არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყოველთვის სწორ მიმართულებას გვაძლევს ჩვენი შეხედულებები?

სწორი თუ არასწორი — რით ხელმძღვანელობს ბევრი?

სწორი თუ არასწორი — რით ხელმძღვანელობს ბევრი?

საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება იმაზე, რა არის ცალსახად არასწორი. მაგალითად, მკვლელობა, გაუპატიურება ან ბავშვებზე სექსუალური ძალადობა საყოველთაოდ იგმობა, სამართლიანობას, სიკეთეს და თანაგრძნობას კი ყველა მიესალმება. მაგრამ ისეთ საკითხებში, როგორებიცაა სექსუალური მორალი, ფულთან დამოკიდებულება ან შვილების აღზრდა, ბევრს გამოკვეთილი აზრი არ აქვს, რა არის სწორი და რა არა. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთ საკითხებში ყველამ პირადი არჩევანი უნდა გააკეთოს და ყველა არჩევანი მისაღებია. ამიტომ ხშირად ადამიანები გადაწყვეტილებებს საკუთარი გრძნობების და საზოგადოებრივი აზრის კარნახით იღებენ. ყოველთვის ამართლებს ასეთი გადაწყვეტილებები?

ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲨᲔᲮᲔᲓᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘᲗ ᲛᲘᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘ

ხშირად გადაწყვეტილებებს იმის საფუძველზე ვიღებთ, თავად რას მივიჩნევთ სწორად ანუ რასაც სინდისი გვკარნახობს (რომაელები 2:14, 15). ბავშვებიც კი ადრეული ასაკიდან ხვდებიან, რა არის სწორი საქციელი და რა არა. მაგალითად, თუ რაიმეს აფუჭებენ, დამნაშავედ გრძნობენ თავს. ზრდასთან ერთად ჩვენს შეხედულებებზე გავლენას ახდენს ოჯახი, თანატოლები, მასწავლებლები, საზოგადოებრივი აზრი, რელიგია და კულტურა. ასე რომ, როცა არჩევანის წინაშე ვდგებით, შინაგანი ხმა გვეუბნება, რამდენად შეესაბამება ესა თუ ის გადაწყვეტილება ჩვენს ღირებულებებს.

როგორც წესი, სინდისი გვკარნახობს, რომ სხვების მიმართ კეთილი, თანამგრძნობი, მადლიერი და სამართლიანი ვიყოთ. სინდისი გვკარნახობს იმასაც, რომ ისეთი რამ არ გავაკეთოთ, რითაც გულს ვატკენთ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს ან რის გამოც თავს უხერხულად, შერცხვენილად და დამნაშავედ ვიგრძნობთ.

ყოველთვის სწორ მიმართულებას გვაძლევს ჩვენი შეხედულებები? ერთი ახალგაზრდა ისე ცხოვრობდა, როგორც მოესურვებოდა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ მის გადაწყვეტილებებს კარგი არაფერი მოჰქონდა მისთვის. მან ნარკოტიკებს, უზნეობას, ლოთობას და ძალადობას მიჰყო ხელი.

ᲡᲮᲕᲘᲡᲘ ᲨᲔᲮᲔᲓᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘᲗ ᲛᲘᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘ

ხშირად გადაწყვეტილების მიღების დროს სხვების აზრსაც ვითვალისწინებთ. ეს ერთი მხრივ კარგია, რადგან სხვისი გამოცდილება თუ ცოდნა შეიძლება სასიკეთოდ წაგვადგეს. როცა ოჯახის წევრების, მეგობრების თუ საზოგადოების აზრს ვითვალისწინებთ, მათ პატივისცემასაც ვიმსახურებთ.

ყოველთვის სწორ მიმართულებას გვაძლევს სხვისი შეხედულებები? ერთი ქალი ახალგაზრდობაში ისე ცხოვრობდა, როგორც მის თანატოლებში იყო მიღებული. მას არაერთი სექსუალური პარტნიორი ჰყავდა, მაგრამ ასეთ ცხოვრებას მისთვის ბედნიერება არ მიუნიჭებია. ის გულწრფელად ამბობს: „სხვების მიბაძვამ კარგი არაფერი მომიტანა. ბევრი არასწორი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება მივიღე“.

ᲒᲕᲐᲥᲕᲡ ᲣᲙᲔᲗᲔᲡᲘ ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲘ?

ფაქტია, როცა საქმე სწორსა და არასწორს შორის არჩევანზე მიდგება, როგორც საკუთარი, ისე სხვისი აზრი დიდ როლს თამაშობს. მაგრამ არ არსებობს იმის გარანტია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ყოველთვის სასიკეთო შედეგს მოგვიტანს. შეიძლება წინდაუხედავი მოქმედებით საკუთარ თავსაც და სხვებსაც ზიანი მივაყენოთ (იგავები 14:12). ვერც იმაზე დავდებთ თავს, რომ ჩვენი ან სხვისი შეხედულებები ყოველთვის სწორია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანები აზრს ხშირად ვიცვლით ხოლმე — რაც ერთ დროს მისაღები იყო, მიუღებელი ხდება ან პირიქით.

ყოველთვის სწორ მიმართულებას გვაძლევს სხვისი შეხედულებები?

მაშ, როგორ უნდა განვსაზღვროთ, რა არის სწორი და არასწორი? არსებობს რაიმე სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც იმედს არასოდეს გაგვიცრუებს?

საბედნიეროდ ასეთი პრინციპები არსებობს. ეს პრინციპები ყველგან და ყოველთვის წაგვადგება. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ, რა დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, რა არის სწორი და რა არა.