არჩეულ მასალაზე გადასვლა

რატომ არ იღებენ მონაწილეობას იეჰოვას მოწმეები ეროვნულ ცერემონიალებში?

რატომ არ იღებენ მონაწილეობას იეჰოვას მოწმეები ეროვნულ ცერემონიალებში?

 იეჰოვას მოწმეები პატივს სცემენ ხელისუფლებებს და ეროვნულ სიმბოლოებს. მათ ესმით, რომ პირადი არჩევანის საკითხია, მიიღებს თუ არა ადამიანი ისეთ ცერემონიალებში მონაწილეობას, როგორებიცაა დროშის აღმართვა და ჰიმნის შესრულება.

 თუმცა თავად იეჰოვას მოწმეები არ მონაწილეობენ ეროვნულ ცერემონიალებში, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ბიბლიურ მოძღვრებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ძალიან ვაფასებთ, როცა სხვები ისეთივე პატივს სცემენ ჩვენს არჩევანს, როგორც ჩვენ მათსას.

ამ სტატიაშია:

 ბიბლიის თვალსაზრისი

 ქვემოთ განხილულია ორი ბიბლიური პრინციპი, რომლის საფუძველზეც ვაკეთებთ არჩევანს:

  •   თაყვანისცემას მხოლოდ ღმერთი იმსახურებს. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“ (ლუკა 4:8). ჰიმნისა თუ სახელმწიფოსთვის მიცემული ფიცის ტექსტში ხშირად ადამიანი სამშობლოს აღუთქვამს გამორჩეულ ერთგულებასა და სიყვარულს. სწორედ ამიტომ იეჰოვას მოწმეებს სინდისი არ აძლევთ უფლებას, მონაწილეობა მიიღონ ასეთ ცერემონიალებში.

     გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები დროშის აღმართვაში მონაწილეობას კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევენ, რასაც ბიბლია კრძალავს (1 კორინთელები 10:14). ზოგიერთი ისტორიკოსი დროშას რელიგიურ სიმბოლოდ მიიჩნევს, მაგალითად, კარლტონ ჰეიზი შენიშნავს: „დროშა არის ნაციონალიზმის უმთავრესი სიმბოლო და თაყვანისცემის საგანი“. a თავის წიგნში დანიელ მანიქსი აღნიშნავს: „ქრისტიანები უარს ამბობდნენ ... [რომის] იმპერატორის მფარველი ღვთაებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. დღეს ეს იგივე იქნებოდა, რომ ადამიანს დროშის თაყვანისცემაზე ეთქვა უარი“. b

    მართალია, იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ დროშის აღმართვის ცერემონიალში მონაწილეობაზე, მაგრამ ისინი არასდროს იჩენენ რომელიმე ეროვნული სიმბოლოს მიმართ უპატივცემულობას და არ მიმართავენ ვანდალიზმს.

  •   ღვთისთვის ყველა ადამიანი თანასწორია (საქმეები 10:34, 35). ბიბლიაში ნათქვამია: „ერთი ადამიანისგან წარმოშვა ყველა ერი“ (საქმეები 17:26). სწორედ ამ მიზეზის გამო იეჰოვას მოწმეები რომელიმე კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს ან ერს სხვაზე მაღლა არ აყენებენ. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ადამიანს მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ ისინი ან რა წარმომავლობა აქვთ (1 პეტრე 2:17).

 როგორ ვიქცევით, თუ კანონი მოითხოვს ეროვნულ ცერემონიალებში მონაწილეობას?

 იეჰოვას მოწმეები არ ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებები ღვთის ნებით არსებობს (რომაელები 13:1—7). გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები თვლიან, რომ ქრისტიანები ვალდებულები არიან, დაემორჩილონ მთავრობებს (ლუკა 20:25).

 მაგრამ როგორ ვიქცევით, თუ სახელმწიფოს მიერ დადგენილი კანონი ეწინააღმდეგება ღვთისას? ზოგ შემთხვევაში სახელმწიფოს თხოვნით მივმართავთ, რომ გარკვეული ცვლილებები შეიტანონ კანონში. c მაგრამ, თუ ეს შეუძლებელია, იეჰოვას მოწმეები „ღმერთს ... [ემორჩილებიან] როგორც მმართველს და არა ადამიანებს“ (საქმეები 5:29).

 უჭერენ მხარს იეჰოვას მოწმეები სოციალურ თუ პოლიტიკურ მოძრაობებს?

 არა, იეჰოვას მოწმეები არცერთ მოძრაობას არ უჭერენ მხარს. ჩვენ ეროვნულ ცერემონიალებში მონაწილეობაზე პოლიტიკური მოსაზრებით კი არ ვამბობთ უარს, არამედ ამის მიზეზი ჩვენი მრწამსია, რომელიც მთლიანად ბიბლიას ეფუძნება.

a წყარო: Essays on Nationalism, გვ. 107, 108.

b წყარო: The Way of the Gladiator, გვ. 212.