არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დაგეხმარებათ ბიბლია, თუ ბუნებრივი კატაკლიზმის გამო დაზარალდით

როგორ დაგეხმარებათ ბიბლია, თუ ბუნებრივი კატაკლიზმის გამო დაზარალდით

 კლიმატური პირობების გაუარესების გამო მილიონობით ადამიანის ცხოვრება თავდაყირა დადგა. შეიძლება თქვენც მათ შორის ხართ. ბუნებრივი კატაკლიზმები, რაშიც ე.წ. ამინდის ექსტრემალური მოვლენებიც მოიაზრება, დიდ ზარალს აყენებს მსოფლიოს. ტროპიკული ციკლონი, გრიგალი, ტაიფუნი და ტორნადო ხშირად ხდება წყალმოვარდნის, წყალდიდობისა და დიდი ნგრევის მიზეზი. ძლიერმა წვიმებმა შეიძლება გამოიწვიოს მეწყერი, შტორმის გამო კი შეიძლება მეხი ჩამოვარდეს, რასაც ტყის ხანძრები მოჰყვება ხოლმე. არანაკლებ გამანადგურებელი შეიძლება იყოს გვალვა, სიცხის ტალღები (პაპანაქება) თუ ზამთრის შტორმები.

 ბოლო დროს სხვადასხვა მხარეში გახშირდა და გაძლიერდა მსგავსი მოვლენები. როგორც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა კავშირი იუწყება, „გახშირებული წყალდიდობების, ქარიშხლებისა თუ გვალვის გამო სულ უფრო და უფრო იზრდება ბუნებრივი მოვლენებით დაზარალებული ადამიანების რიცხვი. ყოველწლიურად ასეთ მოვლენებს არაერთი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ბევრი საარსებო საშუალების გარეშე რჩება, მილიონობით ადამიანი კი იძულებული ხდება, საცხოვრებელი ადგილი დატოვოს“.

 ასეთი მოვლენები ადამიანებს მხოლოდ ფიზიკურ და მატერიალურ ზიანს კი არ აყენებს, არამედ ემოციურსაც. ქონების დაკარგვა, უსახლკაროდ დარჩენა და ახლობლისა თუ ოჯახის წევრის სიკვდილი ძალიან დიდი ტრავმაა ადამიანებისთვის.

 თუ თქვენც დაზარალდით ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, გვინდა გითხრათ, რომ ბიბლიას შეუძლია განუგეშოთ, იმედით აგავსოთ და პრაქტიკული რჩევები მოგცეთ. ღვთის სიტყვა უკვე არაერთ ადამიანს დაეხმარა, გამკლავებოდა მსგავს სირთულეს (რომაელები 15:4). ბიბლია იმ კითხვასაც პასუხობს, რომელიც ამ დროს ბევრს მოსვენებას უკარგავს: რატომ დაუშვა ღმერთმა ასეთი უბედურება, ხომ არ გვსჯის?

ბუნებრივი კატაკლიზმები ღვთისგან მოვლენილი სასჯელი არაა

 ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ ღმერთს ბრალი არ მიუძღვის ადამიანების ტანჯვაში. მაგალითად, ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“ (იაკობი 1:13). ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არ იწვევს ბუნებრივ კატაკლიზმებს.

 ბიბლიაში მოთხრობილია ისეთი შემთხვევების შესახებ, როცა ღმერთმა ბოროტი ადამიანების დასასჯელად ბუნებრივი მოვლენები გამოიყენა. თითოეულ შემთხვევაში მან წინასწარ გააფრთხილა ხალხი, აუხსნა, რატომ ატეხდა თავს უბედურებას, და უდანაშაულო ადამიანები დაიცვა. მაგალითად, ნოეს დღეებში ღმერთი უხსნიდა ადამიანებს, რატომ აპირებდა წარღვნის მოვლენას დედამიწაზე, წინასწარ აფრთხილებდა მათ ამის შესახებ, უშუალოდ წარღვნის დროს კი ნოე თავის ოჯახთან ერთად დაიცვა განადგურებისგან (დაბადება 6:13; 2 პეტრე 2:5). დღეს სრულიად განსხვავებულ სურათს ვხედავთ, რადგან ბუნებრივი კატაკლიზმები მოულოდნელად ატყდებათ ადამიანებს, თანაც განურჩევლად ყველას, კარგსა თუ ცუდს.

 წაიკითხეთ სტატია „რას ამბობს ბიბლია სტიქიურ უბედურებებზე?“. ამ სტატიაში მოყვანილი მტკიცებულებები გვარწმუნებს, რომ სტიქიური უბედურებები ნამდვილად არაა ღვთისგან მოვლენილი სასჯელი.

ღმერთს აღელვებს დაზარალებულების მდგომარეობა

 ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვა a მზრუნველი და თანამგრძნობი ღმერთია. ამაზე ქვემოთ მოცემული ბიბლიური მუხლებიც მოწმობს:

  •   ესაია 63:9: „მათი გასაჭირი მისი [ანუ ღვთის] გასაჭირი იყო“.

     რას ნიშნავს ეს სიტყვები? იეჰოვას გული სტკივა, როცა ხედავს, როგორ იტანჯებიან ადამიანები.

  •   1 პეტრე 5:7: „ის ზრუნავს თქვენზე“.

     რას ნიშნავს ეს სიტყვები? იეჰოვას აღელვებს თითოეული ჩვენგანის მდგომარეობა.

 იეჰოვას მზრუნველობა და თანაგრძნობა იქიდანაც ჩანს, რომ ბიბლიის მეშვეობით პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს და მომავლის უტყუარ იმედს გვისახავს. ნამდვილად გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ მალე აღარავინ გახდება ბუნებრივი კატაკლიზმების მსხვერპლი (2 კორინთელები 1:3, 4).

ბუნებრივი კატაკლიზმები წარსულს ჩაჰბარდება

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას სურვილია, „მომავლის იმედი გქონდეთ“ (იერემია 29:11). ღვთის დაპირებისამებრ, სამოთხედქცეულ დედამიწაზე ადამიანები ცხოვრებით დატკბებიან და აღარ ექნებათ იმის შიში, რომ სტიქიური უბედურება დაატყდებათ თავს (დაბადება 1:28; 2:15; ესაია 32:18).

 ღმერთი ამ დაპირებას თავისი სამეფოს, ზეციერი ხელისუფლების მეშვეობით შეასრულებს, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას (მათე 6:10). იესოს სტიქიის გასაკონტროლებლად საკმარისი სიბრძნეც აქვს და ძალაც. დედამიწაზე ცხოვრების დროს მან ცხადყო, რომ შეეძლო სტიქიის დამორჩილება (მარკოზი 4:37—41). როგორც გონიერი და ბრძენი მმართველი, იესო გვასწავლის, როგორ დავიცვათ გარემო (ესაია 11:2). მისი მმართველობის დროს ბუნებრივი კატაკლიზმები ზიანს აღარ მიაყენებს ადამიანებს.

 შესაძლოა გაინტერესებთ, როდის დადგება ეს დრო. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გაეცანით სტატიას „როდის დაიწყებს ღვთის სამეფო დედამიწაზე მმართველობას?“.

პრაქტიკული რჩევები

 ბიბლიაში მოცემულია პრაქტიკული რჩევები, რომლებიც გვეხმარება როგორც სტიქიამდე, ისე უშუალოდ სტიქიის დროს და მას შემდეგ.

  •   სტიქიამდე: მზად იყავით, რომ მყისიერად იმოქმედოთ.

     ბიბლიაში წერია: „წინდახედული ხედავს საფრთხეს და იმალება, გამოუცდელი კი ჯიქურ მიდის და სასჯელს იტეხს თავს“ (იგავები 22:3).

     რას ნიშნავს ეს სიტყვები? დაფიქრდით, რა სახის სტიქიური უბედურება შეიძლება მოხდეს თქვენს ტერიტორიაზე და წინასწარ მოემზადეთ, რათა საჭიროების შემთხვევაში საკუთარი თავისა და ოჯახის დასაცავად მყისიერად იმოქმედოთ.

     შემთხვევა: „როცა ტყეში ხანძარი გაჩნდა და სახლის დატოვება მოგვიწია, ჩვენ მზად ვიყავით ამისთვის. გამზადებული გვქონდა ჩანთები საგანგებო სიტუაციისთვის, სადაც მედიკამენტები და ტანსაცმელი გველაგა. ხალხი პანიკაში ჩაცვივდა და ძალიან დაიბნა, ჩვენ კი მზად გვქონდა ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა. რა კარგია, რომ წინასწარ მოვემზადეთ!“ (ტამარა, კალიფორნია, აშშ).

  •   სტიქიის დროს: გახსოვდეთ, რა არის ყველაზე ფასეული.

     ბიბლიაში წერია: „ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15).

     რას ნიშნავს ეს სიტყვები? სიცოცხლე ყველაფერზე ძვირფასია.

     შემთხვევა: «როცა ტაიფუნმა „ლაუინმა“ b სახლი დაგვინგრია, ძალიან დავიბენი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ერთადერთი, რაც მოვიფიქრე, ლოცვა იყო. იეჰოვას გული გადავუშალე. ლოცვის შემდეგ მივხვდი, რომ ქონების დაკარგვა არაფერია, მთავარია, ცოცხლები დავრჩით» (ლესლი, ფილიპინები).

  •   სტიქიის შემდეგ: ზედმეტად არ იწუხოთ ხვალინდელ დღეზე.

     ბიბლიაში წერია: „ნურასდროს დაიწყებთ წუხილს ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თავის სადარდებელს მოიტანს“ (მათე 6:34).

     რას ნიშნავს ეს სიტყვები? ზედმეტად არ უნდა ვიწუხოთ იმაზე, რაც შეიძლება მომავალში მოხდეს.

     შემთხვევა: «ქარიშხალმა „ირმამ“ სახლი რომ დამიტბორა, ძალიან ბევრი თავსატეხი გამიჩნდა, ასეთი სტრესი ცხოვრებაში არასდროს განმიცდია. ვცდილობდი, გამეთვალისწინებინა ბიბლიური რჩევა და ზედმეტად არ მეწუხა ხვალინდელ დღეზე. დავინახე, რომ თურმე იეჰოვას დახმარებით იმაზე გაცილებით მეტის ატანა შემძლებია, ვიდრე წარმოვიდგენდი» (სალი, ფლორიდა, აშშ).

 ამ საკითხზე დამატებითი რჩევების მისაღებად წაიკითხეთ სტატია „რა ზომები უნდა მიიღოთ საგანგებო სიტუაციების დროს“.

a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).

b აგრეთვე ცნობილია როგორც ტაიფუნი „ჰაიმა“.