არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

Ა1

ბიბლიის თარგმნის პრინციპები

ბიბლია ძველ ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე დაიწერა. იგი, მთლიანად თუ ნაწილობრივ, 3 000-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. ბიბლიის მკითხველთა უმრავლესობა არ ფლობს ბიბლიის დედნისეულ ენებს, ამიტომ ისინი თარგმანის იმედად არიან. რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ მთარგმნელებმა ბიბლიის თარგმნისას და როგორ იქნა ეს პრინციპები გათვალისწინებული წინამდებარე თარგმანში?

არსებობს მოსაზრება, რომ სიტყვასიტყვითი, სტრიქონობრივი თარგმანი დედნისეული ტექსტის საუკეთესოდ გაგების საშუალებას იძლევა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამის დასტურად მოვიყვანოთ რამდენიმე მიზეზი:

  • არ არსებობს ერთნაირი გრამატიკის, ლექსიკისა თუ სინტაქსის მქონე ორი იდენტური ენა. ებრაული ენის სპეციალისტი, პროფესორი ს. რ. დრაივერი წერს, რომ ენები ერთმანეთისგან განსხვავდება არამარტო გრამატიკითა და ლექსიკური შემადგენლობით, არამედ აზრების ფორმულირების თვალსაზრისითაც. სხვადასხვა ენაზე სათქმელი სხვადასხვაგვარად ყალიბდება. როგორც პროფესორი დრაივერი აღნიშნავს, ხშირად სხვადასხვა ენაზე ერთი და იმავე აზრის ჩამოყალიბება ერთი და იმავე წყობით შეუძლებელია.

  • დღესდღეობით არცერთ ენას არა აქვს ძველი ებრაული, არამეული და ბერძნული ენების იდენტური ლექსიკა და გრამატიკა. აქედან გამომდინარე, ბიბლიის სიტყვასიტყვითი თარგმანი შეიძლება გაუგებარი იყოს; უფრო მეტიც, მკითხველმა აზრი შეიძლება არასწორადაც გაიგოს.

  • სიტყვისა თუ ფრაზის მნიშვნელობას კონტექსტი განაპირობებს.

მთარგმნელს შეუძლია ზოგი მონაკვეთი სიტყვასიტყვით თარგმნოს, მაგრამ ამ მხრივ მას დიდი სიფრთხილე მართებს. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიყვანდა სიტყვასიტყვითი თარგმანი მკითხველს შეცდომაში:

  • ბიბლიაში სიტყვა „ძილი“ როგორც ძილის, ისე სიკვდილის აღსანიშნავად გამოიყენება. იქ, სადაც „ძილში“ სიკვდილი იყო ნაგულისხმევი, გადამუშავებულ გამოცემაში მთარგმნელებმა სიკვდილის აღმნიშვნელი ზმნები გამოიყენეს, რათა მკითხველი შეცდომაში არ შესულიყო (საქმეები 7:60; 1 კორინთელები 7:39; 1 თესალონიკელები 4:13; 2 პეტრე 3:4).

  • მოციქულმა პავლემ ეფესოელების მიმართ მიწერილი წერილის 4:14-ში გამოიყენა იდიომი, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „ადამიანთა კამათლებით თამაში“. ამ იდიომს საფუძვლად დაედო კამათლებით მოტყუების ჩვეულება; მისი სიტყვასიტყვითი თარგმანი მკითხველისთვის აზრს მოკლებული იქნებოდა. ამიტომაც აზრის სწორად გადმოსაცემად ეს იდიომატური გამოთქმა ითარგმნა როგორც „ადამიანთა მზაკვრობა“.

  • რომაელების 12:11-ში გამოყენებული ფრაზა სიტყვასიტყვით „სულის დუღილს“ ნიშნავს, რაც ჩვენს ენაზე სათქმელს ვერ გადმოსცემს. ამიტომ ეს ფრაზა ითარგმნა როგორც „სულით აენთეთ“.

  • მათე 5:3

    სიტყვასიტყვითი თარგმანი: „სულით ღარიბნი“.

    აზრობრივი თარგმანი: „სულიერს მოწყურებულნი“.

    იესო ქრისტემ საყოველთაოდ ცნობილი მთაზე ქადაგებისას გამოიყენა ფრაზა, რომელიც ბევრ ბიბლიაში ნათარგმნია როგორც „სულით ღარიბნი“ (მათე 5:3). თუმცა მრავალ ენაზე „სულით ღარიბად“ ნათარგმნი ფრაზა საკმაოდ ბუნდოვანია, ვინაიდან ის შესაძლოა სულით ავადმყოფთან, უსიცოცხლო ან ძალაგამოცლილ ადამიანთან გააიგივონ. სინამდვილეში იესო ხალხს იმას ასწავლიდა, რომ ბედნიერებას ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება კი არ განაპირობებს, არამედ იმის გაცნობიერება, რომ ღვთის ხელმძღვანელობის გარეშე ვერაფერს გახდებიან (ლუკა 6:20). აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული ფრაზა წინამდებარე თარგმანში სრულიად მართებულად ითარგმნა „სულიერს მოწყურებულად“, რადგან ეს თარგმანი დედნისეულ ტექსტში ნაგულისხმევ აზრს მეტი სიზუსტით გადმოსცემს (მათე 5:3).

  • ებრაული სიტყვა „ქინა“ ზოგ კონტექსტში „ეჭვიანობად“ და „შურად“ ითარგმნა (იგავები 6:34; ესაია 11:13). თუმცა აღსანიშნავია, რომ ამავე ებრაულ სიტყვას დადებითი მნიშვნელობებიც აქვს. მაგალითად, ის გამოიყენება ღვთის მიერ თავის მსახურთაგან „ერთგულების მოთხოვნის“ მნიშვნელობით, აგრეთვე „თავგამოდებისა“ და „მოშურნეობის“ მნიშვნელობებით იქ, სადაც საუბარია იეჰოვას მიერ თავის მსახურთა დაცვასა თუ ხსნაზე (გამოსვლა 34:14; ზაქარია 8:2; 2 მეფეები 19:31). საგულისხმოა, რომ ეს სიტყვა „მოშურნეობის“ მნიშვნელობით იმ კონტექსტებშიც გამოიყენება, სადაც საუბარია იმაზე, თუ რას გრძნობენ ღვთის ერთგული მსახურები ღვთის ან მისი თაყვანისმცემლობისადმი (ფსალმუნი 69:9; 119:139; რიცხვები 25:11).

  • ებრაული სიტყვა „ჲად“, რომელიც ხელს ნიშნავს, კონტექსტის გათვალისწინებით „ძალაუფლებად“, „გულუხვობად“ და სხვა სიტყვებადაც ითარგმნა.

    ხელის აღმნიშვნელ ებრაულ სიტყვას საკმაოდ ფართო მნიშვნელობა აქვს. ამიტომ კონტექსტის გათვალისწინებით ეს სიტყვა „ძალაუფლებად“ და „გულუხვობად“ ითარგმნა (2 სამუელი 8:3; 1 მეფეები 10:13). წინამდებარე თარგმანში იგი სხვა მნიშვნელობებითაცაა ნათარგმნი.

როგორც დავინახეთ, ბიბლიის თარგმნა დედნისეულ ენაზე გამოყენებული სიტყვების ერთი და იმავე შესატყვისებით გადმოტანაზე გაცილებით მეტს მოიცავს. მთარგმნელს განსჯის უნარი ესაჭიროება, რომ დედნისეულ ტექსტში ჩადებული აზრების გადმოსაცემად საუკეთესო სიტყვები შეარჩიოს. ამასთანავე, აუცილებელია წინადადებების ჩამოყალიბება გრამატიკული წესების დაცვით, რათა ტექსტი ადვილად იკითხებოდეს.

გარდა ამისა, მთარგმნელმა თავს ზედმეტი თავისუფლება არ უნდა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისეულმა თარგმანმა აზრი შესაძლოა დაამახინჯოს; მან შეიძლება თარგმანში საკუთარი აზრი ჩააქსოვოს ან მნიშვნელოვანი დეტალები გამოტოვოს. მართალია, თარგმანი ადვილად უნდა იკითხებოდეს, მაგრამ მეტისმეტად თავისუფალმა თარგმანმა მკითხველს შესაძლოა არასწორი აზრი მიაწოდოს.

მთარგმნელი შესაძლოა რელიგიური შეხედულებების გავლენაშიც მოექცეს. მაგალითად, მათეს 7:13-ში მოხსენიებული ბერძნული სიტყვა, რომელიც „დაღუპვას“ ნიშნავს, ზოგმა მათგანმა „ჯოჯოხეთად“ თარგმნა.

ბიბლიის მთარგმნელს არც ის უნდა გამორჩეს მხედველობიდან, რომ ბიბლია უბრალო ხალხის, მიწათმოქმედების, მწყემსებისა თუ მეთევზეების, სამეტყველო ენაზე დაიწერა (ნეემია 8:8, 12; საქმეები 4:13). ამიტომ ბიბლიის კარგ თარგმანად ის ჩაითვლება, რომელიც ნებისმიერი გულწრფელი ადამიანისთვის გასაგები იქნება. ასე რომ, ბიბლიის თარგმნისას უმჯობესია კარგად ნაცნობი, ადვილად გასაგები ფრაზების გამოყენება და არა ისეთი ფრაზების, რომლებსაც რიგითი მკითხველის ლექსიკაში იშვიათად შევხვდებით.

ბიბლიის მრავალმა მთარგმნელმა საკუთარ თავს მეტისმეტი თავისუფლება მისცა და თავისი თარგმანიდან ღვთის სახელი, იეჰოვა, ამოიღო, არადა, ღვთის საკუთარ სახელს ბიბლიის უძველეს ხელნაწერებში მრავალ ადგილას ვხვდებით (იხ. დანართი Ა4). ბევრმა მთარგმნელმა ღვთის სახელი ჩაანაცვლა წოდებით, „უფალი“ და ბევრმაც საერთოდ მიჩქმალა ის ფაქტი, რომ ღმერთს სახელი აქვს. მაგალითად, ზოგ თარგმანში იესოს ლოცვა, რომელიც ჩაწერილია იოანეს 17:6-სა და 17:26-ში, ასეა ნათარგმნი: „გავუმჟღავნე შენი თავი მათ, ვინც მომეცი“ და „გავაცანი შენი თავი ადამიანებს“, არადა, იესოს ლოცვის სწორი თარგმანი ასეთი უნდა იყოს: „შენი სახელი ვამცნე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი“ და „ვამცნე მათ შენი სახელი“.

„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ თავდაპირველი ინგლისური გამოცემის წინასიტყვაობაში აღნიშნული იყო შემდეგი: „ეს არ გახლავთ ბიბლიის თავისუფალი თარგმანი. ჩვენი მიზანი იყო, სიტყვასიტყვით გვეთარგმნა ის მონაკვეთები, სადაც თანამედროვე ინგლისური ენა იძლეოდა საშუალებას, ოღონდ არა აზრის დამახინჯების ხარჯზე“. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სარედაქციო კომიტეტი შეეცადა, რომ, ერთი მხრივ, შესაფერისი სიტყვები და ფრაზები შეერჩია დედნისეული ტექსტის ზედმიწევნით გადმოსაცემად, ხოლო, მეორე მხრივ, მორიდებოდა ისეთი სიტყვებისა თუ ფრაზების ხმარებას, რომლებიც აზრს ან გააბუნდოვნებდა, ან დაამახინჯებდა. სწორედ ამის წყალობითაა, რომ ეს თარგმანი ადვილად იკითხება. ასე რომ, მკითხველს შეუძლია სრულიად დარწმუნებული იყოს, რომ ხელთ აქვს თარგმანი, რომელშიც ღვთივშთაგონებული სიტყვა მაქსიმალური სიზუსტითაა გადმოტანილი (1 თესალონიკელები 2:13).