არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა

დადებითი განწყობის ძალა!

დადებითი განწყობის ძალა!

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ახდენს თქვენს ბედნიერებაზე დიდ გავლენას?

  • მდგომარეობა

  • გენები

  • განწყობა

ზოგი, ალბათ, მდგომარეობას დაასახელებდა და იტყოდა: „ბედნიერი ვიქნებოდი . . .“

  • „ბევრი ფული რომ მქონოდა“.

  • „უკეთესი მეუღლე რომ მყოლოდა“.

  • „უკეთესი ჯანმრთელობა რომ მქონოდა“.

სინამდვილეში, ადამიანის ბედნიერებას მდგომარეობასა და გენებზე მეტად განწყობა განაპირობებს. და ეს კარგიც კია, ვინაიდან ხშირად შექმნილ მდგომარეობას თუ გენებს ვერაფერს მოვუხერხებთ მაშინ, როცა განწყობის შეცვლა ნამდვილად შეგვიძლია.

„მკურნალივით არის“

ერთი ბიბლიური იგავი ამბობს: „მხიარული გული მკურნალივით არის, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს“ (იგავები 17:22). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განწყობას დიდი ძალა აქვს! სწორედ თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული მიაღწევთ დასახულ მიზანს, თუ ხელებს ჩამოყრით; თავსდატეხილი უბედურება მთლიანად გშთანთქავთ, თუ ფეხზე წამოდგებით.

ზოგმა შეიძლება სკეპტიკურად შეხედოს ამ აზრს და თქვას:

  • „როგორ უნდა ვიყო ოპტიმისტი, როცა ამდენი პრობლემა მაქვს?“.

  • „ჩემს მდგომარეობას ვერანაირი დადებითი ფიქრები ვერ უშველის“.

  • „მირჩევნია, რეალისტი ვიყო, ვიდრე მეოცნებე“.

ერთი შეხედვით, ეს ადამიანები შეიძლება გავამართლოთ კიდეც. თუმცა პოზიტიური განწყობის შექმნა ნამდვილად დადებითად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი.

ალეკომ და ბექამ უფროსს თავ-თავიანთი პროექტი წარუდგინეს, რომლისთვისაც ბევრი იშრომეს. როდესაც უფროსი მათ ნამუშევრებს გაეცნო, აღმოაჩინა, რომ ორივეს სერიოზული შეცდომები ჰქონდა დაშვებული.

  • ალეკო: „ამ პროექტს ზედ გადავყევი, მაგრამ მაინც არაფერი გამომივიდა. ეს საჩემო საქმე არ არის. რაც უნდა ბევრი ვიშრომო, საკმარისი მაინც არ იქნება. რა ძალა მადგას, თავი მოვიკლა“.

  • ბექა: „უფროსმა მითხრა, რა მოეწონა ჩემს ნამუშევარში, თუმცა რამდენიმე სერიოზულ შეცდომაზეც მიმითითა. ეს კარგი გაკვეთილია ჩემთვის, რომ შემდგომში უკეთ შევასრულო დავალება“.

რას ფიქრობთ?

  • ამ შემთხვევიდან ექვსი თვის შემდეგ, რომელი უფრო დახელოვნდებოდა საქმეში — ალეკო თუ ბექა?

  • თქვენ რომ დამსაქმებელი ყოფილიყავით, რომელს აიყვანდით სამსახურში?

  • როცა იმედი გიცრუვდებათ, ალეკოს მსგავსად რეაგირებთ, თუ ბექას მსგავსად?

ანას და ბელას მარტოობის გრძნობა ტანჯავთ. პრობლემასთან გამკლავებას ისინი სხვადასხვა გზით ცდილობენ.

  • ანა: საკუთარ თავს მეტისმეტ ყურადღებას აქცევს. ის არავის უკეთებს სიკეთეს, თუ ჯერ სხვამ არ გაუკეთა. იგი ასე მსჯელობს: „რატომ უნდა დავიხარჯო მათთვის, ვისგანაც სანაცვლოდ არაფერს მივიღებ?!“.

  • ბელა: მაქსიმალურად ცდილობს, სხვებს სიკეთე გაუკეთოს და არ ფიქრობს იმაზე, იქნება თუ არა ვინმე მადლიერი. ის ოქროს წესის თანახმად ცხოვრობს და სხვებს ისე ეპყრობა, როგორ მოპყრობასაც თავად ისურვებდა (ლუკა 6:31). ბელასთვის სიხარული თავად სიკეთის კეთებას მოაქვს და არა იმას, რამდენად დაუფასებენ.

რას ფიქრობთ?

  • ამ ორიდან თქვენ რომელთან ისურვებდით მეგობრობას?

  • რომელს უფრო სასიამოვნო ურთიერთობები ექნება სხვებთან?

  • თუ მარტოობის გრძნობა გტანჯავთ, ანასნაირი განწყობა გაქვთ, თუ უფრო ბელასნაირი?

ალბათ, თქვენც იცნობთ ბექას და ბელასნაირ ადამიანებს. შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენც ჰგავხართ მათ. თუ ასეა, მაშინ ეჭვგარეშეა, საკუთარ მაგალითზე დარწმუნდებოდით, რომ განწყობას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. მაგრამ, რის თქმა შეიძლება მაშინ, თუ ალეკოს ან ანას ჰგავხართ? დაფიქრდით რამდენიმე საშუალებაზე, რომელსაც ბიბლია გთავაზობთ, რათა სირთულეების მიუხედავად, შეინარჩუნოთ დადებითი განწყობა.

1 ნუ იქნებით პესიმისტი

ბიბლია ამბობს: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“ (იგავები 24:10).

რას ნიშნავს ეს სიტყვები: პესიმისტური განწყობა იმ ძალებს წაგართმევთ, რაც მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ან მასთან გასამკლავებლად არის საჭირო.

მაგალითი: ჯულიზას მძიმე ბავშვობა ჰქონდა; მამამისი ალკოჰოლიკი იყო; ოჯახი სიღატაკეში ცხოვრობდა; ისინი ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელს. ამ ყველაფერმა ჯულიზაზე იმდენად იმოქმედა, რომ ის პესიმისტი გახადა. მაგრამ ცოტა ხანში დამოკიდებულება შეიცვალა. რა მოხდა? ის ამბობს: „სანამ ჩემი მშობლები პრობლემიდან გამოსავალს იპოვიდნენ, ბიბლია დამეხმარა, შემეცვალა თვალსაზრისი. ბიბლიური აზრები დღესაც მეხმარება, არ მშთანთქას უარყოფითმა ფიქრებმა. როდესაც ჩემ გარშემო ადამიანები ისეთ თვისებებს ავლენენ, რომლებიც მე არ მომწონს, ვცდილობ, იმაზე ვიფიქრო, თუ რით იყო გამოწვეული მათი საქციელი“.

ჯულიზა დარწმუნდა, რომ ბიბლია მართლაც ბრძნული რჩევების წიგნია. მასში ჩაწერილი რჩევები თქვენც დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ რთულ სიტუაციებს. მაგალითად, ეფესოელების 4:23 გვირჩევს, განვიახლოთ „გონების აღმძვრელი ძალა“.

როგორც ბიბლიის ამ მუხლიდან ჩანს, დამოკიდებულების შეცვლა შესაძლებელია. თქვენ შეგიძლიათ, ახლებურად დაიწყოთ აზროვნება. ამავდროულად გახსოვდეთ, რომ ეს უწყვეტი პროცესია.

2 ყურადღება დადებითზე გაამახვილეთ

ბიბლია ამბობს: „დაჩაგრულისთვის ყოველი დღე ცუდია, გულმხიარულს კი მუდამ ლხინი აქვს“ (იგავები 15:15).

რას ნიშნავს ეს სიტყვები: თუ ყველაფერს მუქ ფერებში ხედავთ, თავს დაჩაგრულად იგრძნობთ და ყოველი დღე ცუდად მოგეჩვენებათ. ხოლო თუ დადებით განწყობას შეინარჩუნებთ, გულმხიარული იქნებით და თავს ბედნიერადაც კი იგრძნობთ. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა!

მაგალითი: იანკოს თავის ტვინის სიმსივნე აქვს და რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. ამის გამო მას უჭირს გადაადგილება და ლაპარაკი. იმაზე ფიქრმა, რომ თავის მიზნებს ვეღარ განახორციელებდა, ის ღრმა დეპრესიაში ჩააგდო, რაც წლები გაგრძელდა. მოგვიანებით იანკომ თვალსაზრისი შეიცვალა. ის გვიზიარებს: „ნაცვლად იმისა, რომ ჩემს უძლურებაზე მეფიქრა, ვისწავლე, გონება მთლიანად პოზიტიური და გამამხნევებელი აზრებით ამევსო“.

ერთ-ერთი საშუალება, რითაც იანკო ამას ახერხებს, ბიბლიის კითხვაა. იგი დასძენს: „ბიბლიის კითხვა მეხმარება, დადებითი განწყობა შევინარჩუნო. შორეულ მიზნებზე ხელი არ ჩამიქნევია, თუმცა ჯერ პატარ-პატარა მიზნების მიღწევას ვცდილობ. როცა უარყოფითი ფიქრები მომეძალება, იმაზე ფიქრს ვიწყებ, თუ რამდენი მიზეზი მაქვს ბედნიერებისთვის“.

იანკოს მსგავსად, თქვენც შეგიძლიათ პესიმისტური აზრების დამარცხება და მათი დადებითი ფიქრებით ჩანაცვლება. თუ მძიმე მდგომარეობაში ხართ, მაგალითად იანკოსავით რაიმე დაავადებას ებრძვით, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მართლა გამოუვალ და უიმედო მდგომარეობაში ვარ, თუ შესაძლებელია ამ პრობლემის დაძლევა?“. ისწავლეთ უარყოფითი ფიქრების დადებითით ჩანაცვლება.

3 სხვებს სიკეთე გაუკეთეთ

ბიბლია ამბობს: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

რას ნიშნავს ეს სიტყვები: სხვებისთვის სიკეთის უანგაროდ კეთებას მართლაც უდიდესი კმაყოფილება მოაქვს. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ, რომ ადამიანი ისეა შექმნილი, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, სხვებზეც იზრუნოს (ფილიპელები 2:3, 4; 1 იოანე 4:11). გაცემით გამოწვეული სიხარული ცხოვრების ქარტეხილებს გადაგატანინებთ.

მაგალითი: ჯოშუას ზურგის ტვინის თიაქარი — ხერხემლის თანდაყოლილი დეფექტი — აქვს. მას ხშირად ძლიერი ტკივილები ტანჯავს, მაგრამ სხვებისთვის სიკეთის კეთება მის ცხოვრებას აზრიანს ხდის. ის ამბობს: «იმის მაგივრად, რომ ვთქვა: „მე ამას ვერ შევძლებ“, ყოველდღიურად იმაზე ვფიქრობ, რით დავეხმარო გაჭირვებულებს, რაც დიდ სიხარულს მანიჭებს. ვეძებ სხვების დახმარების შესაძლებლობებს, რაც ჩემს ცხოვრებას ამრავალფეროვნებს და ტკივილს მავიწყებს».

ეცადეთ, ასე მოიქცეთ

იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ სხვების დახმარება. მაგალითად, ხომ არ შეგეძლოთ ავადმყოფი მეზობლისთვის სადილის მომზადება? ან ხომ არ იცნობთ ისეთ მოხუცს, რომელსაც სახლის საქმეებში სჭირდება მიშველება?

განწყობაზე ზრუნვა რაღაცით ბაღის მოვლას ჰგავს. როგორც ბაღიდან ვაშორებთ სარეველას, ისე უნდა მოვიშოროთ თავიდან უარყოფითი და პესიმისტური ფიქრები. მიწაში ჩათესილი თესლივით გონება ოპტიმისტური აზრებით აივსეთ და „გაანოყიერეთ“, ანუ ის საქმეები აკეთეთ, რაც დადებით ემოციებს გამოიწვევს თქვენში. შედეგად, უხვ „მოსავალს“ — სიხარულსა და ბედნიერებას მოიმკით, რაც თქვენს ცხოვრებას ნამდვილად გაამდიდრებს. ამგვარად, საკუთარ თავზე გამოსცდით, რომ დადებით განწყობას დიდი ძალა აქვს!

კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ზოგი უარს ამბობს კონკრეტულ საკვებზე. მათ მსგავსად, თქვენც თქვით უარი უარყოფით ფიქრებზე