არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰბაძეთ მათ რწმენას | იოსები

„ღმერთი ხომ არა ვარ?!“

„ღმერთი ხომ არა ვარ?!“

იოსები შებინდებისას საკუთარ ბაღში ფინიკის პალმების, მსხმოიარე ხეებისა და წყალმცენარეებით სავსე აუზების ცქერით ტკბება. წამიერად მის მზერას ფარაონის სასახლე იპყრობს, რომლისგანაც ერთი კედელი აშორებს. უცებ მის სიმყუდროვეს შორიდან მომავალი ხმები არღვევს, რომელთაც იოსები ფიქრებით სახლში გადაჰყავთ. მან წარმოიდგინა, როგორ აცინებს მისი ვაჟი მენაშე თავის პატარა ძმას, ეფრემს. ბავშვების ანცობაზე მის ცოლსაც ეღიმება. ამის გაფიქრება იოსებსაც ჰგვრის სახეზე ღიმილს. ის გრძნობს, რომ იეჰოვამ დიდად აკურთხა.

იოსებმა თავის პირმშოს მენაშე დაარქვა. მისი სახელის მნიშვნელობა დავიწყებას უკავშირდება (დაბადება 41:51). უდავოა, რომ ბოლო დროს ღვთის უხვმა კურთხევებმა მშობლიურ კერას მოწყვეტილ იოსებს ძმებისა და მამის მონატრებით გამოწვეული ტკივილი დაუამა. ძმების მხრიდან გამოვლენილმა სიძულვილმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. შურისძიებით შეპყრობილმა ძმებმა მისი მოკვლაც კი დააპირეს, მაგრამ ბოლოს მონად მიჰყიდეს გზად მიმავალ ვაჭრებს. მას შემდეგ იოსების ცხოვრება უკუღმა დატრიალდა — ერთ უბედურებას მეორე მოჰყვებოდა. ათ წელზე მეტი მონობაში გაატარა, შემდეგ ციხეში უკრეს თავი, სადაც ერთი პერიოდი რკინის ბორკილებიც ედო. მაგრამ გამოხდა ხანი და იოსები ძლევამოსილი ეგვიპტის მეორე მმართველი გახდა, ფარაონის შემდეგ. *

წლების განმავლობაში იოსებმა საკუთარი თვალით იხილა, როგორ ზუსტად სრულდებოდა იეჰოვას სიტყვები. წინასწარმეტყველების თანახმად, ეგვიპტეს უხვმოსავლიანი შვიდი წელიწადი დაუდგა; იოსები მარცვლეულის მარაგის შეგროვებას მეთვალყურეობდა. ამ პერიოდში მას ორი ვაჟი შეეძინა ასენათისგან. თუმცა მაინც ხშირად ახსენდებოდა მამისეული სახლი, რომლისგანაც ასობით კილომეტრი აშორებდა. განსაკუთრებით ენატრებოდა უმცროსი ძმა, ბენიამინი, და საყვარელი მამა, იაკობი; აფიქრებდა მათი მდგომარეობა, მშვიდობით იყვნენ თუ არა, ან რამე ხომ არ უჭირდათ. ალბათ ისიც აინტერესებდა, შეიცვალნენ თუ არა მისი ბოროტი ძმები და შეძლებდა თუ არა ოდესმე იმ ნაპრალის ამოვსებას, რამაც მათი ოჯახი გახლიჩა.

თუ შურმა, ღალატმა ან სიძულვილმა თქვენს ოჯახსაც დააკარგვინა სიმშვიდე, იცოდეთ, რომ ეს გრძნობა არც იოსებისთვის იყო უცხო. როგორ მივბაძოთ იოსებს რწმენის გამოვლენაში, რომელსაც შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ძმებისთვის ხელი არ უკვრია.

„იოსებთან წადით“

იოსები იმდენად იყო დაკავებული, რომ ვერც კი ამჩნევდა, როგორ მისდევდა დღეები დღეებს და წლები წლებს. ფარაონს აუხდა სიზმარი. იეჰოვას წინასწარმეტყველების თანახმად, უხვმოსავლიან შვიდ წელიწადს მოუსავლიანი წლები მოჰყვა. მეზობელი ქვეყნები შიმშილობამ მოიცვა. მაგრამ როგორც ბიბლია ამბობს, „ეგვიპტის მიწაზე იშოვებოდა პური“ (დაბადება 41:54). ეგვიპტელებისთვის უდავოდ კურთხევა აღმოჩნდა ის, რომ ღმერთმა იოსებს წინასწარმეტყველების ახსნის უნარი და კარგი ორგანიზატორული ნიჭი უბოძა.

იეჰოვა იოსებს მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებინებდა იმის გამო, რომ ის თავმდაბალი იყო

ეგვიპტელები შესაძლოა იოსების წინაშე თავს დავალებულად გრძნობდნენ და აქებდნენ მას მიმადლებული ნიჭის გამო. თუმცა იოსები ამას თავის დამსახურებად არ თვლიდა და ქებას იეჰოვა ღმერთს უძღვნიდა. თუ ჩვენს ნიჭსა და უნარს თავმდაბლურად ვიყენებთ იეჰოვას მსახურებაში, ღმერთმა შესაძლოა წარმოუდგენელი საქმეები გაგვაკეთებინოს!

დროთა განმავლობაში შიმშილობა ეგვიპტესაც მოედო. როდესაც ხალხმა დახმარებისთვის ფარაონს შეღაღადა, მან უთხრა ეგვიპტელებს: „იოსებთან წადით და გააკეთეთ, რასაც ის გეტყვით“. იოსებმაც გახსნა ბეღლები და ხალხიც ყიდულობდა მარცვლეულს (დაბადება 41:55, 56).

მეზობელ ქვეყნებში კი ხალხი შიმშილობდა. გამონაკლისი არც იოსების ოჯახი იყო, რომელიც ასობით კილომეტრით მოშორებულ ქანაანის მიწაზე ცხოვრობდა. ხანში შესულმა იაკობმა გაიგო, რომ ეგვიპტეში იყო მარცვლეული და თავის ვაჟებს უთხრა, წასულიყვნენ და ეყიდათ საკვები (დაბადება 42:1, 2).

იაკობმა ეგვიპტეში ათი ვაჟი გაგზავნა, ბენიამინი კი, უმცროსი ვაჟი, თავისთან დაიტოვა. იაკობს კარგად ახსოვდა, როგორ გაგზავნა ერთხელ თავისი საყვარელი შვილი, იოსები, უფროსი ძმების სანახავად. მას შემდეგ იგი თვალით აღარ უნახავს. უფროსმა ვაჟებმა მამას იოსების დაგლეჯილი და სისხლში ამოსვრილი მოსასხამი მიუტანეს, რომელიც იაკობმა მას სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად შეუკერა. გულდათუთქულ მოხუცს დააჯერეს, რომ იოსები ნადირს შეეჭამა (დაბადება 37:31—35).

„მაშინვე გაახსენდა იოსებს“

ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ იაკობის ვაჟები ეგვიპტეში ჩავიდნენ. როდესაც იკითხეს, სად შეიძლებოდა მარცვლეულის ყიდვა, ისინი სამეფოს უმაღლეს მოხელესთან, ცაფნათ-ფანეახთან, გაგზავნეს (დაბადება 41:45). როცა, ის კაცი დაინახეს, მიხვდნენ, რომ ის იოსები იყო? ვერა. მათ წინაშე მხოლოდ ეგვიპტის მმართველი იდგა, რომლის დახმარებასაც საჭიროებდნენ. პატივისცემის ნიშნად, როგორც ეს მიღებული იყო, „მდაბლად თაყვანი სცეს მას და პირქვე დაემხვნენ მიწაზე“ (დაბადება 42:5, 6).

იოსებმა მაშინვე იცნო ძმები. უფრო მეტიც, მის წინაშე დამხობილი ძმების დანახვაზე „მაშინვე გაახსენდა . . . სიზმრები“, რომლებიც იეჰოვამ სიყმაწვილის ასაკში ახილვინა. წინასწარმეტყველური სიზმრები იმაზე მიუთითებდა, რომ ერთ დღესაც მისი ძმები მდაბლად თაყვანს სცემდნენ მას, რაც სწორედ ახლა ხდებოდა! (დაბადება 37:2, 5—9; 42:7, 9). როგორ მოიქცეოდა იოსები? გადაეხვეოდა ძმებს თუ შურს იძიებდა?

იოსებმა იცოდა, რომ ემოციებს არ უნდა აჰყოლოდა. აშკარა იყო, რომ მოვლენების ამგვარ შემობრუნებას იეჰოვა ხელმძღვანელობდა და ეს ყველაფერი მისი ნებით ხდებოდა. იეჰოვამ იაკობს აღუთქვა, რომ მის შთამომავლობას ძლიერ ხალხად აქცევდა (დაბადება 35:11, 12). თუ ძმები ჯერ კიდევ ბოროტები, ეგოისტები და უპატიოსნოები იყვნენ, როგორღა შესრულდებოდა იაკობისთვის მიცემული იეჰოვას დაპირება? და თუ იოსები იმპულსურად იმოქმედებდა, შეიძლებოდა საქმე გაეფუჭებინა და ქანაანში დარჩენილ მამასა და უმცროს ძმას, ბენიამინს, საფრთხე შექმნოდათ, რაღა თქმა უნდა, თუკი ისინი ცოცხლები იყვნენ. იოსებმა გადაწყვიტა, არ გაემხილა თავისი ვინაობა და გამოეცადა ძმები, რათა გაეგო, შეიცვალნენ თუ არა ისინი. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდებოდა, რას ელოდა იეჰოვა მისგან.

ალბათ, ასეთ უჩვეულო სიტუაციაში არასოდეს აღმოჩნდებით, თუმცა კონფლიქტები და ოჯახების რღვევა არც დღევანდელობისთვის არის უცხო. ასეთ სიტუაციებში შეიძლება ადვილად ავყვეთ გულისთქმას და ცხელ გულზე მივიღოთ გადაწყვეტილებები. მაგრამ ბევრად გონივრული იქნება, იოსებს მივბაძოთ და იმაზე დავფიქრდეთ, თუ რას მოელის იეჰოვა ჩვენგან (იგავები 14:12). გახსოვდეთ: ოჯახში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იეჰოვასთან და მის ძესთან მშვიდობიანი ურთიერთობაა (მათე 10:37).

„აი, როგორ გამოიცდებით“

იოსებმა ძმებს გამოცდები მოუწყო. ჯერ მკაცრად დაელაპარაკა თარჯიმნის მეშვეობით და მათ ჯაშუშობა დააბრალა. თავის დასაცავად ძმებმა მას თავიანთი ოჯახის შესახებ მოუყვნენ და ისიც უთხრეს, რომ სახლში კიდევ ჰყავდათ უმცროსი ძმა. გახარებული იოსები შეეცადა, როგორმე დაემალა თავისი გრძნობები. ნუთუ ცოცხალი იყო მისი ძმა? ახლა უკვე იცოდა იოსებმა, როგორ უნდა ემოქმედა. მან ძმებს უთხრა: „აი, როგორ გამოიცდებით . . . ვერ წახვალთ აქედან, სანამ თქვენს უმცროს ძმას არ მომიყვანთ“. რამდენიმე დღის მერე მან ძმებს უთხრა, რომ ერთ მათგანს მძევლად დაიტოვებდა, დანარჩენებს კი სახლში გაუშვებდა უმცროსი ძმის მოსაყვანად (დაბადება 42:9—20).

ძმები ერთმანეთს უწყრებოდნენ 20 წლის წინ ჩადენილი ცოდვის გამო და არ იცოდნენ, რომ იოსებს ესმოდა მათი. ისინი ამბობდნენ: „უეჭველად დამნაშავეები ვართ ჩვენი ძმის გამო, რადგან ვხედავდით, როგორ იტანჯებოდა მისი სული, როცა შებრალებას გვთხოვდა, მაგრამ ჩვენ არ მოვუსმინეთ. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს უბედურება“. იოსებმა გაიგონა ყველაფერი და თვალზე ცრემლი მოადგა, შემდეგ კი გავიდა, რომ ძმებს არაფერი შეემჩნიათ (დაბადება 42:21—24). თუმცა მან იცოდა, რომ ნამდვილი მონანიება გაცილებით მეტია, ვიდრე ჩადენილი დანაშაულის სავალალო შედეგებით გამოწვეული სინანულის გრძნობა. ამიტომ მან განაგრძო მათი გამოცდა.

იოსებმა ისინი სახლში გაუშვა, სიმონი კი დააპატიმრა. შემდეგ მისი ბრძანებით აუვსეს თითოეულს ტომრები მარცვლეულით და შიგ ჩუმად ფული ჩაუდეს. ძმები სახლში დაბრუნდნენ და ძლივს დაიყოლიეს იაკობი, მისი საყვარელი ვაჟი, ბენიამინი, მათთან ერთად გაეშვა ეგვიპტეში. იქ ჩასულებმა ალალად აუხსნეს იოსების სახლის მმართველს, რომ ტომრებში ფული იპოვეს და ახლა მზად იყვნენ, ის თანხა უკან დაებრუნებინათ. იოსებისთვის ეს კარგის ნიშანი იყო, მაგრამ მას სურდა, უფრო კარგად დაენახა, რა ჰქონდათ ძმებს გულში. მან ნადიმი გაუმართა მათ. ბენიამინის დანახვაზე თავს ძლივს იკავებდა, რომ ვინაობა არ გაემჟღავნებინა. შემდეგ მათ კვლავ აუვსეს ტომრები მარცვლეულით და სახლში გაუშვეს, ოღონდ ამჯერად ბენიამინის ტომარაში ჩუმად ჩადეს ვერცხლის სასმისი (დაბადება 42:26—44:2).

იოსებმა ძმებს მდევარი დაადევნა, რომელმაც ბრალი დასდო მათ სასმისის მოპარვაში. როდესაც სასმისი ბენიამინის ტომარაში აღმოჩნდა, ყველა მათგანი იოსებთან დააბრუნეს. ახლა უკვე შეეძლო იოსებს, გაეგო, რამდენად შეიცვალნენ ძმები. იუდა ძმების სახელით ლაპარაკობდა და პატიებას ითხოვდა. მან თქვა, რომ თერთმეტივე მზად იყო, მისი მონა გამხდარიყო. იოსებმა იუარა და უთხრა, რომ მხოლოდ ბენიამინი გახდებოდა მისი მონა, დანარჩენებს კი გაათავისუფლებდა (დაბადება 44:2—17).

იუდა შეევედრა იოსებს, გაეშვა ბენიამინი და შეეცადა მიზეზიც აეხსნა: „ისღა დარჩა მისი დედისგან; მამას გამორჩეულად უყვარს იგი“. ამ სიტყვებმა, ალბათ, ძალიან იმოქმედა იოსებზე. ის იაკობისა და მისი საყვარელი ცოლის, რახელის, უფროსი ვაჟი იყო. მოგვიანებით რახელი ბენიამინის მშობიარობას გადაჰყვა. ეჭვგარეშეა, იოსები დედის ხსოვნას გულში ატარებდა. შესაძლოა, ამის გამო კიდევ უფრო ძვირფასი იყო მისთვის ბენიამინი (დაბადება 35:18—20; 44:20).

იუდა ემუდარებოდა იოსებს, არ დაეტოვებინა ბენიამინი და ისიც კი უთხრა, რომ მის მაგივრად თვითონ დაუდგებოდა მონად. ბოლოს მუდარა გულისამაჩუყებელი სიტყვებით დაასრულა: „როგორ მივიდე მამაჩემთან ამ ყმაწვილის გარეშე და ვუყურო მამაჩემის უბედურებას?!“ (დაბადება 44:18—34). რამხელა ცვლილება იყო! ამ კაცმა მხოლოდ მონანიების სული კი არ გამოავლინა, არამედ უდიდესი თანაგრძნობა და სიბრალული და ცხადყო, რომ მზად იყო თავი გაეწირა ძმისთვის.

იოსებმა დაინახა, რომ ძმები ნანობდნენ ჩადენილ ბოროტებას

იოსებს მეტის ატანა აღარ შეეძლო. დადგა დრო, გამოეხატა გრძნობები, რასაც ამდენი ხანი მალავდა. მსახურები დაითხოვა და ისე ხმამაღლა ატირდა, რომ მისი გოდება ფარაონის სახლს მისწვდა. მან ძმებს ვინაობა გაუმხილა: „იოსები ვარ, თქვენი ძმა“. შემდეგ გადაეხვია გაოგნებულ ძმებს და მთელი გულით აპატია ყველაფერი, რაც მას გაუკეთეს (დაბადება 45:1—15). ამგვარად მან იეჰოვას მიჰბაძა, რომელიც დიდსულოვნად პატიობს (ფსალმუნი 86:5). ჩვენც ასე ვიქცევით?

„ცოცხალი ხარ“

როდესაც ფარაონმა შეიტყო, რაც მოხდა, იოსებს შესთავაზა ხანდაზმული მამა და მთელი მისი სახლეულობა ეგვიპტეში ჩამოეყვანა. არ გასულა დიდი ხანი და იოსები თავის საყვარელ მამას შეხვდა. ორივენი ერთმანეთს ეხვეოდნენ და ტიროდნენ. იაკობმა შვილს უთხრა: „ახლა თუნდაც მოვკვდე, რადგან დავინახე შენი სახე, რომ ცოცხალი ხარ“ (დაბადება 45:16—28; 46:29, 30).

ამ ამბის შემდეგ იაკობმა 17 წელი იცხოვრა ეგვიპტეში. სიკვდილამდე მან იქ წინასწარმეტყველური მნიშვნელობის მქონე კურთხევები წარმოთქვა თავის 12 ვაჟზე. იოსები, მე-11 ვაჟი, მან ორმაგად აკურთხა, რაც როგორც წესი, პირმშოს ეკუთვნოდა. მისგან ისრაელის ორი ტომი წარმოიშობოდა. რა უწინასწარმეტყველა იაკობმა იუდას, თავის მეოთხე ვაჟს, რომელმაც ინიციატივა გამოიჩინა ძმებს შორის და იოსების წინაშე გული მოიდრიკა? მას დიდებული კურთხევა ხვდა წილად: მის შთამომავლობით ხაზში მესია მოვიდოდა! (დაბადება, 48-ე და 49-ე თავები).

იაკობის გარდაცვალების შემდეგ, რომელმაც 147 წელი იცოცხლა, მის ვაჟებს შეეშინდათ, რომ ძლევამოსილი იოსები მათზე შურს იძიებდა. მაგრამ იოსებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ისინი სიყვარულში. მან ძმებს ადრეც უთხრა, რომ იაკობის სახლეულობის ეგვიპტეში გადახვეწა იეჰოვას ნებით მოხდა და აღარ უნდა ედარდათ წარსულში ჩადენილ ბოროტებაზე. შემდეგ უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ! ღმერთი ხომ არა ვარ?!“ (დაბადება 15:13; 45:7, 8; 50:15—21). იოსებმა იცოდა, რომ მხოლოდ იეჰოვა იყო სრულყოფილი მოსამართლე. მართლაც, ვინ იყო იოსები, რომ დაესაჯა ისინი, ვისაც იეჰოვამ აპატია?! (ებრაელები 10:30).

ხომ არ გიჭირთ ზოგჯერ პატიება? ეს განსაკუთრებით მაშინ არის რთული, როცა განზრახ გაყენებენ ზიანს. მაგრამ თუ გულწრფელ მომნანიებლებს მთელი გულით ვპატიობთ, ამით მათაც ვუშუშებთ იარებს და საკუთარ თავსაც. ასე მოქცევით იოსებს და გულმოწყალე ღმერთს, იეჰოვას, მივბაძავთ.

^ აბზ. 4 იხილეთ რუბრიკა „მიჰბაძეთ მათ რწმენას“ „საგუშაგო კოშკის“ შემდეგ ნომრებში: 2014 წლის 1 აგვისტო, 2014 წლის 1 ნოემბერი და 2015 წლის 1 თებერვალი.