არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

„ღვთის დანაპირებმა, რომ დედამიწაზე სამოთხე იქნება, ჩემი ცხოვრება შეცვალა“

„ღვთის დანაპირებმა, რომ დედამიწაზე სამოთხე იქნება, ჩემი ცხოვრება შეცვალა“
  • დაბადების წელი: 1974

  • ქვეყანა: ლატვია

  • წარსულში: მოტომრბოლელი

მოკლე ბიოგრაფია:

დავიბადე ლატვიის დედაქალაქ რიგაში. მე და ჩემი და დედამ გაგვზარდა. მიუხედავად იმისა, რომ დედა კათოლიკე იყო, ეკლესიაში მხოლოდ რელიგიური დღესასწაულების დროს მივდიოდით. ყოველთვის მჯეროდა რაღაც ზებუნებრივი ძალის, მაგრამ როგორც ახალგაზრდა, ათასი რამით ვიყავი გატაცებული.

ცოტა რომ წამოვიზარდე, დედაჩემმა შეამჩნია, რომ რაღაც-რაღაცების დაშლის და აწყობის ნიჭი მქონდა. მას სახლში ჩემი მარტო დატოვების ეშინოდა, რადგან ფიქრობდა, რომ რაღაცას გავაფუჭებდი. ამიტომ მომიტანა მეტალის კონსტრუქცია, რომლის დაშლა და აწყობა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ცოტა ხანში სხვა ჰობიც გამიჩნდა — მოტორბოლა. დედამ ზელტა მოპედსის სახელით ცნობილ მოტოსკოლაში შემიყვანა. თავიდან მოპედების რბოლაში ვმონაწილეობდი, მერე კი — მოტოციკლების.

სწრაფი ათვისების უნარი მქონდა და წარმატებასაც მალე მივაღწიე ამ სწრაფ და სახიფათო სპორტში. სამჯერ ლატვიის, ორჯერ კი ბალტიისპირა ქვეყნების ჩემპიონატში გავიმარჯვე.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

კარიერის ზენიტში ვიყავი, როცა ჩემმა შეყვარებულმა ევიამ, რომელიც მოგვიანებით ჩემი მეუღლე გახდა, იეჰოვას მოწმეები გაიცნო. მანამდე მას ხელში ჩაუვარდა იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა, რომელსაც თანდართული ჰქონდა ტალონი ბიბლიის შესწავლის მსურველთათვის. ევიამ შეავსო ეს ტალონი და მითითებულ მისამართზე გაგზავნა. მალე მას ორი მოწმე ესტუმრა და ევიამ მათთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ამ ამბავს მეც დადებითად შევხვდი, თუმცა იმ დროისთვის სულიერი საკითხები დიდად არ მაინტერესებდა.

მოგვიანებით მოწმეებმა შემომთავაზეს, შესწავლას ევიასთან ერთად დავსწრებოდი. მეც დავესწარი და მომეწონა, რაც მოვისმინე. ყველაზე მეტად ჩემს გულს ბიბლიური დანაპირები შეეხო, რომ დედამიწაზე სამოთხე იქნებოდა. მაგალითად, მოწმეებმა წამაკითხეს ფსალმუნის 37:10, 11, სადაც წერია: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“. ეს დაპირება ჩემთვის ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა.

სულიერი საკითხებისადმი ინტერესი უფრო და უფრო მიღრმავდებოდა. ვხვდებოდი, რა სიცრუეს ასწავლიდა მრავალი რელიგია. ამის საპირისპიროდ, ბიბლიურმა სწავლებებმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან ისინი ლოგიკური, ნათელი და გამომაცოცხლებელი იყო.

ბიბლიის სწავლის პროცესში გავიგე, რომ იეჰოვა ძალიან აფასებდა სიცოცხლეს (ფსალმუნი 36:9). ამან დამაფიქრა ჩემს გატაცებაზე და უკვე აღარ მინდოდა სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება. პირიქით, მსურდა, ჩემი სიცოცხლით იეჰოვა განმედიდებინა. ამის შემდეგ სახელი, დიდება და მოტორბოლა ჩემთვის უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი.

მივხვდი, რომ სიცოცხლის მომცემი ღმერთის, იეჰოვას წინაშე პასუხისმგებლობა მეკისრა

1996 წელს დავესწარი იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესს ტალინში (ესტონეთი), არც ისე შორს იმ სტადიონიდან, სადაც მოტორბოლაში არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა. კონგრესზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მოწმეებს შორის სრული მშვიდობა და ჰარმონია სუფევდა. მაგალითად, როდესაც ერთმა მოწმემ საფულე დაკარგა, ვიფიქრე, რომ მას ვეღარ იპოვიდა. მაგრამ მალე ერთმა მოწმემ იპოვა საფულე და პატრონს დაუბრუნა. გაოგნებული დავრჩი! მივხვდი, რომ მოწმეები ნამდვილად ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობდნენ. მე და ევია სულიერად წინ მივიწევდით და 1997 წელს მოვინათლეთ.

კურთხევები:

ზოგიერთი ჩემი მეგობარი მოტორბოლას შეეწირა. ბიბლიის შესწავლისას მივხვდი, რომ სიცოცხლის მომცემი ღმერთის, იეჰოვას წინაშე პასუხისმგებლობა მეკისრა. ამის გათვითცნობიერებამ სიცოცხლე შემინარჩუნა.

მე და ევიას პატივი გვქონდა, ოთხი წელი სრული დროით გვემსახურა რიგაში იეჰოვას მოწმეების ფილიალში. ახლა ჩვენს პატარა ქალიშვილს, ალისას, ვზრდით და იეჰოვას სიყვარულს ვასწავლით. მაქვს ბედნიერება, კვირაში ერთი დღე ვიმსახურო მთარგმნელობით განყოფილებაში, აგრეთვე შევაკეთო მანქანები და სხვა ნივთები. ძალიან მიხარია, რომ გამომადგა ის ნიჭი, რაც ბავშვობაში აღმომაჩნდა. დღესაც ვშლი და ვაწყობ.

ჩემთვის დიდი პატივია, ოჯახთან ერთად დავამოწმო ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთზე. ამაში ბიბლიიდან ნასწავლი მეხმარება. ნამდვილად, ღვთის დანაპირებმა, რომ დედამიწაზე სამოთხე იქნება, ჩემი ცხოვრება შეცვალა.