იოანეს სახარება 6:1—71

  • იესო აპურებს 5 000 კაცს (1—15).

  • წყალდაწყალ მიმავალი იესო (16—21).

  • იესო — „სიცოცხლის პური“ (22—59).

  • იესოს ნათქვამი ბევრს აბრკოლებს (60—71).

6  ამის შემდეგ იესო გალილეის ანუ ტიბერიადის+ ზღვის გაღმა გავიდა.  მას უამრავი ხალხი მიჰყვებოდა,+ რადგან ხედავდნენ მის მიერ სასწაულებრივად განკურნებულ ავადმყოფებს.+  იესო მთაზე ავიდა და თავის მოწაფეებთან ერთად იქ დაჯდა.  ახლოვდებოდა პასექი,+ იუდეველთა დღესასწაული.  როცა იესომ გაიხედა და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მიდიოდა მასთან, ფილიპეს ჰკითხა: „სად ვიყიდოთ პური, ხალხს რომ ვაჭამოთ?“+  ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, თავად კი იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.  ფილიპემ უპასუხა: „200 დინარის პურიც კი არ ეყოფათ, თითოეულს ცოტა მაინც რომ შეხვდეს“.  ერთმა მოწაფემ, სიმონ-პეტრეს ძმამ, ანდრიამ, მას უთხრა:  „აქ ერთი პატარა ბიჭია, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი პატარა თევზი აქვს, მაგრამ ამდენ ხალხს ეს რას ეყოფა?!“+ 10  იესომ თქვა: „დასხით ხალხი!“ იმ ადგილზე ბალახი ხშირი იყო და დასხდა ხალხი, დაახლოებით 5 000 კაცი.+ 11  იესომ აიღო პურები, ღმერთს მადლობა შესწირა და იქ მსხდომთ დაურიგა; თევზიც ჩამოურიგა და ყველამ იმდენი ჭამა, რამდენიც უნდოდა. 12  კარგად რომ დანაყრდნენ, მან თავის მოწაფეებს უთხრა: „შეაგროვეთ დარჩენილი ნატეხები, რომ არაფერი გადაიყაროს!“ 13  მათაც მოაგროვეს და 12 კალათი აავსეს იმ ხუთი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ მორჩათ. 14  იესოს სასწაულების თვითმხილველები ამბობდნენ: „ეს ნამდვილად ის წინასწარმეტყველია, ქვეყნიერებაში რომ უნდა მოსულიყო“.+ 15  იესო კი, რადგან იცოდა, რომ ისინი მისვლას, მის შეპყრობასა და გამეფებას აპირებდნენ, კვლავ განმარტოვდა+ მთაზე.+ 16  როცა მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ზღვისკენ დაეშვნენ,+ 17  ნავში ჩასხდნენ და ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ, გაცურეს. ჩამობნელდა, თუმცა იესო ჯერაც არ იყო მათთან.+ 18  ძლიერი ქარი ქროდა და ზღვაც ღელავდა.+ 19  სადღაც 5-6 კილომეტრი* რომ გაცურეს, დაინახეს მათკენ წყალდაწყალ მიმავალი იესო, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეშინდნენ. 20  იესომ მათ უთხრა: „მე ვარ, ნუ გეშინიათ!“+ 21  მოწაფეებს უნდოდათ, ნავში ჩაესვათ იგი; ნავით მალევე მიადგნენ ნაპირს, რომლისკენაც მიცურავდნენ.+ 22  მეორე დღეს ზღვის გამოღმა დარჩენილმა ხალხმა დაინახა, რომ იქ მხოლოდ ერთი პატარა ნავი იყო, და რომ მხოლოდ მოწაფეებმა გაცურეს და იესო მათთან ერთად არ ჩამჯდარა ნავში. 23  იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ხალხმა პური ჭამა მას შემდეგ, რაც უფალმა ღმერთს მადლობა შესწირა, ტიბერიადიდან მომავალი ნავები გამოჩნდნენ. 24  როცა ხალხმა დაინახა, რომ იქ არც იესო იყო და არც მისი მოწაფეები, ჩასხდნენ ნავებში და კაპერნაუმისკენ გაცურეს იესოს საძებნელად. 25  ზღვის გაღმა იპოვეს ის და შეეკითხნენ: „რაბი,+ აქ როდის მოხვედი?“ 26  იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაულები იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ ძღომამდე ჭამეთ პური.+ 27  ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის იშრომეთ, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს მოგიტანთ+ და რომელსაც კაცის ძე მოგცემთ, რადგან მოწონების ნიშნად ბეჭედი მას თავად მამამ, ღმერთმა, დაასვა“.+ 28  მაშინ მას ჰკითხეს: „რა უნდა ვქნათ, ღმერთს რომ ვაამოთ?“ 29  იესომ მიუგო: „ღვთისთვის მოსაწონი საქმე ის იქნება, თუ ირწმუნებთ მას, ვინც მან გამოგზავნა“.+ 30  მათ უთხრეს: «რა სასწაულს გვიჩვენებ,+ რომ გირწმუნოთ? რას გააკეთებ? 31  ჩვენი მამა-პაპა მანანას ჭამდა უდაბნოში,+ როგორც დაწერილია: „ზეციდან მისცა მათ პური საჭმელად“».+ 32  იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ მამაჩემი გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან; 33  ღვთის პური ის არის, ვინც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყნიერებას“. 34  მაშინ მას უთხრეს: „უფალო, ყოველთვის მოგვეცი ეს პური“. 35  იესომ უთხრა მათ: „მე ვარ სიცოცხლის პური. მას, ვინც ჩემთან მოდის, არასოდეს მოშივდება, და ვისაც მე ვწამვარ, არასოდეს მოსწყურდება.+ 36  ხომ გითხარით, მიხილავთ, მაგრამ არ მიწამებთ-მეთქი.+ 37  ყველა, ვისაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა, ჩემთან მოსულს+ კი არასოდეს გავაძევებ, 38  რადგან ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ,+ არამედ ჩემი გამომგზავნელისა.+ 39  ჩემი გამომგზავნელის ნება ის არის, რომ მისი მოცემულიდან არავინ დავკარგო, არამედ ყველა აღვადგინო+ უკანასკნელ დღეს. 40  მამაჩემის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს მიიღებს და ირწმუნებს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს,+ და მე აღვადგენ+ მას უკანასკნელ დღეს“. 41  იუდეველებმა რომ გაიგეს იესოს ნათქვამი, ზეციდან ჩამოსული პური ვარო,+ დრტვინვა დაიწყეს; 42  ამბობდნენ: „ეს იესო არ არის, იოსების ვაჟი, რომლის დედ-მამასაც ვიცნობთ?!+ როგორღა ამბობს, ზეციდან ჩამოვედიო?!“ 43  იესომ პასუხად უთხრა: «გეყოთ დრტვინვა! 44  ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა,+ და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.+ 45  წინასწარმეტყველთა წიგნებში წერია: „ყველა იეჰოვას* მიერ განისწავლება“.+ ყველა, ვინც მოუსმინა მამას და ისწავლა, ჩემთან მოდის. 46  თუმცა იმას არ ვამბობ, რომ ვინმეს უხილავს მამა;+ მამა მხოლოდ მან იხილა, ვინც ღვთისგანაა.+ 47  ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვისაც სწამს, მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს.+ 48  მე ვარ სიცოცხლის პური.+ 49  თქვენი მამა-პაპა მანანას ჭამდა უდაბნოში, მაგრამ მაინც დაიხოცნენ,+ 50  ხოლო ვინც ზეციდან ჩამოსულ პურს შეჭამს, არ მოკვდება. 51  მე ზეციდან ჩამოსული სიცოცხლის პური ვარ. ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს. ეს პური ჩემი ხორცია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გავიღებ».+ 52  მაშინ იუდეველებმა კამათი დაიწყეს ერთმანეთში: „როგორ მოგვცემს ეს კაცი თავის ხორცს საჭმელად?“ 53  იესომ უთხრა მათ: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ კაცის ძის ხორცს არ შეჭამთ და მის სისხლს არ შესვამთ, სიცოცხლეს ვერ მიიღებთ.+ 54  ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, მარადიული სიცოცხლე ექნება, და მე აღვადგენ+ მას უკანასკნელ დღეს, 55  რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი — ჭეშმარიტი სასმელი. 56  ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, ერთობაში რჩება ჩემთან, მე კი — მასთან.+ 57  როგორც მე გამომგზავნა ცოცხალმა მამამ და მისით ვცოცხლობ, ასევე იცოცხლებს ჩემით ის, ვინც ჩემით საზრდოობს.+ 58  ეს ზეციდან ჩამოსული პურია, ოღონდ არა ისეთი, თქვენმა მამა-პაპამ რომ ჭამა და მაინც დაიხოცა. ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს“.+ 59  მან ყოველივე ეს მაშინ თქვა, როცა კაპერნაუმის სინაგოგაში* ასწავლიდა. 60  ამის გაგონებაზე ბევრმა მისმა მოწაფემ თქვა: „ამას რას ამბობს! განა შეიძლება ამის მოსმენა?!“ 61  იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ და ჰკითხა მათ: „ეს გაბრკოლებთ?! 62  მაშინ რაღას იზამთ, კაცის ძე იქ ამავალი რომ დაინახოთ, სადაც აქამდე იყო?!+ 63  სული აცოცხლებს,+ ხორცი კი უსარგებლოა. ჩემი ნათქვამი სიტყვები სული და სიცოცხლეა.+ 64  მაგრამ თქვენ შორის ისეთებიც არიან, რომელთაც არ სწამთ“. იესომ თავიდანვე იცოდა, ვის არ სწამდა ის და ვინ გასცემდა მას.+ 65  შემდეგ მან თქვა: „ამიტომ გითხარით, არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ არ მისცა ამის უფლება-მეთქი“.+ 66  ამის გამო ბევრი მისი მოწაფე ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა+ და აღარ დაჰყვებოდა მას. 67  მაშინ იესომ უთხრა თავის თორმეტ მოციქულს: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ 68  სიმონ-პეტრემ უპასუხა: „უფალო, ვისთან წავიდეთ?!+ შენ გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები!+ 69  ჩვენ ვირწმუნეთ და ვიცით, რომ შენ ხარ ღვთის წმინდა!“+ 70  იესომ უპასუხა მათ: „თორმეტი არ აგირჩიეთ?+ ერთი თქვენგანი ცილისმწამებელია!“+ 71  ამას იუდაზე, სიმონ ისკარიოტელის ვაჟზე, ამბობდა, რადგან იესოს გაცემას აპირებდა, თუმცა ის თორმეტ მოციქულს შორის იყო.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „დაახლოებით 25 ან 30 სტადიონი“. სტადიონი უდრიდა 185 მ-ს. იხ. დანართი ბ14.
ან შესაძლოა: „თავშეყრის ადგილას“.