არჩეულ მასალაზე გადასვლა

ნოეს დროს მომხდარი წარღვნა მითია თუ რეალობა?

ნოეს დროს მომხდარი წარღვნა მითია თუ რეალობა?

ბიბლიის თვალსაზრისი

 წარღვნა ნამდვილად მოხდა. ღმერთმა წარღვნა ბოროტი ადამიანების გასანადგურებლად მოავლინა, მაგრამ ნოეს უთხრა, რომ კიდობანი აეშენებინა კარგი ადამიანებისა და ცხოველების გადასარჩენად (დაბადება 6:11—20). ამის დაჯერება რთული არ არის, რადგან ბიბლიაში, რომელიც „ღვთისგან არის შთაგონებული“, წერია, რომ წარღვნა ნამდვილად მოხდა (2 ტიმოთე 3:16).

 ფაქტი თუ იგავ-არაკი?

 ბიბლია ამბობს, რომ ნოე რეალური პიროვნება იყო და წარღვნა ნამდვილად მოხდა; ეს არც მითია და არც იგავ-არაკი.

  •   ბიბლიის დამწერებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ერთ დროს ნამდვილად ცხოვრობდა კაცი, სახელად ნოე. მაგალითად, ბიბლიის დამწერები, ეზრა და ლუკა, გულმოდგინედ იკვლევდნენ ყველა იმ მოვლენას, რომლის შესახებაც წერდნენ. ის ფაქტი, რომ მათ ნოეს სახელი ისრაელი ერის გენეალოგიის აღწერისას მოიხსენიეს, იმაზე მიუთითებს, რომ ნოე ნამდვილად არსებობდა (1 მატიანე 1:4; ლუკა 3:36). სახარებების დამწერებმა, მათემ და ლუკამ, თავიანთ სახარებებში ჩაწერეს იესოს მიერ ნოეს წარღვნასთან დაკავშირებით მოყვანილი შედარებები (მათე 24:37—39; ლუკა 17:26, 27).

     გარდა ზემოთქმულისა, წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა და მოციქულმა პავლემ მოიხსენიეს ნოე, როგორც მართალი და დიდი რწმენის მქონე კაცი (ეზეკიელი 14:14, 20; ებრაელები 11:7). რა აზრი ექნებოდა მისაბაძ მაგალითად მითიური პერსონაჟის მოყვანას? უდავოა, ნოე და რწმენის მქონე სხვა მამაკაცები და ქალები მისაბაძი მაგალითები იმიტომ არიან, რომ ისინი ნამდვილად არსებობდნენ (ებრაელები 12:1; იაკობი 5:17).

  •   ბიბლია წარღვნასთან დაკავშირებით კონკრეტულ დეტალებს ასახელებს. წარღვნის ისტორია არ იწყება ზღაპრების მსგავსად: „იყო და არა იყო რა“. ბიბლია გვიმჟღავნებს წარღვნასთან დაკავშირებული მოვლენების წლებს, თვეებსა და დღეებს (დაბადება 7:11; 8:4, 13, 14). ეს დეტალები იმაზე მიანიშნებს, რომ ბიბლია წარღვნას რეალურ მოვლენად წარმოგვიდგენს და არა როგორც იგავ-არაკს ან ზღაპარს.

 რატომ მოხდა წარღვნა?

 ბიბლიიდან ჩანს, რომ წარღვნამდე „გამრავლდა დედამიწაზე ადამიანთა ბოროტება“ (დაბადება 6:5). ბიბლია იმასაც ამბობს, რომ „გაიხრწნა დედამიწა ჭეშმარიტი ღვთის თვალწინ“, რადგან აივსო დედამიწა ძალადობით და უზნეობით (დაბადება 6:11; იუდა 6, 7).

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ბოროტება ძირითადად იმიტომ გამრავლდა, რომ ბოროტმა ანგელოზებმა დატოვეს ზეცა, ჩამოვიდნენ დედამიწაზე და კავშირი დაამყარეს ქალებთან. ამ ანგელოზების შთამომავლებს ეწოდათ ნეფილიმები, რომლებიც ადამიანებს ძალიან ჩაგრავდნენ (დაბადება 6:1, 2, 4). ღმერთმა გადაწყვიტა, გაეწმინდა დედამიწა ბოროტებისგან, კარგი ადამიანებისთვის კი ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა მიეცა (დაბადება 6:6, 7, 17).

 იცოდა ხალხმა რომ წარღვნა მოხდებოდა?

 დიახ. ღმერთმა გაუმჟღავნა ნოეს მოსალოდნელი წარღვნის შესახებ და უთხრა, აეშენებინა კიდობანი თავისი ოჯახისა და ცხოველების გადასარჩენად (დაბადება 6:13, 14; 7:1—4). ნოე აფრთხილებდა ადამიანებს, რომ წარღვნა მოვიდოდა, მაგრამ ისინი არაფრად აგდებდნენ მის ნათქვამს (2 პეტრე 2:5). ბიბლიაში ვკითხულობთ: „არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“ (მათე 24:37—39).

 როგორი იყო ნოეს კიდობანი?

 კიდობანი დაახლოებით 133 მეტრი სიგრძის, 22 მეტრი სიგანის და 13 მეტრი სიმაღლის მართკუთხა ფორმის დიდი ყუთი იყო. a კიდობანი დამზადებული იყო ფისიანი ხისგან და შიგნიდან და გარედან ფისით იყო დაფარული. მას ჰქონდა სამი სართული და რამდენიმე განყოფილება. ჰქონდა აგრეთვე კარი და, როგორც ჩანს, ზედა მხარეს ფანჯარა. სავარაუდოდ, კიდობანს ჰქონდა სახურავი, რომელიც შუიდან ოდნავ დაქანებული იყო, რათა ზედ წყალი არ დაგროვილიყო (დაბადება 6:14—16).

 რამდენ ხანს აშენებდა ნოე კიდობანს?

 ბიბლია არ ამბობს, რამდენ ხანს აშენებდა ნოე კიდობანს, თუმცა, როგორც ჩანს, მან რამდენიმე ათეული წელი მოანდომა ამ საქმეს. ის 500 წლის იყო, როცა პირველი ვაჟი შეეძინა, ხოლო როცა წარღვნა მოხდა — 600 წლის b (დაბადება 5:32; 7:6).

 როდესაც ღმერთმა ნოეს კიდობნის აშენება დაავალა, ნოეს ვაჟები უკვე ზრდასრულები და დაოჯახებულები იყვნენ, რასაც თავისთავად დრო დასჭირდებოდა, სავარაუდოდ, 50-60 წელი (დაბადება 6:14, 18). თუ ამ ვარაუდს დავეყრდნობით, გონივრულია დავასკვნათ, რომ კიდობნის აშენებას 40-50 წელი დასჭირდებოდა.

a ბიბლია კიდობნის ზომებს წყრთებში მოიხსენიებს. სტანდარტული ებრაული წყრთა შეადგენდა 44,45 სანტიმეტრს“ (The Illustrated Bible Dictionary, გადამუშავებული გამოცემა, ნაწილი 3, გვერდი 1635).

b იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს იცოცხლა ნოემ, იხილეთ 2010 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკის“ სტატია: „მართლა დიდხანს ცოცხლობდნენ ადამიანები ბიბლიურ დროში?“.