არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

1881 წელს გენერალ გორდონს ეგონა, რომ სეიშელის კუნძულებზე (პრასლინი) ედემის ბაღი იპოვა

სამოთხე დედამიწაზე — რეალობაა თუ ფანტაზიის ნაყოფი?

სამოთხე დედამიწაზე — რეალობაა თუ ფანტაზიის ნაყოფი?

ხშირად ტურისტებისთვის განკუთვნილ ფერად და მიმზიდველ ბუკლეტებზე გამოსახულია სამოთხისმაგვარი თვალწარმტაცი ადგილები. მათი დათვალიერების შემდეგ სურვილი გვიჩნდება, ვესტუმროთ ამ საუცხოო ადგილებს, სადაც ყველაფერს დავივიწყებთ და საუკეთესოდ დავისვენებთ. თუმცა კარგად ვიცით, რომ შინ დაბრუნებისთანავე ისევ ძველ რეალობაში აღმოვჩნდებით.

და მაინც, სამოთხისმაგვარი ადგილები ყველას გვიზიდავს. ამიტომ იბადება კითხვა: „მხოლოდ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია სამოთხე? თუ დიახ, რატომ გვიზიდავს ის ასე? ვიცხოვრებთ ოდესმე სამოთხეში?“.

გავრცელებული შეხედულებები

ადამიანებს ოდითგანვე ხიბლავდათ სამოთხეში ცხოვრების იდეა. მათგან ბევრს ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვები აღუძრავდა ინტერესს: „გააშენა . . . ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით“. რატომ იყო ეს ბაღი განსაკუთრებით მიმზიდველი? პასუხს იქვე ვკითხულობთ: „იეჰოვა ღმერთმა მიწიდან აღმოაცენა ყოველგვარი ხე, თვალწარმტაცი და საჭმელად ვარგისი“. ედემის ბაღი მართლაც ძალიან ლამაზი ადგილი იყო, სადაც ყველანაირი პირობა არსებობდა საიმისოდ, რომ ადამიანს თავი შესანიშნავად ეგრძნო. ყველაზე მიმზიდველი სიცოცხლის ხე იყო, რომელიც ბაღის შუაგულში იდგა (დაბადება 2:8, 9).

ამ მონათხრობიდან იმასაც ვიგებთ, რომ ედემიდან ოთხი მდინარე მოედინებოდა. ამ ოთხი მდინარიდან ორი, ტიგროსი (იგივე ხიდეკელი) და ევფრატი, ჩვენთვის დღემდეა ცნობილი (დაბადება 2:10—14, იხილეთ სქოლიო). ეს მდინარეები დღევანდელი ერაყის გავლით სპარსეთის ყურეში ჩაედინება. ერაყის ტერიტორია ერთ დროს სპარსეთის ნაწილი იყო.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ სამოთხის თემა საკმაოდ ხშირად ფიგურირებს სპარსელი ხალხის ხელოვნების ნიმუშებში. მაგალითად, მე-16 საუკუნით დათარიღებულ სპარსულ ხალიჩაზე, რომელიც ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში (პენსილვანია, აშშ) ინახება, გამოსახული იყო კედლით შემოსაზღვრული ულამაზესი ბაღი. „სამოთხედ“ ნათარგმნი სპარსული სიტყვა მომდინარეობს ძველი სპარსული სიტყვიდან, რომელიც „კედლით შემოსაზღვრულს“ ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ხალიჩაზე გამოსახული ბაღი ძალიან ჰგავს ბიბლიაში აღწერილ ულამაზეს ედემის ბაღს.

სამოთხის ბაღის არსებობის შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ხალხსაც სმენია, რაც მათი კულტურიდანაც კარგად ჩანს. როდესაც ადამიანები დედამიწაზე მიმოიფანტნენ, მათ სამოთხის შესახებ თავიანთი ისტორიები შეთხზეს. დროის სვლასთან ერთად ეს ისტორიები ადგილობრივი ხალხის რელიგიური სწავლებებისა თუ ლეგენდების ნაწილი გახდა. დღესაც კი ბევრს საოცრად ლამაზი ადგილის დანახვაზე უნებლიეთ აღმოხდება ხოლმე: „ნამდვილი სამოთხეა!“.

სამოთხის ძიებაში

ზოგი მკვლევარი ამტკიცებდა, რომ დაკარგულ სამოთხეს მიაგნო. მაგალითად, ინგლისელი გენერალი ჩარლზ გორდონი 1881 წელს სეიშელის კუნძულებს ესტუმრა; ულამაზესი ნაკრძალის, ვალე-დე-მეს (მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი), სილამაზით მოხიბლულმა გორდონმა ჩათვალა, რომ ედემის ბაღი იპოვა. ასწლეულებით ადრე კი, მე-15 საუკუნეში, როდესაც იტალიელმა მეზღვაურმა ქრისტეფორე კოლუმბმა კუნძულ ესპანიოლაზე (დღევანდელი დომინიკელთა რესპუბლიკის და ჰაიტის ტერიტორია) დადგა ფეხი, გაიფიქრა, რომ სადღაც ახლოს ედემის ბაღიც იქნებოდა.

ერთ ისტორიულ წიგნში (Mapping Paradise) მოცემულია 190-ზე მეტი დეტალური რუკა. ბევრ ამ უძველეს რუკაზე ნაჩვენებია ედემის ბაღი და ადამი და ევა. ერთ-ერთი გამორჩეული რუკა აღებულია წმინდა ბეატუსის (ძირითადად ცნობილია როგორც ბეატუსი ლებანადან) ხელნაწერის ასლიდან, რომელიც მე-13 საუკუნითაა დათარიღებული. ამ რუკის თავში მართკუთხა ფორმის ჩარჩოში გამოსახულია სამოთხე, საიდანაც ოთხი მდინარე მოედინება. ეს მდინარეები აღნიშნულია შემდეგი სახელებით: „ტიგროსი“, „ევფრატი“, „ფიშონი“ და „გიხონი“. ამ ოთხი მდინარით, როგორც ჩანს, წარმოდგენილია ქრისტიანობის გავრცელება დედამიწის ოთხივე კუთხეში. ეს აღწერილობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მართალია, თავდაპირველი სამოთხის ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი იცოდნენ, მაგრამ მათ წარმოდგენაში ის უწინდებურად მიმზიდველი დარჩა.

მე-17 საუკუნის ინგლისელმა პოეტმა ჯონ მილტონმა თავის ეპიკურ პოემას, „დაკარგული სამოთხე“, საფუძვლად დაუდო ბიბლიის წიგნ „დაბადებაში“ მოთხრობილი ისტორია, რომლის თანახმადაც ადამმა შესცოდა და ედემის ბაღიდან იქნა გაძევებული. მილტონმა მოიხსენია ბიბლიური დაპირება, რომ ადამიანები კვლავ იცოცხლებდნენ მარადიულად დედამიწაზე. მან ასეთი სიტყვებით გამოხატა სათქმელი: „ერთ მშვენიერ დღეს მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა!“. მოგვიანებით მილტონმა კიდევ ერთი პოემა, „დაბრუნებული სამოთხე“, დაწერა.

სულ სხვაგვარად წარმოდგენილი სამოთხე

აშკარაა, რომ მთელი ისტორიის მანძილზე ხალხში დიდ ინტერესს იწვევდა დაკარგული სამოთხის თემა. მაშ, რატომ არ არის დღეს ეს თემა აქტუალური? როგორც ზემოაღნიშნულ წიგნშია ნათქვამი, ძირითადად ამის მიზეზი ისაა, რომ „თეოლოგები . . . განზრახ იკავებენ თავს იმაზე საუბრისგან, რომ ერთ დროს დედამიწაზე სამოთხე არსებობდა“.

ეკლესიებში ხალხს ასწავლიან, რომ საბოლოოდ ზეცას დაიმკვიდრებენ და არა სამოთხედქცეულ დედამიწას. თუმცა ბიბლიაში, კერძოდ ფსალმუნის 37:29-ში, ვკითხულობთ: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“. * დღეს მსოფლიოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ სამოთხეს. მაშ, რა გვარწმუნებს იმაში, რომ ეს დანაპირები შესრულდება?

მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა

იეჰოვა ღმერთი, რომელმაც შექმნა თავდაპირველი სამოთხე, გვპირდება, რომ კვლავ აღადგენს მას. გაიხსენეთ, რა თქვა იესომ, როცა თავის მიმდევრებს ლოცვის ნიმუში დაუტოვა: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10). ეს სამეფო არის ხელისუფლება, რომლის სათავეშიც იესო ქრისტე დგას; ის შეცვლის ყველა მიწიერ სამეფოს (დანიელი 2:44). სამეფოს მმართველობის დროს შესრულდება ღვთის ნება და დედამიწაზე სამოთხე აღდგება.

საუკუნეებით ადრე წინასწარმეტყველმა ესაიამ ღვთის შთაგონებით დაწერა, რომ დაპირებულ სამოთხეში აღარ იარსებებს კონფლიქტები, რომლებიც დღეს ასეთ დიდ ტკივილს აყენებს ადამიანებს (ესაია 11:6—9; 35:5—7; 65:21—23). კარგი იქნება, თუ რამდენიმე წუთს გამოყოფთ იმისთვის, რომ ეს მუხლები თქვენი ბიბლიიდან ამოიკითხოთ. თქვენ დაინახავთ, რა აქვს ღმერთს განზრახული მორჩილი ადამიანებისთვის. ისინი დაიბრუნებენ იმას, რაც ერთ დროს მათმა წინაპარმა ადამმა დაკარგა — სამოთხეში ცხოვრებით დატკბებიან და ღვთის კეთილგანწყობას მოიპოვებენ (გამოცხადება 21:3).

რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ სამოთხე მართლა აღდგება დედამიწაზე და ეს არ არის ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი? ამის საფუძველს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები გვაძლევს: „იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა“. დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი ღმერთმა გვიბოძა, „რომელმაც შეუძლებელია, იცრუოს“ (ფსალმუნი 115:16; ტიტე 1:2). სამოთხეში მარადიულად ცხოვრება მართლაც რომ შესანიშნავი იმედია, რომელსაც ღვთის სიტყვა გვისახავს!

^ აბზ. 15 საგულისხმოა ყურანში ჩაწერილი სიტყვებიც: „ქვეყანა იქმნეს სამკვიდრებლად ჩვენ მართალ მსახურთათვის“ (21-ე სურა, 105-ე მუხლი).