არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

ყრუმუნჯობა ხელს ვერ მიშლის სხვების სწავლებაში

ყრუმუნჯობა ხელს ვერ მიშლის სხვების სწავლებაში

მე 1941 წელს 12 წლის ასაკში მოვინათლე, მაგრამ 1946 წლამდე ბიბლიურ ჭეშმარიტებას ბოლომდე ვერ ვწვდებოდი. რა იყო მიზეზი? ნება მიბოძეთ, ჩემ შესახებ გიამბოთ.

ჩემი მშობლები 1910-იან წლებში თბილისიდან კანადაში გადავიდნენ საცხოვრებლად და პატარა ფერმაში დასახლდნენ სოფელ პელისთან ახლოს (დასავლეთი კანადა, სასკაჩევანის პროვინცია). მე 1928 წელს დავიბადე. ექვს დედმამიშვილს შორის ყველაზე უმცროსი ვიყავი. მამა ჩემს დაბადებამდე ექვსი თვით ადრე გარდაიცვალა, დედა კი მაშინ დაიღუპა, როცა ჯერ კიდევ თოთო ვიყავი. მალე ჩვენი უფროსი და ლუსიც გამოგვეცალა ხელიდან. ის სულ რაღაც 17 წლისა იყო. ამ ტრაგედიის შემდეგ მე და ჩემი და-ძმები ბიძაჩემმა ნიკმა შეგვიფარა.

ძალიან პატარა ვიყავი, როცა ოჯახის წევრებმა დაინახეს, როგორ ვექაჩებოდი კუდზე ერთ ულაყს. ცხენს შეიძლებოდა წიხლი დაერტყა ჩემთვის, ამიტომ შეშინებულები მიყვიროდნენ, ხელი გამეშვა მისთვის. მათ ყვირილზე არანაირი რეაქცია არ მქონდა, რადგან მათი ხმა არ მესმოდა; თან ზურგშექცევით ვიდექი. საბედნიეროდ, ცხენს არაფერი დაუშავებია ჩემთვის. სწორედ ამის შემდეგ გაირკვა, რომ ყრუ-მუნჯი ვიყავი.

ახლობელმა ბიძია ნიკს ურჩია, რომ განათლება სხვა ყრუ-მუნჯ ბავშვებთან ერთად მიმეღო. ის ასეც მოიქცა და სასკატუნის (სასკაჩევანი) ყრუ-მუნჯთა სკოლაში შემიყვანა. ეს სკოლა ჩვენი სახლიდან რამდენიმე საათის სავალზე იყო. იმ დროს სულ რაღაც ხუთი წლისა ვიყავი, ამიტომ ძალიან მეშინოდა ოჯახისგან ასე შორს ყოფნა. შინ დაბრუნება მხოლოდ დასვენების დღეებში და ზაფხულის არდადეგებზე შემეძლო. დროთა განმავლობაში ვისწავლე ჟესტების ენა და სხვა ბავშვებთან ერთად თამაში ჩემთვის სახალისო გახდა.

ჭეშმარიტების გაგება

1939 წელს ჩემი უფროსი და მარიონი ბილ დანილჩუკს გაჰყვა ცოლად. მე და ჩემი და ფრანსისი მათ თავისთან გადაგვიყვანეს. ჩემი ოჯახიდან მათ პირველებმა დაიწყეს ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან. ზაფხულის არდადეგების დროს ისინი შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ, ბიბლიიდან ნასწავლი ჩემთვის გაეზიარებინათ. თუმცა სიმართლე გითხრათ, მათთან ურთიერთობა ადვილი არ იყო, რადგან ჟესტების ენა არ იცოდნენ. მიუხედავად ამისა, მათ შენიშნეს, რომ სულიერი საკითხები ძალიან მაინტერესებდა. ვხედავდი, რომ ისინი ბიბლიიდან ნასწავლის თანახმად ცხოვრობდნენ, ამიტომ მსახურებაში მეც დავყვებოდი ხოლმე. ცოტა ხანში მონათვლის სურვილი გამიჩნდა. 1941 წლის 5 სექტემბერს ბილმა ჭის გაყინული წყლით სავსე კასრში მომნათლა.

ყრუ-მუნჯებთან ერთად კლივლენდში (ოჰაიო) 1946 წელს ჩატარებულ კონგრესზე

1946 წელს ზაფხულის არდადეგებზე დავესწარით კლივლენდში (ოჰაიო, აშშ) ჩატარებულ კონგრესს. კონგრესის პირველ დღეს ჩემი დები რიგრიგობით აკეთებდნენ ჩანაწერებს, რომ მეც შემძლებოდა განხილული აზრების გაგება. მეორე დღეს უზომოდ გამახარა იმის გაგებამ, რომ კონგრესს ყრუ-მუნჯთა ჯგუფიც ესწრებოდა, რომელსაც თარჯიმანი ჰყავდა. მაშინ პირველად შევძელი კონგრესის პროგრამის სრულფასოვნად „მოსმენა“. ბედნიერი ვიყავი, რომ, როგორც იქნა, ჩავწვდი ბიბლიურ ჭეშმარიტებას!

ჭეშმარიტების სხვებისთვის სწავლება

მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო და ქვეყანა ნაციონალიზმს მოეცვა. კონგრესის შემდეგ გადავწყვიტე, სკოლაში მტკიცედ დამეცვა ჩემი რწმენა. ამიტომ აღარ ვიღებდი მონაწილეობას დროშისთვის სალმის მიცემის რიტუალში და აღარ ვასრულებდი ეროვნულ ჰიმნს. აღარც დღესასწაულების აღნიშვნაში ვმონაწილეობდი და აღარც სავალდებულო ღვთისმსახურებას ვესწრებოდი ეკლესიაში. ჩემი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მასწავლებლები დაშინებითა და ტყუილებით ცდილობდნენ, რომ აზრი შემეცვალა. ამან თანაკლასელებშიც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თუმცა დამოწმების არაერთი შესაძლებლობაც მომცა. ჭეშმარიტებით დაინტერესდა ჩემი სამი კლასელი — ლარი ანდროსოფი, ნორმან დიტრიკი და ემილ შნაიდერი, რომლებიც დღემდე ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას.

რომელ ქალაქშიც არ უნდა ჩავიდე, მიზნად მაქვს დასახული, ყრუ-მუნჯებს ვუქადაგო. მაგალითად, მონრეალში ყრუ-მუნჯთა კლუბში ვუქადაგე ახალგაზრდა მამაკაცს, ედი ტეიგერს, რომელიც ბანდის წევრი იყო. ის სიცოცხლის ბოლომდე, 2016 წლამდე, ლავალში (კვებეკი) ჟესტებისენოვან კრებაში მსახურობდა. ჭეშმარიტების გაგებაში დავეხმარე ახალგაზრდა ხუან არდანეზსაც, რომელიც ბერეელთა მსგავსად ბიბლიური ცნობის უტყუარობაში დასარწმუნებლად გულმოდგინედ იკვლევდა წმინდა წერილებს (საქ. 17:10, 11). ისიც იეჰოვას მოწმე გახდა და სიცოცხლის ბოლომდე ოტავაში (ონტარიო) მსახურობდა უხუცესად.

ვქადაგებ ქუჩაში (1950-იანი წლების დასაწყისი)

1950 წელს ვანკუვერში გადავედი საცხოვრებლად. ყრუ-მუნჯებთან ქადაგება ყოველთვის მიყვარდა, თუმცა არასდროს დამავიწყდება ერთი შემთხვევა, როცა ქუჩაში ქალბატონ კრის სპაისერს ვუქადაგე, რომელიც სმენადაქვეითებული არ იყო. ამ ქალბატონმა ჩვენი ჟურნალი გამოიწერა და სურვილი გამოთქვა, რომ მის მეუღლეს, გარის შევხვედროდი. მე სახლში ვესტუმრე მათ. საკმაოდ დიდხანს ვმსჯელობდით და ერთმანეთს აზრებს წერილობით ვუზიარებდით. ამ წყვილს მეორედ რამდენიმე წლის შემდეგ ტორონტოში (ონტარიო) ჩატარებულ კონგრესზე შევხვდი. ჩემდა გასაოცრად, მათ ათასობით დამსწრეთა შორის მიცნეს. გარი იმ დღეს უნდა მონათლულიყო. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ შემახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია, დაუღალავად ვიქადაგოთ, რადგან არ ვიცით, როდის გაიდგამს ჭეშმარიტება ფესვს ადამიანის გულში.

მოგვიანებით კვლავ სასკატუნში დავბრუნდი საცხოვრებლად. იქ ერთმა ქალმა მთხოვა, მისი ტყუპი გოგონებისთვის, ჯინ და ჯოუნ როთენბერგერებისთვის ბიბლია მესწავლებინა. ისინი ყრუ-მუნჯები იყვნენ და იმავე სკოლაში სწავლობდნენ, სადაც ერთ დროს მე ვსწავლობდი. მალევე გოგონებმა კლასელებთან ბიბლიიდან ნასწავლის გაზიარება დაიწყეს. დროთა განმავლობაში მათი კლასიდან ხუთი მოსწავლე იეჰოვას მოწმე გახდა. მათ შორის იყო იუნის კოლინი. მას პირველად იმ სკოლაში დამამთავრებელ კლასში სწავლის დროს შევხვდი. მან კანფეტი მომცა და მთხოვა, მისი მეგობარი ვყოფილიყავი. წლების შემდეგ ის ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი და მეუღლე გახდა.

მე და იუნისი 1960 წელს და 1989 წელს

როცა იუნისის დედამ გაიგო, რომ მისი შვილი ბიბლიას სწავლობდა, სკოლის დირექტორს სთხოვა, მისთვის აზრი შეეცვლევინებინა. დირექტორმა იუნისს ბიბლიური ლიტერატურა ჩამოართვა. მიუხედავად ამისა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, იეჰოვაზე წინ ცხოვრებაში არავინ დაეყენებინა. როცა ის მონათვლას აპირებდა, მშობლებმა უთხრეს: „თუ იეჰოვას მოწმე გახდები, ამ სახლში ვეღარ იცხოვრებ!“. 17 წლის ასაკში იუნისი წამოვიდა სახლიდან. ადგილობრივი კრებიდან ის ერთმა ოჯახმა შეიფარა. მან განაგრძო ბიბლიის შესწავლა და მოინათლა. მე და იუნისი 1960 წელს დავქორწინდით, თუმცა მისი მშობლები ქორწილს არ დასწრებიან. დროთა განმავლობაში ისინი პატივისცემით განეწყვნენ ჩვენი რწმენის მიმართ და აფასებდნენ, რომ შვილების სწორად აღზრდას ვცდილობდით.

იეჰოვას მზრუნველობას ყოველთვის ვგრძნობდი

ჩემი ვაჟი ნიკოლასი და მისი მეუღლე დებორა ლონდონის ბეთელში

ჩვენ შვიდი ვაჟი აღვზარდეთ, რომელთაც ნორმალური სმენა აქვთ. ცხადია, ჩვენთვის ეს ადვილი არ იყო. შვილებთან სრულფასოვანი ურთიერთობა რომ შეგვძლებოდა, მათ ჟესტების ენა ვასწავლეთ. ეს დაგვეხმარა, რომ მათთვის ჭეშმარიტებაც გვესწავლებინა. კრების წევრებიც დიდ დახმარებას გვიწევდნენ. მაგალითად, ერთხელ თანაქრისტიანმა მოგვწერა, რომ ჩვენი ბიჭებიდან ერთ-ერთი სამეფო დარბაზში ცუდ სიტყვებს ამბობდა. ჩვენ მაშინვე მივიღეთ შესაბამისი ზომები. ჩვენი შვილებიდან ოთხნი — ჯეიმზი, ჯერი, ნიკოლასი და სტივენი — თავიანთ ოჯახებთან ერთად ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას. ოთხივე უხუცესად მსახურობს. გარდა ამისა, ნიკოლასი თავის მეუღლესთან, დებორასთან ერთად ბრიტანეთის ფილიალში ჟესტებისენოვან მთარგმნელობით განყოფილებას ეხმარება, სტივენი და მისი ცოლი შანანი კი შეერთებული შტატების ფილიალში ჟესტებისენოვან მთარგმნელობით ჯგუფში მსახურობენ.

ჩემი ვაჟები ჯეიმზი, ჯერი და სტივენი თავიანთ მეუღლეებთან ერთად სხვადასხვა სახით უჭერენ მხარს სამქადაგებლო საქმეს ჟესტების ენაზე

ჩვენი ქორწინების 40 წლის იუბილემდე ერთი თვით ადრე იუნისი კიბოთი გარდაიცვალა. ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლის დროს მას სიმტკიცე არ დაუკარგავს, რადგან მკვდრეთით აღდგომის იმედი აძლიერებდა. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა კვლავ შევხვდები მას.

ფეი და ჯეიმზი, ჯერი და ეველინი, შანანი და სტივენი

2012 წლის თებერვალში დავეცი და ბარძაყის ძვალი მოვიტეხე. ვინაიდან დამოუკიდებლად ვეღარ ვიცხოვრებდი, ჩემს ერთ-ერთ ვაჟთან გადავედი საცხოვრებლად. ასე რომ, ახლა კალგარის ჟესტებისენოვან კრებაში ვმსახურობ უხუცესად. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მანამდე არასდროს მიმსახურია ჟესტებისენოვან კრებაში. ალბათ გაინტერესებთ, როგორ შევინარჩუნე სულიერობა იმის მიუხედავად, რომ 1946 წლიდან ამ დრომდე ინგლისურ კრებაში ვიყავი. იეჰოვა თავისი დაპირებისამებრ ზრუნავდა ჩემზე, როგორც უმამო ბავშვზე (ფსალმ. 10:14). უზომოდ მადლიერი ვარ იმ და-ძმების, რომლებიც ჩემთვის აკეთებდნენ ჩანაწერებს, სწავლობდნენ ჟესტების ენას და შეძლებისდაგვარად მითარგმნიდნენ მოხსენებებს.

79 წლის ასაკში ვესწრები პიონერულ სკოლას ამერიკული ჟესტების ენაზე

სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ იმედგაცრუება მეუფლებოდა და მინდოდა, ყველაფერზე ხელი ჩამექნია, რადგან ვერ ვიგებდი სხვების ლაპარაკს და ვფიქრობდი, რომ არავის ესმოდა, სინამდვილეში რა სჭირდებოდათ ყრუ-მუნჯებს. თუმცა ასეთ დროს პეტრე მოციქულის სიტყვებზე ვფიქრობდი, რომლებიც იესოს უთხრა: „უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ (იოან. 6:66—68). ჩემი თაობის ყრუ-მუნჯი და-ძმების მსგავსად, მეც ვისწავლე, მოთმინებით დაველოდო იეჰოვას და მის ორგანიზაციას. არაერთხელ დავრწმუნდი, რომ ამას საუკეთესო შედეგები მოაქვს. დღეს უკვე უხვად მაქვს სულიერი საზრდო ჩემს ენაზე, შემიძლია ამერიკული ჟესტების ენაზე ჩატარებულ კონგრესებსა თუ შეხვედრებზე დასწრება და და-ძმებთან ურთიერთობა. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვას მსახურებაში ბედნიერი და კურთხევებით აღსავსე ცხოვრება განვვლე.