არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დაგეხმარებათ ბიბლია, თუ უმუშევარი დარჩით

როგორ დაგეხმარებათ ბიბლია, თუ უმუშევარი დარჩით

 სამსახურის დაკარგვის გამო შეიძლება ფინანსური პრობლემები წამოგეჭრათ, ოჯახშიც დაგეძაბოთ ურთიერთობები და ემოციური თუ ფსიქოლოგიური პრობლემები შეგექმნათ. ამ სტატიაში განხილულია ბიბლიური პრინციპები, რომლებიც დიდ დახმარებას გაგიწევთ.

  •   ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე.

     ბიბლიაში წერია: „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები“ (იგავები 17:17).

     სამსახურის დაკარგვის შემდეგ შეიძლება გულგატეხილობა და გაურკვევლობის გრძნობა დაგეუფლოთ, გაღიზიანებული იყოთ და იფიქროთ, რომ არაფერი გამოგდით. თუ ოჯახის წევრებს და ახლო მეგობრებს გულს გადაუშლით, ისინი გვერდში ამოგიდგებიან, თუ საჭიროა, რჩევასაც მოგცემენ და დაგეხმარებიან, ფარ-ხმალი არ დაყაროთ.

  •   ზედმეტად ნუ ინერვიულებთ.

     ბიბლიაში წერია: „ნურასდროს დაიწყებთ წუხილს ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თავის სადარდებელს მოიტანს“ (მათე 6:34).

     ბიბლიიდან ვიგებთ, რომ კარგია, თუ სამომავლო გეგმებს ვადგენთ (იგავები 21:5). თუმცა ღვთის სიტყვა იმასაც გვირჩევს, რომ ზედმეტად არ ვიწუხოთ მომავალზე. ხშირად ისეთ რამეზე ვდარდობთ, რაც შეიძლება არასდროს მოხდეს. ამიტომ უმჯობესია, თუ იმაზე იქნებით ფოკუსირებული, რაც იმ დღეს გაქვთ მოსაგვარებელი.

     ბიბლიაში პრაქტიკულ რჩევებს ვხვდებით, თუ როგორ შევიმსუბუქოთ სტრესი. ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ სტატია „როგორ გავუმკლავდეთ სტრესს“.

  •   შეამცირეთ ხარჯები.

     ბიბლიაში წერია: „[ვისწავლე] რა არის … სიუხვე და სიდუხჭირე“ (ფილიპელები 4:12).

     მოერგეთ შექმნილ მდგომარეობას. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ისე აღარ ხარჯოთ, როგორც უწინ. ნუ აიღებთ არასაჭირო ვალებს (იგავები 22:7).

     ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ სტატია „როგორ ვიმყოფინოთ შემოსავალი“.

  •   გონივრულად გამოიყენეთ დრო.

     ბიბლიაში წერია: „გარეშეებთან ბრძნულად მოიქეცით. გონივრულად გამოიყენეთ დრო“ (კოლოსელები 4:5).

     მართალია, უკვე სამუშაო აღარ გაქვთ, მაგრამ მაინც შეადგინეთ კარგი განრიგი. ეს დაგეხმარებათ, არ ამოვარდეთ კალაპოტიდან და თვითშეფასებაც აგიმაღლდებათ.

  •   მოერგეთ შექმნილ მდგომარეობას.

     ბიბლიაში წერია: „ყოველგვარი შრომა სასარგებლოა“ (იგავები 14:23).

     მზად იყავით ნებისმიერი საქმის შესასრულებლად. შეიძლება ღირდეს, რომ ფიზიკურ სამუშაოს ან ნაკლებად შემოსავლიან სამსახურსაც დათანხმდეთ.

  •   ადვილად ნუ დანებდებით.

     ბიბლიაში წერია: „დილით თესე თესლი და საღამომდე ნუ დაასვენებ ხელს, რადგან არ იცი, რაში მოგემართება ხელი“ (ეკლესიასტე 11:6).

     არ შეწყვიტოთ სამუშაოს ძებნა. ყველას უთხარით, რომ სამსახურს ეძებთ, ნათესავებს, ყოფილ დამსაქმებლებს თუ მეზობლებს. დაუკავშირდით დასაქმების სააგენტოებს და შეამოწმეთ ვაკანსიები. გახსოვდეთ, სანამ სამსახურს იპოვით, შეიძლება მოგიწიოთ, რომ არაერთგან გაგზავნოთ რეზიუმე ან არაერთგან წახვიდეთ გასაუბრებაზე.