არჩეულ მასალაზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

ისაუბრეთ ბავშვებთან რასიზმის თემაზე

ისაუბრეთ ბავშვებთან რასიზმის თემაზე

 შეიძლება თქვენმა შვილმა პატარაობაშივე შენიშნოს, რომ ზოგი სხვებს კანის ფერის ან ეროვნების გამო განსხვავებულად ექცევა. როგორ შეგიძლიათ, დაეხმაროთ თქვენს შვილს, რომ მათ გავლენაში არ მოექცეს? რისი გაკეთება შეგიძლიათ რასობრივი დისკრიმინაციისგან მათ დასაცავად?

ამ სტატიაშია:

 როგორ ვესაუბროთ ბავშვს რასობრივ სხვაობებზე

 როგორ ავუხსნათ. მსოფლიო მოსახლეობა ერთმანეთისგან როგორც გარეგნული ფაქტორებით, ისე კულტურული მემკვიდრეობით განსხვავდება. სწორედ ამის გამო ზოგი სხვებს ცუდად ექცევა.

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ყველა ადამიანს საერთო წინაპარი ჰყავს ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა რასა თანაბარია.

„[ღმერთმა] ერთი ადამიანისგან წარმოშვა ყველა ერი“ (საქმეები 17:26).

 „როცა ჩვენს შვილებს სხვადასხვა რასის ადამიანებთან ჰქონდათ ურთიერთობა, საკუთარი თვალით ხედავდნენ, რომ ყველა იმსახურებს სიყვარულსა და პატივისცემას“ (კარენი).

 როგორ ავუხსნათ ბავშვს, რა არის რასიზმი

 ადრე თუ გვიან, თქვენი პატარა ახალი ამბებიდან შეიტყობს რასობრივი სიძულვილის ნიადაგზე მომხდარი სასტიკი ინციდენტების შესახებ. როგორ შეგიძლიათ აუხსნათ, რატომ ხდება ასეთი სისასტიკე? ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ასაკისაა თქვენი შვილი.

  •   სკოლამდელი ასაკის ბავშვები. პროფესორმა ელისონ ბრისკო-სმიტმა ამ საკითხზე ასეთი რამ აღნიშნა: „პატარებმა ძალიან კარგად უწყიან, რა არის სამართლიანობა და რა — უსამართლობა. ამიტომ მათთან მარტივია უსამართლობის საკითხზე მსჯელობა“ (Parents).

„ღმერთი მიუკერძოებელია და ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

  •   6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები. ამ ასაკის ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან და ზოგჯერ ძალიან რთულ კითხვებს სვამენ. ყველანაირად ეცადეთ, უპასუხოდ არ დატოვოთ მათი კითხვები. ჰკითხეთ, რა ხდებოდა იმ დღეს სკოლაში და გაიგეთ, რა ინფორმაციას იღებენ ინტერნეტის მეშვეობით. ასეთი საუბრები შესაძლებლობას მოგცემთ, შვილებს რასობრივ დისკრიმინაციაზე ესაუბროთ.

„იყავით ყველანი ერთი აზრისანი, გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, თანამგრძნობნი და თავმდაბალნი“ (1 პეტრე 3:8).

  •   თინეიჯერები. თინეიჯერობის პერიოდში ახალგაზრდა ღრმა საკითხების გაანალიზებას იწყებს. შესაბამისად, ეს საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ მასთან რასობრივი დისკრიმინაციის ინციდენტებზე იმსჯელოთ.

„[მოწიფულებმა] გაიწაფეს გონება კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14).

 „ბავშვებს ყოველთვის ვესაუბრებით რასიზმის თემაზე, რადგან, ადრე თუ გვიან, თავადაც გახდებიან რასიზმის მოწმე. თუ ამ თემაზე მშობლები არ შეუქმნიან სწორ წარმოდგენას, შეიძლება სხვების გავლენაში მოექცნენ. ფაქტია, ჩვენი შვილები შეიძლება დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდნენ“ (ტანია).

 როგორ მივცეთ ბავშვებს კარგი მაგალითი

 ბავშვები მშობლების მაგალითზე ბევრს სწავლობენ, ამიტომ მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ, რაზე მეტყველებს თქვენი საუბარი და საქციელი. მაგალითად:

  •   ხომ არ ხუმრობთ ან აკნინებთ სხვა რასის წარმომადგენლებს? „ფაქტია, რომ თქვენი შვილები იმას აკეთებენ და ამბობენ, რასაც ოჯახში ხედავენ“ (ამერიკის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის აკადემია).

  •   სიამოვნებით ურთიერთობთ სხვა ეროვნებისა და რასის ადამიანებთან? პედიატრი ალანა ნზომა აღნიშნავს: „თუ გსურთ, თქვენს შვილს ყველანაირ ადამიანთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, ამის მაგალითს თავად უნდა აძლევდეთ“.

„პატივი ეცით ყველას“ (1 პეტრე 2:17).

 „წლების მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ვიღებდით სტუმრებს. ერთად ვეცნობოდით მათ კულტურასა და მუსიკას, ვაგემოვნებდით ტრადიციულ საკვებს და მათ ეროვნულ ტანისამოსსაც ვიცვამდით. როცა ბავშვებს სხვებზე ვესაუბრებოდით, მათ რასაზე არ ვაკეთებდით აქცენტს და არასდროს ვტრაბახობდით საკუთარი კულტურით“ (კატარინა).

 როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდება

 მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრს საუბრობენ თანასწორობაზე, რასიზმს მაინც ყველგან აქვს მოკიდებული ფეხი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შვილები შეიძლება უსამართლო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ, განსაკუთრებით, თუ უმცირესობის წარმომადგენლები ვართ. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ასეთი რამ მოხდება?

 გაარკვიეთ ფაქტები. მიზანმიმართულ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი თუ უბრალოდ დაუფიქრებელ საქციელს? (იაკობი 3:2). ღირს მასთან დალაპარაკება თუ მომხდარზე თვალის დახუჭვა აჯობებს?

 რა თქმა უნდა, აუცილებელია გაწონასწორებულობა. ბიბლია ბრძნულ რჩევას გვაძლევს: „ადვილად ნუ განაწყენდები“ (ეკლესიასტე 7:9). რასიზმი დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი შეურაცხყოფისა თუ უსამართლო მოპყრობის მიღმა რასობრივი სიძულვილი დგას.

 ყველა სიტუაცია განსხვავებულია, ასე რომ, გაარკვიეთ სინამდვილეში რა მოხდა და შემდეგ გადაწყვიტეთ, როგორ მოიქცეთ.

„მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და თავის დამცირება“ (იგავები 18:13).

 მას შემდეგ, რაც გაარკვევთ ფაქტებს, დაფიქრდით:

  •   რა მოხდება, თუ ჩემი შვილი იფიქრებს, რომ ყველა ადამიანი მიკერძოებულია და ყოველ ჯერზე, როცა ვინმე შეურაცხყოფას აყენებს, ეს რასობრივი სიძულვილის ნიადაგზე ხდება?

  •   რატომ იქნება კარგი ჩემი შვილისთვის ამ ბიბლიური რჩევის გათვალისწინება: „ნუ დაინტერესდები ყველაფრით, რასაც ხალხი ამბობს“? (ეკლესიასტე 7:21).

„ყველამ დაინახოს თქვენი გონიერება“ (ფილიპელები 4:5).

 როგორ მოვიქცეთ, თუ მართლა რასობრივი ნიშნით შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი? აუხსენით თქვენს შვილს, რომ მის პასუხზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ზოგჯერ ბულერის მიზანი ისაა, რომ გამოიწვიოს მეორე მხარე. ასეთ შემთხვევაში ყველაზე კარგი ის იქნება, თუ ბავშვი მას უპასუხოდ დატოვებს.

„სადაც შეშა არ არის, იქ ცეცხლი ქრება“ (იგავები 26:20).

 მეორეს მხრივ, შეიძლება ისიც კარგი იყოს, თუ თქვენი შვილი დაელაპარაკება მწყენინებელს. რა თქმა უნდა, თუ ეს უსაფრთხო იქნება. მას შეუძლია მშვიდ ტონში უთხრას: „ვფიქრობ, რომ მთლად კარგად არ მოიქეცი“.

 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საქმე სერიოზულადაა? თუ თქვენს შვილს საფრთხე ემუქრება ან სხვა მიზეზით ფიქრობთ, რომ მომხდარზე თვალის დახუჭვა არ ღირს, კარგი იქნება სკოლის ადმინისტრაციას დაელაპარაკოთ ან, თუ საჭირო გახდება, პოლიციასაც მიმართოთ.