არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰბაძეთ მათ რწმენას | იოსები

„როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება?“

„როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება?“

იოსებმა ლოტოსისა და სხვა წყალმცენარეების სურნელით გაჯერებული მძიმე ჰაერი ჩაისუნთქა. ის ვაჭრების ქარავანს მიჰყვება, რომელიც ნილოსის დაბლობს კვეთს. წარმოიდგინეთ წყლის პირას ერთ მწკრივად მიმავალი მამაკაცები, რომლებიც აქლემებს ახლა უკვე ეგვიპტის მორიგი ქალაქისკენ მიუძღვებიან. დროდადრო მათ ყურადღებას წყალში მოსიარულე ყანჩები და ცაში მოთარეშე ყაჯირები იპყრობენ. იოსებს კვლავ ხებრონის მაღალმთიან ტრამალებზე მდებარე თავისი სახლი ახსენდება, რომლისგანაც მას ახლა ასობით კილომეტრი აშორებს. ის სულ სხვა სამყაროში მოხვდა.

ირგვლივ ფინიკის პალმებსა და ლეღვის ხეებზე მოხტუნავე მაიმუნების ჭყივილ-კივილი ისმის. როგორც ჩანს, იოსებისთვის გამვლელ-გამომვლელების ენაც გაუგებარია. შესაძლოა ის ცდილობს, სიტყვები ან ფრაზები მაინც დაიჭიროს და დაიმახსოვროს, ვინაიდან ხვდება, რომ თავის სახლს ვეღარასდროს იხილავს.

ამ დროს იოსები 17-18 წელზე მეტის არ იქნებოდა, მაგრამ ისეთი სირთულეების გადატანა მოუწია, რისი ატანაც ბევრ გამოცდილ მამაკაცს გაუჭირდებოდა. იმის გამო, რომ მამის საყვარელი შვილი იყო, შურით აღვსილმა საკუთარმა ძმებმა ლამის მოკლეს. ბოლოს, არც მეტი, არც ნაკლები, ვაჭრებს მიჰყიდეს (დაბადება 37:2, 5, 18—28). მრავალკვირიანი მგზავრობის შემდეგ, რაც მეტად უახლოვდებოდნენ დიდ სავაჭრო ქალაქს, ვაჭრებს მით მეტად ევსებოდათ გული სიხარულით, რადგან იცოდნენ, რომ იქ დიდ მოგებას ნახავდნენ როგორც იოსების, ისე სხვა ძვირფასი ნივთების გაყიდვით. როგორ შეძლო იოსებმა, რომ სასოწარკვეთილებას არ მისცემოდა და სულით არ დაცემულიყო? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ცხოვრებისეულმა სირთულეებმა და წარუმატებლობამ რწმენა არ დაგვინგრიოს? იოსებისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.

„იეჰოვა იყო იოსებთან“

„ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში. ის ეგვიპტელმა ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა, მცველთა უფროსმა იყიდა ისმაელელთა ხელიდან, რომლებმაც იქ ჩაიყვანეს“ (დაბადება 39:1). ამ რამდენიმე სიტყვით, ბიბლია წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რამდენად შეურაცხყოფილი იქნებოდა ახალგაზრდა იოსები, როდესაც კიდევ ერთხელ გაყიდეს, თითქოს ნივთი ყოფილიყო და მეტი არაფერი! ახლა უკვე იოსები თავის ახალ ბატონს, ეგვიპტის სამეფო კარის წარმომადგენელს მიჰყვება, აღმოსავლური ბაზრებით სავსე ხმაურიან ქუჩებში თავისი ახალი სახლისკენ.

ეს სახლი ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რასაც იოსები სახლს ეძახდა. მისი ოჯახი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. მათ ცხვრის ფარები ჰყავდათ. ისინი კარვებში ცხოვრობდნენ, რადგან ხშირად უწევდათ გადაადგილება. აქ კი, ისეთი მდიდარი ეგვიპტელები, როგორიც ფოტიფარი იყო, ლამაზ და ნათელ ფერებში შეღებილ სახლებში ცხოვრობდნენ. არქეოლოგების აზრით, ძველ ეგვიპტეში ფუფუნების მოყვარული ხალხი ცხოვრობდა, რომელთა სახლებსაც ჰქონდა შემოღობილი ბაღები, რომელთაც საჩრდილობელი ხეები და პატარა აუზები ამშვენებდა, სადაც პაპირუსები, ლოტოსები და სხვა წყალმცენარეები იზრდებოდა. ზოგი სახლი ბაღში იდგა განცალკევებით, რომელსაც ტერასები, მაღალი ფანჯრები და ბევრი ოთახი ჰქონდა, მათ შორის ერთი დიდი სასადილო და რამდენიმე პატარა ოთახი მსახურებისთვის.

როგორც ჩანს, იოსები სრულებითაც არ მოხიბლულა ასეთი სიმდიდრით. ალბათ, ყველაზე მეტად ის მარტოობას განიცდიდა. ეგვიპტელები მისთვის სრულიად უცხო ენაზე საუბრობდნენ, მათ განსხვავებული ჩაცმისა და ცხოვრების სტილი ჰქონდათ და, რაც ყველაზე მთავარია, მისთვის მათი რელიგიაც უცხო იყო. ეგვიპტელები უამრავ ღვთაებას სცემდნენ თაყვანს, მისდევდნენ ოკულტიზმსა და ჯადოქრობას და მიმზიდველად წარმოაჩენდნენ სიკვდილსა და საიქიო ცხოვრებას. ყოველივეს მიუხედავად, იყო რაღაც, რაც იოსებს იცავდა იმისგან, რომ მარტოობას არ შთაენთქა. ბიბლიიდან ვიგებთ რომ: „იეჰოვა იყო იოსებთან“ (დაბადება 39:2). უდავოა, რომ იოსები გულს უღვრიდა თავის ღმერთს. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს“ (ფსალმუნი 145:18). კიდევ როგორ უახლოვდებოდა იოსები თავის ღმერთს?

ეს ახალგაზრდა მამაკაცი არ მიეცა სასოწარკვეთილებას და ცდილობდა, დაკისრებული საქმე, რაც შეიძლებოდა კარგად გაეკეთებინა. შედეგად, მან იეჰოვას კურთხევა დაიმსახურა და მალე თავისი ახალი ბატონის თვალშიც პოვა კეთილგანწყობა. ფოტიფარმა დაინახა, რომ მის ახალგაზრდა მსახურს იეჰოვა აკურთხებდა და უდავოა, რომ ასეთი კურთხევა მის სახლსაც დიდ კეთილდღეობას მოუტანდა. თანდათანობით იოსებმა თავისი ბატონის თვალში კიდევ უფრო მეტი პატივისცემა მოიპოვა და ბოლოს, ფოტიფარმა მთელი თავისი ქონება ამ უნარიან ახალგაზრდა კაცს ჩააბარა (დაბადება 39:3—6).

იოსებმა მნიშვნელოვანი მაგალითი დაუტოვა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ღმერთს ემსახურებიან. მაგალითად, მოზარდები სკოლაში შეიძლება მათთვის მიუღებელ, უცხო გარემოში აღმოჩნდნენ, რადგან მოუწიოთ ოკულტიზმით გატაცებულ საზოგადოებასთან შეხება, რომელთათვისაც ცხოვრება უღიმღამო და უაზროა. თუ თქვენც ასეთ სიტუაციაში ხართ, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა არ შეცვლილა (იაკობი 1:17). ის დღესაც მათ გვერდით არის, ვინც ერთგულებას ინარჩუნებს და ვინც მთელი გულით ცდილობს, მას ასიამოვნოს. ღმერთი მათთვის კურთხევებს არ იშურებს და გამონაკლისი არც თქვენ იქნებით.

გავიდა დრო და „იოსები ტანად და თვალად მშვენიერი კაცი დადგა“. ხშირად ფიზიკურ სილამაზეს არასასურველი და უადგილო ყურადღება მოჰყვება ხოლმე. იოსების შემთხვევაშიც ასე მოხდა.

ფოტიფარის ცოლმა თვალი დაადგა ახალგაზრდა იოსებს

„ვერ დაიყოლია“

იოსები აფასებდა ერთგულებას, რასაც ვერ ვიტყვით ფოტიფარის ცოლზე. ბიბლიაში ვკითხულობთ: «მისი ბატონის ცოლმა თვალი დაადგა იოსებს და უთხრა: „დაწექი ჩემთან“» (დაბადება 39:7). დაჰყვა იოსები ამ წარმართი ქალის ურცხვ წინადადებას? ბიბლია არ ამბობს, რომ იოსებს საწინააღმდეგო სქესის მიმართ ლტოლვა არ ჰქონდა და მასში ჩაკლული იყო ყველანაირი მამაკაცური გრძნობები. ვერც იმას ვიტყვით, რომ სამეფო კარის მდიდარი და გავლენიანი წარმომადგენლის განებივრებული ცოლი შეუხედავი და არასასურველი იქნებოდა. თუ იოსები ცდუნებას დაჰყვებოდა, თავს იმით ხომ არ გაიმართლებდა, რომ მისი ბატონი ვერასოდეს ვერაფერს გაიგებდა? ან მისთვის ის აზრი ხომ არ აღმოჩნდებოდა საცდური, რომ ამ ქალთან კავშირით დიდ გამორჩენას ნახავდა?

სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვიცით, გაუელვა თუ არა ასეთმა აზრებმა იოსებს თავში. თუმცა, ის კი ზუსტად ვიცით, რა ჰქონდა გულში. ეს აშკარად ჩანს მისი პასუხიდან: „ამ სახლში ჩემს ბატონს არაფერი აქვს საზრუნავი, ყველაფერი მე ჩამაბარა. ჩემზე დიდი არავინაა ამ სახლში და შენ გარდა არაფერი დაუკავებია ჩემთვის, რადგან მისი ცოლი ხარ. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“ (დაბადება 39:8, 9). წარმოიდგინეთ, რა დარწმუნებით ამბობს ამ სიტყვებს ეს ახალგაზრდა კაცი. მას იმის გაფიქრებაც კი ზარავდა, რასაც ქალი სთხოვდა. რატომ?

როგორც იოსებმა თქვა, ბატონი ენდობოდა მას. ფოტიფარმა ყველაფერი მას ჩააბარა, არაფერი დაუკავებია მისთვის, გარდა ცოლისა. იოსები გულშიც კი ვერ გაივლებდა ბატონის ღალატს. მაგრამ, ყველაზე მეტად მას, ის აზრი სცემდა თავზარს, რომ იეჰოვას შესცოდავდა. იოსებს მშობლებისგან ბევრი რამ ჰქონდა ნასწავლი. მან იცოდა ღვთის თვალსაზრისი ქორწინებასა და ერთგულებაზე. ქორწინებას იეჰოვამ ჩაუყარა საფუძველი და გარკვევით თქვა, რომ კაცი და ქალი ერთმანეთს მიეკვრებოდა და ერთი ხორცი იქნებოდა (დაბადება 2:24). ვინც ამ კავშირის დარღვევას შეეცდებოდა, შეიძლებოდა იეჰოვას რისხვა დაეტეხა თავს. მაგალითად, კინაღამ ასეთი რამ დაემართა ერთ მამაკაცს, რომელმაც ლამის შეურაცხყო აბრაამის ცოლი, რომელიც იოსების დიდი ბებია იყო. ღმერთი ასევე მოიქცა ისაკის ცოლის, რებეკას შემთხვევაშიც, რომელიც იოსებს ბებიად ეკუთვნოდა (დაბადება 20:1—3; 26:7—11). ამ შემთხვევებიდან იოსებმა ღვთის პრინციპი დაინახა და გადაწყვიტა, მის თანახმად ეცხოვრა.

ფოტიფარის ცოლს იოსების უარი ძალიან არ ესიამოვნა. წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც მდაბიო უარყოფს და თან მის შემოთავაზებას დიდ ბოროტებას უწოდებს! მაგრამ ქალი მაინც არ ეშვება; ღირსებაშელახულს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, იოსები როგორღაც დაიყოლიოს. მან ისეთივე სული გამოავლინა, როგორიც სატანამ, რომელიც იესოს შეცდენას ცდილობდა. სატანის მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ იესოსთვის თავი დაენებებინა, მან მოიცადა, „სანამ სხვა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა“ (ლუკა 4:13). ასეთივე ურყევნი უნდა იყვნენ ღვთის ერთგული მსახურები. სწორედ ამის წყალობით შეძლო იოსებმა გამკლავებოდა ცდუნებას. მართალია, ასეთი ზეწოლა დღეები გრძელდებოდა, მაგრამ იოსები მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ქალმა ის „ვერ დაიყოლია“ (დაბადება 39:10). ფოტიფარის ცოლს გადაწყვეტილი ჰქონდა, მიზნისთვის მიეღწია.

ერთხელაც ქალმა ისეთი დრო შეარჩია, როცა მსახურები სახლში არ იყვნენ. მან იცოდა, რომ იოსები საქმისთვის სახლში შევიდოდა და როცა მისი მოლოდინი გამართლდა, მოქმედება დაიწყო. სტაცა ხელი ტანსაცმელზე და შეეხვეწა: „დაწექი ჩემთან“. იოსებმა სწრაფად იმოქმედა და მისგან თავი დაიხსნა. ტანსაცმელი ქალს ხელში შეატოვა და გარეთ გავარდა (დაბადება 39:11, 12).

ალბათ გვახსენდება პავლე მოციქულის რჩევა: „გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელები 6:18). რა კარგი მაგალითი დაგვიტოვა იოსებმა ქრისტიანებს! შეიძლება ისეთ ადამიანებთან მოგვიწიოს ურთიერთობა, ვინც არ აფასებს ღვთის ზნეობრივ ნორმებს. მაგრამ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ცუდი გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გავექცეთ სიძვას!

იოსებს ეს ძვირად დაუჯდა. შურისძიებით აღვსილმა ფოტიფარის ცოლმა კივილი მორთო და მსახურებს მოუხმო. ის ირწმუნებოდა, რომ იოსებმა მისი გაუპატიურება სცადა და როცა კივილი მორთო, გაიქცა. სამხილად მას ხელში იოსების მოსასხამი ეჭირა და ქმარს ელოდებოდა. როცა ფოტიფარი სახლში დაბრუნდა, ქალმა ისევ ის ტყუილი თქვა და ქმარი დაადანაშაულა, რომ სახლში ვიღაც უცხოელი მოიყვანა. ბიბლიიდან ვიგებთ, რა რეაქცია ჰქონდა ფოტიფარს: „აენთო მისი რისხვა“. მან იოსები საპყრობილეში ჩააგდებინა (დაბადება 39:13—20).

„ბორკილებით დაუმძიმეს ფეხები“

ჩვენ ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორი იყო იმ დროს ეგვიპტის ციხეები. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ასეთი ადგილების ნანგრევები, რომლებსაც ჰქონდა საკნები და დილეგები. იოსებმა საპატიმრო აღწერა ისეთი სიტყვით, რომელიც პირდაპირი გაგებით ნიშნავს „ორმოს“, ბნელ და უსიცოცხლო ადგილს (დაბადება 40:15). ფსალმუნებიდან ვიგებთ, რომ იოსები სხვა მხრივაც იტანჯებოდა: „ბორკილებით დაუმძიმეს ფეხები, რკინით შეიბორკა მისი სული“ (ფსალმუნი 105:17, 18). ეგვიპტელები ზოგჯერ პატიმრებს ხელებს ზურგს უკან წააღებინებდნენ და მკლავებზე ბორკილებს ადებდნენ. ზოგ პატიმარს კისერზე რკინის საყელურსაც უკეთებდნენ. წარმოიდგინეთ, რისი ატანა მოუწევდა სრულიად უდანაშაულო იოსებს ასეთი არაადამიანური მოპყრობის გამო.

ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ეს არ გაგრძელებულა ერთი და ორი დღე. მას წლები მოუწია ამ საშინელ ადგილას ყოფნა. * იოსებს იმის იმედიც კი გადაწურული ჰქონდა, რომ ოდესმე გაათავისუფლებდნენ. გადიოდა დღეები, კვირები და თვეები. რა დაეხმარა იოსებს სასოწარკვეთილებას არ მისცემოდა?

პასუხს ბიბლიიდან ვიგებთ: „იეჰოვა იყო იოსებთან, სიკეთეს არ აკლებდა მას“ (დაბადება 39:21). ვერც ციხის კედლები, ვერც ბორკილები და ვერც ბნელი დილეგები ვერ შეუშლის იეჰოვას ხელს, რომ თავის მსახურებს სიყვარული აგრძნობინოს (რომაელები 8:38, 39). რთული წარმოსადგენი არ არის, როგორ გადმოუღვრიდა გრძნობებსა და განცდებს იოსები თავის საყვარელ მამას ლოცვაში და როგორ მოჰგვრიდა მას შინაგან სიმშვიდეს „ყოველგვარი ნუგეშის მამა“ (2 კორინთელები 1:3, 4; ფილიპელები 4:6, 7). გარდა ამისა, იეჰოვამ იოსებს „წყალობა აპოვნინა საპყრობილის ზედამხედველის თვალში“.

როგორც წესი, პატიმრებს სხვადასხვა საქმეს ავალებდნენ. იოსები ამჯერადაც აძლევდა იეჰოვას კურთხევის საფუძველს. ის კეთილსინდისიერად ასრულებდა ნებისმიერ დავალებას, დანარჩენს კი იეჰოვას ანდობდა. იეჰოვას კურთხევით მან აქაც მოიპოვა ნდობა და პატივისცემა, ისევე როგორც ერთ დროს ფოტიფარის სახლში. წმინდა წერილებში ვკითხულობთ: „საპყრობილის ზედამხედველმა იოსებს ჩააბარა ყველა, ვინც საპყრობილეში იყო; მისი განკარგულების გარეშე არაფერი კეთდებოდა. არ ზრუნავდა საპყრობილის ზედამხედველი იმაზე, რაც მას ებარა, რადგან იეჰოვა იყო იოსებთან და ყველა საქმეში იეჰოვა უმართავდა ხელს“ (დაბადება 39:22, 23). რა მანუგეშებელი იქნებოდა იოსებისთვის იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ზრუნავდა მასზე.

იოსები ციხეშიც მუყაითად შრომობდა, რის გამოც იეჰოვამ აკურთხა

ჩვენს ცხოვრებაშიც შეიძლება დადგეს მძიმე დღეები, ზოგი ჩვენგანი შეიძლება საშინელი უსამართლობის მსხვერპლიც კი გახდეს. ასეთ დროს იოსების მაგალითი ძალიან დაგვეხმარება. თუ გამუდმებით ვილოცებთ, ვუერთგულებთ იეჰოვას მითითებებს და ყველანაირად ვეცდებით იმის კეთებას, რაც მის თვალში სწორია, იეჰოვას ჩვენი კურთხევის საფუძველს მივცემთ. როგორც ამ სერიის მომდევნო სტატიიდან გავიგებთ, იეჰოვა ღმერთმა იოსები კიდევ უფრო მეტად აკურთხა.

^ აბზ. 23 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იოსები 17-18 წლისა იყო, როცა ფოტიფარის სახლში მიიყვანეს და შესაძლოა რამდენიმე წელიც გავიდა, სანამ ახალგაზრდა მამაკაცად ჩამოყალიბდებოდა. ციხიდან რომ გამოვიდა, ის უკვე 30 წლის იყო (დაბადება 37:2; 39:6; 41:46).