არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიური მუხლების ახსნა

მიქას 6:8 — „მოწიწებით … [იარე] უფლის წინაშე“

მიქას 6:8 — „მოწიწებით … [იარე] უფლის წინაშე“

 „მან გითხრა, ადამიანო, რა არის კარგი. რას ითხოვს იეჰოვა შენგან? მხოლოდ სამართლის ქმნას, სიკეთის სიყვარულსა და მოკრძალებულად სიარულს შენი ღვთის წინაშე!“ (მიქა 6:8, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე“ (მიქა 6:8, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

მიქას 6:8-ის ახსნა

 ამ მუხლში ჩაწერილი სიტყვებით წინასწარმეტყველ მიქას იმის თქმა სურდა, რომ ადამიანისთვის არც ისე რთულია, ასიამოვნოს შემოქმედს, იეჰოვას a (1 იოანე 5:3). ამ მუხლში სამი მნიშვნელოვანი მხარე იკვეთება, რის გაკეთებასაც ღმერთი ჩვენგან მოელის. პირველი ორი, ძირითადად, იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რა ვალდებულება გვაკისრია ადამიანების წინაშე, ხოლო მესამე ღვთის წინაშე ჩვენს ვალდებულებას შეგვახსენებს.

 სიმართლის ქმნა. ღმერთი თავისი თაყვანისმცემლებისგან მოითხოვს, რომ სამართლიანად მოიქცნენ. ამაში ის იგულისხმება, რომ სწორსა და არასწორზე ღვთის თვალსაზრისი გვქონდეს და ეს ჩვენს საქმეებშიც ვლინდებოდეს (კანონი 32:4). მაგალითად, ვინც ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრობს, ყველანაირად ცდილობს, ნებისმიერი კულტურის, ეროვნებისა თუ სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანს პატიოსნად და მიუკერძოებლად მოექცეს (ლევიანები 19:15; ესაია 1:17; ებრაელები 13:18).

 სიკეთის სიყვარული. „სიკეთედ“ ნათარგმნი ძველებრაული სიტყვა შეიძლება „ურყევ სიყვარულადაც“ ითარგმნოს (მიქა 6:8, სქოლიო). ეს სიტყვა ორიგინალში სიკეთის, გულმოწყალების და ერთგულების აზრსაც ატარებს. ასეთი თვისებების მქონე ადამიანი მზადაა, სხვისთვის იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე ევალება. თუ გვსურს, ღმერთს ვასიამოვნოთ, მოვალეობის მოხდის მიზნით კი არ უნდა ვავლენდეთ ამ თვისებებს, არამედ მთელი გულით. ეს იმას ნიშნავს, რომ სიამოვნებას გვანიჭებდეს სხვების დახმარება, განსაკუთრებით კი მათი, ვინც გასაჭირს ხვდება. სხვებისთვის სიკეთის კეთება ნამდვილად სიხარულის მომგვრელია (საქმეები 20:35).

 ღვთის წინაშე მოკრძალებულად სიარული. ბიბლიაში „სიარული“ გადატანითი მნიშვნელობითაც გამოიყენება და გარკვეული კურსის მიყოლას ნიშნავს. შესაბამისად, ღვთის წინაშე ანუ ღვთის გზით სიარული ღვთისმოსაწონად ცხოვრებას გულისხმობს. მაგალითად, სწორედ ასე ცხოვრობდა ნოე. ბიბლიაში მასზე წერია, რომ „ჭეშმარიტი ღვთის გზით დადიოდა“, რადგან მართალი ადამიანი იყო ღვთის თვალში და „უბიწო … მის დროს მცხოვრებ ხალხს შორის“ (დაბადება 6:9). თუ ბიბლიური მითითებების თანახმად ვიცხოვრებთ, ჩვენც ვივლით ღვთის გზით. ამისთვის საჭიროა, მოკრძალებულები ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ ბევრი რამის ძალა არ შეგვწევს და ყოველმხრივ ღმერთზე ვართ დამოკიდებული (იოანე 17:3; საქმეები 17:28; გამოცხადება 4:11).

მიქას 6:8-ის კონტექსტი

 მიქა წინასწარმეტყველად ისრაელში ძვ. წ. მერვე საუკუნეში მსახურობდა. იმ დროს ისრაელში კერპთაყვანისმცემლობა ყვაოდა და თაღლითობასა და ძალადობას ჰქონდა მოკიდებული ფეხი (მიქა 1:7; 3:1—3, 9—11; 6:10—12). ისრაელების უმრავლესობა უგულებელყოფდა ღვთის მოთხოვნებს, რომელთა დაცვასაც მათ მოსეს კანონი ავალდებულებდა. ბევრი იმასაც კი ფიქრობდა, რომ გარკვეული რელიგიური რიტუალების შესრულება და მსხვერპლშეწირვა სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ღვთის მოწონება დაემსახურებინა (იგავები 21:3; ოსია 6:6; მიქა 6:6, 7).

 საუკუნეების შემდეგ იესომაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღმერთს ისეთი ადამიანები უყვარს, რომლებიც სიყვარულს, სამართლიანობას და გულმოწყალებას ავლენენ, ხოლო მათ, ვინც მხოლოდ სხვების დასანახავად იქცევიან ღვთისმოსავად, არ იწონებს (მათე 9:13; 22:37—39; 23:23). იესოს სიტყვებიდან აშკარად ვხედავთ, დღეს რას ელის ღმერთი თავისი თაყვანისმცემლებისგან.

 უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით მიქას წინასწარმეტყველებაზე.

a „იეჰოვა“ ღვთის საკუთარი სახელია, რომელიც ორიგინალში ტეტრაგრამატონის სახელით ცნობილი ოთხი ებრაული ასოთია יהוה (იჰვჰ) წარმოდგენილი. ღვთის სახელი, იეჰოვა, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში ჩანაცვლებულია სიტყვით, „უფალი“. თუ გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება იეჰოვასა და იმის შესახებ, თუ რატომ არ გვხვდება ეს სახელი ბიბლიის ზოგ თარგმანში, წაიკითხეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.