არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვირჯინია მედგრად იტანს თავის განსაცდელს

ვირჯინია მედგრად იტანს თავის განსაცდელს

 ვირჯინიას, რომელიც იეჰოვას მოწმეა, „მღვიძარა კომას“ (ფსევდოკომა) სახელით ცნობილი იშვიათი ნევროლოგიური დაავადება აქვს. იგი პარალიზებულია. მართალია, ვირჯინია ხედავს, ესმის, თვალებს ახელს და ხუჭავს და თავსაც ოდნავ ამოძრავებს, მაგრამ ლაპარაკი და ჭამა არ შეუძლია. არადა, ერთ დროს ჯანმრთელი და ჯან-ღონით სავსე იყო. მაგრამ ერთ დილით, 1997 წელს, მან მწვავე ტკივილი იგრძნო კეფის არეში, რომელიც არადა არ უყუჩდებოდა. მეუღლემ იგი საავადმყოფოში წაიყვანა; იმავე საღამოს ვირჯინია კომაში ჩავარდა. იგი ინტენსიური თერაპიის ბლოკში მოათავსეს. მართალია, ვირჯინია ორი კვირის შემდეგ კომიდან გამოვიდა, მაგრამ სრულიად პარალიზებული იყო და სასუნთქი აპარატის გარეშე ვერ სუნთქავდა. რამდენიმე დღე მას არაფერი ახსოვდა, არც ის, თუ ვინ იყო.

 ვირჯინია გვიყვება, რა მოხდა შემდეგ: «მეხსიერება თანდათან აღმიდგა. გულმხურვალედ ვლოცულობდი. არ მინდოდა, ჩემი ბიჭი უდედოდ დარჩენილიყო. მხნეობა რომ არ დამეკარგა, ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი ბიბლიური მუხლი გამეხსენებინა.

 რაღაც დროის შემდეგ ექიმებმა ჩვეულებრივ პალატაში გადამიყვანეს. არაერთ საავადმყოფოში ექვსთვიანი მკურნალობისა და სარეაბილიტაციო კურსის ჩატარების შემდეგ სახლში დავბრუნდი. თუმცა კვლავ პარალიზებული ვიყავი და ყველაფერში დახმარება მჭირდებოდა. თავს ძალიან დათრგუნულად ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ არაფერში გამოვადგებოდი სხვებს და ვერც იეჰოვასთვის გავაკეთებდი რამეს. ჩემი შვილის მომავალიც მაფიქრებდა.

 დავიწყე იმ და-ძმების ავტობიოგრაფიების კითხვა, რომლებიც ჩემნაირ მდგომარეობაში იყვნენ. გავოცდი, თუ რამდენ რამეს აკეთებდნენ იეჰოვასთვის. მეც შევეცადე, დადებითი განწყობა მქონოდა და ყურადღება იმაზე გამემახვილებინა, რისი გაკეთებაც შემეძლო. სანამ დავინვალიდდებოდი, დიდ დროს ვერ ვუთმობდი სულიერ საქმეებს, ახლა კი თავზე საყრელი დრო მქონდა. ნაცვლად იმისა, რომ სასოწარკვეთას მივცემოდი, მთელი ყურადღება ღვთისადმი მსახურებაზე გადავიტანე.

 ვისწავლე კომპიუტერის გამოყენება. ტექსტის ასაკრეფად ვიყენებ პროგრამას, რომელიც თავის მოძრაობაზე რეაგირებს. მართალია, ეს ძალიან დამღლელია, მაგრამ ამ პროგრამის წყალობით ვიკვლევ ბიბლიას და ჩემს იმედს წერილებისა თუ იმეილების მეშვეობით სხვებს ვუზიარებ. სხვებთან საურთიერთოდ ვიყენებ დაფას, რომელზეც ანბანი წერია. ის, ვინც ჩემ გვერდითაა, თითს ადებს თითოეულ ასოს. თუ სასურველ ასოს შეარჩევს, თვალს ვხუჭავ, ხოლო, თუ შერჩეული ასო არასწორია, თვალს ფართოდ ვახელ. ასეთი მეთოდით ვაყალიბებ წინადადებებს. ზოგი თანაქრისტიანი, რომელიც ხშირად მსტუმრობს, დახელოვნდა ამ საქმეში და მალევე ხვდება, რისი თქმა მინდა. ზოგჯერ, როცა ისინი ვერ იგებენ ჩემს სათქმელს, კურიოზული სიტუაციები იქმნება ხოლმე.

ვირჯინია ურთიერთობს დაფის მეშვეობით, რომელზეც ანბანი წერია.

 მსიამოვნებს კრების საქმეებში მონაწილეობა. კრებებს ყოველთვის ვერთვებოდი, ამას ახლაც ვახერხებ ვიდეოკონფერენციის მეშვეობით. კომენტარების ტექსტებს კომპიუტერში ვკრეფ, შემდეგ კი რომელიმე და ან ძმა შეხვედრაზე კითხულობს. გარდა ამისა, ჩემს სამქადაგებლო ჯგუფთან ერთად ვუყურებ JW მაუწყებლობის ყოველთვიურ პროგრამას. a

 უკვე 23 წელია, რაც ეს დაავადება მაქვს. ხანდახან გულგატეხილობა მეუფლება. თუმცა ლოცვის, და-ძმებთან ურთიერთობისა და სულიერ საქმეებში მონაწილეობის წყალობით ვერევი ჩემს თავს. თანაქრისტიანების დახმარებით უკვე 6 წელია, დამხმარე პიონერად ვმსახურობ. ყოველთვის ვცდილობდი, კარგი მაგალითი მიმეცა ჩემი შვილისთვის, ალესანდროსთვის. იგი დღეს დაოჯახებულია და უხუცესად მსახურობს. ამასთანავე, ის და მისი მეუღლე პიონერებად მსახურობენ.

 ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ რას გავაკეთებ სამოთხეში. პირველი, რაც ძალიან მსურს, ისაა, რომ იეჰოვას შესახებ სხვებს ვესაუბრო. ერთი სული მაქვს, ვისეირნო მდინარის პირას და დავტკბე ხედებით. 20 წელზე მეტია, რაც მხოლოდ თხევად საკვებს ვიღებ ზონდით, ამიტომ მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ხიდან ვაშლს მოვწყვეტ და გემრიელად ჩავკბეჩ. იმაზეც ვოცნებობ, რომ თავად მოვამზადო და მივირთვა ჩემი საყვარელი იტალიური კერძები, მათ შორის, პიცა!

 სიმხნევეს მმატებს იმაზე ფიქრი, რომ ღმერთი ხსნას მპირდება (1 თესალონიკელები 5:8). ჩემი მდგომარეობის მიუხედავად, გულს სიხარულით მივსებს იმის წარმოდგენა, რომ ახალ ქვეყნიერებაში სრულიად ჯანმრთელი ვიქნები. მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა ღვთის სამეფო დამყარდება და ყველანი გავიხარებთ „ჭეშმარიტი სიცოცხლით“ (1 ტიმოთე 6:19; მათე 6:9, 10).

a JW მაუწყებლობის ბმული შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე jw.org.