მოციქულთა საქმეები 10:1—48

  • კორნელიუსის ხილვა (1—8).

  • პეტრე ხილვაში განწმენდილ ცხოველებს ხედავს (9—16).

  • პეტრე კორნელიუსთან მიდის (17—33).

  • პეტრე სასიხარულო ცნობას უქადაგებს უცხოტომელებს (34—43).

    • „ღმერთი მიუკერძოებელია“ (34, 35).

  • უცხოტომელები იღებენ წმინდა სულს და ინათლებიან (44—48).

10  კესარეაში ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, იტალიური რაზმის ასისთავი;  ის და მისი შინაურები მორწმუნეები და ღვთისმოშიშები იყვნენ; იგი გაჭირვებულებს ეხმარებოდა და ყოველთვის მხურვალედ ლოცულობდა ღვთის წინაშე.  დღის მეცხრე საათისთვის*+ მან ხილვაში ცხადად იხილა ღვთის ანგელოზი, რომელიც მასთან მივიდა და დაუძახა: „კორნელიუს!“  მან შეშინებულმა შეხედა ანგელოზს და უთხრა: „გისმენ, უფალო“. ანგელოზმა მიუგო: „ხედავს ღმერთი, რომ ლოცულობ და გაჭირვებულებს ეხმარები.+  ამიტომ გაგზავნე კაცები იოპეში და მოუხმე სიმონს, რომელსაც პეტრესაც ეძახიან.  ის მეტყავე სიმონთანაა სტუმრად; მისი სახლი ზღვის პირასაა“.  როგორც კი წავიდა ანგელოზი, რომელიც მას ელაპარაკებოდა, მოუხმო კორნელიუსმა ორ მსახურს და თავის თანმხლებთაგან ერთ-ერთ ღვთისმოშიშ ჯარისკაცს,  უამბო მათ ყველაფერი და იოპეში გაგზავნა.  მეორე დღეს ისინი ჯერ კიდევ გზაში იყვნენ და ქალაქს უახლოვდებოდნენ, როცა პეტრე მეექვსე საათისთვის* სალოცავად ბანზე ავიდა. 10  ძალიან მოშივდა. სანამ საჭმელს ამზადებდნენ, ის ბურანში წავიდა+ 11  და გახსნილი ცა იხილა, საიდანაც რაღაც დიდი ტილოს მსგავსი, რომელსაც ოთხივე კუთხე აწეული ჰქონდა, მიწაზე ეშვებოდა. 12  მასში იყო დედამიწის ყველანაირი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ფრინველი. 13  მას ხმა მოესმა: „პეტრე, ადექი, დაკალი და ჭამე!“ 14  პეტრემ იუარა: „არა, უფალო, არასოდეს მიჭამია ბილწი და უწმინდური“.+ 15  მას მეორედ მოესმა ხმა: „ნუღარ უწოდებ ბილწს იმას, რაც ღმერთმა განწმინდა“. 16  ეს მესამედაც მოხდა და ის ტილოს მსგავსი რაღაც სწრაფად ავიდა ცაში. 17  პეტრე ჯერ კიდევ საგონებელში იყო ჩავარდნილი ამ ხილვის გამო, რომ კორნელიუსის მიერ გაგზავნილ კაცებს უკვე გამოეკითხათ, სად იყო სიმონის სახლი, და ჭიშკარს მისდგომოდნენ.+ 18  დაიძახეს და იკითხეს, იყო თუ არა იქ სტუმრად სიმონი, რომელსაც პეტრესაც ეძახდნენ. 19  პეტრე ისევ ხილვაზე ფიქრობდა, როცა სულმა+ უთხრა: „სამი კაცი გკითხულობს. 20  ადექი, ჩადი დაბლა და გაჰყევი მათ. არაფერმა დაგაეჭვოს, ჩემი გამოგზავნილები არიან“. 21  პეტრე ჩავიდა მათთან და უთხრა: „მე ვარ ის, ვისაც ეძებთ. რაშია საქმე?“ 22  მათ მიუგეს: „ასისთავ კორნელიუსს,+ მართალ და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც მთელ იუდეველ ხალხში კარგი სახელი აქვს, ღმერთმა წმინდა ანგელოზის მეშვეობით უბრძანა, შენთან გამოეგზავნა კაცები, რომ სახლში მიგიწვიოს და მოგისმინოს“. 23  პეტრემ შინ შეიპატიჟა ისინი და ღამით იქ დარჩნენ. მეორე დღეს ადგა პეტრე და გაჰყვა მათ. მასთან ერთად ზოგი იოპელი ძმაც წავიდა. 24  მომდევნო დღეს ის კესარეაში ჩავიდა. კორნელიუსი ელოდა მათ; მას ნათესავებისა და ახლო მეგობრებისთვისაც დაეძახა. 25  პეტრე რომ შევიდა, კორნელიუსი შეეგება, მის ფეხებთან მუხლი მოიყარა და პირქვე დაემხო, 26  მაგრამ პეტრემ წამოაყენა და უთხრა: „ადექი, მეც ადამიანი ვარ“.+ 27  პეტრე მასთან ლაპარაკ-ლაპარაკით შევიდა შიგნით; იქ მას ბევრნი დახვდნენ. 28  მან უთხრა მათ: „თქვენ კარგად იცით, რომ კანონი იუდეველს უცხოტომელთან მისვლასაც უკრძალავს და ურთიერთობასაც,+ მაგრამ ღმერთმა დამანახვა, რომ არავის ვუწოდო ბილწი და უწმინდური.+ 29  ამიტომ, როცა მომიხმეს, მეც წამოვედი. მითხარით, რისთვის მომიხმეთ“. 30  კორნელიუსმა უთხრა: «ოთხი დღის წინ, მეცხრე საათზე*, როცა სახლში ვლოცულობდი, ჩემ წინ გაჩნდა მბრწყინავი სამოსით შემოსილი კაცი 31  და მითხრა: „კორნელიუს, შესმენილია შენი ლოცვა; ხედავს ღმერთი, როგორ ეხმარები გაჭირვებულებს. 32  გაგზავნე ვინმე იოპეში და მოუხმე სიმონს, რომელსაც პეტრესაც ეძახიან. ის მეტყავე სიმონთანაა სტუმრად, რომლის სახლიც ზღვის პირასაა“.+ 33  მეც მაშინვე გამოვგზავნე შენთან კაცები და რა კარგია, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რისი თქმაც იეჰოვასგან* გაქვს ნაბრძანები». 34  მაშინ პეტრემ გახსნა ბაგე და თქვა: „ახლა მართლა ვხედავ, რომ ღმერთი მიუკერძოებელია+ და 35  ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქნელი მოსაწონია მისთვის.+ 36  მან ისრაელებს მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობა+ იესო ქრისტეს მეშვეობით აუწყა; ის არის ყველას უფალი.+ 37  თქვენ კარგად იცით, რაზეც ლაპარაკობდნენ გალილეიდან+ მოყოლებული მთელ იუდეაში მას შემდეგ, რაც იოანემ ნათლობის შესახებ იქადაგა; 38  ლაპარაკობდნენ იესო ნაზარეთელზე, თუ როგორ სცხო მას ღმერთმა წმინდა სული,+ როგორ მისცა ძალა, როგორ დადიოდა ყველგან, როგორ აკეთებდა სიკეთეს და როგორ კურნავდა ეშმაკისგან გატანჯულთ;+ ის ამ ყოველივეს იმის წყალობით აკეთებდა, რომ ღმერთი იყო მასთან.+ 39  ჩვენ იმ ყველაფრის მოწმენი ვართ, რაც მან იუდეველთა ქვეყანასა და იერუსალიმში მოიმოქმედა, მაგრამ ის ძელზე დაკიდეს და მოკლეს. 40  ღმერთმა ის მესამე დღეს+ აღადგინა და ნება მისცა, გამოსცხადებოდა ადამიანებს, 41  მაგრამ ყველას კი არა, ღვთის მიერ წინასწარ დანიშნულ მოწმეებს — ჩვენ, ვინც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ.+ 42  მან გვიბრძანა, საგულდაგულოდ გვექადაგა ხალხისთვის,+ რომ ღმერთმა ის ცოცხლებისა და მკვდრების მოსამართლედ დანიშნა.+ 43  ყველა წინასწარმეტყველი მოწმობს+ იმის შესახებ, რომ ყველა მის მორწმუნეს მისი სახელით მიეტევება ცოდვები“.+ 44  პეტრეს ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ წმინდა სული გადავიდა ყველაზე, ვინც ღვთის სიტყვას ისმენდა.+ 45  წინადაცვეთილი მორწმუნეები, რომლებიც პეტრესთან ერთად მივიდნენ, გაოცებულნი იყვნენ, რომ უცხოტომელებზეც გადავიდა ძღვენი, წმინდა სული; 46  მათ ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი უცხო ენებზე და როგორ განადიდებდნენ ღმერთს.+ მაშინ პეტრემ თქვა: 47  „ვინ აუკრძალავს ამათ წყალში მონათვლას?+ ამათაც ხომ ჩვენსავით მიიღეს წმინდა სული?“ 48  ამის შემდეგ უბრძანა მათ, რომ იესო ქრისტეს სახელით მონათლულიყვნენ.+ მათ პეტრეს სთხოვეს, რომ რამდენიმე დღით მათთან დარჩენილიყო.

სქოლიოები

დაახლ. დღის 3 სთ.
დაახლ. დღის 12 სთ.
დაახლ. დღის 3 სთ.