არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როდის დაიწყებს ღვთის სამეფო დედამიწაზე მმართველობას?

როდის დაიწყებს ღვთის სამეფო დედამიწაზე მმართველობას?

ქრისტეს ერთგულ მიმდევრებს აინტერესებდათ, როდის დაიწყებდა ღვთის სამეფო მმართველობას. იესომ მიუგო, რომ ზუსტად არ ეცოდინებოდათ, როდის დადგებოდა ეს დრო (საქმეები 1:6, 7). თუმცა ცოტა ხნით ადრე მან მთელი რიგი მოვლენები მოიხსენია, რომლებიც დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში მოხდებოდა. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ ახლოს იყო ღვთის სამეფო და სადაცაა მთელ მსოფლიოზე დაიწყებდა მმართველობას (ლუკა 21:31).

ᲠᲝᲛᲔᲚ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲖᲔ ᲡᲐᲣᲑᲠᲝᲑᲓᲐ ᲘᲔᲡᲝ?

იესომ თქვა: „ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება დიდი მიწისძვრები, ეპიდემიები და საკვების უკმარისობა ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ (ლუკა 21:10, 11). როგორც წრიული ხაზები ქმნის თითის ანაბეჭდს, ისე ეს მოვლენები ქმნის ერთ მთლიან ნიშანს; და როგორც თითის ანაბეჭდია ადამიანის ვინაობის უტყუარი დასტური, ისე იესოს მიერ მოხსენიებული ნიშანია იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ „ახლოა ღვთის სამეფო“. ქვემოთ ვისაუბრებთ რამდენიმე ფაქტზე, რომლებიც ამტკიცებს, რომ ეს მოვლენები მთელ მსოფლიოში ერთდროულად ხდება.

1. ᲝᲛᲔᲑᲘ

1914 წელს უპრეცედენტოდ მასშტაბურმა ომმა იფეთქა. ისტორიკოსების აზრით, ეს გარდამტეხი წელი აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამ დროს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ ომში ბევრმა ქვეყანამ პირველად გამოიყენა ტანკები, საავიაციო ბომბები, ტყვიამფრქვევები, მომწამლავი გაზი თუ სხვა გამანადგურებელი იარაღი. პირველ მსოფლიო ომს მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა, რომლის დროსაც ბირთვული იარაღი გამოიყენეს. 1914 წლიდან მოყოლებული ომები არ წყდება, რასაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

2. ᲛᲘᲬᲘᲡᲫᲕᲠᲔᲑᲘ

ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ყოველ წელს დაახლოებით 100 ძლიერი მიწისძვრა ხდება, რასაც საკმაოდ დიდი ზარალი მოაქვს. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური იტყობინება: „ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად, რომელსაც მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ვაწარმოებთ, მოველით, რომ ყოველ წელს დაახლოებით 16 დიდი მიწისძვრა მოხდება“. ზოგის აზრით, მიწისძვრების მაჩვენებელი იმიტომ გაიზარდა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ადვილად შეიძლება მათი დაფიქსირება. როგორც უნდა იყოს, ფაქტი ერთია: მიწისძვრებს მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეწირება.

3. ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘᲡ ᲣᲙᲛᲐᲠᲘᲡᲝᲑᲐ

საკვების უკმარისობის მიზეზი ხშირად ომი, კორუფცია, ეკონომიკური კრიზისი, სოფლის მეურნეობის დაბალი პროდუქტიულობა და ამინდის რადიკალური ცვლილებაა. მსოფლიო სასურსათო საბჭოს 2018 წლის მონაცემებით, „მთელ მსოფლიოში 821 მილიონი ადამიანი სრულფასოვნად ვერ იკვებება, 124 მილიონი კი ფაქტობრივად შიმშილობს“. საკვების უკმარისობა ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ბავშვის სიკვდილის მიზეზი ხდება. მხოლოდ 2011 წელს მსოფლიოში ბავშვების სიკვდილიანობის დაახლოებით 45 პროცენტი სწორედ ამ მიზეზით იყო განპირობებული.

4. ᲓᲐᲐᲕᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲔᲞᲘᲓᲔᲛᲘᲔᲑᲘ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პუბლიკაციაში ნათქვამი იყო, რომ „21-ე საუკუნეში არაერთმა ეპიდემიამ იფეთქა. კვლავ იჩინა თავი ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა ქოლერა, ჭირი და ყვითელი ცხელება. ამასთანავე, გავრცელდა ახალი დაავადებები, მათ შორის მწვავე რესპირატორული სინდრომი, პანდემიური გრიპი, ებოლას ცხელება, ზიკას ვირუსი და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი“. ბოლო წლებში კოვიდ-19-ის პანდემიამაც უდიდესი ზიანი მიაყენა მსოფლიოს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა და მედიცინის მუშაკებმა უკეთ შეისწავლეს სხვადასხვა დაავადება, დღემდე არ ძალუძთ ყველა ავადმყოფობის დამარცხება.

5. ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲡᲐᲛᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲚᲝ ᲡᲐᲥᲛᲔ

იესომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ იწინასწარმეტყველა: „იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად და მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14). მაშინ, როცა უკიდურესად მძიმდება მდგომარეობა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები 8 მილიონზე მეტი ადამიანი 240 ქვეყანაში 1 000-ზე მეტ ენაზე ქადაგებს ღვთის სამეფოს შესახებ. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს!

ᲠᲐᲡ ᲛᲝᲐᲡᲬᲐᲕᲔᲑᲡ ᲘᲔᲡᲝᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲛᲝᲮᲡᲔᲜᲘᲔᲑᲣᲚᲘ ᲜᲘᲨᲐᲜᲘ

იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები მოვლენები ჩვენ თვალწინ სრულდება. ეს ნამდვილად ყურადსაღები ფაქტია, რადგან იესომ თქვა: „როცა დაინახავთ ამ ყოველივეს, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სამეფო“ (ლუკა 21:31).

მალე ღვთის სამეფო დედამიწაზე ღვთის ნებას შეასრულებს.

ნაწინასწარმეტყველები ნიშნის გამოჩენა და ბიბლიური ქრონოლოგია იმაზე მიანიშნებს, რომ ღვთის სამეფო ზეცაში 1914 წელს დამყარდა. a ღმერთმა ამ სამეფოს მეფედ თავისი ძე, იესო ქრისტე აირჩია (ფსალმუნი 2:2, 4, 6—9). მალე ღვთის სამეფო, რომელიც დედამიწაზე დაიწყებს მმართველობას, ბოლოს მოუღებს ყველა ადამიანურ მთავრობას და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს, სადაც ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ.

მალე შესრულდება სიტყვები, რომლებიც იესომ ლოცვის ნიმუშში მოიხსენია: „მოვიდეს შენი სამეფო. შესრულდეს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10). რას აკეთებს ღვთის სამეფო 1914 წლიდან მოყოლებული და რას გააკეთებს, როცა მთელ კაცობრიობაზე დაიწყებს მმართველობას?

a 1914 წელთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 32-ე გაკვეთილი წიგნში „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.