არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

იეჰოვამ იმაზე მეტი მიბოძა, ვიდრე ვიმსახურებ

იეჰოვამ იმაზე მეტი მიბოძა, ვიდრე ვიმსახურებ

17 წლის ასაკში ისეთივე ამბიციები და მისწრაფებები მქონდა, როგორიც ყველა მოზარდს. მიყვარდა მეგობრებთან ერთად დროის გატარება, ცურვა და ფეხბურთის თამაში. მაგრამ ერთ ავბედით საღამოს ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მოტოციკლეტით საშინელ ავარიაში მოვყევი, რის გამოც თითქმის 30 წელია კისერს ქვემოთ პარალიზებული და საწოლს მიჯაჭვული ვარ.

გავიზარდე ესპანეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ალიკანტეში. ჩემი ოჯახი ოჯახს არ ჰგავდა, ამიტომ მოზარდობისას დროის უმეტეს ნაწილს ქუჩაში ვატარებდი. ამასობაში დავუმეგობრდი ხოსე მარიას, რომელიც ჩემს სახლთან ახლოს ავტო-ტექმომსახურების ცენტრში მუშაობდა. ის ჩემ მიმართ ძალიან დიდ სითბოსა და ყურადღებას ავლენდა, რაც ოჯახისგან ნამდვილად მაკლდა. გასაჭირის დროს ძმასავით მედგა გვერდში. მართალია, ის ჩემზე 20 წლით უფროსი იყო, მაგრამ ნამდვილ მეგობრობას მიწევდა.

ხოსე მარიამ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ მას უყვარდა ღვთის სიტყვა, ამიტომ ხშირად მიზიარებდა მასში ჩაწერილ აზრებს. ხათრით ყოველთვის ვუსმენდი, თუმცა როგორც ახალგაზრდას, სულ სხვა ფიქრები და მისწრაფებები მქონდა, რის გამოც დიდი ინტერესი არასოდეს გამომივლენია. მაგრამ, რას წარმოვიდგენდი, რომ სულ სხვა მომავალი მელოდა.

უბედური შემთხვევა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა

არ მიყვარს ამ შემთხვევის შესახებ საუბარი, მაგრამ ერთს გეტყვით, მაშინ ძალიან თავქარიანი და უგუნური ვიყავი. სულ რაღაც ერთ დღეში ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ერთ დროს სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ბიჭი, უცებ სრულიად პარალიზებული, საავადმყოფოს პალატაში აღმოვჩნდი. ამ მდგომარეობასთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რისთვისღა უნდა ვიცოცხლო-მეთქი?

საავადმყოფოში ხოსე მარიამ მომინახულა. მან მალევე იმაზეც იზრუნა, რომ ჩემ სანახავად იეჰოვას მოწმეებიც მოსულიყვნენ ადგილობრივი კრებიდან. მათმა ყურადღებამ და მხარდაჭერამ გული გამითბო. როგორც კი ინტენსიური თერაპიის განყოფილება დავტოვე, მაშინვე ბიბლიის შესწავლა დავიწყე. გავიგე, სინამდვილეში რატომ იტანჯებოდნენ ადამიანები და რატომ უშვებდა ღმერთი ამდენ უბედურებას. აგრეთვე შევიტყვე, რომ მალე ღვთის დაპირების თანახმად, დედამიწა სრულყოფილი ადამიანებით აივსება, სადაც არავინ იტყვის: „ავად ვარო“ (ესაია 33:24). ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა ნათელი მომავლის იმედი.

მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გამომწერეს, სულიერად სწრაფად წავიწიე წინ. ინვალიდის ეტლით იეჰოვას მოწმეების რამდენიმე შეხვედრასაც დავესწარი და მსახურებაშიც კი მივიღე მონაწილეობა. ხოლო 1988 წლის 5 ნოემბერს 20 წლის ასაკში სპეციალურ აბაზანაში მოვინათლე. იეჰოვა დამეხმარა, რომ ცხოვრებისთვის ოპტიმისტური თვალით შემეხედა. მაგრამ რის გაკეთება შემეძლო მადლიერების ნიშნად?

შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად, წინ მივიწევ

ჩემი მდგომარეობის მიუხედავად, ვცდილობდი, მაქსიმუმი გამეკეთებინა იეჰოვას მსახურებაში. მსურდა, სულიერად გავზრდილიყავი (1 ტიმოთე 4:15). თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან ოჯახი მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მყავდა თანამორწმუნეები, სულიერი და-ძმები, რომელთა დახმარებით კრების შეხვედრებსაც ვესწრებოდი და მსახურებაშიც აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას.

დროთა განმავლობაში აშკარა გახდა, რომ 24-საათიანი მეთვალყურეობა დამჭირდებოდა. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, ალიკანტეს ჩრდილოეთით 160 კმ-ში მდებარე ქალაქ ვალენსიაში, შესაფერის სპეციალიზებულ დაწესებულებას მივაგენი, რომელიც საბოლოოდ ჩემი სახლი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ საწოლს ვარ მიჯაჭვული, გადაწყვეტილი მაქვს, სხვებს ჩემი რწმენის შესახებ ვესაუბრო

მართალია, საწოლს ვიყავი მიჯაჭვული, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრიდი. ინვალიდებისთვის განკუთვნილი პენსიითა და სხვა ფულადი დახმარებით, შევიძინე მობილური ტელეფონი და კომპიუტერი, რომელიც საწოლის გვერდით მაქვს დამონტაჟებული. მას შემდეგ, რაც დილით მომვლელი ამ მოწყობილობებს ჩამირთავს, კომპიუტერს „ჯოისტიკით“ ვამუშავებ, რომელსაც ნიკაპით ვმართავ. ასევე მაქვს სპეციალური ჯოხი, რომელიც პირით მიჭირავს და ისე ვკრეფ კლავიატურაზე ასოებს, ხოლო მობილურზე ციფრებს.

მობილურზე ციფრებს ჯოხის დახმარებით ვკრეფ

ეს ტექნიკა პირველ რიგში შესაძლებლობას მაძლევს, ვისარგებლო ვებ-გვერდით jw.org და „საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკით“. ეს უნიკალური საშუალებები მართლაც დიდ დახმარებას მიწევს. ხშირად საათობით ვსწავლობ და ვიკვლევ ბიბლიაზე დაფუძნებულ ლიტერატურას, რათა უფრო მეტი გავიგო იეჰოვასა და მისი მიმზიდველი თვისებების შესახებ. როცა თავს მარტოდ ვგრძნობ ან სევდა შემომაწვება ხოლმე, ჩვენს ვებ-გვერდზე ყოველთვის მოიძებნება რაღაც, რაც გუნება-განწყობილებას მიმაღლებს.

კომპიუტერი მეხმარება, მოვისმინო და მონაწილეობა მივიღო კრების შეხვედრებზე, მაგალითად, შემიძლია გავაკეთო კომენტარები, წარმოვთქვა ლოცვა თუ მოხსენება, ან წავიკითხო „საგუშაგო კოშკი“. მართალია, ფიზიკურად ვერ ვესწრები შეხვედრებს, მაგრამ თავს მაინც კრების სრულფასოვან წევრად ვგრძნობ.

ეს მოწყობილობები აქტიურად ქადაგებაშიც მეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოწმეების მსგავსად კარდაკარ ვერ დავდივარ, ეს ხელს სულაც არ მიშლის. ტელეფონის დახმარებით სხვებს სიამოვნებით ვუზიარებ ჩემს რწმენას, ამიტომ ადგილობრივი კრების უხუცესებმა მთხოვეს, ორგანიზება გამეწია ტელეფონით ქადაგებისთვის. ასეთი სახის მსახურება ძალიან დამხმარე აღმოჩნდა იმ და-ძმებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სახლიდან ვერ გადიან.

ვატარებ ბიბლიის შესწავლას

მართალია, ტექნიკის გამოყენება აქტიურად მიწევს, მაგრამ ჩემი ცხოვრება მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლება. მეგობრები ყოველდღე მინახულებენ. მათ ხშირად თავიანთი ნათესავები თუ ნაცნობები მოჰყავთ, რომლებიც ღვთის სიტყვისადმი ინტერესს ავლენენ, რითაც მათთან ბიბლიურ თემებზე საუბრის საშუალებას მაძლევენ. ზოგჯერ ოჯახები მინახულებენ და ოჯახურ თაყვანისცემას ჩემთან ერთად ატარებენ. განსაკუთრებით მსიამოვნებს, როცა ბავშვები საწოლთან ჩამომისხდებიან და მიხსნიან, თუ რატომ უყვართ იეჰოვა.

ოჯახური თაყვანისცემის საღამო მეგობრებთან ერთად

ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამდენი მნახველი მყავს. ხშირად ჩემი ოთახი ხალხითაა სავსე. მეგობრები საიდან აღარ მოდიან. ჩემ მოსანახულებლად ზოგს პატარა, ზოგს კი დიდი მანძილის გავლა უწევს. და-ძმების მიერ გამოვლენილი სიყვარული და ყურადღება ძალიან აოცებს ჩემს მომვლელებს. ყოველდღე ვმადლობ იეჰოვას, რომ ასეთი ძვირფასი საძმოს წევრი ვარ.

კვლავაც ვიბრძვი

როცა მეკითხებიან, როგორ ვარ, უბრალოდ ვპასუხობ: „როგორც ხედავთ, ცოცხალი ვარ და კვლავაც ვიბრძვი“. ვიცი, რომ ბრძოლა მარტო მე არ მიწევს. რა მდგომარეობაც არ უნდა გვქონდეს და რა დაბრკოლებების გადალახვაც არ უნდა გვიწევდეს, თითოეული ქრისტიანი ბრძოლაში ვართ ჩაბმული — „რწმენის ღირსეულ ბრძოლაში“ (1 ტიმოთე 6:12). იცით, რა მეხმარება, რომ ფარ-ხმალი არ დავყარო და განვაგრძო ბრძოლა? ყოველდღე ვლოცულობ და ვმადლობ იეჰოვას იმისთვის, რომ ჩემს სიცოცხლეს აზრი შესძინა. ვცდილობ, მაქსიმალურად დავკავდე ღვთისმსახურებით და მზერა მომავლისკენ მქონდეს მიპყრობილი.

ხოსე მარია

ხშირად ვფიქრობ იმ დროზე, როცა ახალ ქვეყნიერებაში კვლავ შევძლებ სირბილსა და ხტუნვას. ზოგჯერ ჩემს ძვირფას მეგობარს, ხოსე მარიას, რომელსაც პოლიომიელიტი ტანჯავს, ვეხუმრები, რომ სამოთხეში სირბილში შევეჯიბრები. ვეკითხები ხოლმე: „როგორ ფიქრობ, ვინ გაიმარჯვებს?“. ის კი მპასუხობს: „ამას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, იქ ვიყოთ, რომ სირბილი შევძლოთ“.

ადვილი არ არის ჩემს მდგომარეობასთან შეგუება. მოზარდობაში ჩადენილი სულელური საქციელი ძვირად დამიჯდა. მაგრამ რაოდენ მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ არ მიმატოვა. მან უხვად მაკურთხა — დამაჯილდოვა სულიერი ოჯახით, ცხოვრების ხალისით, შესანიშნავი მომავლის იმედითა და სიხარულით, რომელსაც სხვების დახმარება მანიჭებს. ჩემი გრძნობებისთვის ერთ წინადადებაში რომ მომეყარა თავი, ვიტყოდი, იეჰოვამ იმაზე მეტი მიბოძა, ვიდრე ვიმსახურებ.