არჩეულ მასალაზე გადასვლა

განადგურდება დედამიწა?

განადგურდება დედამიწა?

ბიბლიის თვალსაზრისი

 არა. პლანეტა დედამიწა არასოდეს განადგურდება. ღმერთმა დედამიწა იმისთვის შექმნა, რომ ადამიანებს მასზე მარადიულად ეცხოვრათ. ამიტომ ის არ დაუშვებს, რომ ჩვენი პლანეტა ცეცხლით ან სხვა რამით განადგურდეს.

  •   „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).

  •   „[დედამიწა] არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5).

  •   „დედამიწა მარადიულად რჩება“ (ეკლესიასტე 1:4).

  •   დედამიწის შემქმნელს და შემოქმედს, „რომელმაც განამტკიცა იგი, ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18).

განადგურდება დედამიწა ადამიანის ხელით?

 ღმერთი არ დაუშვებს, რომ ადამიანებმა დედამიწა დაბინძურებით, ბირთვული იარაღის გამოყენებითა თუ სხვა რამით სიცოცხლისთვის უვარგის პლანეტად აქციონ. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი მოსპობს დედამიწის მომსპობთ (გამოცხადება 11:18). როგორ გააკეთებს ის ამას?

 ღმერთი მიწიერ მთავრობებს, რომლებიც ზიანს აყენებენ დედამიწას, ზეციერი სამეფოთი ჩაანაცვლებს (დანიელი 2:44; მათე 6:9, 10). ამ სამეფოს მმართველი ღვთის ძე იესო ქრისტე იქნება (ესაია 9:6, 7). დედამიწაზე მსახურების დროს იესო ბუნების ძალებს სასწაულებრივად იმორჩილებდა (მარკოზი 4:35—41). მომავალში ღვთის სამეფოს მეფის, იესოს, ძალაუფლება მთელ დედამიწაზე გავრცელდება; იგი სრულად გააკონტროლებს ბუნების ძალებსაც. იესო გააუმჯობესებს დედამიწაზე საცხოვრებელ პირობებს და აღადგენს ისეთივე სამოთხეს, როგორიც ერთ დროს ედემის ბაღში იყო (მათე 19:28; ლუკა 23:43).

რატომ ამბობს ბიბლია, რომ დედამიწა ცეცხლით განადგურდება?

 ბევრს არასწორად ესმის 2 პეტრეს 3:7-ში ჩაწერილი სიტყვები: „ახლანდელი ცა და დედამიწა იმავე სიტყვით ცეცხლისთვის არის გამზადებული“. განვიხილოთ ორი მნიშვნელოვანი მხარე, რომლებიც ამ მუხლის სწორად გაგებაში დაგვეხმარება.

  1.   ბიბლია სიტყვებს „ზეცა“ „დედამიწა“ და „ცეცხლი“ სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებს. მაგალითად, ეზეკიელის 35:14-ში წერია: „მთელი დედამიწა გაიხარებს“. ამ მუხლში გამოყენებულ სიტყვაში „დედამიწა“ ადამიანთა საზოგადოება იგულისხმება.

  2.   კონტექსტიდან ვიგებთ, რა გაგებით არის გამოყენებული 2 პეტრეს 3:7-ში სიტყვები „ზეცა“ „დედამიწა“ და „ცეცხლი“. მე-5 და მე-6 მუხლებში საუბარია ნოეს დღეებში მომხდარ წარღვნაზე, რომლის დროსაც იმდროინდელი ქვეყნიერება მოისპო, მაგრამ დედამიწა არ განადგურებულა. წარღვნის დროს „დედამიწა“ იმ გაგებით განადგურდა, რომ მასზე მცხოვრები ბოროტი და მოძალადე ხალხი მოისპო (დაბადება 6:11). აგრეთვე განადგურდა „ცა“ ანუ ხალხი, რომელიც იმდროინდელ საზოგადოებას მართავდა. აქედან გამომდინარე, განადგურდნენ ბოროტი ადამიანები და არა პლანეტა. ნოე და მისი ოჯახი გადაურჩნენ ქვეყნიერების განადგურებას და წარღვნის შემდეგ დედამიწაზე განაგრძეს ცხოვრება (დაბადება 8:15—18).

 წარღვნის მსგავსად, ცეცხლი, რომელზეც 2 პეტრეს 3:7-შია საუბარი, ბოროტ ადამიანებს გაანადგურებს და არა დედამიწას. ღმერთი გვპირდება „ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). „ახალ დედამიწას“, ანუ ადამიანთა ახალ საზოგადოებას, „ახალი ცა“, ანუ ღვთის ზეციერი სამეფო, ჩაუდგება სათავეში. ამ სამეფოს მმართველობის დროს დედამიწა სამოთხედ იქცევა, სადაც მშვიდობა იქნება გამეფებული (გამოცხადება 21:1—4).