არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია კლიმატის ცვლილებასა და კაცობრიობის მომავალზე?

რას ამბობს ბიბლია კლიმატის ცვლილებასა და კაცობრიობის მომავალზე?

 „ჩვენ კლიმატური კატასტროფის წინაშე ვდგავართ. დედამიწაზე ცხოვრება უკვე შეუძლებელი ხდება“ (The Guardian).

 კაცობრიობა თავისივე გამოწვეული კრიზისის წინაშე დგას. არაერთი მეცნიერი ეთანხმება იმ აზრს, რომ გლობალურ დათბობაზე პასუხისმგებლობა ადამიანებს ეკისრებათ. ტემპერატურის მატება კლიმატის ცვლილებისა და არაერთი შემაშფოთებელი მოვლენის მიზეზი ხდება, მაგალითად:

  •   გახშირებული და უფრო დამანგრეველი ბუნებრივი კატაკლიზმები, მათ შორის, გვალვა, სიცხის ტალღები (პაპანაქება) და შტორმები, რაც, თავის მხრივ, ხშირი წყალდიდობებისა და ტყის ხანძრების მიზეზი ხდება.

  •   მყინვარებისა და არქტიკის ყინულოვანი საფარის დნობა.

  •   ზღვის დონის მატება.

 კლიმატის კრიზისი მთელ დედამიწას შეეხო. გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზში“, სადაც 193 ქვეყნის მდგომარეობა იყო აღწერილი, ეწერა: „ჩვენი პლანეტა განგაშის სიგნალს აგზავნის“. კლიმატის ცვლილება მკვეთრად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზეც და დიდ სიკვდილიანობასაც იწვევს. სწორედ ამის გამო აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომ „ადამიანების ჯანმრთელობას ყველაზე დიდ საფრთხეს კლიმატის ცვლილება უქმნის“.

 თუმცა მდგომარეობა უიმედო არ არის. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო ის მოვლენები, რომლებიც დღეს ხდება, და ისიც, თუ როგორ იზრუნებს ღმერთი ჩვენს მომავალზე.

სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები ამ მოვლენებით?

 დიახ. კლიმატური კრიზისი, რომელიც გლობალურმა დათბობამ გამოიწვია, აშკარა დასტურია იმისა, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებები სრულდება.

 წინასწარმეტყველება: ღმერთი მოსპობს დედამიწის მომსპობთ (გამოცხადება 11:18).

 ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ დადგებოდა დრო, როცა ადამიანები დედამიწას განადგურების პირას მიიყვანდნენ, და ყველაზე მეტად სწორედ ჩვენს დროზე ითქმის, რომ ადამიანები სპობენ დედამიწას. გლობალური დათბობაც სწორედ ამის შედეგია.

 ამ წინასწარმეტყველებიდან იკვეთება ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მოველოდეთ, რომ ადამიანები შეძლებენ დედამიწის კატასტროფისგან ხსნას. როგორც მუხლიდან დავინახეთ, ღმერთი მაშინ იწყებს მოქმედებას, როცა ადამიანები სპობენ დედამიწას. მართალია, დღეს არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც საუკეთესო მოტივები ამოძრავებთ და ყველანაირად ცდილობენ კლიმატური პრობლემების მოგვარებას, მაგრამ, ფაქტია, ეს საკმარისი ვერ იქნება დედამიწის მომსპობთა შესაჩერებლად.

 წინასწარმეტყველება: „იქნება … საზარელი მოვლენები“ (ლუკა 21:11).

 ბიბლიაში ჩვენს დროზე ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ იქნებოდა საზარელი ანუ შემაშფოთებელი მოვლენები. კლიმატის ცვლილება მთელ მსოფლიოში არაერთი შემაძრწუნებელი მოვლენის მიზეზი გახდა. სწორედ ამის გამო დღეს ბევრს ეკოლოგიური კატასტროფის ქრონიკული შიში ტანჯავს.

 წინასწარმეტყველება: „იცოდე, რომ ბოლო დღეებში მძიმე და ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები,.. ორგულები,.. ჯიუტები,.. გამცემები, თავნებები“ (2 ტიმოთე 3:1—4).

 როგორც ამ სიტყვებიდან ჩანს, ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, როგორი ადამიანები მიიყვანდნენ დედამიწას კლიმატურ კატასტროფამდე. მთავრობებისთვის და ბიზნესმენებისთვის ეკონომიკური ინტერესები პირველ ადგილზე დგას და მათ მომავალი თაობები საერთოდ არ ადარდებთ. მაშინაც კი, როცა ისინი ცდილობენ, ერთობლივად მოაგვარონ ეს პრობლემა, შეთანხმებამდე ვერ მიდიან და საერთო სამოქმედო გეგმას ვერ სახავენ.

 ამ წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ მთლიანობაში ადამიანები არ შეიცვლებიან და არ მოინდომებენ, დაიცვან დედამიწა. პირიქით, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ისინი „უფრო და უფრო ცუდად მოიქცევიან“ (2 ტიმოთე 3:13).

რა გვარწმუნებს, რომ ღმერთი გვიხსნის კლიმატური კატასტროფისგან?

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჩვენს შემოქმედს, იეჰოვას a, ძალიან აღელვებს თავისი შექმნილი პლანეტისა და მის მკვიდრთა ბედი. ქვემოთ მოცემული ბიბლიური მუხლები დაგარწმუნებთ, რომ ღმერთი გვიხსნის კლიმატური კატასტროფისგან.

  1.  1) ღმერთს დედამიწა „ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია … დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18).

     ღმერთი აუცილებლად განახორციელებს იმ განზრახვას, რომელიც დედამიწასთან მიმართებით აქვს (ესაია 55:11). ის არ დაუშვებს, რომ დედამიწა სასიცოცხლოდ უვარგისი პლანეტა გახდეს ან განადგურდეს.

  2.  2) „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით. მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:11, 29).

     ღმერთი გვპირდება, რომ ადამიანები დედამიწაზე მშვიდობიან გარემოში იცხოვრებენ მარადიულად.

  3.  3) „ბოროტები მოისპობიან დედამიწაზე“ (იგავები 2:22).

     ღმერთი გვპირდება, რომ ის გაანადგურებს მათ, ვინც არ შეწყვეტს ბოროტების ჩადენას, მათ შორის დედამიწის მომსპობთაც.

როგორი მომავალი აქვს ღმერთს ჩვენთვის განზრახული?

 როგორ შეასრულებს ღმერთი დედამიწაზე თავის განზრახვებს? ამას ის თავისი სამეფოს მეშვეობით გააკეთებს, რომელიც ზეციდან მთელ დედამიწაზე იმმართველებს (მათე 6:10). მას არცერთ ხელისუფლებასთან არ მოუწევს მოლაპარაკებებზე წასვლა, რადგან, როგორც ნაწინასწარმეტყველებია, ეს სამეფო ყველა ხელისუფლებას ჩაანაცვლებს (დანიელი 2:44).

 ღვთის სამეფო უკეთესობისკენ შეცვლის როგორც დედამიწის, ისე კაცობრიობის მდგომარეობას (ფსალმუნი 96:10—13). ვნახოთ, რას გააკეთებს იეჰოვა თავისი სამეფოს მეშვეობით:

  •   აღდგება ეკოსისტემა

     რას ამბობს ბიბლია: „გაიხარებს უდაბნო და ხრიოკი მიწა, გამხიარულდება უკაცრიელი ველი და ზაფრანასავით გაიფურჩქნება“ (ესაია 35:1).

     რას ნიშნავს ეს ჩვენთვის: იეჰოვა ყველა ეკოლოგიურ პრობლემას გადაჭრის და ყველა იმ ზიანს აღმოფხვრის, რომელიც ადამიანებმა გამოიწვიეს.

  •   ბუნებრივი კატაკლიზმები წარსულს ჩაჰბარდება

     რას ამბობს ბიბლია: „[იეჰოვა] აცხრობს ქარიშხალს და წყნარდებიან ზღვის ტალღები“ (ფსალმუნი 107:29).

     რას ნიშნავს ეს ჩვენთვის: იეჰოვას შესწევს იმის ძალა, რომ გააკონტროლოს ბუნებრივი მოვლენები. ადამიანებს მეტად აღარ მიაყენებს ზიანს ბუნებრივი კატაკლიზმები.

  •   ადამიანები ისწავლიან დედამიწის მოვლა-პატრონობას

     რას ამბობს ბიბლია: „გამჭრიახობას მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო“ (ფსალმუნი 32:8).

     რას ნიშნავს ეს ჩვენთვის: იეჰოვამ დედამიწაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ადამიანებს ჩააბარა (დაბადება 1:28; 2:15). ის გვასწავლის, როგორ გავართვათ თავი საუკეთესოდ ამ პასუხისმგებლობას და როგორ ვიცხოვროთ ბუნებასთან ჰარმონიაში.

a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.