობაში და იყავით მასსავით მადლიერი (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:6). ვის არ სჭირდება ასეთი თვისებები? სამუელი კარგად მოიქცა, რომ ეს თვისებები სიყმაწვილეში გამოიმუშავა, რაც მას მოგვიანებით უფრო მძიმე განსაცდელების ატანაში დაეხმარა.

„შენი ვაჟები შენი გზით არ დადიან“

14, 15. ა) რამ გაუცრუა იმედი ხანდაზმულ სამუელს? ბ) იყო სამუელი ელისნაირი ცუდი მამა? ახსენით.

14 ბიბლია სამუელს კიდევ მაშინ მოიხსენიებს, როცა ის უკვე მოხუცებულია. სამუელს ორი ვაჟი ჰყავდა, იოელი და აბია, რომლებიც თავის დამხმარეებად, მსაჯულებად დააყენა. სამწუხაროდ, მისმა ვაჟებმა არ გაამართლეს მამის ნდობა. თავად სამუელი პატიოსანი და სამართლიანი მსაჯული იყო, მაგრამ მისი შვილები თავიანთ მდგომარეობას ბოროტად იყენებდნენ — სამართალს ამრუდებდნენ და ქრთამს იღებდნენ (1 სამ. 8:1—3).

15 ერთხელ მოხუც წინასწარმეტყველთან ისრაელის უხუცესები მივიდნენ და შესჩივლეს: „შენი ვაჟები შენი გზით არ დადიან“ (1 სამ. 8:4, 5). იცოდა სამუელმა ამის შესახებ? ბიბლია არაფერს ამბობს. თუმცა, აშკარაა, რომ ელისგან განსხვავებით, სამუელს გაკიცხვა არ დაუმსახურებია. იეჰოვამ ელის უსაყვედურა და დასაჯა, რადგან ის არაფერს აკეთებდა თავისი ვაჟების გამოსასწორებლად და მათ უფრო მეტ პატივს სცემდა, ვიდრე ღმერთს (1 სამ. 2:27—29). მსგავსი ბრალდება კი სამუელისთვის იეჰოვას არასოდეს წაუყენებია.

რა დაეხმარა სამუელს, რომ თავისი უვარგისი შვილების გამო გულგატეხილობა არ დაუფლებოდა?

16. რას გრძნობენ მშობლები, რომლებსაც შვილები ეურჩებიან, როგორ ანუგეშებთ სამუელის მაგალითი და რისკენ აღძრავთ?

16 ბიბლიიდან არ ჩანს, რა გრძნობა დაეუფლა სამუელს, როცა თავისი ვაჟების უმსგავსო საქციელის შესახებ შეიტყო — გული გაუტყდა, შეწუხდა თუ შერცხვა. ბევრი მშობლისთვის ადვილი წარმოსადგენია სამუელის გრძნობები. ამ ბოლო დღეებში სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი არ ემორჩილება მშობლებს (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:1—5). სამუელის მაგალითმა შეიძლება გარკვეულწილად შვება მოჰგვაროს იმ მშობლებს, რომლებსაც ურჩი შვილები ჰყავთ. სამუელს შვილების ორგულობამ ოდნავადაც არ შეურყია იეჰოვასადმი ერთგულება. გახსოვდეთ, თუ შვილის გაქვავებულ გულს დარიგება და დასჯა ვერ შველის, შეიძლება თქვენმა კარგმა მაგალითმა უშველოს. მშობლებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, გაახარონ თავიანთი მამა, იეჰოვა, როგორც სამუელი ახარებდა.

„დაგვიყენე მეფე“

17. რა მოსთხოვეს ისრაელის უხუცესებმა სამუელს და რა რეაქცია ჰქონდა მას?

17 სამუელის ვაჟები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რა მდგომარეობაში ჩაყრიდნენ ხალხს თავიანთი სიხარბისა და ეგოიზმის გამო. ისრაელის უხუცესებმა სამუელს უთხრეს: „დაგვიყენე მეფე, როგორც სხვა ერებსა ჰყავთ, სამართალი რომ გაგვიჩინოს“. სამუელის უარყოფას ნიშნავდა მათი მოთხოვნა? ბოლოს და ბოლოს სამუელი ხომ იეჰოვას დავალებით ათეულობით წელი იყო მათი მსაჯული. ახლა კი მსაჯულად წინასწარმეტყველის ნაცვლად, მეფე მოინდომეს. გარშემო ერებს მეფეები ჰყავდათ და მათაც უნდოდათ, მეფე ჰყოლოდათ. რა რეაქცია ჰქონდა სამუელს? „არ მოეწონა სამუელს მათი ნათქვამი“, — ვკითხულობთ ბიბლიაში (1 სამ. 8:5, 6).

18. როგორ ანუგეშა სამუელი იეჰოვამ და როგორ ახადა ფარდა ისრაელის ცოდვას?

18 ვნახოთ, რა უპასუხა იეჰოვამ სამუელს, როცა ამ უკანასკნელმა ლოცვაში ხალხის სურვილი გააცნო. „გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეუბნებიან, რადგან შენ კი არ უარგყვეს, მე უარმყვეს თავიანთ მეფედ“. როგორ დაამშვიდებდა სამუელს იეჰოვას სიტყვები. თუმცა ისრაელების მოთხოვნა ყოვლისშემძლე ღვთის შეურაცხყოფა იყო. იეჰოვამ უთხრა წინასწარმეტყველს, ეთქვა მათთვის, რის ფასად დაუჯდებოდათ მეფის ყოლა. როცა სამუელმა ხალხს ყველაფერი უთხრა, ისინი მაინც დაჟინებით ამბობდნენ: „არა, უნდა გვყავდეს მეფე“. როგორც ყოველთვის, სამუელი ახლაც დაემორჩილა ღმერთს და იეჰოვას არჩეული კაცი მეფედ სცხო (1 სამ. 8:7—19).

19, 20. ა) როგორ დაემორჩილა სამუელი იეჰოვას, როცა იეჰოვამ დაავალა, ისრაელის მეფედ საული ეცხო? ბ) როგორ განაგრძობდა სამუელი ღვთის ხალხის დახმარებას?

19 მაგრამ როგორ დაემორჩილა სამუელი ღმერთს? ფორმალურად და იძულებით ხომ არა? ხომ არ დაიბოღმა და გამწარდა? ასეთი რამ შეიძლება ბევრს დამართოდა, მაგრამ არა სამუელს. მან მეფედ სცხო საული და აღიარა, რომ ის იეჰოვას რჩეული იყო. მისალმებისა და მორჩილების ნიშნად სამუელმა აკოცა საულს. შემდეგ ხალხს უთხრა: „ხედავთ, ვინ ამოირჩია იეჰოვამ? მთელ ხალხში არავინაა მისი მსგავსი“ (1 სამ. 10:1, 24).

20 სამუელმა საულის ღირსებებზე გაამახვილა ყურადღება და არა ნაკლოვანებებზე. რაც შეეხება თავად სამუელს, მას უფრო მეტად ის აღელვებდა, რამდენად უმწიკვლო ადამიანის სახელი ჰქონდა ღვთის თვალში. მას ნაკლებად ანაღვლებდა, რას იტყოდნენ მასზე მერყევი ბუნების ადამიანები (1 სამ. 12:1—4). ამასთანავე, სამუელი ერთგულად ასრულებდა ღვთის დავალებას — რჩევებს აძლევდა ღვთის ხალხს სულიერი საფრთხისგან თავის დასაცავად და იეჰოვას ერთგულებისკენ მოუწოდებდა. მაგალითად, ერთხელ, როცა მისი რჩევა-დარიგება ხალხმა მიიღო, ისინი შეეხვეწნენ სამუელს, ელოცა მათთვის. მან შესანიშნავი პასუხი გასცა მათ: „არ შევცოდავ იეჰოვას და არ შევწყვეტ თქვენთვის ლოცვას; მე გასწავლით კარგ და სწორ გზას“ (1 სამ. 12:21—24).

სამუელისგან ვსწავლობთ, არ შეგვშურდეს არავისი და არ გავმწარდეთ

21. როგორ დაგეხმარებათ სამუელის მაგალითი, თუ გული გწყდებათ იმის გამო, რომ სხვას მიანდეს რაიმე პასუხისმგებლობა?

21 დაგწყვეტიათ გული იმის გამო, რომ ვინმესთვის რაიმე პასუხისმგებლობა მიუნდვიათ, თქვენთვის კი არა? სამუელის მაგალითი კარგი შეხსენებაა ჩვენთვის, რომ არავისი შეგვშურდეს და არ გავმწარდეთ (წაიკითხეთ იგავების 14:30). ღმერთი ყველა თავის ერთგულ მსახურს აკურთხებს და არც ერთ მათგანს არ დატოვებს სასიამოვნო საქმის გარეშე.

„როდემდე უნდა წუხდე საულზე?“

22. რატომ არ შემცდარა სამუელი საულში თავდაპირველად?

22 სამუელი საულში არ შემცდარა. მას მართლაც ჰქონდა ღირსებები. იგი მაღალი, წარმოსადეგი გარეგნობის, მამაცი და საზრიანი მამაკაცი იყო. ის თავიდან მოკრძალებასა და თავმდაბლობასაც ავლენდა (1 სამ. 10:22, 23, 27). ამ ყველაფერთან ერთად, მას ღვთისგან ნების თავისუფლებაც ჰქონდა მიცემული — შეეძლო თავად აერჩია ცხოვრების კურსი და მიეღო გადაწყვეტილებები (კან. 30:19). როგორ გამოიყენა საულმა ღვთისგან ბოძებული ნების თავისუფლება?

23. რა თვისება დაკარგა საულმა, და როგორ გახდა ქედმაღალი?

23 სამწუხაროდ, ხშირად, როცა ადამიანი ძალაუფლებას მოიპოვებს, პირველი, რასაც კარგავს, მოკრძალებაა. დროთა განმავლობაში საული ქედმაღალი გახდა. ის აღარ ემორჩილებოდა ღვთის მითითებებს, რომლებსაც იეჰოვა სამუელის მეშვეობით აძლევდა. ერთხელ საულს მოთმინება არ ეყო და ღმერთს მსხვერპლი შესწირა, რაც წესით სამუელს უნდა გაეკეთებინა. სამუელი იძულებული გახდა, მკაცრად შეეგონებინა საული. მან უწინასწარმეტყველა მეფეს, რომ სამეფო ტახტი მის შთამომავლებს არ გადაეცემოდა. ნაცვლად იმისა, რომ ყურად ეღო ეს შეგონება, საული უფრო მეტად ეურჩებოდა ღმერთს (1 სამ. 13:8, 9, 13, 14).

24. ა) როგორ ეურჩა საული იეჰოვას ამალეკელებთან ბრძოლის დროს? ბ) რა რეაქცია ჰქონდა საულს, როცა სამუელმა ამხილა, და რა გადაწყვიტა იეჰოვამ?

24 სამუელის მეშვეობით იეჰოვამ საულს უთხრა, გაელაშქრა ამალეკელების წინააღმდეგ. იეჰოვას მოთხოვნაში ამალეკის ბოროტი მეფის, აგაგის, მოკვლაც შედიოდა. მაგრამ საულმა დაინდო აგაგი და საუკეთესო ნადავლი. მეფის სამხილებლად მისულმა სამუელმა დაინახა, რომ ის ძალიან იყო შეცვლილი. ნაცვლად იმისა, რომ საულს თავმდაბლურად მიეღო შეგონება, მან თავის მართლება დაიწყო, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა და დანაშაული ხალხს გადააბრალა. სასჯელისთვის თავი რომ აერიდებინა, მან თქვა, რომ ნადავლიდან ნაწილის შეწირვას იეჰოვასთვის აპირებდა. სწორედ ამ დროს წარმოთქვა სამუელმა კარგად ნაცნობი სიტყვები: „მოსმენა მსხვერპლზე უკეთესია“. მან გაბედულად ამხილა საული და განუცხადა, რომ იეჰოვა გამოჰგლეჯდა მეფობას და სხვას, მასზე უკეთესს მისცემდა (1 სამ. 15:1—33). a

25, 26. ა) რატომ წუხდა სამუელი საულზე, და როგორ შეუსწორა აზროვნება იეჰოვამ თავის წინასწარმეტყველს? ბ) რა ისწავლა იესეს სახლში მისულმა წინასწარმეტყველმა?

25 საულის საქციელმა ძალიან დაამწუხრა სამუელი. მან მთელი ღამე ტირილსა და ლოცვაში გაატარა. შეიძლება ითქვას, რომ ის საულს გლოვობდა. ის ხომ მასში დიდ პოტენციალს და ბევრ კარგ თვისებას ხედავდა. ახლა კი მისი იმედები დაიმსხვრა. საული ის აღარ იყო, ვისაც სამუელი იცნობდა — მას აღარ ჰქონდა კარგი თვისებები და იეჰოვას წინააღმდეგ წავიდა. სამუელს აღარ სურდა მისი ნახვა. იეჰოვამ სამუელს რბილად მისცა შენიშვნა: „როდემდე უნდა წუხდე საულზე? მე ხომ უარვყავი იგი, როგორც ისრაელის მეფე. აავსე რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მისი ვაჟებიდან ამოვირჩიე მეფე“ (1 სამ. 15:34, 35; 16:1).

26 არასრულყოფილმა ადამიანებმა რომც არ უერთგულონ იეჰოვას, ის თავის განზრახვას მაინც არ შეცვლის. თუ ერთი ადამიანი ორგული აღმოჩნდება, იეჰოვა სხვას შეასრულებინებს თავის ნებას. ამიტომ, ხანდაზმულ სამუელს მეტისმეტად არ უნდა ედარდა საულზე. იეჰოვას მითითებისამებრ, სამუელი ბეთლემში, იესეს სახლში წავიდა, სადაც რამდენიმე წარმოსადეგი გარეგნობის ვაჟი ნახა. იეჰოვამ სამუელს თავიდანვე შეახსენა, რომ გარეგნობისთვის არ მიექცია ყურადღება (წაიკითხეთ 1 სამუელის 16:7). ბოლოს სამუელი იესეს უმცროს ვაჟს, დავითს, შეხვდა და სწორედ ის აღმოჩნდა იეჰოვას რჩეული.

სამუელი დარწმუნდა, რომ იეჰოვასთვის არ არსებობს მოუშუშებელი ტკივილი და მოუგვარებელი პრობლემა; საბოლოოდ ის ყველა თავის მსახურს აკურთხებს

27. ა) რა დაეხმარა სამუელს რწმენის გაძლიერებაში? ბ) რას ფიქრობთ სამუელზე?

27 სიცოცხლის ბოლო წლებში სამუელი დარწმუნდა, რომ იეჰოვა სწორად მოიქცა, როცა საული უარყო და დავითი აირჩია. შურით შეპყრობილმა საულმა დავითის მოკვლა განიზრახა და განდგომილი გახდა. დავითი კი შესანიშნავ თვისებებს — სიმამაცეს, სიმტკიცეს, რწმენასა და ერთგულებას ავლენდა. ასაკის მატებასთან ერთად სამუელს რწმენა უმტკიცდებოდა. ის დარწმუნდა, რომ იეჰოვასთვის არ არსებობს მოუშუშებელი ტკივილი და მოუგვარებელი პრობლემა; საბოლოოდ ის ყველა თავის მსახურს აკურთხებს. სამუელმა თითქმის საუკუნე იცოცხლა და საინტერესო ცხოვრების გზა განვლო. მთელი ისრაელი გლოვობდა ამ ერთგულ კაცს და ეს არც არის გასაკვირი. კარგია, თუ ღვთის მსახურები საკუთარ თავს ჰკითხავენ: ვბაძავ სამუელს?

a სამუელმა თავად დასაჯა აგაგი. არც ბოროტი მეფე და არც მისი ოჯახის წევრები არ შეიწყალეს. საუკუნეების შემდეგ, როგორც ჩანს აგაგის ერთ-ერთი შთამომავალი იყო „აგაგელი ჰამანი“, რომელსაც ღვთის ხალხის განადგურება ჰქონდა განზრახული (ესთ. 8:3). (იხილეთ ამ წიგნის მე-15 და მე-16 თავები).